დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016819 |
|
„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 26/02/2018, 040030000.22.024.016534) დამტკიცებულ „სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი ტიპის გრანტი: ა) თანადაფინანსების გრანტი, რომელიც გაიცემა ამ წესის I თავის შესაბამისად; ბ) ინოვაციების გრანტები რეგიონებისათვის, რომელიც გაიცემა რეგიონებში ინოვაციური პროექტების დასაფინანსებლად, თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 25 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; გ) ღონისძიების პრიზი – ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშემწყობ ღონისძიებებში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; დ) გამარტივებული გრანტი, რომელიც გაიცემა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით; ე) გრანტები ინფორმაციული ტექნოლოგიების დამწყები სპეციალისტებისათვის, რომელიც გაიცემა ამ წესის II თავის შესაბამისად. 2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული გრანტების გაცემისა და საგრანტო განაცხადების შესაბამის პორტალზე მიღების მიზნით დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან განმცხადებლების შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი (სოფ./ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი) სქესი. მონაცემთა შენახვის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაცემთა უსაფრთხოების წესები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-2- მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს. 3. წესს დაემატოს თავი I და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " თავი I. თანადაფინანსების გრანტები მუხლი 1. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად; ბ) გრანტის მიმღები – გამარჯვებული განმცხადებელი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება გრანტის მიმღებთან. გ) საგრანტო პორტალი – www.grants.gov.ge ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ თავით განსაზღვრული საგრანტო განაცხადების მიღება; დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი – ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი; ე) სტარტაპების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით; ვ) ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და ინოვაციების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება, არანაკლებ 250 000 ლარისა და არაუმეტეს 750 000 ლარის ოდენობით; ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე; თ) კონკურსი – სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ თავის შესაბამისად გამარჯვებული განაცხადების დაფინანსება; ი) განმცხადებელი – პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით; კ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების 10%-ის ოდენობით პროგრამაში – სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები, ხოლო არანაკლებ 50%-ის ოდენობით პროგრამაში – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას; მ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებელს შორის; ნ) საგრანტო განაცხადი – განმცხადებლის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ თავისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი განაცხადი; ო) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; პ) პროგრამა/საგრანტო პროგრამა – ამ თავით გათვალისწინებული თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა. მუხლი 3. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ საგრანტო განაცხადების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები გამარჯვებული საგრანტო განაცხადის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. მუხლი 4. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება 1. ამ თავით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სააგენტო წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას; გ) საგრანტო განაცხადების მიღების ვადის განსაზღვრას; დ) საგრანტო განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენას; ე) მიღებული საგრანტო განაცხადების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას; ვ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ შერჩეულ განმცხადებლებთან საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების დადებას; ზ) გამარჯვებული საგრანტო განაცხადების დაფინანსებას ამ თავითა და თანადაფინანსების გრანტების შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით; თ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს; ი) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების დამტკიცებას. მუხლი 5. კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობის მიღება 1. კონკურსის გამოცხადება ხდება საგრანტო პორტალის მეშვეობით. 2. საგრანტო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 3. პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საგრანტო პორტალზე ავსებს საგრანტო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში. განმცხადებელი უფლებამოსილია წარადგინოს ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი. 4. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს საგრანტო განაცხადის ფორმა და წარმოსადგენი დოკუმენტების სია. მუხლი 6. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ა) ფიზიკურ პირს ან პირთა ჯგუფს; ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები საგრანტო განაცხადის წარდგენის მომენტისათვის და საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში (იურიდიული პირის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ასევე მის პარტნიორებზე) არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დავალიანება და მათ მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე არ უნდა იყოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) კონკურსის გამოცხადებამდე გასული 12 თვის ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. ბ) თუ კომპანიის წილების/აქციების 30%-ს ან მეტს ფლობს სხვა სამეწარმეო სუბიექტი/სუბიექტები (შემდგომში – მშობელი საწარმო), მითითებული მშობელი საწარმოს/საწარმოების ბრუნვა კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს თითოეული მშობელი საწარმოს შემთხვევაში 500 000 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მშობელ საწარმოზე, რომლებიც განმცხადებელი მშობელი საწარმოს წილების 30%-ს ან მეტს ფლობენ. მუხლი 7. მოთხოვნები საგრანტო განაცხადის მიმართ კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საგრანტო განაცხადი, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსებით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის. მუხლი 8. კონკურსის ეტაპები 1. სტარტაპების თანადაფინანსების გრანტის კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) ბიზნესიდეების მიღება და ფორმალური შესაბამისობის დადგენა; ბ) ბიზნესიდეების შეფასება ექსპერტების მიერ და საუკეთესო 150 განაცხადის შერჩევა; გ) შერჩეული 150 განმცხადებლისგან ბიზნესგეგმების მიღება და შეფასება არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად; დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო შეფასების მქონე განაცხადების პრეზენტაციების წარდგენა და გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა; ე) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, კონკურსის გამარჯვებულებთან სააგენტოს მიერ საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება, დაფინანსება და მონიტორინგი. მუხლი 9. ექსპერტები 1. სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების მომსახურების შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ექსპერტი არ შეიძლება იმავდროულად მონაწილეობდეს კონკურსში განმცხადებლის სტატუსით, იყოს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, ასევე, არ შეიძლება იყოს სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი. მუხლი 10. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი 1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო ქმნის და აკომპლექტებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული განმცხადებლების გამოვლენის შესახებ. 2. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრების მომსახურების შესყიდვას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მათი ტრანსპორტირებისა და განთავსებას უზრუნველყოს სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და საერთაშორისო გამოცდილება, ის არ შეიძლება იყოს სააგენტოს, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან პოლიტიკური პარტიის წევრი. 4. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კომიტეტის საქმიანობაში ან/და კომიტეტის წევრებზე მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 5. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი შედგება სულ მცირე 3 წევრისაგან. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. 6. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის ყველა წევრი (გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის გზით). კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს შეფასებისგან. 7. კომიტეტის გადაწყვეტილება აისახება საბოლოო შეფასების ცხრილებში. მუხლი 11. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. პროგრამის ეტაპების განხორციელებაში ჩართული პირები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, არ უნდა იკავებდნენ ისეთ პოზიციას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. შეფასების თითოეულ ეტაპს უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებელი სუბიექტი (ფორმალური შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი პირი, ექსპერტი და საინვესტიციო კომიტეტის წევრი) და არ უნდა იყოს ჩართული შეფასების სხვა ეტაპში. 2. კონკურსის ჩატარებისას კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს პირი, თუ: ა) განმცხადებელი ან განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია; ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) სახელშეკრულებო ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 3. ამ თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. პირს, რომელსაც გააჩნია, ან შეიძლება წარმოეშვას ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია არ დაუშვას პირი შეფასების პროცესში. მუხლი 12. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება დაფინანსებული საგრანტო განაცხადის განხორციელება 1. სააგენტოსა და გამარჯვებულ განმცხადებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულების დადებამდე სააგენტო უფლებამოსილია გამარჯვებულ განმცხადებელს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების კორექტირება და განაცხადის შეფასების დროს გამოვლენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე, დამატებით მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საბანკო რეკვიზიტები – საგრანტო განაცხადისთვის გამოყოფილი სპეციალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და უახლესი საბანკო ამონაწერი; ბ) თანადაფინანსების (გრანტის მიმღების თანამონაწილეობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებაზე მართვის გეგმა (ESMP), ასეთის საჭიროების შემთხვევაში. გამარჯვებული განმცხადებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერების მიზნით სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლის დაშვება განმცხადებლის იმ ადგილსამყოფელზე, სადაც ხდება საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული წარმოება ან/და ძირითადი სამუშაოების შესრულება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შესაფასებლად და შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ე) ინტელექტუალური საკუთრების და „ნოუ-ჰაუს“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ვ) ასევე საჭიროებისამებრ სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ განმცხადებელთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას განაცხადის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯებს. 4. თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს/დააფუძნოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესით. საგრანტო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირთან. 5. ხელშეკრულების დადების საფუძველია განმცხადებლის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასების ანგარიში. 4. წესს დაემატოს თავი II და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II. გრანტები ინფორმაციული ტექნოლოგიების დამწყები სპეციალისტებისთვის მუხლი 13. გრანტის მიზანი ამ თავით გათვალისწინებული გრანტის მიზანია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დამწყები სპეციალისტების მომზადება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად უნარებში, შემდგომი დასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად. მუხლი 14. ტერმინთა განმარტება 1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა/საგრანტო პროგრამა – ამ თავით განსაზღვრული ინფორმაციული ტექნოლოგიების დამწყები სპეციალისტებისათვის გრანტის გაცემის მიზნით განხორციელებული საგრანტო პროგრამა; ბ) საგრანტო კონკურსი – ამ თავით განსაზღვრული საგრანტო პროგრამის მონაწილეთა შესარჩევად განხორციელებული კონკურსი; გ) ტრენინგპროვაიდერი – იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; დ) პროგრამის მონაწილე – 16 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ე) ერთეტაპიანი კურსი – ონლაინ, ფიზიკური ან ჰიბრიდული ფორმატის ტრენინგკურსი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 42 საათს; ვ) ორეტაპიანი კურსი – ონლაინ, ფიზიკური ან ჰიბრიდული ფორმატის ტრენინგკურსი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 84 საათს; ზ) პორტალი – www.doit.gov.ge ონლაინპლატფორმა; თ) ონლაინფორმატის კურსი – ტრენინგკურსი, რომელიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ტრენერის პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში, დისტანციურად; ი) ფიზიკური ფორმატის კურსი – ტრენინგკურსი, რომელიც ხორციელდება ტრენინგ პროვაიდერის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სივრცეში, სადაც ტრენერი და მონაწილეები ერთ ფიზიკურ სივრცეში იმყოფებიან; კ) ჰიბრიდული ფორმატის კურსი – ტრენინგკურსი, რომლის ნაწილი ხორციელდება ფიზიკურ, ნაწილი კი ონლაინფორმატში; ლ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ტრენინგ პროვაიდერის მიერ, პორტალის მეშვეობით და რომელიც ადასტურებს პროგრამის მონაწილის მიერ ტრენინგ კურსის დასრულებას; 2. ამ თავში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა. მუხლი 15. საგრანტო პროგრამის განმახორციელებელი 1. სააგენტო წარმოადგენს საგრანტო პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს: ა) საგრანტო პროგრამის დიზაინის შექმნას და მისი პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) ტრენინგპროვაიდერების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას და საგრანტო პორტალზე მათ დაშვებას; გ) ტრენინგპროვაიდერების კურსების განთავსებას და საგრანტო კონკურსში მონაწილეთა მისაღებად გამოცდების გამოცხადებას; დ) მონაწილეთა შესარჩევად გამოცდების ორგანიზებას; ე) შერჩეული მონაწილეების დაფინანსებას 1000 ლარით ერთეტაპიანი, ხოლო 2000 ლარით ორეტაპიანი კურსებისთვის; ვ) საგრანტო ხელშეკრულებების დადებას პროგრამის მონაწილეებთან და ტრენინგ პროვაიდერებთან; ზ) სატრენინგო კურსების ხარისხის მონიტორინგს. მუხლი 16. საგრანტო კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობის მიღება 1. საგრანტო კონკურსის გამოცხადება ხდება პორტალის მეშვეობით. 2. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირების განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 3. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირი რეგისტრირდება ტრენინგკურსზე, პორტალის მეშვეობით, კონკურსისთვის დადგენილ ვადებში. 4. მონაწილეობის მსურველი პირი უფლებამოსილია აირჩიოს პორტალზე განთავსებული კურსები (არაუმეტეს ხუთი კურსისა) და განსაზღვროს ისინი პრიორიტეტების მიხედვით, რის შემდეგაც მონაწილე გადის შესარჩევ გამოცდას. გამოცდის შედეგების მიხედვით მონაწილეს ენიჭება რეიტინგი. რეიტინგით გამოვლენილი საუკეთესო შედეგების მქონე პირები ხვდებიან არჩეული კურსებიდან ერთ-ერთზე. პროგრამის მონაწილე უფლებამოსილია ერთდროულად გაიაროს მხოლოდ ერთი კურსი. 5. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს შესარჩევი გამოცდების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა. 6. ამ თავით გათვალისწინებული საგრანტო პროგრამის ყოველ შემდგომ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც წინა კურსის დასრულების შემდგომ ვერ მოიპოვეს სერტიფიკატი. 7. ორეტაპიანი ტრენინგკურსის შემთხვევაში, მონაწილე ვერ გაივლის კურსის მეორე ეტაპს, თუ პირველ ეტაპზე ვერ მოიპოვებს სერტიფიკატს. 8. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგპროვაიდერი იმ მონაწილეზე, რომელიც წარმატებით ჩააბარებს შიდა გამოცდას, გასცემს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. მუხლი 17. მოთხოვნები ტრენინგპროვაიდერებისადმი, კურსებისადმი და ტრენერებისადმი 1. ტრენინგპროვაიდერის მიერ ტრენინგკურსის წარდგენის შემდეგ, სააგენტო ამოწმებს ტრენინგკურსის შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და შესაბამისობის შემთხვევაში, ადასტურებს კურსის დაშვებას საგრანტო პროგრამაში. 2. საგრანტო პროგრამაში კურსების წარდგენა შეუძლია ტრენინგპროვაიდერს, რომელსაც გააჩნია ტრენინგების ჩატარების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და ბოლო 2-წლის განმავლობაში მისი ბრუნვა შეადგენს არანაკლებ 200 000 ლარს. 3. დასაშვებია ისეთი კურსის განთავსება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) შეესაბამება პორტალზე გამოცხადებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებას; ბ) ტრენინგპროვაიდერს აღნიშნული კურსი ჩატარებული აქვს არანაკლებ 2 ჯგუფთან (ერთეტაპიანი კურსის შემთხვევაში არანაკლებ 42 საათი, ხოლო ორეტაპიანი კურსის შემთხვევაში არანაკლებ 84 საათი) ჯამში არანაკლებ 30 სტუდენტისთვის, ბოლო 2 წლის განმავლობაში. 4. ტრენინგპროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური ტრენერების მიერ კურსის წარმართვა. ტრენინგ პროვაიდერის მიერ თითოეულ ტრენინგ კურსზე განსაზღვრულ ტრენერს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სპეციალობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 ტრენინგი, თითოეული არანაკლებ 21 საათის ხანგრძლივობის, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით (ცნობა დამსაქმებლისაგან, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც იძლევა აღნიშნული მოთხოვნის დადასტურების შესაძლებლობას). 5. ტრენინგპროვაიდერი ვალდებულია ჩაანაცვლოს ისეთი ტრენერი, რომლის შეფასებაც, ტრენინგ კურსის დასრულების შემდგომ, 5 ქულიანი სარეიტინგო სისტემით ჩამოცდება 3,5 ქულას. 6. ტრენინგ პროვაიდერი უფლებამოსილია, კონკრეტული ტრენინგკურსისათვის დადგენილი მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში, კურსი დააკომპლექტოს საკუთარი მომხმარებლებით, იმ პირობით, რომ ჯგუფის დაკომპლექტებისას უპირატესობა ენიჭება ამ თავით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის მონაწილეებს და ჯგუფში მონაწილეთა საერთო რაოდენობა არ აღემატება პორტალზე წინასწარ განსაზღვრულ მონაწილეთა რაოდენობას. 7. იმ შემთხვევაში, თუ 5 ქულიან სარეიტინგო შეფასებაში, ტრენინგ კურსის შეფასება ჩამოცდება 3,5 ქულას, სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული ტრენინგ კურსი არ დაუშვას შემდგომ საგრანტო კონკურსში. მუხლი 18. საგრანტო ხელშეკრულების დადება და გრანტის ჩარიცხვა 1. სააგენტო საგრანტო ხელშეკრულებას დებს მონაწილეებთან და ტრენინგპროვაიდერებთან, რომლის მიხედვითაც, გრანტის მიმღებია პროგრამის მონაწილე, ხოლო გრანტი ერიცხება ტრენინგპროვაიდერს, შესაბამისი კურსის მონაწილეთა მიერ განხორციელებული კურსის შეფასების შედეგების მიხედვით. 2. ტრენინგპროვაიდერს გრანტის 50% ერიცხება ტრენინგკურსის დაწყებისას. თუ შესაბამისი კურსის მონაწილეთა მიერ კურსის დასრულების შემდეგ, 7 დღის განმავლობაში განხორციელებული საერთო შეფასების შედეგად, კურსის რეიტინგი შეადგენს 2,5 ქულაზე მეტს, ტრენინგპროვაიდერს ერიცხება გრანტის დარჩენილი 50%. 3. იმ მონაწილეზე, რომელიც დაესწრო ტრენინგკურსის 50%-ზე ნაკლებს, გაიცემა შესაბამისი სასწავლო კურსისთვის გათვალისწინებული გრანტის თანხის 50%. ამ შემთხვევაში ტრენინგპროვაიდერი უფლებამოსილია, დარჩენილი ნაწილი მოითხოვოს მონაწილისგან. 4. ტრენინგპროვაიდერი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს მიღებული გრანტის თანხა სრულად, იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგკურსი არ დასრულდება/შეწყდება. 5. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს საგრანტო ხელშეკრულების სხვა პირობები. მუხლი 19. ხარისხის მონიტორინგი სააგენტო საგრანტო პროგრამის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს შემდეგი მექანიზმებით: ა) უზრუნველყოფს ტრენინგკურსებისა და ტრენერების სარეიტინგო სისტემით შეფასებას; ბ) შემთხვევითი შემოწმების პრინციპით ამოწმებს კურსის მიმდინარეობას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები