ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 430040000.10.003.024170
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
337
30/08/2023
ვებგვერდი, 01/09/2023
430040000.10.003.024170
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2023 - 06/03/2024)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2023 წლის 30 აგვისტო

 ქ. თბილისი

 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის 15 თებერვლის №1377-VIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში − სისტემა) წარმოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, სისტემაში მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს სისტემაში მონაცემთა დამუშავებაზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ გარდამავალ პერიოდში.

2. სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.

3. ამ წესის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.

4. ამ წესში აღნიშნულ ტერმინებს აქვს ისეთი განმარტება, როგორც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული.

მუხლი 2. სისტემის ადმინისტრირება

1. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, ასევე მასში ასახულ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს მართვის სისტემა.

2. სისტემაში აისახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში − დაწესებულება/საჯარო დაწესებულება) აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის, ბავშვებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები.

3. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) სქესი;

ე) მოქალაქეობა;

ვ) რეგისტრაციის მისამართი;

ზ) გარდაცვალების სტატუსი.

მუხლი 3. სისტემის სუბიექტები და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებები

1. სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ სისტემის სუბიექტებს.

2. მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში სისტემის სუბიექტები არიან:

ა) სამინისტრო;

ბ) მართვის სისტემა;

გ) სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

დ) სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

ე) დაწესებულება/საჯარო დაწესებულება;

ვ) მუნიციპალიტეტი;

ზ) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მართვისა და მიწოდების მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საჯარო დაწესებულებებს (შემდგომში − სააგენტო).

3. სისტემა მოიცავს  მონაცემთა დამუშავებაზე წვდომის უფლებას.

4. ამ წესში მონაცემთა დამუშავებას აქვს ისეთი განმარტება, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული.

5. სისტემის სუბიექტებს გააჩნიათ მონაცემზე წვდომის შემდეგი  უფლებები:

ა) სამინისტროს − ყველა მონაცემის დამუშავება;

ბ) მართვის სისტემას − ყველა მონაცემის დამუშავება;

გ) სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს − ყველა მონაცემის დამუშავება;

დ) სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს − ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავება;

ე) დაწესებულებას/საჯარო დაწესებულებას − მხოლოდ მისი მონაცემების დამუშავება;

ვ) მუნიციპალიტეტს − მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე, მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების შესახებ მონაცემების დამუშავება;

ზ) სააგენტოს − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მის მართვაში არსებული საჯარო დაწესებულებების შესახებ მონაცემების დამუშავება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წვდომის მინიჭება კონკრეტული პირისათვის განხორციელდება უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მართვის სისტემისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 4. სისტემაში ავტორიზაცია

1. სისტემის სუბიექტის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა. სისტემის სუბიექტის უფლებამოსილი პირის სისტემის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია და ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება ხორციელდება მართვის სისტემის მიერ.

2. სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა, მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია, რომელიც  ხორციელდება მომხმარებლის სახელითა და პაროლით.

3. ავტორიზაციის გავლის შემდეგ თითოეულ მომხმარებელს ელექტრონულ სისტემაში გააჩნია მონაცემებზე მისთვის მინიჭებული წვდომის შესაბამისი დონე.

4. სისტემაში შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების მომხმარებლად რეგისტრაცია და  ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება, ასევე მომხმარებლის გაუქმება და მინიჭებული უფლებების ცვლილება კონკრეტული პირისათვის განხორციელდება უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მართვის სისტემისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 5. სისტემაში მიმდინარე პროცესები

სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადაში, ელექტრონულად მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:

ა) ბავშვის ჩარიცხვა/ამორიცხვა;

ბ) ბავშვის ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაზე გადაყვანა.

მუხლი 6. სისტემაში დაწესებულებების/საჯარო დაწესებულებების შესახებ შესატანი ინფორმაცია/მონაცემი

1. დაწესებულებების/საჯარო დაწესებულებების შესახებ სისტემა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემს:

ა) დაწესებულების/საჯარო დაწესებულების სრული იურიდიული დასახელება ქართულ ენაზე;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;

დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაწესებულების/საჯარო დაწესებულების ვებგვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

ე) სააგენტოს დასახელება, რომლის მართვაშიც იმყოფება საჯარო დაწესებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მუნიციპალიტეტი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს დაწესებულება/საჯარო დაწესებულება;

ზ) ავტორიზაციით მინიჭებული საქმიანობის განხორციელების ადგილი/მისამართი შემდეგი ინფორმაციით:

ზ.ა) ადრეული ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვისა და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურების (შემდგომში − პროგრამა) შესახებ, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;

