„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016497
22
31/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
010250050.35.152.016497
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 31 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 25/11/2019, 010250050.35.152.016380) შეტანილი იქნეს ცვლილებები. კერძოდ, დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის“:

1. მე-3 მუხლის 25-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“25. ცხოველთა თავშესაფარი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.“

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი:

„30. ვეტერინარული კლინიკა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ვეტერინარული სამკურნალო დაწესებულება, სადაც ხორციელდება  ცხოველის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, ასევე სხვა სახის ვეტერინარული მომსახურება, მათ შორის სტერილიზაცია/კასტრაცია.“

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს, მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრში რეგისტრაცია, მოახდინოს ცხოველების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში და ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს ან სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციას და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

4. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში- მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისას, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში.“

5. მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 429320790);

2. სამსახური უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული, ცხოველთა პოპულაციის მართვის და კონტროლის ღონისძიებები განახორციელოს უშუალოდ, საკუთარი საკადრო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყენებით, ან/და სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით ღონისძიებათა განხორციელება დაავალოს კონტრაქტორ ფიზიკურ/იურიდიულ პირს. შესყიდვის მეშვეობით შერჩეული ფიზიკური/იურიდიული პირი უნდა პასუხობდეს წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს;

3. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა)  დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა;

ბ) ცხოველთა აღრიცხვა და მათი იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. მათ შორის ცხოველის რეგისტრაცია და მარკირება საგანგებო ნიშნით  (სპეციალური საჭდით, ელექტრონული მიკროჩიპით, სვირინგით, საყელურით და ა.შ.)

გ) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის  (პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა. წესით განსაზღვრულ შემთხვევაში ცხოველისათვის ახალი მეპატრონის მოძიება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;

დ) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მათი გადაყვანა   დროებით სადგომზე, თავშესაფარში, ვეტერინარულ კლინიკაში ან/და სხვა დაწესებულებაში, იზოლირებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფა. ცხოველთა აყვანა-იზოლაცია და ტრანსპორტირება შესაძლოა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისას, პოპულაციის ოპტიმიზაციის მიზნით და ამ წესით განსაზღვრული და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს თანამედროვე ძაღლსაჭერით, უმტკივნეულოდ. გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება;

ე) ცხოველთა პოპულაციის ოპტიმიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ცხოველთა სტერილიზაცია და კასტრაცია. პოპულაციის ოპტიმიზაციის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აპრობირებული კარგი პრაქტიკის გამოყენებით, თავშესაფარში, ვეტერინარულ კლინიკაში, სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, ან ადგილზე, ვეტერინარიული ჩარევის ხასიათის და ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მონაწილეობით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის,  კინოლოგის, ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (საჭიროების შემთხვევებში დეჰელმინთიზაცია, ვაქცინაცია, მათ შორის  „ანტირაბიული“, „კომპლექსური“) და სხვა;

ზ) წინამდებარე წესით დადგენილ შემთხვევებში ცხოველთა მოკვდინება (ევთანაზია). ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ სამარხში, ცხოველის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე, კრემატორიუმში ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილას;

თ) საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის და დერატიზაციის ღონისძიებათა განხორციელება;

ი) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

6. მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი

1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

2. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.

3. ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს   ფოტო/ვიდეოგადაღება, მიიღოს ინფორმაცია   განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით და ა.შ. ცხოველთა  თავშესაფარი  ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილ ორგანოში ინფორმაციის წარდგენა უსასყიდლოდ, დადგენილი პერიოდულობით ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. თავშესაფარი ვალდებულია ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფარში მყოფ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა მისთვის სასურველი ფორმით;

4. დაუშვებელია თავშესაფარში ცხოველების გამრავლება და გაყიდვა.

5. ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა გააჩნდეს ცხოველების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის კვლევას,   ან   ლაბორატორიული   კვლევის   უზრუნველყოფის   ქმედითი შესაძლებლობა, ან/და გაფორმებული ხელშეკრულება ვეტერინარულ დაწესებულებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცედურებს, ვეტერინარული სივრცე რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია ითანამშრომლოს ვეტერინარულ დაწესებულებასთან, საკარანტინე სივრცე, განთავსების ვოლიერები, გასასეირნებელი სივრცე;

6. თუ თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველს საკარანტინე პერიოდის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი მკურნალობა.

7. ცხოველთა განთავსების სტანდარტები:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობებით – სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება;

ბ) განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას;

გ) ცხოველის ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა. მზიან ამინდში ვოლიერს უნდა გააჩნდეს საჩრდილობელი. ხოლო წვიმის, თოვლის ან სეტყვის შემთხვევაში ვოლიერში არ უნდა აღწევდეს ბუნებრივი ნალექი;

დ) ცხოველთა თავშესაფარში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ის დაპროექტებული და მოწყობილი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საოჯახო/მინი თავშესაფრები უნდა ხელმძღვანელობდეს ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციებით, როგორც ცხოველთა თავშესაფარი ასევე საოჯახო/მინი თავშესაფარი ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გადამოწმებისა და თავშესაფრის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ექვემდებარება შემოწმებას ნებისმიერ დროს;

7. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად.  ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და შესაბამისი მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის/ფელინოლოგის მონაწილეობით შექმნილი კომისია დაუდგენს:

ა) არაკორექტირებად აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);

ბ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;

გ) ძლიერ ტრამვებს ან/და დაზიანებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;

დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს;

ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;

ვ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;

ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).“

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„გ) ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს  ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში  გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობის შესახებ;“

9. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს;

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური