საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი

საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტი
მიღების თარიღი 18/08/1923
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული, 2, 18/08/1923
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/1923
ძალის დაკარგვის თარიღი 26/06/1965
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
18/08/1923
საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებული, 2, 18/08/1923
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი
საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტი

 

საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სამოქალაქო

კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ

საქართველოს სსრ ცაკ-ის 1923 წ. აგვისტოს 18, №51 დადგენილება (კანონთა კრებული, 1923 წ. №2, მუხ.9)

 

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-4 სესიამ დაადგინა:

1. სამოქალაქო კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1923 წლის სექტემბრის 1-დან.

2. არავითარი დავა იმ სამოქალაქო უფლებრივი ურთიერთობის გამო, რომელიც წარმოიშვა 1921 წლის თებერვლის 25-მდე, არ მიიღება განსახილველად რესპუბლიკის სასამართლო ან სხვა დაწესებულების მიერ.

3. დავა იმ სამოქალაქო უფლებრივ ურთიერთობის გამო, რომელიც წარმოიშვა 1921 წლის თებერვლის 25-დან სამოქალაქო კოდექსის სამოქმედოდ შემოღებამდე, მოწესრიგდება იმ კანონით, რაც ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედებდა.

4. რამდენადაც უფლებრივი ურთიერთობა, მისი წარმოშობის დროს მომქმედი კანონით ნებადართული, ‒ ამ კანონით საკმაო სისრულით ვერ მოწესრიგდება, იმდენად მას უნდა შეეფარდოს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის დადგენილებანი.

5. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის გაფართოებით განმარტება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საჭიროა მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს და მშრომელთა მასის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

6. აკრძალულია კოდექსის დადგენილებათა ახსნა-განმარტება დამხობილ მთავრობათა კანონებისა და რევოლუციამდე არსებული სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით.

7. სარჩელის საერთო სამწლიანი ხანდაზმულობა გავრცელდება იმ უფლებრივ ურთიერთობაზედაც, რომელიც წარმოიშვა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის სამოქმედოდ შემოღებამდე.

8. იმ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებანი, რომელთანაც საბჭოთა ფედერაციას ესა თუ ის შეთანხმება აქვს დადებული, მოწესრიგდება ამა შეთანხმებით.

რამდენადაც უცხოელის უფლება გათვალისწინებული არ არის სათანადო მთავრობასთან დადებული შეთანხმებით და სპეციალური კანონით, იმდენად უცხოელის უფლება საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა, პროფესიის არჩევისა, სავაჭრო-სამრეწველო საწარმოს გახსნის და შეძენისა, შენობებსა და მიწის ნაჭრებზე სანივთ უფლების შეძენისა შეიძლება შეზღუდულ იქნეს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მთავრობის სათანადო ცენტრალური ორგანოს დადგენილებით ‒ გარეშე სახალხო კომისარიატთან შეთანხმებისამებრ.

შენიშვნა 1. უცხოეთის სააქციო საზოგადოებას, ამხანაგობას და სხვ. იურიდიული პირის უფლების მოპოვება საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში შეუძლიან მხოლოდ მთავრობის განსაკუთრებული ნებართვით.

შენიშვნა 2. უცხოელი იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში ოპერაციების წარმოების ნებართვა არა აქვს, იმ პრეტენზიების გამო, რაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეშე აღიძვრის და მის ფარგლებში მყოფ მოპასუხეს შეეხება, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში სასამართლოს წესით დაცვის უფლებას სარგებლობს მხოლოდ ურთიერთ თანასწორობის საფუძველზე.

9. სამოქალაქო კოდექსის მოქმედება გავრცელდება მთლად საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე                      მ. ცხაკაია.

 

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური

აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი                                  პ. საბაშვილი.

1923 წ. აგვისტოს 18.

ტფილისი სასახლე.

 

საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის

სამოქალაქო სამართლის კოდექსი.

 

ზოგადი ნ ა წ ი ლ ი.

 

I. ძირითადი დებულებანი.

1. სამოქალაქო უფლება დაცულია კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი განხორციელდება თავისი სოციალურ-სამეურნეო დანიშნულების საწინააღმდეგოდ.

2. დავა სამოქალაქო უფლების შესახებ გადაწყდება სასამართლოს წესით.

უარის თქმა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე ბათილია.

შენიშვნა. ქონებრივი დავა სახელმწიფო ორგანოთა შორის გადაწყდება ცალკე დადგენილებით განსაზღვრული წესისამებრ.

3. საადგილ-მამულო ურთიერთობა, სამუშაო ძალის დაქირავებით წარმოშობილი ურთიერთობა და ოჯახური ურთიერთობა მოწესრიგებულ იქნება ცალკე კოდექსებით.

II. უფლების სუბიექტი (პირი).

4. ქვეყნის (სახელმწიფოს) საწარმოო ძალთა განვითარებისათვის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა ანიჭებს ყველა მოქალაქეს, ვისაც კი სასამართლოს მიერ უფლება შეზღუდული არ ექნება, სამოქალაქო უფლება-უნარიანობას (უნარი იქონიოს სამოქალაქო უფლება და მოვალეობა),

სქესს, რასას, ეროვნებას, სარწმუნოებას, შთამომავლობას არავითარი გავლენა არა აქვს სამოქალაქო უფლებაუნარიანობაზე.

