დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 04/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.006.893 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.006.893
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №294
2004 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულების „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ’’ მე-3 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭო შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულების მე-3 მუხლის საფუძველზე. საბჭო ახორციე-ლებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. საბჭოს დებულებას და მის შემადგენლობას (საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, საბჭოს მდივანსა და 7 წევრს) ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საბჭოს თავმჯდომარეს მისი არყოფნის პერიოდში ცვლის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საბჭოს სხდომები იმართება მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. №28.
მუხლი 2. საბჭოს მუშაობის ძირითადი პრინციპები
1. საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ. გადაწყვეტილებას საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
2. საბჭოს სხდომას ესწრებიან მხოლოდ საბჭოს წევრები. საბჭოს კვორუმი განისაზღვრება საბჭოს წევრთა 2/3-ით, ანუ 7 წევრის დასწრებით.
3. საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 3. განაცხადების განხილვა
1. დებულების „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშნვისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ” მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი ან გამოცხადებული ვადის გასვლის წარმოდგენილი განაცხადები წარედ-გინება საბჭოს და იხსნება კონკურსიდან.
2. თითოეული უწყებიდან, სამინისტროდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან პრეზიდენტის სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ დებულების „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშნვისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ” მოთხოვნებს, საბჭოს მიერ განიხილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წინასწარ დადგენილი საორიენტაციო კვოტების ფარგლებში. კვოტის ზევით ან მცირე სამეცნიერო პოტენ-ციალის მქონე უწყებებიდან წარმოდგენილი განაცხადების შერჩევას საბჭო ახორცილებს საკონკურსო წესით. არაკონკურენტუნარიანი განაცხადები უკვე წარმოდგენილი სახით მომავალში აღარ განიხილება.
3. სამივლინებო თანხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი განაცხადების შერჩევას საბჭოს წევრები ახორციელებენ საკუთარი შეხედულებისამებრ. განაცხადი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში წარმოდგენიდან 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ აღარ განიხილება.
4. საბჭო ისმენს და აფასებს (დადებითად ან უარყოფითად) პრეზიდენტის სტიპენდიატთა ბოლო ერთი წლის, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ შესრულებული მივლინების სამეცნიერო ანგარიშებს.
5. საბჭო ისმენს ინფორმაციას პრეზიდენტის სტიპენდიატთა სამომავლო გეგმების შესახებ და უკვე მოსმენილი ანგარიშის შეფასების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სტიპენდიის მიღების ვადის გაგრძელების ან დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
მუხლი 4. გადაწყვეტილების მიღება
1. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრის შედეგად ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება შესაბამისად ან პრეზიდენტის განკარგულების პროექტში (ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშნვის თაობაზე, ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამივლინებო თანხების გამოყოფის თაობაზე), ან პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს დადგენილებაში (არაკონკურენტუნარიანი ან დებულების მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი განაცხადის კონკურსიდან მოხსნის, ან პრეზიდენტის სტიპენდიატთათვის სტიპენდიის მიღების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები