„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016311
167
01/09/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
310050000.54.066.016311
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №167

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ –სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016140) დამტკიცებულ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა (CAP) – ღონისძიებების გეგმა, რომელიც მიმართულია ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გამოსასწორებელი ღონისძიებების შეთანხმება;“.

3.  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანება

1. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებას, გარდა SAFA შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებისა, სიმძიმის მიხედვით ენიჭება I ან II  დონე.

2. სააგენტო ნაკლოვანებას ანიჭებს I დონეს იმ შემთხვევაში, თუ  გამოვლენილ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ინსპექტირების ობიექტის პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, საქმიანობის უფლებამოსილებით, სერტიფიკატით ან სპეციალიზებული ნებართვით დადგენილ პირობებთან ან დეკლარაციის შინაარსთან არსებითი შეუსაბამობა, რომელიც აქვეითებს უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს, მათ შორის:

ა) სააგენტოს ინსპექტორებისათვის ინსპექტირების ობიექტის შემოწმების მიზნით შესვლაზე უარის თქმა ორი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ;

ბ) ინსპექტირების ობიექტის სერტიფიკატის გაცემა ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელება ავიასაწარმოს მიერ წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე;

გ) სერტიფიკატის გამოყენება კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით;

დ) პასუხისმგებელი ხელმძღვანელის არყოლა.

3. ნაკლოვანებას II დონე ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ინსპექტირების ობიექტის პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, საქმიანობის უფლებამოსილებით, სერტიფიკატით ან სპეციალიზებული ნებართვით დადგენილ პირობებთან ან დეკლარაციის შინაარსთან ნებისმიერი შეუსაბამობა, რომელმაც შესაძლოა დააქვეითოს უსაფრთხოების დონე ან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.

4. თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება ისეთი ხარვეზი, რომელიც არ კლასიფიცირდება I ან II დონის ნაკლოვანებად,  სააგენტო უფლებამოსილია, დააფიქსიროს აღნიშნული ხარვეზი (observation) ინსპექტირების ანგარიშში.

5. I დონის ნაკლოვანების შემთხვევაში, სააგენტო ნაკლოვანების სიმძიმიდან გამომდინარე,  მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდავს ან შეაჩერებს სერტიფიკატს/საქმიანობის უფლებას ავიასაწარმოს მიერ ეფექტური გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებამდე, ან აუქმებს მას.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ნაკლოვანების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო:

ა) წერილობით შეატყობინებს ავიასაწარმოს გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ და მოსთხოვს გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებას;

ბ) ნაკლოვანების ხასიათიდან გამომდინარე, ადგენს ან ითანხმებს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ავიასაწარმომ უნდა გაატაროს გამოსასწორებელი ღონისძიებები;          

გ) აფასებს ავიასაწარმოს მიერ შემოთავაზებულ გამოსასწორებელ ღონისძიებებს და მათი დანერგვის გეგმას, და შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, წერილობით დასაბუთებას წარუდგენს ავიასაწარმოს.

დ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

7. სააგენტოსთან შეთანხმებული ან მის მიერ გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში, ავიასაწარმოს მიერ სააგენტოსათვის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარუდგენლობის ან გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილ ვადაში გაუტარებლობის შემთხვევაში:

ა) II დონის ნაკლოვანებას ენიჭება I დონე და სააგენტო ატარებს I დონის ნაკლოვანებისთვის დადგენილ ქმედებებს;

ბ) I დონის ნაკლოვანების შემთხვევაში, სააგენტო  შეზღუდავს ან აუქმებს სერტიფიკატს/საქმიანობის უფლებას.

8. სააგენტო აწარმოებს ჩანაწერებს მის მიერ გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების, გამოყენებული სააღსრულებო ღონისძიებების, ყველა გამოსასწორებელი ღონისძიებისა და ნაკლოვანების აღმოფხვრის თარიღის შესახებ.

9. იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ინსპექტირების ობიექტს, ვალდებულია დაეხმაროს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინოს ინსპექტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ასევე:

ა) არ მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს;

ბ) ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, შეიმუშაოს გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა ვადების მითითებით და წარუდგინოს სააგენტოს შესათანხმებლად;

გ) გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები შეასრულოს სრულად მითითებულ ვადებში;

დ) ინსპექტირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების ვადაზე ადრე ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების  მივლინებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება“.

4. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის  71 მუხლი:

71. გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარდგენა/შეთანხმება

1. იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ინსპექტირების ობიექტს, ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა, ინსპექტირების ანგარიშის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სააგენტოს მიერ არ არის დადგენილი განსხვავებული ვადა.

2. გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) ნაკლოვანების გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალს;

ბ) მითითებას, იყო თუ არა ნაკლოვანება მიჩნეული ერთეულ შემთხვევად, თუ ატარებს სისტემურ ხასიათს;

გ) გამომწვევი მიზეზების გამოსასწორებელი ღონისძიებების დეტალურ ჩამონათვალს;

დ) გამოსასწორებელი ღონისძიებების დასრულების თარიღს;

ე) გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს.

3. თუ ინსპექტირების ობიექტი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ აღმოჩენილ ნაკლოვანებას, იგი უფლებამოსილია, ნაკლოვანების მიღებიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული არგუმენტაცია და მოითხოვოს ნაკლოვანების გაუქმება.

4. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ არგუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ნაკლოვანების ძალაში დატოვების ან მისი გაუქმების თაობაზე.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის შესახებ მოცემულია ამ წესის №4 დანართში.

5. სააგენტო განიხილავს ინსპექტირების ობიექტის მიერ წარმოდგენილ გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა  სრულად ან ნაწილობრივ არ აკმაყოფილებს ამ წესის  №4 დანართით განსაზღვრულ პირობებს, სააგენტო არ შეითანხმებს აღნიშნულ გეგმას და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს ინსპექტირების ობიექტს.

6. ინსპექტირების ობიექტი ვალდებულია, ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებები“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აეროდრომი/ვერტოდრომი და აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირი“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას და, ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტის და პროცედურის შესაბამისობას“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს, საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს, საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს, აეროდრომის/ვერტოდრომის და აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, სამოქალაქო საავიაციო სასწავლო დაწესებულების, ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის,  საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს და მისი ტექნიკური პერსონალის და სხ-ის მიწისზედა/ბაქანზე მომსახურების საწარმოს ინსპექტირება – ზედამხედველობის 24-თვიანი ციკლის მანძილზე საზედამხედველო მიმართულებების სრული დაფარვით;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ინსპექტირება –  არანაკლებ 12 თვეში ერთხელ“.

7. წესს დაემატოს  4 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი




დანართი 4

 

გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის

სახელმძღვანელო მასალა

 

1. ნაკლოვანების გამომწვევი მიზეზების დადგენა

ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს აღმოჩენილი ნაკლოვანებების ანალიზი, რომლის შედეგად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზები. აღნიშნული ანალიზი უნდა განხორციელდეს სააგენტოში გამოსასწორებელი ღონისძიებების წარდგენამდე.

 

2. ნაკლოვანების გავრცელების ფარგლები

ავიასაწარმო ვალდებულია, ნაკლოვანების ანალიზის შედეგად დაადგინოს მისი გავრცელების ფარგლები, ვრცელდება აღნიშნული ნაკლოვანება მთელ ორგანიზაციაზე, სტრუქტურაზე ან სამსახურზე (სისტემური), თუ ვრცელდება კონკრეტულ სუბიექტზე (ერთჯერადი).

 

3. გამოსასწორებელი ღონისძიებები

გამოსასწორებელი ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ყოველი შემოთავაზებული გამოსასწორებელი ღონისძიება მიმართული უნდა იყოს   ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსასწორებელი ღონისძიებების დაყოფა  რამდენიმე ეტაპად;

გ) თითოეული შემოთავაზებული გამოსასწორებელი ღონისძიება უნდა გაიწეროს მკაფიოდ და დეტალურად;

დ) გამოსასწორებელი ღონისძიებები უნდა გაიწეროს ეტაპობრივად და სწორი თანმიმდევრობით ან/და ქრონოლოგიური მიმდევრობით.

 

4. ნაკლოვანების აღმოფხვრის  მტკიცებულებებზე მითითება

ავიასაწარმომ, გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, მკაფიოდ უნდა მიუთითოს მტკიცებულებების შემცველ დოკუმენტზე. კერძოდ, დოკუმენტის იმ გვერდზე,  განყოფილებაზე ან აბზაცზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც სააგენტოს ინსპექტორმა  უნდა განიხილოს მტკიცებულებად. დაუშვებელია დოკუმენტზე ზოგადი სახის მითითება.

 

5. ნაკლოვანების აღმოფხვრის  თარიღი

5.1. ინსპექტირების ობიექტმა ნაკლოვანების აღმოფხვრის თარიღი უნდა წარმოადგინოს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) მიუთითოს აღმოფხვრის რიცხვი, თვე და წელი;

ბ) განსაზღვროს, თითოეული ღონისძიებისთვის შესაბამისი თარიღი, რისკების გათვალისწინებით;

5.2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთან შეთანხმებული თარიღით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულება ვერ ხერხდება, ინსპექტირების ობიექტი ვალდებულია, წერილობით აცნობოს სააგენტოს და მიუთითოს დასაბუთება, თუ რის გამო ვერ ხორციელდება გამოსასწორებელი ღონისძიება დადგენილ ვადაში. აღნიშნული წერილობითი დასაბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დასაბუთება არ არის ობიექტური და საკმარისი, სააგენტო ატარებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

5.3. ინსპექტირების ობიექტი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ნაკლოვანების აღმოფხვრის და გატარებული ღონისძიებების  შესახებ.

შენიშვნა: თუ დადგენილია რამდენიმე ნაკლოვანება და მისი აღმოფხვრა ხორციელდება გარკვეული თანმიმდევრობით, ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება შესაბამისი პერიოდულობით.

 

6. გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი

გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი, ავიასაწარმოს მიერ უნდა იქნეს განსაზღვრული გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების თითოეული ეტაპისთვის.