5. ამისდა მიხედვით საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკისა და მოკავშირე და ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკების თვითეულ მოქალაქეს უფლება აქვს თავისუფლად მიმოვიდეს და დასახლდეს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამოირჩიოს კანონით არა აკრძალული საქმე და პროფესია, შეიძინოს და გაასხვისოს ქონება იმ შეზღუდვით, რაც აღნიშნულია კანონში, დადვას გარიგება და იკისროს ვალდებულება, მოაწყოს სამრეწველო და სავაჭრო საწარმო ყველა იმ დადგენილებისამებრ, რითაც მოწესრიგებულია სამრეწველო და სავაჭრო მოსაქმეობა და დაცულია შრომის გამოყენება.

6. არ შეიძლება ვისმე ჩამოერთვას სამოქალაქო უფლება ან შეუზღუდდეს უფლება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა და წესისა.

7. ყოველი პირის უნარი მოიპოვოს თავისი მოქმედებით სამოქალაქო უფლება და შექმნას თავისთვის სამოქალაქო მოვალეობის (ქმედობაუნარიანობა) სავსებით წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე, სრულწლოვანები დადგება 18 წლის შესრულებისას.

8. სათანადო დაწესებულებას შეუძლიან სრულწლოვანი პირი გამოაცხადოს არაქმედობაუნარიანად: 1) უკეთუ მას სულით ავადმყოფობისა ან გონებრივი სისუსტის გამო არ შეუძლიან გონიერად გაუძღვეს თავის საქმეს, 2) უკეთუ იგი თავისი გადამეტებული მფლანგველობით აოხრებს იმ ქონებას, რაც მის განკარგულებაშია, და 3) უკეთუ იგი ყრუ-მუნჯობასთან ერთად წერა-კითხვის უცოდინარია.

9. არასრულწლოვანს, რომელსაც 14 წელიწადი შესრულებია, და იმ პირს, რომელიც, როგორც მფლანგველი, მეურვეობაში იმყოფება, შეუძლიან დადვას გარიგება თავისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი ან მეურვე) თანხმობით. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად მოიხმაროს მის მიერ მიღებული სამუშაო ხელფასი და პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რასაც იგი თავისი მოქმედებით მიაყენებს სხვა პირს.

10. ბათილია ყოველგვარი გარიგება, მიმართული უფლებაუნარიანობის ან ქმედობაუნარიანობის შესაზღუდავად.

11. საცხოვრებელ ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც პიროვნებას თავისი სამსახურის, მუდმივი საქმის ან ქონების მდებარეობის გამო აქვს მუდმივი ან უპირატესი ბინადრობა.

არასრულწლოვანის ან მეურვეობაში მყოფი პირის საცხოვრებელ ადგილად ჩაითვლება მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი ან მეურვე) საცხოვრებელი ადგილი.

12. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი შეიძლება გამოცხადებულ იქნეს გარდაცვლილად, უკეთუ მისი დაკარგულად ცნობის პუბლიკაციის დღიდან გასულია სრული ხუთი წელიწადი. ასეთი პირის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანა, როგორც გარდაცვლილისა, მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებისამებრ; ამასთანავე გარდაცვალების წამად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.

13. იურიდიულ პირად ჩაითვლება პირთა შენაერთი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლიან, როგორც ასეთს, მოიპოვოს უფლება ქონებაზე, იკისროს ვალდებულება, ისარჩელოს და პასუხი აგოს სასამართლოში.

14. იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული, ხოლო, სათანადო შემთხვევაში, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრაციაქმნილი წესდება ან დებულება, კანონით განსაზღვრულ სხვადასხვაგვარ ამხანაგობას, რომელსაც ექნება სამეურნეო მიზანი, წესდების ნაცვლად შეიძლება ჰქონდეს საამხანაგო ხელშეკრულება, რეგისტრაციაქმნილი არსებული წესით. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა წესდების (დებულების) დამტკიცების წამიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი მოითხოვს იურიდიული პირის რეგისტრაციას, ‒ ასეთი რეგისტრაციის წამიდან.

15. კერძო დაწესებულება იურიდიული პირის უფლებით, როგორიც არის:

საავადმყოფო, მუზეუმი, სამეცნიერო დაწესებულება, საჯარო ბიბლიოთეკა და სხვ., შეიძლება დაარსებულ იქნეს მხოლოდ ხელისუფლების სათანადო ორგანოს ნებართვით.

16. იურიდიული პირი მონაწილეობას იღებს სამოქალაქო ბრუნვაში და სდებს გარიგებას თავისი ორგანოს ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.

17. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ფარგლებში მყოფი ყველა პირი, იურიდიული და ფიზიკური, საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ სახელმწიფოს მეშვეობით, სახელდობრ ‒ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მეშვეობით. საგარეო ბაზარზე დამოუკიდებლად გამოსვლა შეიძლება მარტოოდენ კანონით ცალკე განსაზღვრულ შემთხვევაში და საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის კონტროლით.

18. ხელისუფლების სათანადო ორგანოს შეუძლიან მოსპოს იურიდიული პირის არსებობა, უკეთუ იგი გადაუხვევს წესდებასა ან ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ მიზანს, ან უკეთუ მისი ორგანოს (საზოგადო კრება, გამგეობა) მოქმედება მიიღებს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებას.

19. სახელმწიფო საწარმო და ამ საწარმოთა შენაერთი, რომელიც გადასულია სამეურნეო ანგარიშზე, და რომელიც აღრიცხვის წესით ფინანსურად ხელშეწყობილი არ არის, მონაწილეობს ბრუნვაში, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ხაზინასთან კავშირი არა აქვს; მისი ვალი ანაზღაურდება მხოლოდ იმ ქონებიდან, რომელიც მის თავისუფალ განკარგულებაშია. ე.ი. იმ ქონებიდან, რაც თანახმად 21 და 22 მუხ. არ არის გამორიცხული ბრუნვიდან. ამა წესის გამონაკლისი ცალკეა განსაზღვრული კანონში.

III. უფლების ობიექტი (ქონება).

20. ქონება, რომელიც გამორიცხულია სამოქალაქო ბრუნვიდან, შეიძლება იყოს სამოქალაქო უფლების ობიექტად მხოლოდ იმ ფარგალში, რაც ეს დადებითად გათვალისწინებულია კანონით.

21. მიწა არის სახელმწიფოს ავლა-დიდება და არ შეიძლება იყოს კერძო ბრუნვის საგანი. მიწის ფლობა შეიძლება მხოლოდ სარგებლობის უფლების საფუძველზე.

შენიშვნა. მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმებასთან ერთად გაუქმებულია ქონების უძრავ და მოძრავ ქონებად დაყოფა.

22. ნაციონალიზაცია და მუნიციპალიზაცია-ქმნილი საწარმო, მისი მოწყობილობა, რკინის გზა და მისი მოძრავი შედგენილობა, ნაციონალიზაციაქმნილი ნავჭურჭელი, და აგრეთვე ნაციონალიზაცია და მუნიციპალიზაცია-ქმნილი შენობა გამორიცხულია კერძო ბრუნვიდან და არ შეიძლება გასხვისებულ და დაგირავებულ იქნეს იმ ორგანოს მიერ, რომლის გამგებლობაშიაც იგი არის, და აგრეთვე მიქცეულ იქნეს კრედიტორების დასაკმაყოფილებლად. ნაციონალიზაცია და მუნიციპალიზაცია-ქმნილი საწარმო, შენობა და ნავჭურჭელი შეიძლება გაცემულ იქნეს იჯარით კანონში განსაზღვრული წესისამებრ.

შენიშვნა. ამა მუხლში აღნიშნული ქონების უვარგისი და მოძველებული ნაწილების გასხვისება მოგვარებულ იქნება ცალკე წესით.

23. იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, სამხედრო გაწყობილობა, საფრენი აპარატი, ტელეგრაფისა და რადიოტელეგრაფის ქონება, გაბათილებული ფასიანი ქაღალდები, ძლიერად მომქმედი შხამი გამორიცხულია კერძო ბრუნვიდან.

შენიშვნა. სანადირო იარაღისა და ცეცხლეული მასალის შეძენა მოგვარებულ იქნება ცალკე წესით.

24. ოქროსა და ვერცხლის ფული და უცხოეთის ვალუტა შეიძლება იყოს გარიგების საგანი მხოლოდ სპეციალური კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლითა.

25. საკუთვნებლად ჩაითვლება ის ნივთი, რომლის დანიშნულებაც არის მიეხმაროს მთავარ ნივთს, და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

საკუთვნებელი გაიზიარებს მთავარი ნივთის ხვედრს, უკეთუ ხელშეკრულებასა ან კანონში ამის საწინააღმდეგო რამ ცალკე არ იქნება ნათქვამი.

IV. გ ა რ ი გ ე ბ ა ნ ი.

26. გარიგება, ე.ი. მოქმედება, მიმართული სამოქალაქო უფლებრივ დამოკიდებულებათა დამყარებისა, შეცვლისა ან მოსპობისათვის, შეიძლება იყოს ცალმხრივი და ურთიერთობრივი (ხელშეკრულება).

27. გარიგების ქმნა შეიძლება სიტყვიერად ან წერილობით.

წერილობითი გარიგება არის: 1) მარტივი, 2) შემოწმებული, 3) ნოტარიული, ე.ი. ქმნილი სანოტარო ორგანოში და შეტანილი სანოტარო სააქტო დავთარში.

28. წერილობითი გარიგება ხელმოწერილ უნდა იქნეს იმ პირის მიერ, ვისგანაც იგი მომდინარეობს, ან მისი წარმომადგენლის მიერ.

იმ პირს, ვინც თითონ ვერ მოაწერს ხელს წერაკითხვის უცოდინარობისა, ფიზიკური ნაკლისა ან ავადმყოფობის გამო, შეუძლიან გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა შემოწმებულ უნდა იქნეს სათანადო წესით, თანაც უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე საკუთარი ხელის მოწერა.

29. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველობა გამოიწვევს გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფორმის დაუცველობის ასეთი შედეგი პირდაპირ აღნიშნულია კანონში.

30. ბათილია გარიგება, დადებული კანონის საწინააღმდეგო მიზნით ან კანონისათვის გვერდის ახვევით, და აგრეთვე გარიგება, რომელიც აშკარად საზიანოა სახელმწიფოსათვის.

31. ბათილია გარიგება, დადებული ისეთი პირის მიერ, რომელიც სავსებით მოკლებულია ქმედობაუნარიანობას ან და დროებით არის ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლიან შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა.

32. იმ პირს, ვინც გარიგებას დასდებს მოტყუებისა. მუქარისა და ძალადობის გავლენით, ან მისი წარმომადგენლის ბოროტგანზრახული შეთანხმებით კონტრაგენტთან, ან და შეცდომილობით, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნება, შეუძლიან სასამართლოს წესით მოითხოვოს გარიგების მთლად ან ნაწილობრივ გაბათილება.

33. როდესაც ვინმე, უკიდურესი გაჭივრების გამო, თავისთვის აშკარად საზიანო გარიგებას დასდებს, სასამართლოს, დაზარალებული მხარის ან სათანადო სახელმწიფო ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოთხოვნით, შეუძლიან ან გააბათილოს გარიგება ან და მოსპოს მისი მოქმედება შემდგომისათვის.

34. ბათილია გარიგება, დადებული მხარეთა შეთანხმებით მხოლოდ სათვალთმაქცოდ და უიმგანზრახვოდ, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

35. უკეთუ თვალთმაქცური გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასამალავად, შეფარდებულ უნდა იქნეს ნამდვილად განზრახული გარიგების წესი.

36. გაბათილებული გარიგება ჩაითვლება ბათილად მისი დადების წამიდან.

37. გარიგების ბათილი ნაწილი არ დაარღვევს მის დანარჩენ ნაწილებს, რამდენადაც საფიქრებელი იქნება, რომ გარიგება დაიდებოდა ბათილი ნაწილის შეუტანლადაც.

38. ქმედობაუნარიან პირს შეუძლიან დასდვას გარიგება მის მიერ ამორჩეული წარმომადგენლის მეშვეობითაც, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ეს კანონით აკრძალული არ არის.

39. გარიგებას, რომელსაც წარმომადგენელი, უფლებამოსილების ფარგლებში, დასდებს იმის სახელით, ვისაც იგი წარმოადგენს, აქვს ამ უკანასკნელისათვის სავალდებულო ძალა და წარმოჰშობს უმეშვეოთ მისთვის უფლებასა და მოვალეობას.

40. წარმომადგენელს არ შეუძლიან დასდვას ხელშეკრულება იმის სახელით, ვისაც იგი წარმოადგენს, არც თვის (წარმომადგენლის) მიმართ პირადად და არც მესამე პირთან, რომლის წარმომადგენელიც იგი ამავე დროს არის.

41. გარიგება გადადების პირობითაა დადებული, უკეთუ გარიგებით განსაზღვრული უფლება და მოვალეობა უნდა წარმოიშვას პირობის დადგომისათანავე,

გარიგება გაუქმების პირობითაა დადებული, უკეთუ გარიგებით განსაზღვრული უფლება და მოვალეობა უნდა მოისპოს პირობის დადგომისთანავე.

42. პირობითად ვალდებულმა თავისი მოქმედებით არ უნდა გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობა, რაც გააუარესებს ან მოსპობს პირობაზე დამოკიდებულ უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობის დადგომისას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს მიყენებული ზარალი.

43. უკეთუ პირობის დადგომას არა კეთილსინდისიერად დააბრკოლებს ის მხარე, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დადგომილ პირობად ჩაითვლება.

უკეთუ პირობის დადგომას არა კეთილსინდისიერად ხელს შეუწყობს ის მხარე, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელია, პირობა არა დადგომილ პირობად ჩაითვლება.

V. სარჩელის ხანდაზმულობა.

44. უფლება სარჩელზე მოისპობა სამი წლის ვადის გასვლისას (სარჩელის ხანდაზმულობა), უკეთუ კანონში დადგენილი არ არის ხანდაზმულობის სხვა ვადა.

45. სარჩელის ხანდაზმულობის დენა დაიწყება იმ დროიდან, როდესაც წარმოიშობა სარჩელის აღძვრის უფლება.

იმ ვალდებულებისათვის, რომელიც შესრულებულ უნდა იქნეს კრედიტორის მოთხოვნისამებრ, სარჩელის ხანდაზმულობის დენა დაიწყება ვალდებულების წარმოშობისას.

46. სარჩელის ხანდაზმულობით მთავარი მოთხოვნის მოსპობისათანავე მოისპობა აგრეთვე სარჩელი თანამდები მოთხოვნის შესახებაც.

47. უკეთუ მოვალე ვალდებულებას ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ შეასრულებს, მას უფლება არა აქვს მოითხოვოს გადახდილის უკანვე დაბრუნება, თუ გინდ გადახდის დროს მას არა სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობა გასულია.

48. სარჩელის ხანდაზმულობის დენა შეჩერდება:

1) როდესაც მოსარჩელე დაუძლეველ დაბრკოლებათა გამო მოკლებულ იყო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, უკეთუ ამ დაბრკოლებამ თავი იჩინა ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში;

2) ვალდებულებისათვის გამოცხადებული მორატორიუმის ძალით;

3) სამხედრო მდგომარეობაზე დაყენებული წითელი არმიისა და ფლოტის შედგენილობისათვის, ვიდრე ასეთი მდგომარეობა განიგრძობა.

შენიშვნა. იმ გარემოების მოსპობის დღიდან, რაც საფუძვლად დაედვა ხანდაზმულობის დენის შეჩერებას, ვადის მსვლელობა განიგრძობა;

უკეთუ თანაც დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, იგი გაგრძელდება 6 თვემდე.

49. ყველა შემთხვევაში, როდესაც სასამართლო სცნობს, რომ საფუძვლიანია ის მიზეზი, რის გამო გადაცილებულია სარჩელის ხანდაზმულობის ვადა, მას შეუძლიან გააგრძელოს ეს ვადა.

50. სარჩელის ხანდაზმულობა შეწყდება სარჩელის აღძვრის გამო, და აგრეთვე ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც ვალის აღიარების დამადასტურებელი იქნება.

51. შეწყვეტის შემდეგ სარჩელის ხანდაზმულობა ხელ-ახლად დაიწყება;

ამასთანავე, ამის წინ გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება.

 

სანივთო სამართალი.

 

I. საკუთრების უფლება.

52. საკუთრება არის: ა) სახელმწიფო (ნაციონალიზაცია და მუნიციპალიზაცია-ქმნილი), ბ) კოოპერატიული, გ) კერძო.

53. მიწა, მიწის გული, ტყე, წყალი, საერთო სარგებლობის რკინის გზა, მისი მოძრავი შედგენილობა და საფრენი მანქანა შეიძლება იქნეს მარტოოდენ სახელმწიფოს საკუთრებად.

54. კერძო საკუთრების საგანი შეიძლება იქნეს: არამუნიციპალიზაციაქმნილი შენობა, სავაჭრო საწარმო, სამრეწველო საწარმო ‒ დაქირავებულ მუშათა იმ რიცხვით, რაც არ აღემატება ცალკე კანონით განსაზღვრულ რაოდენობას ‒ წარმოების იარაღი და საშუალება, ფული, ფასიანი ქაღალდი და სხვა ფასეულობა, მათ შორის ოქროს და ვერცხლის ფული და უცხოეთის ვალიუტა, საოჯახო, სამეურნეო და პირადი მოხმარების საგნები, საქონელი, რომლის გაყიდვაც კანონით არ არის აკრძალული, და ყოველგვარი ქონება, რაც გამორიცხული არ არის კერძო ბრუნვიდან.

55. ისეთი საწარმო, სადაც დაქირავებულ მუშათა რიცხვი აღემატება კანონით განსაზღვრულ რაოდენობას, ტელეგრაფი და რადიოტელეგრაფი, და აგრეთვე სხვა ნაგებობა, რომელსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება იქნეს კერძო საკუთრების საგნად მარტოოდენ მთავრობისაგან გამოთხოვილი კონცესიით.

56. იარაღი და სამხედრო გაწყობილობა, ასაფეთქებელი ნივთიერება და ძლიერად მომქმედი შხამი შეიძლება იქნეს კერძო ხელში მხოლოდ ხელისუფლების სათანადო ორგანოს ნებართვით.

57. კანონიერად არსებული კოოპერატიული ორგანიზაცია შეიძლება ჰფლობდეს ყოველგვარ ქონებას თანასწორად კერძო პირისა. სამრეწველო საწარმო, რომელსაც მოაწყობს და შეიძენს კოოპერატიული ორგანიზაცია სათანადო სახის კოოპერაციისათვის გამოცემულ კანონში განსაზღვრული წესით, შეიძლება იქნეს ხსენებული ორგანიზაციის საკუთრებად იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი მუშაა ამ საწარმოში.

58. კანონით დაწესებულ ფარგალში მესაკუთრეს აქვს ქონების მფლობელობისა, სარგებლობისა და განკარგულების უფლება.

შენიშვნა. განკარგულება, რასაც სახელმწიფო ქონებისათვის ანხორციელებენ სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის სამეურნეო ანგარიშზე გადასული ორგანოც, შეზღუდულია ამა კოდექსის 22 მუხლის წესებით და სათანადო ორგანოთათვის გამოცემული დებულებით.

59. მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ქონება სხვისი უკანონო მფლობელობიდან და მოსთხოვოს არა კეთილსინდისიერ მფლობელს უკან დაბრუნება ან ანაზღაურება ყველა იმ შემოსავლისა, რაც მან მიიღო და უნდა მიეღო მფლობელობის მთელი დროის განმავლობაში; ხოლო კეთილსინდისიერ მფლობელს კი მოსთხოვოს შემოსავალი მთლად, რაც მან მიიღო და უნდა მიეღო იმ დროიდან, როდესაც შეიტყო ან უნდა შეეტყო, რომ მფლობელობა არა სამართლიანია, ან მიიღო უწყება მესაკუთრის სარჩელის გამო ქონების დაბრუნების შესახებ. თავის მხრით, მფლობელს უფლება აქვს მოსთხოვოს მესაკუთრეს ქონებისათვის გაწეული საჭირო ხარჯის ანაზღაურება, იმ დროიდან, რა დროიდანაც მესაკუთრეს ერგება ქონების შემოსავალი.

მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მას თავიდან აეცილოს მისი უფლების ესა თუ ის დარღვევა, თუნდაც იგი დარღვევა შეერთებული არ იყოს მფლობელობის აღკვეთასთან.

შენიშვნა. ყოფილ მესაკუთრეს, რომლის ქონებასაც რევოლიუციონური სამართლის ძალით ექმნა ექსპროპრიაცია (ნაციონალიზაცია, მუნიციპალიზაცია, რეკვიზიცია) 1923 წლის ივნისის 15-მდე (საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წლ. ივნისის 11-ის დეკრეტი „ნაციონალიზაციისა, მუნიციპალიზაციისა და რეკვიზიციის გზით ჩამორთმეული ქონების სარგებლობის წესის შესახებ“), უფლება არა აქვს მოითხოვოს ამა ქონების უკან დაბრუნება.

60. მესაკუთრეს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება მოსთხოვოს თავისი ქონება (მუხ. 59) იმ პირს, რომელმაც კეთილსინდისიერად შეიძინა ეს ქონება არა მისგან (მესაკუთრისაგან) უშუალოდ, როდესაც ქონება მესაკუთრეს დაეკარგა ან წაერთვა. სახელმწიფო დაწესებულებასა და საწარმოს შეუძლიან მოსთხოვოს ქონება, რომელიც მას ეკუთვნოდა, ყველას, ვინც ეს ქონება შეიძინა, უკეთუ ქონება გასხვისებულ იყო რაიმე უკანონო წესით.

შენიშვნა. კეთილსინდისიერ შემძენად ჩაითვლება ის შემძენი, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ იმ პირს, ვისგანაც მან ნივთი შეიძინა, არ ქონდა ამ ნივთის გასხვისების უფლება.

61. საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს ორ ან რამდენსამე პირს ერთად წილეულად (საერთო საკუთრება).

62. საერთო საკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგულები განხორციელდება ყველა მონაწილის საერთო თანხმობით, ხოლო უკეთუ უთანხმოება აღიძვრის ‒ ხმის უმრავლესობით ისეთ შემთხვევაში კი, როდესაც ხმის უმრავლესობა მიღწეულ ვერ იქნება, მხარეთა შორის აღძრული დავა გადაეცემა გადასაწყვეტად სასამართლოს.

63. საერთო საკუთრების თვითეული მონაწილე ვალდებულია თანაბრად თავისი წილისა მონაწილეობა მიიღოს საერთო ქონების ყოველგვარ გადასახდელში და გამოსაღებში და აგრეთვე ყოველგვარ ხარჯში საერთო ქონების მართველობისა და შენახვისათვის.

64. საერთო საკუთრების მონაწილეს აქვს უფლება უპირატესობით ყიდვისა, როდესაც რომელიმე მონაწილეთაგანი გაასხვისებს თავის წილს გარეშე პირზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქონება გაიყიდება საჯარო ვაჭრობით.

65. თვითეულ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი წილის საერთო ქონებიდან გამოყოფა, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს ან ხელშეკრულებას. უკეთუ შეთანხმება გამოყოფის წესის შესახებ მიღწეულ არ იქნა, ქონება სასამართლოს დადგენილებით დანაწილდება ნატურად, რამდენადაც ეს შესაძლებელ იქნება მისი სამეურნეო დანიშნულებისათვის არათანაზომიერი ზიანის მიუყენებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში განაყოფი მესაკუთრე მიიღებს ფულად კომპენსაციას.

66. ნივთზე საკუთრების უფლება გადადის იმ ხელშეკრულების თანახმად, რაც დადებულია გამასხვისებელსა და შემძენს შორის. შემძენის საკუთრების უფლება ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთზე წარმოიშობა ხელშეკრულების ქმნის წამიდან, ხოლო გვარობითი ნიშნით (რიცხვი, წონა, ზომა) განსაზღვრულ ნივთზე ‒ მისი გადაცემის წამიდან.

67. გადაცემად ჩაითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება და აგრეთვე, უკეთუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, საქონლის გამწესრიგებელი დოკუმენტის (ტვირთის ბარათი, კონოსამენტი, საწყობის მოწმობა და სხვ.) შემძენისათვის ჩაბარება ან ფოსტაში შეტანა გასაგზავნად შემძენის მიერ დანიშვნისამებრ; ან როდესაც ნივთი ისეა გასხვისებული, რომ მისი მიტანა ნაკისრი არ არის, ჩაბარება ამ ნივთისა გადამზიდველისათვის შემძენის განკარგულებისამებრ წასაღებად ან და ფოსტაში შეტანა შემძენის განკარგულებისამებრ გასაგზავნად.

