ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016385
14
11/10/2023
ვებგვერდი, 16/10/2023
010340000.32.057.016385
ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2023 წლის 11 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად,

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით განისაზღვროს ეკონომიკური  საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს თავმჯდომარე;

ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი;

ე)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – საბჭოს წევრი.

2. დამტკიცდეს ეკონომიკური  საბჭოს დებულება, თანახმად დანართისა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 სექტემბრის №29 დადგენილება.

 

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე



                                                                                              დანართი

 

ეკონომიკური საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის (შემდეგში – მთავრობის თავმჯდომარე) სათათბირო ორგანოს.      

2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. საბჭო ანგარიშვალდებულია მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.


მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები
საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატე­გიის  შემუშავება და მისი დაგეგმვის კოორდინაცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების, რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზა­ციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

დ) ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციე­ლება.


მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საბჭო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) შეისწავლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი ცალკეული საკითხები  და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადა­დე­ბები და რეკომენდაციები;

დ) საბჭოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით  შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით.


მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრუ­ლი საბჭოს წევრების გარდა, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა ადმინისტრა­ციული ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმო­მადგენლები.

მუხლი 5. საბჭოს სხდომა 
1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს მთავრობის თავმჯდომარე.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. საბჭოს სხდომები დახურულია. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტი­ლებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.

4. საბჭოს სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ 3 თვეში ერთხელ მაინც მთავრობის თავმჯდომარის მოწვევით.

5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

7. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს წევრები.


მუხლი 6. ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

 

ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.

მუხლი 7. საბჭოს  დებულებაში ცვლილების შეტანა 
დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.