აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/12469-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/10/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/12469-23
03/10/2023
ვებგვერდი, 09/10/2023
აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/12469-23

საქართველოს სახელით

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით

ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

(ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან)

2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი  იულია კახელაშვილი

განმცხადებელი – ნინო კუხიანიძე

წარმომადგენელი  დავით ბიჭიკაშვილი

დაინტერესებული პირები (აქციონერები)  გურამ გაბუნია, აზა რობაძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი, ირა ევგენიძე, თინა კიკნაველიძე, კონსტანტინე ლანჩავა, თამარ მოსაშვილი, გიორგი სურვილაძე, მამია ფირცხალაიშვილი, ფარჟეტ ღუდუშაური, გულნარა ხარბედია, გივი კალანდარიშვილი, კობა ნიკოლაიშვილი, თამაზ სირაძე, ვაჟა სინჯარაძე, გაიოზ იაკობაშვილი, მერაბი კვიმსაძე, ნინო ჩაკვეტაძე, თამაზ ცხოვრებაძე, სს სპაგეტი -94, დარეჯან აბაშიძე, ალვირა არზუმანოვი, მედეა ასლანიძე, გულიკო ბურჯანაძე, ელენე გიგოლაშვილი, ლიანა კოხრეიძე, ვენერა მაჭარაშვილი, გრიგოლ ქურდაძე, კახა ნანობაშვილი, გიორგი წიკლაური, გიორგი ბუხრაშვილი, სათენიკ გევორქიანი, ეკატერინე გელაშვილი, ომარი გინია, ლილი გულიაშვილი, თაქუშ სტეფანიანი, მიხეილ ტყებუჩავა, ქეთევან ქირია, მიხეილ ხოშტარია

მოთხოვნა  სს „სპაგეტი-94“-ის  აქციათა სავალდებულო მიყიდვა

 

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ   გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2023 წლის 4 მაისს ნინო კუხიანიძის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სს „სპაგეტი-94“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ნინო კუხიანიძე წარმოადგენს სს „სპაგეტი-94“-ს აქციათა 99.39395%-ის მესაკუთრეს, ხოლო დარჩენილი 0.60605% აქციები განაწილებულია სხვა აქციონერებზე. ვინაიდან, განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სურვილი აქვს სრულად გამოისყიდოს სს „სპაგეტი-94“-ის სხვა აქციონერთა კუთვნილი აქციები, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სს „სპაგეტი-94“-ის დარჩენილი აქციონერების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, ნინო კუხიანიძის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო სხდომა დაინიშნა  2023 წლის 22 მაისს, 15:00 საათზე. თუმცა, ვინაიდან სრულად ვერ მოხერხდა მინორიტარი აქციონერების (დაინტერესებული პირების) ინფორმირება აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების დაწყების თაობაზე, სხდომა გადაიდო 2023 წლის 03 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით განიხილა დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხი და მიიჩნია, რომ აქციათა ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

2023 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ნინო კუხიანიძის წარმომადგენელმა, დავით ბიჭიკაშვილმა აქციათა შეფასების მიზნით იშუამდგომლა ექსპერტად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დანიშვნის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მოისმინა სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებულ პირთა   (აქციონერების): კობა ნიკოლაიშვილის, ალვირა არზუმანოვის, გიორგი წიკალურის, თეიმურაზ მაჭარაშვილის, თამაზ ცხოვრებაძის და კახა ნანობაშვილის პოზიცია, რომლებიც ეთანხმებიან აღნიშნულს, ხოლო დანარჩენი აქციონერების ნაწილში ვერ მოისმინა, ვინაიდან ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. გამომდინარე აქედან, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 30912 მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „სპაგეტი-94“-ის (ს/ნ: 200001023) აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელ ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

2.  განემარტოს სსიპ  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი.

3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;

4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები - ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.

5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარჯების ანაზღაურება დაევალოს განმცხადებელს  ნინო კუხიანიძეს.

7.  განჩინება გამოქვეყნდეს  სსიპ  – საკანონმდებლო მაცნეში.

8. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                                      ივერი აბაშიძე