68. ქონება, რომლის მესაკუთრეც ცნობილ არ არის (უპატრონო ქონება), გადადის სახელმწიფოს საკუთრებად სპეციალურ კანონში განსაზღვრული წესისამებრ.

69. მესაკუთრის ქონების რეკვიზიცია შეიძლება მხოლოდ იმ წესით, რაც დადგენილია კერძო პირთა და საზოგადოებათა ქონების რეკვიზიციისა და კონფისკაციის დეკრეტით; ამასთანავე მესაკუთრეს უნდა აენაზღაუროს რეკვიზიციაქმნილი ქონება ბაზრის იმ საშუალო ფასების მიხედვით, რაც იყო ქონების ჩამორთმევის დროს (იხ. დანართი).

70. მესაკუთრის ქონების კონფისკაცია შეიძლება მხოლოდ სასჯელის სახით ისეთ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია კანონში (იხ. დანართი).

II. აღნაგობის უფლება.

71. ხელშეკრულებას ქალაქის ფონდიდან მიწების სააღნაგოდ გაცემის შესახებ დასდებს კომუნალური განყოფილება კოოპერატივთა შენაერთთან ან სხვა იურიდიულ პირთან, და აგრეთვე ცალკე მოქალაქესთან, ვადით 49 წლამდე ქვისა და 20 წლამდე ‒ სხვაგვარი შენობისათვის.

შენიშვნა. აღნაგობის უფლების ხელშეკრულება შეიძლება გავრცელებულ იქნეს მიწის ისეთ ნაკვეთზე, რომელიც პირდაპირ არ არის დანიშნული შენობისათვის, ხოლო ხელს უწყობს მას სამეურნეო მხრით.

72. აღნაგობის უფლების ხელშეკრულება, ბათილობის რიდით, ‒ ქმნილ უნდა იყოს სანოტარო წესით.

73. აღნაგობის უფლების ხელშეკრულებაში სავალდებულოა აღინიშნოს:

ა) ხელშეკრულების დამდებ მხარეთა სახელი;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

გ) სისწორით განსაზღვრა სააღნაგოდ გაცემული მიწის ნაკვეთისა;

დ) საიჯარო ქირის რაოდენობა ჩერვონეცის მანეთით და ამ ქირის შეტანის ვადები;

ე) რაგვარობა და ზომა შენობისა, რომლის აგებასაც კისრულობს აღმნაგი:

ვ) შენობის აგების დაწყების ვადა;

ზ) აშენების დამთავრების ვადა;

ჱ) შენობის წესიერად შენახვის პირობები;

თ) შენობის დაზღვევის პირობები და აგრეთვე მისი აღდგენის პირობები, უკეთუ იგი განადგურდა;

ი) პირგაუტეხელობის ჯარიმა ვადის გადაცილებისათვის და ხელშეკრულების სხვაგვარი დარღვევისათვის აღმნაგის მიერ.

შენიშვნა 1. შენობის დაწყებისათვის ვადა დაწესებულია არა უმეტეს ერთი წლისა ხელშეკრულების დადების დღიდან.

შენიშვნა 2. საიჯარო ქირის გადიდება შეიძლება დაწესებულ იქნეს არა უხშირეს, ვინემ ხუთ წელიწადში ერთხელ და თანაც თვითეულ ცალკე შემთხვევისათვის ხელშეკრულებაში განსაზღვრული რაოდენობით.

74. შენობის აგებისა და ექსპლოატაციის დროს აღმნაგი ვალდებულია დაიცვას დაწესებული საამშენებლო ნორმები და აგრეთვე სანიტარული და ცეცხლის საწინააღმდეგო წესები.

75. აღმნაგი ვალდებულია დააზღვიოს ცეცხლისაგან მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა მთელი ღირებულებით.

76. აღმნაგი ვალდებულია გადაიხადოს აღნაგობის უფლების ხვედრი ყველა საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახად-გამოსაღები. შენობა, რომელიც დანიშნულია საცხოვრებელ ბინად, განთავისუფლდება საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადისა და გამოსაღებისაგან სამი წლით დღიდან შენობის აგებისა.

77. შენობის ასაგებად და მისთვის სამეურნეო მხრით ხელის შესაწყობად აღმნაგის მიწის ნაკვეთზე არსებული საამშენებლო მასალის გამოყენების უფლება აღმნაგს ეკუთვნის იმ ფარგლებში, რაც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რისთვისაც მას უფლება ეძლევა აწარმოოს მუშაობა ხსენებული მასალის დამზადებისათვის.

78. აღმნაგს უფლება აქვს გამოიყენოს ის წყალი, რაც მიწის ნაკვეთზეა, და აგრეთვე მის ფარგლებში გათხაროს ჭა და გამოიყვანოს წყარო და ნაკადული.

79. აღნაგობის უფლება შეიძლება გასხვისებულ ან დაგირავებულ იქნეს.

აღნაგობის უფლების გასხვისებისა და დაგირავების ხელშეკრულება, ბათილობის რიდით, ქმნილ უნდა იყოს სანოტარო წესით, შემდგომი რეგისტრაციით სათანადო კომუნალურ განყოფილებაში.

