საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 330020000.10.003.024211
378
03/10/2023
ვებგვერდი, 04/10/2023
330020000.10.003.024211
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №378

2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე  სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე  სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი

მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე  სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

მუხლი 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტი − საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი  პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რომელსაც აქვს ფინანსური დავალიანება, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი;

ბ) ფინანსური დავალიანების საფუძვლით  სტატუსშეჩერებული სტუდენტი − საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი  პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რომელსაც, ფინანსური დავალიანების საფუძვლით, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი;

გ) ფინანსური დავალიანება – სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს  მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასური;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს ავტორიზაცია.

მუხლი 3

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება.

2.  სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სტატუსაღდგენილი სტუდენტი უფლებამოსილია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, მას შემდეგ, რაც დაფარავს  მიმდინარე სასწავლო  წლის სწავლის საფასურს  უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

4. ამ წესის საფუძველზე სტატუსაღდგენილი სტუდენტების  სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობა აღნიშნული სტუდენტების სწავლის ვადით და  გაზრდის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

მუხლი 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველო საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის ინიციირება, რომლის საფუძველზეც:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ჩამოწერილი თანხის ნაწილში გათავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან;

ბ) სტუდენტი, რომელსაც ამ წესის საფუძველზე ჩამოეწერება (გაუნულდება) ფინანსური დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაუხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანხას, ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში გათავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.

მუხლი 5

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოისყიდოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს  მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასური.

2. ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების  მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს  მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების) შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედ თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წარდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე გადაუხადოს ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების  მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს  მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასურის 20% თანხა.

3. ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს  მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების) შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედ თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წარდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე გადაუხადოს ამ პუნქტით გათვალისწინებული  სტუდენტების  მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს  მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასურის 10%-დან 20%-მდე თანხა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განსაზღვროს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით.

მუხლი 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება (საჭიროების შემთხვევაში, გამოსცენ შესაბამისი ნორმატიული აქტები) ამ წესის აღსრულების მიზნით.

მუხლი 7. ეს წესი გავრცელდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან ამ წესის შესაბამისად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.