ზ.ბ) ავტორიზაციის მინიჭების თარიღი და ვადა თითოეული პროგრამისათვის;

ზ.გ) ავტორიზაციით განსაზღვრული ბავშვების ზღვრული ოდენობა;

ზ.დ) პროგრამის განხორციელების ენა და თითოეული ამ პროგრამისათვის ავტორიზაციით განსაზღვრული ბავშვების ზღვრული ოდენობა (არსებობის შემთხვევაში);

ზ.ე) შენობების რაოდენობა (ძირითადი/დამატებითი), მისამართებისა და სართულების მითითებით;

ზ.ვ) ეზოს/გარე სივრცის ფართი თითოეულ მისამართზე;

ზ.ზ) ინფორმაცია/მონაცემი, რომელ შენობაში ხორციელდება შესაბამისი პროგრამა;

ზ.თ) ინფორმაცია კვებითი მომსახურების ორგანიზების შესახებ;

თ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო დაწესებულებისათვის ავტორიზაციით განსაზღვრული ბავშვების ზღვრული ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობის დადგენის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ზ.ა“ – „ზ.დ“ და „ზ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას სისტემაში ასახავს მართვის სისტემა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ − „ვ“, „ზ.ე“ – „ზ.ვ“, „ზ.თ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას სისტემაში ასახავს დაწესებულება/საჯარო დაწესებულება.

4. სისტემაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აისახოს შესაბამისი აქტის  ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის/მონაცემის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

მუხლი 7. სისტემაში დაწესებულების/საჯარო დაწესებულების ასაკობრივი ჯგუფების შესახებ შესატანი ინფორმაცია/მონაცემი

დაწესებულება/საჯარო დაწესებულება ვალდებულია, სისტემაში ასახოს ინფორმაცია შესაბამის პროგრამაზე/პროგრამებზე არსებული ასაკობრივი ჯგუფების შესახებ, ბავშვთა რაოდენობის მითითებით.

მუხლი 8. დაწესებულების/საჯარო დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის შესახებ შესატანი ინფორმაცია/მონაცემი

1. სისტემა მოიცავს დაწესებულების/საჯარო დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს, საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით:

ა) სამუშაო პოზიცია;

ბ) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი;

გ) მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, კვალიფიკაცია, სტაჟი;

ე) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლის/წარმატებით გავლის თაობაზე.

2. სისტემაში დაწესებულებების/საჯარო დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის/ მონაცემის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

მუხლი 9.  შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხული ბავშვებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების შესახებ შესატანი ინფორმაცია/ მონაცემი

1. სისტემა საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით პროგრამაზე ჩარიცხული ბავშვების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს/დოკუმენტაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;

ბ) მისამართი (რეგისტრაციის/ფაქტობრივი);

გ)  ბავშვის  ჩარიცხვის/ამორიცხვის შესახებ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც ირიცხება ბავშვი;

ე) ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;

ვ) ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (არსებობის შემთხვევაში).

2. სისტემაში დაწესებულებების/საჯარო დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური  სამართლებრივი  აქტით  გათვალისწინებულია  კონკრეტული  ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

3. პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მინიჭებული პირადი ნომერი, სისტემა პირის იდენტიფიცირებისათვის ავტომატურად ანიჭებს უნიკალურ კოდს, რომელიც შედგება 11 სიმბოლოსგან.

მუხლი 10. სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემის ცვლილება

1. იმ გარემოებათა შეცვლისას, რომელიც საფუძვლად დაედო სისტემაში ინფორმაციის/მონაცემის შეტანას, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება. სისტემაში ცვლილებას განახორციელებს ამ ინფორმაციის/ მონაცემის შემტანი სუბიექტი.

2. სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემის ცვლილების (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა) ან ინფორმაციის/მონაცემის ამოღების საფუძველი შეიძლება, იყოს ინფორმაციის/ მონაცემის შესახებ დაშვებული ტექნიკური შეცდომა.

მუხლი 11. სისტემაში ასახული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფცია

1. სისტემაში ასახული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.

2. სუბიექტის სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება სისტემის ინფორმაცია.

3. ინფორმაციის შემტანი სუბიექტი ვალდებულია, ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, ასახოს სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემი.

4.  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

5. სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

მუხლი 12. სისტემის უსაფრთხოება

1. სისტემის ვებგვერდი განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

2. სისტემისა და მონაცემთა ბაზების რეზერვირება ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი „სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის“ შესაბამისად.

3. სისტემის დეველოპმენტი და რეალურ გარემოში გაშვება უნდა განხორციელდეს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი „ვებაპლიკაციის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის“ შესაბამისად.

4. სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის/დეველოპმენტის დასრულების შემდეგ მართვის სისტემა უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოების ტესტირებას.

5. სისტემის მონაცემთა ბაზაზე წვდომა უნდა გააჩნდეთ მხოლოდ მართვის სისტემის მონაცემთა ბაზისა და სისტემურ ადმინისტრატორ(ებ)ს.

6. პერსონალურ ინფორმაციაზე და ან სხვა კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომა შეზღუდული უნდა იყოს არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.

7. დაუშვებელია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. უსაფრთხოების აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით განხორციელებულ ოპერაციებზე.

მუხლი 13. სისტემაში განხორციელებული ოპერაციების შენახვა (ლოგირება)

1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფილია ლოგირების საშუალებებით.  მომხმარებლის სამუშაო გარემოდან განხორციელებული წარმატებული და წარუმატებელი ოპერაციებისა და მცდელობების 100% (წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა-CRUD) ინახება (ლოგირება), წაკითხვის შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ იმ გვერდების ლოგირება, სადაც ფიქსირდება პერსონალური მონაცემი.

2. სისტემისგან დამოუკიდებლად განხორციელდება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების (CRUD) ლოგირება.

3. ავტორიზებული  მომხმარებლის ქმედების ლოგირება:

ა) ქმედების ტიპი – CRUD;

ბ) ქმედების ობიექტი;

გ) ქმედების დრო;

დ) მომხმარებლის სახელი;

ე) IP მისამართი.

4. შეცდომის ლოგირება:

ა) შეცდომის ტიპი;

ბ) შეცდომის დაშვების დრო;

გ) ქმედების ობიექტი;

დ) IP მისამართი.

მუხლი 14. სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების ელექტრონული აღრიცხვა

1. მართვის სისტემა აწარმოებს სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით, მართვის სისტემა ინახავს გამოთხოვილი ინფორმაციის საერთო რაოდენობას, თითოეული მოთხოვნის გაგზავნის დროსა და შინაარსს, მიღებული ინფორმაციის შინაარსსა და დროს. ასევე მართვის სისტემა უზრუნველყოფს მისგან გაგზავნილი ყოველი მოთხოვნის ავტორის (მომხმარებლის) იდენტიფიცირებასა და აღრიცხვას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ინახება 6 თვის ვადით.

მუხლი 15. სისტემაში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალურობა და შენახვის ვადა

1. სისტემაში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს.

2. სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

3. სისტემაში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნიათ:

ა) სისტემის სუბიექტის თანამშრომლებს, რომელთაც გააჩნიათ სისტემაში ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შესაბამისი დონე;

ბ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომელთაც, საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ სისტემაში ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შესაბამისი დონე;

გ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის შექმნაში (დეველოპერი), დახვეწაში ან/და მართვაში;

დ) სხვა პირებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან, დაიცვან კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნონ  ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. სისტემაში ასახული მონაცემები ინახება აღნიშნული პირების აქტიური სტატუსის განმავლობაში. აქტიური სტატუსის შეწყვეტისას მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 10 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის სისტემის მომხმარებლებისათვის. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 10-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მონაცემები წაიშლება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება დაწესებულებაში/საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხული ბავშვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ამორიცხვა, ხოლო დაწესებულებაში/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ნებისმიერი პირისთვის – ამავე დაწესებულებასთან/საჯარო დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

მუხლი 16. მუნიციპალიტეტის მიერ მონაცემთა გასაჯაროება 

1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ გარდამავალ პერიოდში, ამავე მუხლის 23-ე პუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების საჯაროობას:

ა) მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულების/საჯარო დაწესებულების სრული იურიდიული დასახელება ქართულ ენაზე;

ბ) ავტორიზაციით მინიჭებული საქმიანობის განხორციელების ადგილი/მისამართი, შემდეგი ინფორმაციით:

ბ.ა) პროგრამის შესახებ, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;

ბ.ბ) ავტორიზაციის მინიჭების თარიღი და ვადა თითოეული პროგრამისათვის;

ბ.გ) ავტორიზაციით განსაზღვრული ბავშვების ზღვრული ოდენობა;

ბ.დ) პროგრამის განხორციელების ენა და თითოეული ამ პროგრამისათვის ავტორიზაციით განსაზღვრული ბავშვების ზღვრული ოდენობა (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ე) ინფორმაცია კვებითი მომსახურების ორგანიზების შესახებ.

2. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემას, მართვის სისტემიდან ამოღებული მონაცემების საფუძველზე.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

მართვის სისტემა ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის პირველი მარტისა უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.