საბჭოს 1992 წლის 24 ივნისის 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთოხებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების განხორციელების შესახებ (მე-8 ინდივიდუალური დირექტივა 89/891/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში)

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

საბჭოს 1992 წლის 24 ივნისის 92/57/EEC დირექტივა

დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთოხებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების განხორციელების შესახებ (მე-8 ინდივიდუალური დირექტივა 89/891/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში)

 

ევროგაერთიანებების საბჭომ,

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა კომისიის წინადადებას[1], რომელიც წარმოდგენილ იქნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით[2],

ითვალისწინებს რა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას[3],

ვინაიდან, ხელშეკრულების 118a მუხლში მოცემულია, რომ საბჭომ დირექტივების მეშვეობით უნდა მიიღოს ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც საჭიროა გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში, იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უკეთეს დონეზე დაცვა;

ვინაიდან, ზემოხსენებული მუხლის პირობების მიხედვით, აღნიშნული დირექტივებით თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაკისრება, რომლებიც შეაფერხებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნასა და განვითარებას;

ვინაიდან, კომისიისგან მიღებული ინფორმაცია მისი პროგრამის შესახებ, რომელიც ეხება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვას[4], ​ითვალისწინებს ისეთი დირექტივის მიღებას, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მუშაკთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე;

ვინაიდან, საბჭომ, 1987 წლის 21 დეკემბრის საკუთარ რეზოლუციაში სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ[5], ყურადღება გაამახვილა კომისიის განზრახვაზე, უახლოეს მომავალში საბჭოსთვის, იმ მინიმალური მოთხოვნების წარდგენასთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებს;

ვინაიდან, დროებითი ან მოძრავი სამშენებლო უბნები საქმიანობის ისეთ სფეროს წარმოადგენს, სადაც მუშაკები განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან;

ვინაიდან, პროექტების მოსამზადებელ ეტაპებზე არადამაკმაყოფილებელმა არქიტექტურულმა და/ან საორგანიზაციო გადაწყვეტილებებმა ან სამუშაოთა არასწორმა დაგეგმარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის გაერთიანების ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო უბნებზე საწარმოო ავარიების გამოწვევაში;

ვინაიდან, თითოეულ წევრ ქვეყანაში, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს სამუშაოების დაწყებამდე ისეთი სამუშაოების დაწყების შესახებ უნდა ეცნობოს, რომელთა მასშტაბიც გარკვეულ ზღვარს სცილდება;

ვინაიდან, პროექტის განხორციელებისას არაადეკვატურმა კოორდინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი რაოდენობის საწარმოო ავარია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთმანეთისგან განსხვავებული საქმიანობა ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხორციელდება ერთი და იმავე დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე;

ვინაიდან, პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე და აგრეთვე სამუშაოს განხორციელების დროს აუცილებელია შესაბამის პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება;

ვინაიდან, იმ მინიმალური მოთხოვნების დაცვა, რომლებიც დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უკეთესი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი, აუცილებელია მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან, თვითდასაქმებულ პირებს და დამსაქმებლებს, როდესაც ისინი სამუშაო აქტივობებში უშუალოდ არიან ჩართულნი, შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას;

ვინაიდან, აუცილებელია სამშენებლო უბნებზე სამუშაო აქტივობებში ჩართულ თვითდასაქმებულ პირებზე და დამსაქმებლებზე გავრცელდეს სამუშაო ადგილზე მუშაკების მიერ სამუშაო აღჭურვილობის გამოყენებისას უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეორე ინდივიდუალური დირექტივა)[6] საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის 89/655/EEC დირექტივის და სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა)[7] 1989 წლის 30 ნოემბრის 89/656/EEC დირექტივის გარკვეული რელევანტური დებულებები;

ვინაიდან, წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს ინდივიდუალურ დირექტივას სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების შემოღების შესახებ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის 89/891/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში[8]; ვინაიდან, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე, წინამდებარე დირექტივის უფრო შემზღუდავი და/ან კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად;

ვინაიდან, წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს პრაქტიკულად გადადგმულ ნაბიჯს შიდა ბაზრის სოციალური ასპექტის გაუმჯობესების გზაზე, სამშენებლო პროდუქტებთან[9] დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ საბჭოს 1988 წლის 21 დეკემბრის 89/106/EEC დირექტივის და საბჭოს 1989 წლის 18 ივლისის 89/440/EEC დირექტივის, რომლითაც შესწორებები შევიდა სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების პროცედურების კოორდინირების შესახებ საბჭოს 71/305/EEC დირექტივაში, შინაარსის გათვალისწინებით[10];

ვინაიდან, საბჭოს 74/325/EEC[11]  გადაწყვეტილების შესაბამისად, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაცია გაიარა კომისიამ ამ სფეროში წინადადებების მომზადების თაობაზე,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც 89/891/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში მე-8 ინდივიდუალურ დირექტივას წარმოადგენს, აწესებს დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე მოქმედ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია მე-2 (a) მუხლში.

2. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება მოპოვებითი მრეწველობის სფეროში ბურღვით ან მოპოვებით სამუშაოებზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი მრეწველობის[12] ყველა სფეროს მიმართ, მაღაროების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კომისიის პასუხისმგებლობების გაფართოების შესახებ საბჭოს 1974 წლის 27 ივნისის 74/326/EEC გადაწყვეტილების 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.

3. 89/391/EEC დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება 1-ელ პუნქტში მოცემულ ყველა სფეროზე, წინამდებარე დირექტივის უფრო შემზღუდავი და/ან კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის ფარგლებში:

(a) „დროებითი ან მოძრავი სამშენებლო უბნები“ (შემდგომში „სამშენებლო უბნები“) ნიშნავს ნებისმიერ სამშენებლო უბანს, სადაც მიმდინარეობს კონსტრუქციული ან სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები; ამგვარი სამუშაოების არასრული ჩამონათალი მოცემულია დანართში I;

(b) „დამკვეთი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლისთვისაც ხორციელდება პროექტი;

(c) „პროექტის ზედამხედველი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს დამკვეთის სახელით და პასუხისმგებელია პროექტის განხორციელების გეგმაზე და/ან მის შესრულებაზე და/ან პროექტის შესრულების ზედამხედველობაზე;

(d) „თვითდასაქმებული პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, გარდა 89/391/EEC დირექტივის მე-3 მუხლის (a) და (b) პუნქტებში მოხსენიებული პირებისა, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს უწყობს პროექტის დასრულებას;

(e) „პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც დამკვეთი და/ან პროექტის ზედამხედველი აკისრებს წინამდებარე დირექტივის მე-5 მუხლში მოხსენიებული მოვალეობების შესრულების ვალდებულებას პროექტის განხორციელების გეგმის მომზადების პროცესში;

(f) „პროექტის განხორციელების ეტაპზე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც დამკვეთი და/ან პროექტის ზედამხედველი აკისრებს წინამდებარე დირექტივის მე-6 მუხლში მოხსენიებული მოვალეობების შესრულების ვალდებულებას პროექტის განხორციელების პროცესში.

მუხლი 3

კოორდინატორების დანიშვნა - უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა - წინასწარი ინფორმირება

1. დამკვეთმა ან პროექტის ზედამხედველმა, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებისთვის, უნდა დანიშნოს ერთი ან მეტი კოორდინატორი, როგორც ეს წინამდებარე დირექტივის მე-2 მუხლის (e) და (f) პუნქტებშია მოცემული, იმ სამშენებლო უბნებზე, რომლებსაც ერთზე მეტი კონტრაქტორი ჰყავს.

2. დამკვეთმა ან პროექტის ზედამხედველმა, სამშენებლო უბნის მოწყობამდე, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული გეგმის შედგენა წინამდებარე დირექტივის მე-5 მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად.

წევრ სახელმწიფოებს, მენეჯმენტთან და სამუშაო ძალასთან კონსულტაციების შედეგად, შეუძლიათ დაუშვან პირველი პუნქტის დებულებებიდან გადახვევა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონკრეტული სამუშაო იმ განსაკუთრებულ რისკებს მოიცავს, რომლებიც მე-2 დანართშია მოცემული.

3. სამშენებლო უბნების შემთხვევაში, სადაც:

- სამუშაო 30 სამუშაო დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და ერთდროულად 20-ზე მეტი მუშაკია დასაქმებული, ან

- დაგეგმილი სამუშაოს მოცულობა 500 კაც/დღეს აჭარბებს,

დამკვეთმა ან პროექტის ზედამხედველმა კომპეტენტურ ორგანოებს სამუშაოს დაწყებამდე უნდა გაუგზავნოს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც წინამდებარე დირექტივის მე-3 დანართის თანახმად უნდა იყოს შედგენილი.

- წინასწარი ინფორმაცია სამშენებლო უბანზე თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული და საჭიროების შემთხვევაში პერიოდულად უნდა განახლდეს.

მუხლი 4

პროექტის მოსამზადებელი ეტაპი: ზოგადი პრინციპები

პროექტის ზედამხედველმა, ან, შესაბამის შემთხვევებში, დამკვეთმა, პროექტის განხორციელების გეგმის და პროექტის მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, უნდა გაითვალისწინოს 89/391/EEC დირექტივაში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრევენციის ზოგადი პრინციპები, კერძოდ:

  • არქიტექტურული, ტექნიკური და/ან ორგანიზაციული ასპექტების გადაწყვეტისას, რათა მოხდეს სამუშაოს იმ სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის ან ეტაპის დაგეგმარება, რომლებიც ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით უნდა განხორციელდეს,
  • ამგვარი სამუშაოს ან სამუშაოს ეტაპების დასასრულებლად საჭირო დროის შეფასებისას. ყოველთვის, როდესაც საამისო საჭიროება დადგება, ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ყველა გეგმა და დოკუმენტი, რომელიც წინამდებარე დირექტივის მე-5 მუხლის (b) ან (c) პუნქტის მიხედვით იქნა შედგენილი ან მე-6 მუხლის (c) პუნქტის მიხედვით იქნა შესწორებული.

მუხლი 5

პროექტის მოსამზადებელი ეტაპი: კოორდინატორების მოვალეობები

უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ი, რომელიც (რომლებიც) პროექტის მოსამზადებელი ეტაპის დროს მე-3 მუხლის (1) პუნქტის მიხედვით იქნა დანიშნული, ვალდებულია:

(a) მოახდინოს მე-4 მუხლში მოცემული დებულებების განხორციელების კოორდინაცია;

(b) მოამზადოს ან მოამზადებინოს უსაფრთოხების და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა, რომელშიც კონკრეტულ სამშენებლო უბანთან დაკავშირებული წესები იქნება მოცემული და რომელშიც, საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო უბანზე მიმდინარე სამრეწველო აქტივობები იქნება გათვალისწინებული; აღნიშნულ გეგმაში ასევე უნდა შევიდეს იმ სამუშაოსთან დაკავშირებული კონკრეტული ზომები, რომელიც მე-2 დანართში მოცემულ ერთ ან რამდენიმე კატეგორიას მიეკუთვნება;

(c) მოამზადოს პროექტის მახასიათებლების შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია იქნება მოცემული და რომელიც ნებისმიერი შემდგომი სამუშაოების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

მუხლი 6

პროექტის განხორციელების ეტაპი: კოორდინატორების მოვალეობები

უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ი, რომელიც (რომლებიც) პროექტის განხორციელების ეტაპზე მე-3 მუხლის (1) პუნქტის მიხედვით იქნა დანიშნული, ვალდებულია:

(a) მოახდინოს პრევენციისა და უსაფრთხოების პრინციპების განხორციელების კოორდინირება:

  • არქიტექტურული, ტექნიკური და/ან ორგანიზაციული ასპექტების გადაწყვეტისას, რათა მოხდეს სამუშაოს იმ სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის ან ეტაპის დაგეგმარება, რომლებიც ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით უნდა განხორციელდეს;
  • ამგვარი სამუშაოს ან სამუშაოს ეტაპების დასასრულებლად საჭირო დროის შეფასებისას;

(b) მოახდინოს შესაბამისი დებულებების განხორციელების კოორდინირება, რათა დამსაქმებლებმა, ხოლო თუ ეს მუშაკთა დაცვისთვის არის აუცილებელი, თვითდასაქმებულმა პირებმა:

  • თანმიმდევრულად გამოიყენონ მე-8 მუხლში მოცემული პრინციპები,
  • სადაც საჭიროა, დაიცვან მე-5 მუხლის (b) პუნქტში აღნიშნული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;

(c) შეიტანოს ან შეატანინოს ცვლილებები მე-5 მუხლის (b) პუნქტში აღნიშნულ უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გეგმაში და მე-5 მუხლის (c) პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტში, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამუშაოს მიმდინარეობა და ნებისმიერი შეტანილი ცვლილება;

(d) მოახდინოს დამსაქმებლებს შორის, მათ შორის იმ დამსაქმებლებს შორის, რომლებიც ერთი და იმავე სამშენებლო უბანზე ერთმანეთს ენაცვლებიან, თანამშრომლობის ორგანიზება, მათი საქმიანობის კოორდინირება მუშაკთა დაცვის, უბედური შემთხვევების და პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, ხოლო, მათ შორის, მოახდინოს ინფორმაციის ორმხრივად გაცვლის იმგვარად კოორდინირება, როგორც ამას 89/391/EEC დირექტივის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს თვითდასაქმებული პირების ჩართვა აღნიშნულ პროცესში;

(e) მოახდინოს სამუშაო პროცედურების სწორად განხორციელების შემოწმების კოორდინირება;

(f) გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამშენებლო უბანზე მხოლოდ უფლებამოსილი პირების შესვლა იყოს ნებადართული.

მუხლი 7

დამკვეთის, პროექტის ზედამხედველის და დამსაქმებლის პასუხისმგებლობები

1. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა ან პროექტის ზედამხედველმა დანიშნა კოორდინატორი ან კოორდინატორები მე-5 და მე-6 მუხლებში აღწერილი მოვალეობების შესასრულებლად, ეს არ ანთავისუფლებს დამკვეთს ან პროექტის ზედამხედველს მათზე ამ კუთხით დაკისრებული პასუხისმგებლობებისგან.

2. მე-5 და მე-6 მუხლების და ასევე წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის შესრულება ზეგავლენას არ იქონიებს დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის შესახებ პრინციპზე, როგორც ეს 89/391/EEC დირექტივაშია განსაზღვრული.

მუხლი 8

89/391/EEC დირექტივის მე-6 მუხლის განხორციელება

სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს 89/391/EEC დირექტივის მე-6 მუხლში მოცემული პრინციპები, განსაკუთრებით ეს ეხება:

(a) სამშენებლო უბნის მოწესრიგებულ და სისუფთავის მხრივ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნებას;

(b) სამუშაო ადგილის შერჩევისას იმის გათვალისწინებას, თუ როგორ მოხდება ამ ადგილებამდე მისვლა და იმ გზების და სივრცეების განსაზღვრას, რომლებიც განკუთვნილია აღჭურვილობის გატარებისა და გადაადგილებისთვის;

(c) იმ პირობებს, რომლებშიც სხვადასხვა მასალის დამუშავება/გადატანა ხდება;

(d) ტექნიკურ მომსახურებას, აღჭურვილობის და დანადგარების შემოწმებას ექსპლუატაციაში შესვლამდე და მათ  რეგულარულ შემოწმებებს, რომელთა მიზანი ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრაა, რომლებსაც მუშაკთა უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ;

(e) სხვადასხვა მასალების შესანახად კონკრეტული სივრცეების გამოყოფას და დადგენას, განსაკუთრებით, როცა ეს სახიფათო მასალების ან ნივთიერებების შენახვას ეხება;

(f) იმ პირობებს, რომლებშიც გამოყენებული სახიფათო მასალის გატანა ხდება;

(g) ნარჩენების და ნანგრევების შენახვას და გატანას;

(h) ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის მიხედვით, კონკრეტული სახის სამუშაოებისთვის ან სამუშაოს ეტაპებისთვის გამოყოფილი დროის ცვლილებას;

(i) დამსაქმებლებსა და თვითდასაქმებულ პირებს შორის თანამშრომლობას;

(j) ინდუსტრიულ საქმიანობასთან ურთიერთკავშირს იმ ადგილზე, რომლის ფარგლებში ან რომლის მახლობლადაც მდებარეობს კონკრეტული სამშენებლო უბანი.

მუხლი 9

დამსაქმებელთა ვალდებულებები

სამშენებლო უბანზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, მე-6 და მე-7 მუხლებში მოცემული პირობების გათვალისწინებით, დამსაქმებლებმა:

(a) კონკრეტულად, მე-8 მუხლის შესრულებისას, უნდა გაატარონ დანართში IV მოცემული მინიმალური მოთხოვნების შესაბამისი ზომები;

(b) უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ის მითითებები.

მუხლი 10

პირთა სხვა ჯგუფების ვალდებულებები

1. სამშენებლო უბანზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, თვითდასაქმებულმა პირებმა:

(a) აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით, უნდა შეასრულონ შემდეგი:

(i) 89/391/EEC დირექტივის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-13 მუხლის, ასევე წინამდებარე დირექტივის მე-8 მუხლის და დანართის IV მოთხოვნები;

(ii) 89/655/EEC დირექტივის მე-4 მუხლის მოთხოვნები და აღნიშნული დირექტივის დანართის შესაბამისი დებულებები;

(iii) 89/656/EEC დირექტივის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის (1)-(4) პუნქტების და მე-9 მუხლის მოთხოვნები და ასევე იმავე დირექტივის მე-5 მუხლის მოთხოვნები;

(b) უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ის მითითებები.

2. უსაფრთხოების და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ისეთ სამშენებლო უბნებზე, სადაც დამსაქმებლები სამუშაო აქტივობებში პირადად არიან ჩართული, მათ:

(a) აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით უნდა შეასრულონ შემდეგი:

(i) 89/391/EEC დირექტივის მე-13 მუხლი;

(ii) 89/655/EEC დირექტივის მე-4 მუხლი და აღნიშნული დირექტივის დანართის შესაბამისი დებულებები;

(iii) 89/656/EEC დირექტივის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის (1)-(4) პუნქტების და (9) პუნქტის მოთხოვნები და ასევე იმავე დირექტივის მე-5 მუხლის მოთხოვნები;

(b) უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ის შენიშვნები.

მუხლი 11

ინფორმაცია მუშაკთათვის

1. 89/391/EEC დირექტივის მე-10 მუხლის შეუზღუდავად, მუშაკებს და/ან მათ წარმომადგენლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია სამშენებლო უბანზე მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მისაღებ ყველაზე ზომაზე.

2. აღნიშნული ინფორმაცია გასაგები უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მუშაკისთვის.

 

მუხლი 12

მუშაკთა კონსულტაცია და მათი ჩართულობა

წინამდებარე დირექტივის მე-6, მე-8 და მე-9 მუხლებში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, მუშაკთა და/ან მათ წარმომადგენელთა კონსულტაცია და ჩართულობა უნდა განხორციელდეს 89/391/EEC დირექტივის მე-11 მუხლის შესაბამისად; ამ პროცესში (სადაც აუცილებელია) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მუშაკთა და/ან მუშაკთა წარმომადგენლებს შორის შესაბამისი თანამშრომლობა მათ მიერ სამუშაო ადგილზე განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში რისკის ხარისხის და სამშენებლო უბნის სიდიდის გათვალისწინებით.

მუხლი 13

ცვლილება დანართებში

1. დირექტივის დანართებში I, II და III ცვლილებები უნდა შევიდეს საბჭოს მიერ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 118a მუხლში მოცემული პროცედურის მიხედვით.

2. დანართში IV წმინდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია:

- იმ დირექტივების მიღებით, რომლებიც დროებითი ან მოძრავი სამშენებლო უბნების სფეროში ტექნიკურ ჰარმონიზაციას და სტანდარტიზაციას ეხება, და/ან

- ტექნიკური პროგრესით, დროებითი ან მოძრავი სამშენებლო უბნების სფეროში არსებულ საერთაშორისო რეგულაციებში ან სპეციფიკაციებში შეტანილი ცვლილებებით,

მიღებულ უნდა იქნეს 89/391/EEC დირექტივის მე-17 მუხლში მოცემული პროცედურის მიხედვით.

 

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა მაქსიმუმ 1993 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც წინამდებარე დირექტივის შესასრულებლად არის საჭირო.

წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ევროპის კომისიას ამ საქმიანობის განხორციელების შესახებ.

2. წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების გატარების შემდეგ, შესაბამის კანონმდებლობაში წინამდებარე დირექტივა უნდა იქნეს მითითებული ან მათი  ოფიციალური გამოქვეყნებისას მათი დასახელება უნდა იქნეს მითითებული. წინამდებარე დირექტივაზე ასეთი მითითებების მეთოდები თავად წევრი სახელმწიფოების მიერ უნდა იქნეს განსაზღვრული.

3. წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის კომისიას უნდა გაუგზავნონ ეროვნულ კანონმდებლობაში წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროსთან დაკავშირებული უკვე მიღებული ან მისაღები დებულებების ტექსტი.

4. წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის კომისიას ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა აცნობონ წინამდებარე დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, მათ შორის როგორც დამსაქმებლების, ისე მუშაკთა მოსაზრებების შესახებ.

ევროპის კომისიამ უნდა მოახდინოს ევროპარლამენტის, საბჭოს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საკონსულტაციო კომიტეტის ინფორმირება ღონისძიებების შემოღების შესახებ.

5. კომისიამ ევროპარლამენტს, საბჭოს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების თაობაზე, პუნქტების 1, 2, 3 და 4 გათვალისწინებით.

მუხლი 15

ეს დირექტივა მიმართულია წევრი სახელმწიფოებისადმი.

გაფორმდა ლუქსემბურგში, 1992 წლის 24 ივნისს.

 

საბჭოს სახელით

პრეზიდენტი

ხოსე და სილვა პენედა

 

დანართი 1

წინამდებარე დირექტივის მე-2 მუხლის (a) პუნქტში მითითებული კონსტრუქციული და სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობის არასრული სია

1. ქვაბულების გაყვანა;

2. მიწის სამუშაოები;

3. მშენებლობა;

4. წინასწარ დამზადებული ელემენტების აწყობა და დაშლა;

5. გადაკეთება ან აღჭურვა/მოწყობა;

6. შენობის გადაკეთება/მოდიფიკაცია;

7. განახლება;

8. რემონტი;

9. დემონტაჟი;

10. დანგრევა;

11. მოვლა;

12. ტექნიკური მომსახურება - შეღებვა და დასუფთავება

13. დრენაჟი

 

დანართი II

წინამდებარე დირექტივის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე აბზაცში მითითებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ რისკებს შეიცავენ

1. სამუშაო, რომლის შესრულებისას არსებობს მუშაკთა მეწყერის ქვეშ მოყოლის, ჭაობში ჩაძირვის ან სიმაღლიდან გადმოვარდნის რისკი, როდესაც ეს რისკი განსაკუთრებით სერიოზულია სამუშაოს სახეობიდან, გამოყენებული პროცესებიდან ან სამუშაო ადგილზე ან სამშენებლო უბანზე არსებული გარემოებებიდან გამომდინარე.[13]

2. სამუშაო, რომელიც მუშაკებს საფრთხეს უქმნის ისეთი ქიმიური ან ბილოგიური ნივთიერებების გამოყენების შედეგად, რომლებიც მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენენ, ან რომელთა გამოყენებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი კანონით მოითხოვება.

3. იონიზირებადი დასხივების წყაროსთან მუშაობა, რომლის დროსაც გაკონტროლებული ან ზედამხედველობას დაქვემდებარებული სივრცეების გამოყოფაა საჭირო ისე, როგორც ეს 80/836/Euratom[14] დირექტივის მე-20 მუხლით არის განსაზღვრული.

4. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან ახლოს მუშაობა.

5. სამუშაო, რომლის დროსაც მუშაკთა წყალში დახრჩობის რისკი არსებობს.

6. ჭაბურღილებზე, მიწისქვეშა სამუშაოებზე და გვირაბების მშენებლობაზე მუშაობა.

7. იმ მძღოლების მიერ შესრულებული სამუშაო, რომლებსაც ჰაერის მიწოდების სისტემა გააჩნიათ.

8. მუშაკების მიერ კესონში შესრულებული სამუშაო, რომელშიც შეკუმშული ჰაერის მქონე გარემოა.

9. სამუშაო, რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენება.

10. სამუშაო, რომელიც მოიცავს წინასწარ დამზადებული მძიმე კომპონენტების აწყობას ან დაშლას.

 

დანართი III

დირექტივის დანართი I-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული წინასწარი შეტყობინების ფორმა/შინაარსი

1. გაგზავნის თარიღი:...........................................................

2. სამშენებლო უბნის ზუსტი მისამართი:...........................................

3. კლიენტ(ებ)ის (სახელ(ებ)ი და მისამართ(ებ)ი:....................................

4. პროექტის ტიპი:............................................

5. პროექტის ზედამხედველი(ები) (სახელი(ები) და მისამართი(ები):.........................

6. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე უსაფრთოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ი (სახელ(ებ)ი და მისამართ(ებ)ი:.........................

7. პროექტის განხორციელების ეტაპზე უსაფრთოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინატორ(ებ)ი (სახელ(ებ)ი და მისამართ(ებ)ი:.........................

8. სამშენებლო უბანზე სამუშაოების დაწყების თარიღი:.......................................

9. სამშენებლო უბანზე სამუშაოების წარმოების დაგეგმილი ხანგრძლივობა:....................

10. სამშენებლო უბანზე მუშაკთა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა:

11. სამშენებლო უბანზე კონტრაქტორთა და თვითდასაქმებულ პირთა დაგეგმილი რაოდენობა:............................................................

12. უკვე შერჩეულ კონტრაქტორებთან დაკავშირებული ინფორმაცია:...........................................................................................................................................

................................................................................................................................................................

................................................................................................................................................

 

 

დანართი IV

სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

რომლებიც მითითებულია წინამდებარე დირექტივის მე-9 მუხლის (a) ქვეპუნქტში და მე-10 მუხლის 1 პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i) ქვე-ქვეპუნქტში

 

წინასწარი შენიშვნები

წინამდებარე დანართში ჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულება აუცილებელია ყოველთვის, როდესაც საამისო საჭიროება დგება კონკრეტული სამშენებლო უბნის, საქმიანობის, გარემოებების ან საფრთხის მახასიათებლებიდან გამომდინარე.

წინამდებარე დანართის მიზნებისთვის, სიტყვა „სადგომი/სივრცე/ოთახი“ სხვა მნიშვნელობებს შორის, დროებითი ტიპის სამყოფელსაც ნიშნავს.

 

ნაწილი A

სამშენებლო უბანზე არსებულ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ზოგადი მინიმალური მოთხოვნები

1. მდგრადობა და სიმყარე

1.1. ნებისმიერი მასალა, აღჭურვილობა და ზოგადად ნებისმიერი კომპონენტი, რომლის ნებისმიერი სახით გადაადგილებას/მოძრაობას მუშაკთა უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, სწორად და უსაფრთხოდ უნდა იქნეს გამაგრებული.

1.2. დაუშვებელია ნებისმიერ ისეთ ზედაპირთან მისვლა, რომელიც არასაკმარისად მედეგი მასალებისგან არის დამზადებული, თუ ამ დროს შესაბამისი აღჭურვილობის ან საშუალებების გამოყოფა არ მოხდება იმისთვის, რომ სამუშაო უსაფრთხოდ ჩატარდეს. 

2. ენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობები

2.1. აღნიშნული მოწყობილობები ისე უნდა იყოს აგებული, აწყობილი და გამოყენებული, რომ ისინი ხანძრის წარმოშობის ან აფეთქების საფრთხეს არ წარმოადგენდნენ; ადამიანები შესაბამისად უნდა იყვნენ დაცული სასიკვდილო ელექტროტრავმის რისკისგან, რაც დანადგართან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით შეიძლება იყოს გამოწვეული.

2.2. აღჭურვილობის და დამცავი მოწყობილობების აგებულების და კონსტრუქციის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაწილებული ენერგიის ტიპი და სიმძლავრე, გარე პირობები და ზემოხსენებული მოწყობილობების ნაწილებთან მისვლის უფლების მქონე პირების კომპეტენცია.

3. საევაკუაციო გზები და გასასვლელები

3.1. საევაკუაციო გზები და გასასვლელები თავისუფალი უნდა იყოს და მაქსიმალურად პირდაპირი გზით უნდა უკავშირდებოდნენ უსაფრთხო ტერიტორიებს.

3.2. საფრთხის შემთხვევაში, მუშაკებს ყველა სამუშაო ადგილიდან სწრაფად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ ევაკუირების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

3.3. საევაკუაციო გზების და გასასვლელების რაოდენობა, განაწილება და განზომილებები დამოკიდებულია ობიექტის დანიშნულებაზე, აღჭურვილობაზე და სამშენებლო უბნის და სივრცეების/ოთახების განზომილებებზე და ასევე იმ ადამიანთა  მაქსიმალურ რაოდენობაზე, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე.

3.4. კონკრეტული საევაკუაციო გზები და გასასვლელები შესაბამისი ნიშნებით უნდა იყოს მონიშნული ისე, როგორც ამას ითვალისწინებს 77/576/EEC დირექტივის[15] განმახორცილებელი ეროვნული რეგულაციები.

აღნიშნული ნიშნები საკმარისად მედეგი უნდა იყოს და ისინი შესაბამის ადგილებზე უნდა იყვნენ განთავსებული.

3.5. საევაკუაციო გზები და გასასვლელები და ასევე მათთან მისასვლელი სატრანსპორტო გზები და კარებები თავისუფალი უნდა იყოს რაიმე დაბრკოლებისგან, რათა მათი გამოყენება ნებისმიერ დროს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იყოს შესაძლებელი.

3.6. საევაკუაციო გზები და გასასვლელები, რომლებიც განათებას საჭიროებენ, შესაბამისი სიმძლავრის ავარიული განათებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ჩვეულებრივი განათება ითიშება.

4. ხანძრის დეტექტორი და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები

4.1. სამშენებლო უბნის თვისებიდან, სივრცეების/ოთახების განზომილებებიდან და დანიშნულებიდან, სამშენებლო უბნის აღჭურვილობიდან, სამშენებლო უბანზე არსებული ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური თვისებებიდან და იქ მყოფ ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, შესაბამისი რაოდენობის სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების და (სადაც ამის საჭიროება არსებობს) ხანძრის დეტექტორების და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების არსებობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

4.2. აღნიშნული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები, ხანძრის დეტექტორები და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს და მათი რეგულარული მოვლა/რემონტი უნდა ხდებოდეს.

რეგულარული ინტერვალებით უნდა ტარდებოდეს შესაბამისი ტესტები და ვარჯიშები.

4.3. არაავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა ადვილად მისასვლელი და გამოსაყენებელი უნდა იყოს.

აღჭურვილობა შესაბამისი ნიშნებით უნდა იყოს მონიშნული ისე, როგორც ამას ითვალისწინებს 77/576/EEC დირექტივის განმახორციელებელი ეროვნული რეგულაციები.

აღნიშნული ნიშნები საკმარისად მედეგი უნდა იყოს და ისინი შესაბამის ადგილებზე უნდა იყვნენ განთავსებულნი.

5. ვენტილაცია

შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული საკმარისი სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული სამუშაო მეთოდებისა და მუშაკთა მიმართ არსებული ფიზიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

მექანიკური ვენტილაციის სისტემის გამოყენებისას იგი კარგ სამუშაო მდგომარეობაში უნდა იყოს შენარჩუნებული და მუშაკებს ჯანმრთელობისთვის საშიშ, ორპირი ქარის პირობებში არ უნდა უწევდეთ მუშაობა.

ნებისმიერი ავარია მართვის სისტემის მეშვეობით უნდა იქნეს დაფიქსირებული, თუ ეს მუშაკთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.

6. განსაკუთრებული რისკების პირობებში მუშაობა

6.1. მუშაკები არ უნდა მუშაობდნენ ისეთ პირობებში, როდესაც არსებობს ხმაურის საზიანო ხარისხი, ისინი ასევე მავნე გარე ფაქტორების (მაგალითად აირები, ორთქლი, მტვერი) ზეგავლენის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდნენ.

6.2. თუ მუშაკებს ისეთ ადგილას უწევთ შესვლა, სადაც მოსალოდნელია ატმოსფეროში ტოქსიკური ან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, ან სადაც ჟანგბადის დონე ნაკლებია, ან რომელიც შესაძლებელია ადვილადაალებადი იყოს, უნდა ხდებოდეს  დახურულ სივრცეში ატმოსფეროს მონიტორინგი და ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული.

6.3. ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია მაღალი რისკის მქონე დახურულ სივრცეში  მუშაკების  ყოფნა.

როდესაც მუშაკი შედის დახურულ სივრცეში, მისი მოქმედება გარედან მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს გაკონტროლებული და ყველა სათანადო სიფრთხილის ზომა უნდა იქნეს მიღებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ეფექტური და დაუყოვნებლივი დახმარება იყოს შესაძლებელი.

7. ტემპერატურა

სამუშაო საათების დროს უნდა იყოს ადამიანებისთვის მისაღები ტემპერატურა, გამოყენებული სამუშაო მეთოდებისა და მუშაკების მიმართ დაწესებული ფიზიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

8. სამშენებლო უბანზე არსებული სამუშაო ადგილების, სათავსოების/სივრცეების და ტრანსპორტირების გზების ბუნებრივი და ხელოვნული განათება

8.1. სამუშაო ადგილები, სათავსოები/სივრცეები და ტრანსპორტირების გზები მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი განათებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხოლო ღამით, ან როდესაც ბუნებრივი განათება არასაკმარისია, აღნიშნული ადგილები შესაბამისი და საკმარისი ხელოვნური განათების საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი; სადაც აუცილებელია, დარტყმის მიმართ მედეგი პორტატული განათების საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული.

ხელოვნური განათებისას გამოყენებულმა ფერმა გამაფრთხილებელი აბრების ან ნიშნების აღქმაზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს.

8.2. სათავსოების/სივრცეების, სამუშაო ადგილების და ტრანსპორტირების გზების განათების მოწყობილობები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ამ განათების მოწყობილობების დაყენების მეთოდმა მუშაკებს უბედური შემთხვევის საფრთხე არ შეუქმნას.

8.3. ისეთი სათავსოები/სივრცეები, სამუშაო ადგილები და ტრანსპორტირების გზები, სადაც ხელოვნური განათების გამორთვის შემთხვევაში მუშაკები განსაკუთრებული რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩდნენ, შესაბამისი სიმძლავრის ავარიული განათების სისტემებით უნდა იყოს აღჭურვილი.

9. კარებები და ჭიშკრები

9.1. გასაწევ კარებებზე უნდა დამონტაჟდეს უსაფრთხოების მოწყობილობა, რომელიც მათ დაიცავს მოწყვეტისა და ჩამოვარდნისგან.

9.2. ისეთი კარებები და ჭიშკრები, რომლებიც ზევით იღება, სპეციალური მექანიზმით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა აწევის შემდეგ ისინი დაცული იყვნენ ჩამოვარდნისგან.

9.3. საევაკუაციო გზებზე მდებარე კარებები და ჭიშკრები შესაბამისად უნდა იყოს მონიშნული.

9.4. ისეთი ჭიშკრების უშუალო სიახლოვეს, რომლებიც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება, უნდა არსებობდეს სპეციალური კარებები ფეხით მოსიარულეთათვის (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ფეხით მოსიარულეებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთა შეუძლიათ); ასეთი კარებები თვალსაჩინოდ უნდა იყოს მონიშნული და უნდა იყოს ყოველთვის თავისუფალი.

9.5. მექანიკური კარებები და ჭიშკრები უნდა მუშაობდეს მუშაკთათვის უბედური შემთხვევების რისკის შექმნის გარეშე.

აღნიშნული კარებები და ჭიშკრები ავარიული გაჩერების მექანიზმებით უნდა იყოს აღჭურვილი; ეს მექანიზმები ადვილად იდენტიფიცირებადი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული კარებები და ჭიშკრები დენის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად იღება) და მათი ხელით გაღება უნდა იყოს შესაძლებელი.

10. სატრანსპორტო გზები - საფრთხის შემცველი ადგილები

10.1. სატრანსპორტო გზები, მათ შორის კიბეები, ფიქსირებული მისადგმელი კიბეები და სატვირთო ბაქნები და პანდუსები ისე უნდა იყოს აგებული, განლაგებული და მათთან მიდგომა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ისე, რომ კონკრეტულ ადგილებამდე მიდგომა იყოს ადვილი და უსაფრთხო ისე, რომ ამ სატრანსპორტო გზებთან ახლოს მყოფი მუშაკების უსაფრთხოება არ დადგეს რისკის ქვეშ.

10.2. ის გზები, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა და/ან საქონლის გადასაადგილებლად გამოიყენება (მათ შორის ის გზები, რომლებიც გამოიყენება დატვირთვის და გადმოტვირთვის დროს) პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის და კონკრეტული საქმიანობის სახეობის შესაბამისი ზომების უნდა იყოს.

თუ გზებზე სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება,  უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი უსაფრთხო დისტანცია ან შესაბამისი სახის დამცავი მოწყობილობები სხვა ობიექტის მომხმარებლებისთვის.

გზები მონიშნული უნდა იყოს თვალსაჩინოდ, რეგულარულად შემოწმდეს და შესაბამისად შერემონტდეს.

10.3. სატრანსპორტო საშუალებების გზებსა და კარებებს, ჭიშკრებს, ფეხით მოსიარულთათვის გამოყოფილ გადასასვლელებს, დერეფნებსა და კიბეებს შორის დაცული უნდა იყოს საკმარისი დისტანცია.

10.4. თუ სამშენებლო უბანზე შეზღუდული მიდგომის ტერიტორიები არსებობს, ამ ტერიტორიებზე უნდა არსებობდეს მოწყობილობები, რომლებიც  ხელს შეუშლის არაუფლებამოსილი მუშაკების ამ ტერიტორიებზე მოხვედრას.

სახიფათო ზონებში შესვლის უფლების მქონე მუშაკების დასაცავად შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.

სახიფათო ზონები თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მონიშნული.

11. სატვირთო ბაქნები და პანდუსები

11.1. სატვირთო ბაქნები და პანდუსები გადასატანი ტვირთის ზომების შესაბამისი უნდა იყოს.

11.2. სატვირთო ბაქანს მინიმუმ ერთი გასასვლელი მაინც უნდა ჰქონდეს.

11.3. სატვირთო პანდუსები საკმარისად უსაფრთხო უნდა იყოს იმისთვის, რომ მუშაკთა ჩამოვარდნა თავიდან იქნეს აცილებული.

12. თავისუფალი გადაადგილება სამუშაო ადგილზე

სამუშაო ადგილზე საერთო ფართობი მუშაკებს თავისუფალი გადაადგილების საკმარის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, რათა მათ საკუთარი სამუშაოს შესრულება შეძლონ, ყველა აუცილებელი აღჭურვილობის ან მოწყობილობის გათვალისწინებით.

13.  პირველადი სამედიცინო დახმარება

13.1. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და ასევე ნებისმიერ დროს ამგვარი დახმარების გაწევაში გაწრთვნილი პერსონალის გამოძახება.

მიღებულ უნდა იქნეს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ან უეცრად შეუძლო მდგომარეობაში ჩავარდნილი მუშაკებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მათი ტერიტორიიდან გაყვანის შესაძლებლობა არსებობდეს.

13.2. როდესაც ამას სამუშაოების მასშტაბი ან განსახორციელებელი საქმიანობის სახეობა მოითხოვს, ტერიტორიაზე პირველადი დახმარების ერთი ან რამდენიმე პუნქტი უნდა იქნეს მოწყობილი.

13.3. პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო აღჭურვილობით და მოწყობილობებით  უნდა იქნეს აღჭურვილი, ამ პუნქტებში საკაცეებით შესვლა ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი.

ამ პუნქტების გარეთ შესაბამისი აბრები უნდა იქნეს განთავსებული ისე, როგორც ამას 77/576/EEC დირექტივის განმახორციელებელი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

13.4. გარდა ამისა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა ყველა იმ ადგილას უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც ამას სამუშაო პირობები მოითხოვს.

აღნიშნული აღჭურვილობა შესაბამისად უნდა იყოს მონიშნული და მათთან მისვლა ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი.

ადგილობრივი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის მისამართი და ტელეფონის ნომერი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული.

14. ჰიგიენური აღჭურვილობა

14.1. გასახდელები და საკეტიანი კარადები

14.1.1. მუშაკებისთვის გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი გასახდელები, თუ მათ სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის ტარება სჭირდებათ და თუ ჯანმრთელობის დაცვის ან ეტიკეტის წესებიდან გამომდინარე, ისინი სხვა ადგილზე ტანსაცმელს ვერ გამოიცვლიან.

გასახდელებთან მისვლა ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი და ისინი საკმარისი ფართის უნდა იყოს იმისათვის, რომ იტევდეს დასაჯდომ ადგილებს.

14.1.2. გასახდელები საკმარისად დიდი უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მუშაკს საკუთარი სამუშაო ტანსაცმლის, ჩვეულებრივი ტანსაცმლის და პირადი მოხმარების საგნების გამშრალების და მათ კარადაში ჩაკეტვის საშუალება უნდა ჰქონდეს.

თუ ვითარებები მოითხოვს, (მაგალითად სახიფათო ნივთიერებების არსებობა, ჰაერის ტენიანობა, ჭუჭყი) ობიექტებზე უნდა არსებობდეს სამუშაო ტანსაცმლის მუშაკის პირადი ტანსაცმლისგან და პირადი მოხმარების საგნებისგან განცალკევებით შენახვის საშუალება.

14.1.3. ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე გასახდელები ან გასახდელების ცალ-ცალკე გამოყენების საშუალება უნდა არსებობდეს.

14.1.4. იმ შემთხვევაში თუ 14.2.1. პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე გასახდელების მოწყობა არ არის აუცილებელი, თითოეულ მუშაკს უნდა გამოეყოს ადგილი, სადაც ის საკუთარი ტანსაცმლის და პირადი მოხმარების საგნების ჩაკეტვას შეძლებს.

14.2. საშხაპეები და პირსაბანები

14.2.1. მუშაკთათვის საკმარისი რაოდენობის სათანადო საშხაპეები უნდა იქნეს მოწყობილი თუ ამას სამუშაოს თვისება ან ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები მოითხოვს.

ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე საშხაპეები უნდა იქნეს მოწყობილი, ან  უნდა არსებობდეს საშხაპეების ცალ-ცალკე გამოყენების საშუალება.

14.2.2. საშხაპეები საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისთვის, რომ თითოეულ მუშაკს შეფერხების გარეშე და ჰიგიენის შესაბამისი სტანდარტების დაცვით დაბანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

საშხაპეებში ცხელი და ცივი წყალი უნდა მოდიოდეს.

14.2.3. იმ შემთხვევაში, თუ 14.2.1. პუნქტის (a) ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე საშხაპეების ქონა არ არის აუცილებელი, საკმარისი ოდენობის სათანადო პირსაბანები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი (რომლებშიც, საჭიროების შემთხვევაში ცხელი წყალი უნდა მოდიოდეს) სამუშაო ადგილების და გასახდელების მახლობლად.

თუ ეს ეტიკეტის წესებით იქნება მოთხოვნილი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე საშხაპეები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ან  საშხაპეების ცალ-ცალკე გამოყენების საშუალება უნდა არსებობდეს.

14.2.4. თუ საშხაპეები ან პირსაბანები გასახდელებისგან განცალკევებით არის განლაგებული, მათ შორის ადვილი გადაადგილება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

14.3. საპირფარეშოები და პირსაბანები

სამუშაო ადგილების, მოსასვენებელი ოთახების, გასახდელებისა და საშხაპეების მახლობლად მუშაკთათვის სპეციალური ობიექტები საკმარისი რაოდენობის საპირფარეშოებით და პირსაბანებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე საპირფარეშოები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ან  საპირფარეშოების ცალ-ცალკე გამოყენების საშუალება უნდა არსებობდეს.

15. მოსასვენებელი ოთახები და/ან საცხოვრებელი ფართები

15.1. თუ მუშაკთა უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვა, კონკრეტულად კი შესრულებული სამუშაოს სახეობა ან გარკვეულ რაოდენობაზე მეტი მუშაკის არსებობა და ასევე სამშენებლო უბნის მოშორებით მდებარეობა ამას მოითხოვს, მუშაკთათვის ადვილად ხელმისაწვდომი მოსასვენებელი ადგილები და/ან საცხოვრებელი ფართები უნდა იყოს მოწყობილი.

