მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/17018-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/10/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/17018-23
06/10/2023
ვებგვერდი, 18/10/2023
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
  
  

საქმე N2/17018-23

330211923007468751

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2023 წლის 6 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

 

 

განმცხადებელი – შპს „ლაქსტოქ.ჯი“

წარმომადგენელი – თამთა აშორტია

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

 

 სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

 2023 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ლაქსტოქ.ჯის“ წარმომადგენელმა თამთა აშორტიამ, რომელმაც მოითხოვა შპს „ლაქსტოქ.ჯის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა იმ საფუძვლებით, რომ 2018 წლის აგვისტოდან საწარმო სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს და საქმიანობის გაგრძელებას არც მომავალაში აპირებს; კომპანიას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში, არ აქვს თანხა საბანკო ანგარიშზე, არ არის ჩართული სასამართლო დავაში, არ ჰყავს დასაქმებული პირები; მის ერთადერთ კრედიტორს წარმოადგენს შოთა მეგრელიშვილი, რომელიც ამავე დროს არის შპს „ლაქსტოქ.ჯის“ დირექტორი და პარტნიორი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად შპს „ლაქსტოქ.ჯის“ განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადა.

საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განჩინება გამოქვეყნდა 2023 წლის 27 ივნისს 15:52 საათზე.

2023 წლის 13 და 14 ივლისს შპს „ლაქსტოქ.ჯის“ წარმომადგენელმა განცხადებებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით მოთხოვილი დოკუმენტი (ცნობა, რომ შპს „ლაქსტოქ.ჯის“ მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმე) და განმარტა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოვალემ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ 5-დღიან ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოდან ცნობის მიღება, შესაბამისად, მოითხოვა სასამართლოს მიერ დანიშნული ხუთდღიანი ვადის აღდგენა და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებულად ჩათვლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, შპს „ლაქსტოქ.ჯი-ს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. აღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2023 წლის 14 ივლისს.

2023 წლის 14 აგვისტოს, განიჩინების გამოქვეყნებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, სასამართლოსთვის კრედიტორს (კრედიტორებს) შპს „ლაქსტოქ.ჯის“ მოვალის მიმართ არ მოუმართავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2023 წლის 14 ივლისს და ამ დღიდან ერთთვიან ვადაში კრედიტორებს არ მოუმართავთ სასამართლოსთვის მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ლაქსტოქ.ჯი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, მე-100, 106-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ლაქსტოქ.ჯი“ (ს.ნ. 405170381) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge).

3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                    ზაალ მარუაშვილი