15.2. მოსასვენებელი ადგილები და/ან საცხოვრებელი ფართები საკმარისად დიდი უნდა იყოს და შესაბამისი ოდენობის მაგიდებით და ზურგიანი სკამებით უნდა იყოს აღჭურვილი მუშაკთა შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით.

15.3. თუ ამგვარი ობიექტები არ არსებობს, მაშინ სხვა სახის ობიექტები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, სადაც მუშაკებს შესვენების/სამუშაოს შეჩერების დროს შეეძლებათ ყოფნა.

15.4. ფიქსირებულ საცხოვრებელ ფართებს, თუ მათი გამოყენება არ მოხდა გამონაკლის შემთხვევებში, საკმარისი რაოდენობის სანიტარული დანიშნულების საშუალებები,  მოსასვენებელი ადგილი და სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე უნდა გააჩნდეს.

ისინი აღჭურვილი უნდა იყოს საწოლებით, კარადებით, მაგიდებით და საზურგიანი სკამებით, მუშაკთა რაოდენობის მიხედვით და მათი გამოყოფა, სადაც საჭიროა, უნდა მოხდეს მუშაკებს შორის ორივე სქესის წარმომადგენლების არსებობის გათვალისწინებით.

15.5. შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული არამწეველთა იმ დისკომფორტისგან დასაცავად, რაც შეიძლება შეიქმნას მოსასვენებელ ადგილებსა და/ან საცხოვრებელ ფართებში თამბაქოს კვამლის არსებობით. 

16. ორსული ქალები და მეძუძური დედები

ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს შესაბამის პირობებში დაწოლის და დასვენების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

17. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მუშაკები

სამუშაო ადგილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მუშაკთა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა იყოს მოწყობილი, თუ ამისი საჭიროება არსებობს.

ეს დებულება კონკრეტულად იმ კარებებს, გადასასვლელებს, კიბეებს, საშხაპეებს, პირსაბნებს, საპირფარეშოებს და სამუშაო ადგილებს ეხება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მუშაკთა მიერ გამოიყენება.  

18.  სხვადასხვა დებულებები

18.1. სამშენებლო უბნის გარშემო არსებული პერიმეტრი შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნებით/აბრებით უნდა იყოს აღჭურვილი და ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სამშენებლო უბნის იდენტიფიცირება და დანახვა მარტივად იყოს შესაძლებელი.

18.2. მუშაკებს სამშენებლო უბანზე საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი და სხვა შესაბამისი სახის არაალკოჰოლური სასმელები უნდა მიეწოდოთ, როგორც მათ მიერ დაკავებულ ნაგებობებში, ისე სამუშაო ადგილების მახლობლად.

18.3. მუშაკებს:

- საკვების დამაკმაყოფილებელ პირობებში მიღებისთვის შესაბამისი სახის ობიექტები უნდა გამოეყოთ,

- სადაც ეს საჭიროა,  დამაკმაყოფილებელ პირობებში საკვების დამზადებისთვის შესაბამისი სახის ობიექტები უნდა გამოეყოთ.

 

ნაწილი B

კონკრეტული მინიმალური მოთხოვნები სამშენებლო უბანზე არსებული სამუშაო ადგილებისთვის

წინასწარი შენიშვნა

თუ ეს აუცილებელია განსაკუთრებული სიტუაციების დროს, აღნიშნული მინიმალური მოთხოვნების ორ სექციად კლასიფიცირება, როგორც მოცემულია ქვემოთ, სავალდებულოდ არ ჩაითვლება.

სექცია 1

სამშენებლო უბანზე შენობის შიგნით არსებული სამუშაო ადგილები

1. მდგრადობა და სიმყარე

შენობა-ნაგებობებს უნდა გააჩნდეს ისეთი აგებულება და მდგრადობა, რომელიც შეესაბამება მათი გამოყენებისთვის დამახასიათებელ შესაბამის თვისებებს.

2. ავარიული გასასვლელები

ავარიული გასასვლელები გარეთ უნდა იღებოდეს.

ავარიული გასასვლელები ისე არ უნდა იყოს ჩაიკეტოს ან დაიკეტოს, რომ ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც საგანგებო სიტუაციაში მათი გაღება შეიძლება დასჭირდეს, მათი მარტივად და დაუყოვნებლივ გაღება შეუძლებელი გახდეს.

ავარიული გასასვლელების სახით გასაწევი ან მბრუნავი კარებების გამოყენება არ არის ნებადართული.

3. ვენტილაცია

კონდიციონერების ან მექანიკური ვენტილაციის სისტემების გამოყენებისას მათ იმგვარად უნდა იმუშაონ, რომ მუშაკები დისკომფორტის გამომწვევი ორპირი ქარის ზემოქმედების ქვეშ არ მოექცნენ.

ნებისმიერი ნალექი ან ჭუჭყი, რომელსაც ატმოსფეროს დაბინძურების შედეგად მუშაკთა ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხის შექმნა შეუძლია, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოშორებული.

4. ტემპერატურა

4.1. მოსასვენებლ ადგილებში, მორიგე პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახებში, სანიტარულ ობიექტებში, სასადილოებში და პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებში არსებული ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ამ სივრცეების გამოყენების დანიშნულებას.

4.2. ფანჯრებმა, შემინულმა სახურავებმა და შუშის ტიხრებმა მზის სინათლის ზედმეტი ზეგავლენისგან დაცვა უნდა უზრუნველყონ, ამ შემთხვევაში სამუშაოს თვისება და კონკრეტული სივრცის დანიშნულება უნდა იქნეს გათვალისწინებული.

5. ბუნებრივი და ხელოვნული განათება

სამუშაო ადგილები მაქსიმალურად უნდა იყოს განათებული ბუნებრივად; გარდა ამისა, სივრცეები ხელოვნური განათების საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ მუშაკთა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებს.

6. სათავსოების/ოთახების იატაკი, კედელი, ჭერი და სახურავი

6.1. სამუშაო ადგილების იატაკებზე სახიფათო ამონაბორცვები, ხვრელები და დაქანებები არ უნდა არსებობდეს, იატაკი უნდა იყოს მტკიცე, მყარი და არ უნდა სრიალებდეს.

6.2. სათავსოების/ოთახების იატაკს, კედელსა და ჭერს ისეთი ზედაპირი უნდა ჰქონდეს, რომ ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მიზნით მათი გაწმენდის ან განახლების შესაძლებლობა არსებობდეს.

6.3. სათავსოების/ოთახების ან სამუშაო ადგილებისა და სატრანსპორტო გზებთან ახლოს მდებარე გამჭირვალე ან შუქგამტარი კედლები, განსაკუთრებით მთლიანად შუშისგან დამზადებული ტიხრები, შესამჩნევად უნდა იყოს გამოყოფილი, დამზადებული უნდა იყოს უსაფრთხო მასალისგან ან ზემოხსენებულ სამუშაო ადგილებისგან და ტრანსპორტირების გზებისგან დამცავი ფარით უნდა იყოს გამოყოფილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მუშაკების მიერ ამ კედლებზე შეჯახება ან მათი დაშავება აღნიშნული კედლების ჩამომსხვრევის შედეგად.

7.  ფანჯრები და შემინული სახურავები

7.1. მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ფანჯრების, შემინული სახურავების და ვენტილატორების უსაფრთხოდ გაღების, დახურვის, დარეგულირების ან ჩაკეტვის საშუალება.

გაღებული ფანჯრები და შემინული სახურავები მუშაკთათვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.

7.2. ფანჯრებისა და შემინული სახურავების კონსტრუქცია უნდა შედგეს აღჭურვილობასთან ერთად ან ისინი შესაბამისი მოწყობილობებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი, რათა მათი გაწმენდისას ამ სამუშაოს შემსრულებელ მუშაკებს ან ახლოს მყოფ სხვა პირებს საფრთხე არ შეექმნათ.

8. კარებები და ჭიშკრები

8.1. კარებების და ჭიშკრების მდებარეობა, რაოდენობა და ზომები, ასევე მათი დამზადებისას გამოყენებული მასალები კონკრეტული სივრცეების/ოთახების ან ტერიტორიების დანიშნულებისა და თვისების მიხედვით უნდა იქნეს განსაზღვრული.

8.2. გამჭირვალე კარებები შესაბამისად უნდა იყოს მონიშნული შემჩნევადობის სათანადო ხარისხით.

8.3. მბრუნავი კარებები და ჭიშკრები უნდა იყოს გამჭვირვალე ან გამჭირვალე პანელებით უნდა იყოს დამზადებული.

8.4. თუ კარებების და ჭიშკრების  გამჭირვალე ან შუქგამტარი ზედაპირები უსაფრთხო მასალისგან არ არის დამზადებული ან კარების/ჭიშკრის ჩამტვრევის შედეგად მუშაკთა დაშავების საფრთხე არსებობს, კარების/ჭიშკრის ზედაპირი დამსხვრევისგან უნდა იყოს დაცული.

9. ტრანსპორტირების გზები

როდესაც სივრცეების დანიშნულებიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საამისო საჭიროება არსებობს, სატრანსპორტო გზები შესამჩნევად უნდა იყოს გამოყოფილი.

10. კონკრეტული ზომები ესკალატორებისა და მოძრავი ბილიკებისთვის

ესკალატორები და მოძრავი ბილიკები უსაფრთხოდ უნდა მუშაობდნენ.

ისინი ყველა აუცილებელი უსაფრთხოების მოწყობილობით უნდა იყვნენ აღჭურვილი.

ისინი უნდა იყვნენ აღჭურვილი ადვილად შესამჩნევი და მისადგომი ავარიული გამორთვის მოწყობილობებით.

11. სივრცეების/ოთახების ზომები და საჰაერო სივრცე

სამუშაო ოთახები საკმარისი ფართობის და სიმაღლის უნდა იყოს, რათა მუშაკებს საკუთარი სამუშაოს შესრულება შეეძლოთ ისე, რომ მათ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას რისკი არ შეექმნას.

 

სექცია 2

სამშენებლო უბანზე შენობის გარეთ არსებული სამუშაო ადგილები

1. მდგრადობა და სიმყარე

1.1. მაღალ ან დაბალ სართულზე მდებარე მოძრავი ან ფიქსირებული სამუშაო ადგილები მყარი და სტაბილური უნდა იყოს, ამ დროს გასათვალისწინებელია:

- ამ სამუშაო ადგილებზე მყოფი მუშაკების რაოდენობა,

- მაქსიმალური დატვირთვა, რომელსაც მათ უნდა გაუძლონ და სიმძიმის განაწილება,

- გარე ზეგავლენა, რომელსაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ.

თუ ამ სამუშაო ადგილების საყრდენები და სხვა კომპონენტები შინაგანი სიმყარით არ გამოირჩევა, მათი სტაბილურობა გამაგრების შესაბამისი და უსაფრთხო მეთოდებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა ამ სამუშაო ადგილების მთლიანად ან ნაწილობრივ, ნაადრევი ან სპონტანური მოძრაობა თავიდან იქნეს აცილებული.

1.2. შემოწმება

სამუშაო ადგილის მდგრადობა და სიმყარე შესაბამისად უნდა იქნეს შემოწმებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ადგილების სიმაღლის ან სიღრმის ცვლილება ხდება.

2. ენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობები

2.1. ადგილზე არსებული ენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით გარე ზეგავლენას დაქვემდებარებული მოწყობილობები, რეგულარულად უნდა იქნეს შემოწმებული და ტექნიკურად უზრუნველყოფილი.

2.2. ის მოწყობილობები, რომლებიც სამშენებლო უბნის მოწყობადე არსებობდნენ, უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული, შემოწმებული და თვალსაჩინოდ მონიშნული.

2.3. იქ, სადაც ამისი შესაძლებლობა არსებობს, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების არსებობისას, მათი სამშენებლო უბნიდან გადატანა ან მათი დენიდან გამორთვა უნდა მოხდეს.

თუ ეს შეუძლებელია, ბარიერები და საინფორმაციო დაფები უნდა იქნეს განთავსებული ისე, რომ მოხდეს სატრანსპორტო საშუალებებისა და ენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობების აღნიშნულ ზონაში მოხვედრის თავიდან აცილება.

თუ სატრანსპორტო საშუალებებს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ გავლა უწევთ, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და დასაკიდი დამცავი მოწყობილობები უნდა იქნეს გამოყენებული.

3. ატმოსფეროული ზემოქმედება

მუშაკები დაცული უნდა იყვნენ ისეთი ატმოსფერული ზემოქმედებისგან, რომლებსაც მათ ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

4. საგნების ჩამოვარდნა

სადაც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს, მუშაკები დაცული უნდა იყვნენ საგნების ჩამოვარდნისგან კოლექტიური დაცვის მეთოდების გამოყენებით.

მასალები და აღჭურვილობა ისე უნდა იყოს განლაგებული ან დაწყობილი, რომ მათი გადმოყირავება ან ჩამოშლა თავიდან იქნეს აცილებული.

სადაც საჭიროა, დერეფნების/გადასასვლელების გადახურვა უნდა მოხდეს ან სახიფათო ზონებში მოხვედრა შეუძლებელი უნდა იყოს.

5. სიმაღლიდან ვარდნა

5.1. სიმაღლიდან ვარდნის შესაძლებლობა ფიზიკური საშუალებების მეშვეობით უნდა იქნეს თავიდან აცილებული, კერძოდ ჩარჩოების გამოყენებით, რომლებიც საკმარისი სიმაღლის უნდა იყოს, მათ უნდა გააჩნდეთ მინიმუმ ერთი ბაქანი, ძირითადი ან დროებითი მოაჯირი ან მსგავსი ალტერნატივა.

5.2. ძირითად შემთხვევებში, სიმაღლეზე მუშაობა მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობის ან კოლექტიური დაცვის მოწყობილობების, როგორიცაა ჩარჩოები, პლატფორმები ან უსაფრთხოების ბადეები, გამოყენებით უნდა ხორციელდებოდეს.

თუ სამუშაოს თვისებიდან გამომდინარე ამგვარი აღჭურვილობის გამოყენება შეუძლებელია, სიმაღლეზე წვდომის ადეკვატური საშუალებები უნდა იქნეს გამოყოფილი და უსაფრთხოების ღვედები ან დამაგრების სხვა მსგავსი მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული.

6. ხარაჩოები და მისადგმელი კიბეები[16]

6.1. ხარაჩოები უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, აშენებული და ტექნიკურად უზრუნველყოფილი, რათა მათი ჩამოშლა ან შემთხვევით გამოძრავება თავიდან იქნეს აცილებული.

6.2. სამუშაო პლატფორმები, წანწალები და ხარაჩოების კიბეები ისეთი ზომის უნდა იყოს და ისე უნდა იყოს აშენებული, მათი ზომები ისე უნდა იყოს შერჩეული, ისინი ისე უნდა იყოს დაცული და გამოყენებული, რომ ადამიანები ჩამოვარდნისგან იყვნენ დაცული და ასევე ჩამოცვენილი საგნებისგან მათი დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი.

6.3. კომპეტენტურმა პირმა ხარაჩოების ინსპექტირება უნდა მოახდინოს:

(a) მათ გამოყენებამდე;

(b) პერიოდულად, მათი გამოყენების შემდეგ;

(c) მათი მოდიფიცირების, გარკვეული პერიოდის მანძილზე გამოუყენებლობის, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების ზეგავლენის ან სეისმური რყევების ან ნებისმიერი სხვა ისეთი გარემოების შემდეგ, რომელსაც მათ სიმყარეზე და მდგრადობაზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.

6.4. მისადგმელი კიბეები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს და მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს სწორად.

ამგვარი კიბეები, მათი დანიშნულების შესაბამისად, სწორად და შესაბამის ადგილებზე უნდა გამოიყენებოდეს.

6.5. გადასატანი ხარაჩოების სპონტანურად გამოძრავების აღსაკვეთად მათი სწორად გამაგრება უნდა მოხდეს.

7. ტვირთამწევი აღჭურვილობა[17]

7.1. ტვირთამწევი მოწყობილობები და მათი აქსესუარები, მათ შორის შემადგენელი ნაწილები, მიმაგრებული დეტალები, საბჯენები და საყრდენები უნდა იყოს:

(a) სწორად დაპროექტებული და აგებული, მათი დანიშნულებიდან გამომდინარე, საკმარისად მყარი;

(b) სწორად დამონტაჟებული და გამოყენებული;

(c) კარგ სამუშაო მდგომარეობაში;

(d) შემოწმებული და პერიოდულ ტესტირებას და ინსპექტირებას დაქვემდებარებული (არსებული კანონმდებლობის მიხედვით);

(e) კვალიფიციური მუშების მიერ მართული, რომლებმაც შესაბამისი სწავლება გაიარეს.

7.2. ყველა ტვირთამწევ მოწყობილობაზე და აქსესუარებზე ნათლად უნდა იყოს მითითებული მათი მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებლები.

7.3. ტვირთამწევი მოწყობილობები და აქსესუარები მხოლოდ მათი დანიშნულებისამებრ უნდა იქნეს გამოყენებული.

8. საექსკავაციო და მასალის დამამუშავებელი საშუალებები და მანქანა-დანადგარები[18]

8.1. ყველა საექსკავაციო და მასალის დამამუშავებელი საშუალება და მანქანა-დანადგარები უნდა იყოს:

(a) სწორად დაპროექტებული და დამზადებული, მათში ერგონომიკის პრინციპების მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გათვალისწინებით;

(b) კარგ სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებული;

(c) სწორად გამოყენებული.

8.2. საექსკავაციო და მასალის დამამუშავებელი საშუალებების და მანქანა-დანადგარების მძღოლებმა და ოპერატორებმა სპეციალური სწავლება უნდა გაიარონ.

8.3. პრევენციული ზომები უნდა იქნეს გატარებული საექსკავაციო და მასალის დამამუშავებელი საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების ქვაბულში ან წყალში გადავარდნის თავიდან აცილების მიზნით.

8.4. სადაც საჭიროა, საექსკავაციო და მასალის დამამუშავებელი საშუალებები და მანქანა-დანადგარები ისეთი კონსტრუქციით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც მძღოლს ჩამოცვენილი საგნებისგან და მანქანის ამოტრიალების შემთხვევაში დაშავებისგან დაიცავს.

9. მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა[19]

9.1. მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა, მათ შორის ელექტრო თუ არაელექტრო ხელსაწყოები, უნდა იყოს:

(a) სწორად დაპროექტებული და დამზადებული, მათში ერგონომიკის პრინციპების მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გათვალისწინებით;

(b) კარგ სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებული;

(c) მხოლოდ იმ მიზნით გამოყენებული, რისთვისაც მათი დამზადება მოხდა;

(d) იმ მუშების მიერ მართული, რომლებმაც შესაბამისი სწავლება გაიარეს.

9.2. ზეწოლის ქვეშ არსებული დამონტაჟებული მოწყობილობების და აღჭურვილობის შემოწმება უნდა მოხდეს და დაექვემდებაროს რეგულარულ შემოწმებასა და ინსპექტირებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ქვაბულები, ჭაბურღილები, მიწისქვეშა სამუშაოები, გვირაბები და მიწის სამუშაოები

10.1. სათანადო სიფრთხილის ზომები უნდა იქნეს მიღებული ქვაბულებში, ჭაბურღილებში, სამთო გამონამუშევრებში ან გვირაბებში:

(a) სათანადო გამაგრების ან ნაპირსამაგრი საშუალებების გამოყენებით;

(b) ადამიანის, მასალის ან საგნების ჩამოვარდნით ან შეტბორვით გამოწვეული საშიშროებების აღკვეთის მიზნით;

c) ყველა სამუშაო ადგილზე საკმარისი ვენტილაციის უზრუნველყოფის მიზნით, რათა ისეთი ატმოსფერო შეიქმნას, რომელიც სუნთქვისას ჯანმრთელობისთვის საშიში ან საზიანო არ იქნება;

d) მუშაკებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ხანძრის შემთხვევაში ან წყლის უეცარი მოვარდნისას ან მასალის უეცარი ჩამოწოლისას.

10.2. საექსკავაციო სამუშაოების დაწყებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული მიწისქვეშ მდებარე კაბელებისგან და სხვა გამანაწილებელი სისტემებისგან მომდინარე საფრთხეების დადგენისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

10.3. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქვაბულთან უსაფრთხო მისასვლელი და გამოსასვლელი გზები.

10.4. მიწის და მასალის გროვები და მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქვაბულიდან მოშორებით უნდა იყვნენ განლაგებულნი; აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოეწყოს შესაბამისი ბარიერები.

11. სადემონტაჟო სამუშაოები

იმ შემთხვევაში, თუ შენობის ან კონსტრუქციის დემონტაჟი შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს:

(a) მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი სიფრთხილის ზომები, მეთოდები და პროცედურები;

(b) სამუშაოები მხოლოდ კომპეტენტური პირის ზედამხედველობით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს.

12. ლითონის ან ბეტონის ჩარჩოები, ყალიბები და წინასწარ დამზადებული მძიმე კომპონენტები

12.1. ლითონის ან ბეტონის ჩარჩოების და მათი კომპონენტების, ყალიბების, წინასწარ დამზადებული დეტალების ან დროებითი საყრდენების და კედლის შვეულა ბურჯების (კონტრფორსების) აღმართვა და დემონტაჟი მხოლოდ კომპეტენტური პირის ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს.

12.2. კონსტრუქციის დროებითი მტვრევადობისგან ან არასტაბილურობისგან მომდინარე რისკებისგან მუშაკთა დასაცავად ადეკვატური ზომები უნდა იქნეს მიღებული.

12.3. ყალიბები, დროებითი საყრდენები და კონტრფორსები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამონტაჟებული და მოვლილი, რომ  უსაფრთხოდ გაუძლონ იმ დაძაბულობასა და დაჭიმულობას, რომლის გავლენის ქვეშაც ისინი შეიძლება მოექცნენ.

13. კოფერდამები და კესონები

13.1. ყველა კოფერდამი და კესონი:

(a) შესაბამისი, მყარი და ადეკვატურად მტკიცე მასალებისგან უნდა იყოს დამზადებული;

(b) შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი იმისთვის, რომ წყლის ან მასალების შემოდინების/შემოვარდნის შემთხვევაში მუშაკებს თავშესაფარი ჰქონდეთ.

13.2. კოფერდამის ან კესონის მშენებლობა, მონტაჟი, გადაკეთება ან დაშლა მხოლოდ კომპეტენტური პირის ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს.

13.3. ყველა კოფერდამის და კესონის რეგულარულად შემოწმება უნდა ხდებოდეს კომპეტენტური პირის მიერ.

14. სახურავზე მუშაობა

14.1. თუ ეს რისკის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო, ან როდესაც სახურავის სიმაღლე და დაქანება წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილი სტანდარტების ფარგლებს სცილდება, მუშაკების, სამუშაო იარაღის ან მასალების ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებლად კოლექტიური პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული.

14.2.  როდესაც მუშაკებს ისეთ სახურავზე ან მის მახლობლად უწევთ მუშაობა, რომლის ზედაპირი მყიფე მასალისგან არის დამზადებული და ამ სახურავზე გავლის შემთხვევაში ჩავარდნის საშიშროება არსებობს, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მუშაკების მიერ ამგვარი სახურავის ზედაპირზე შემთხვევითი გავლა ან სახურავიდან ჩამოვარდნა.



[1] ოფიციალური ჟურნალი No C 213 , 28. 08. 1990, გვ. 2 და ოფიციალური ჟურნალი  No C 112 , 27. 04. 1991, გვ. 4

[2] ოფიციალური ჟურნალი No C 78 , 18. 03. 1990, გვ. 172 და ოფიციალური ჟურნალი  No C 150, 15. 06.1992

[3] ოფიციალური ჟურნალი  No C 120, 06.05. 1991, გვ. 24

[4] ოფიციალური ჟურნალი No C28, 03.02. 1988, გვ. 3

[5] ოფიციალური ჟურნალი No L 393, 30. 12. 1989, გვ. 13.

[6] ოფიციალური ჟურნალი, L 393, 30. 12. 1989, გვ. 13

[7] ოფიციალური ჟურნალი, No L 393, 30. 12. 1989, გვ. 18

[8] ოფიციალური ჟურნალი, No L 183, 29. 06. 1989, გვ. 1.

[9] ოფიციალური ჟურნალი, No L 40, 11. 02. 1989, გვ. 12

[10] ოფიციალური ჟურნალი, No L 210, 21. 7. 1 989, გვ. 1. შესწორებულია ევროპის კომისიის 90/380/EEC გადაწყვეტილებით (ოფიციალური ჟურნალი No L 187 , 19. 07. 1990, გვ. 55)

[11] ოფიციალური ჟურნალი, No L 185, 9. 7. 1974, გვ. 15 . ბოლოს 1985 წლის გაწევრიანების აქტით იქნა შესწორებული

[12] ოფიციალური ჟურნალი, No L 185, 09. 07. 1974, გვ. 18

[13] პუნქტი 1-ის აღსრულებისას წევრ სახელმწიფოებს ინდივიდუალურ შემთხვევებში კონკრეტული ციფრების დადგენის უფლება გააჩნიათ.

[14] ოფიციალური ჟურნლი No L 246, 17. 9. 1980, გვ. 1. ბოლოს 84/467/Euratom დირექტივით იქნა შესწორებული (ოფიცილური ჟურნალი No L 265, 5. 10. 1984, გვ. 4)

[15] ოფიციალური ჟურნალი No L 229, 7. 9. 1977, გვ. 12. ბოლოს 79/640/EEC დირექტივით იქნა შესწორებული (ოფიციალური ჟურნალი No L 183, 19. 07. 1979, გვ. 1).

[16] ეს სექცია მომავალი დირექტივის ფარგლებში იქნება დაკონკრეტებული, რომლითაც 89/655/EEC დირექტივის ჩასწორება მოხდება, კონკრეტულად კი ამ შესწორების მიზანი წინამდებარე დანართის მე-3 პუნქტის ჩანაცვლება იქნება.

[17] ეს სექცია მომავალი დირექტივის ფარგლებში იქნება დაკონკრეტებული, რომლითაც 89/655/EEC დირექტივის ჩასწორება მოხდება, კონკრეტულად კი ამ შესწორების მიზანი წინამდებარე დანართის მე-3 პუნქტის ჩანაცვლება იქნება.

[18] ეს სექცია მომავალი დირექტივის ფარგლებში იქნება დაკონკრეტებული, რომლითაც 89/655/EEC დირექტივის ჩასწორება მოხდება, კონკრეტულად კი ამ შესწორების მიზანი წინამდებარე დანართის მე-3 პუნქტის ჩანაცვლება იქნება.

[19] ეს სექცია მომავალი დირექტივის ფარგლებში იქნება დაკონკრეტებული, რომლითაც 89/655/EEC დირექტივის ჩასწორება მოხდება, კონკრეტულად კი ამ შესწორების მიზანი წინამდებარე დანართის მე-3 პუნქტის ჩანაცვლება იქნება.