80. უკეთუ აღმნაგი არ შეიტანს ამა თუ იმ გადასახდელს, რაც მან აღნაგობის ხელშეკრულებით ერთ წელზე უფრო მეტი დროისათვის უნდა გაიღოს, ან სხვაგვარად დაარღვევს იმ ვალდებულებას, რისთვისაც ხელშეკრულებით დაწესებულია პირგაუტეხლობის ჯარიმა, კომუნალურ განყოფილებას შეუძლიან გადახდევინება სასამართლოს წესით მიაქციოს თვით აღნაგობის უფლებაზე;

ამასთანავე გადახდევინების განსახორციელებლად აღნაგობის უფლება უნდა გაიყიდოს საჯარო ვაჭრობით.

81. აღნაგობის უფლებაზე გადახდევინების მიქცევის დროს კომუნალურ განყოფილებას ეკუთვნის სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატესი უფლება იმ პრეტენზიის დაკმაყოფილებისათვის, რაც გამომდინარეობს აღნაგობის უფლებიდან.

82. უკეთუ აღნაგობის უფლება საჯარო ვაჭრობით ვერ გაიყიდა, იგი გადადის კომუნალურ განყოფილებაზე.

83. როდესაც აღნაგობის უფლება გადავა 82 მუხ. აღნიშნული წესით ან მოისპობა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, აღმნაგმა ყველა შენობა წესიერ მდგომარეობაში უნდა ჩააბაროს კომუნალურ განყოფილებას, რომელიც გადაუხდის აღმნაგს შენობის იმ საფასურს, რადაც იგი მისი ჩაბარების დროს ეღირება, იმ ვალების ჩათვლით, რაც ერგება კომუნალურ განყოფილებას. შენობის ღირებულებას განსაზღვრავს შემფასებელი კომისია, რომელიც შესდგება კომუნალური განყოფილებისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის წარმომადგენელთაგან.

უკეთუ აღმნაგი არ დაეთანხმება კომისიის შეფასებას, მას უფლება აქვს განასაჩივროს იგი სახალხო სასამართლოში.

84. 71-83 მუხლში აღნიშნულ საფუძველზე შეიძლება გაცემულ იქნეს დასამთავრებლად ან აღსადგენად დაუმთავრებელი ან დანგრეული შენობა, უკეთუ დამთავრების ან აღდგენის საფასური, სათანადო კომუნალური განყოფილების გამოანგარიშებით, მთელი შენობის ღირებულების 30%-ზე არა ნაკლებია.

III. ქონების გ ი რ ა ვ ნ ო ბ ა.

85. გირავნობის ძალით კრედიტორს (მოგირავნე) უფლება აქვს, უკეთუ მოვალე არ შეასრულებს გირაოთი უზრუნველყოფილ მოთხოვნას, უპირატესად სხვა კრედიტორებთან შედარებით მიიღოს დაკმაყოფილება დაგირავებული ქონების ღირებულებიდან.

86. დამგირავებლად შეიძლება იყოს, როგორც თვით მოვალე, ისე მესამე პირიც. დამგირავებელი უნდა იყოს დაგირავებული ქონების მესაკუთრე. უკეთუ იგი დააგირავებს სხვის ქონებას, თანადად შეფარდებულ იქნება ამ კოდექსის 59 და 60 მუხლი.

87. გირავნობის საგნად შეიძლება იქნეს ყოველგვარი ქონება, რაც არ არის გამორიცხული ბრუნვიდან, სხვათა შორის სავალო მოთხოვნა და აღნაგობის უფლებაც.

შენიშვნა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნად შეიძლება იქნეს ოქროს და ვერცხლის ფული და უცხოეთის ვალიუტა.

88. გირაოთი შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ძალის მქონე მოთხოვნა.

89. გირავნობა წარმოიშობა ხელშეკრულების ძალით ან მაშინ, როდესაც ეს სპეციალურად აღნიშნულია კანონში.

90. გირავნობის ხელშეკრულება ქმნილ უნდა იყოს წერილობით. დაგირავება შენობისა და აღნაგობის უფლებისა, ბათილობის რიდით, ქმნილ უნდა იყოს სანოტარო წესისამებრ, ხოლო შემდგომი რეგისტრაციით სათანადო კომუნალური განყოფილებაში. ამ შემთხვევაში მოგირავნეს მიეცემა გირავნობის სიგელი.

91. გირავნობის ხელშეკრულებასა და სიგელში აღნიშნულ უნდა იქნეს:

მოვალისა და კრედიტორის სახელი და საცხოვრებელი ადგილი, დაგირავებული ქონების აღწერილობა, შეფასება და ადგილმდებარეობა, გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსი და ოდენობა, შესრულების ვადა. გარდა ამისა ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს სხვა პირობაც, რაც კანონით აკრძალული არ არის.

92. დაგირავებული ქონება, გარდა შენობისა და აღნაგობის უფლებისა, გადაეცემა მოგირავნეს. მხარეთა შეთანხმებისამებრ ქონება შეიძლება კრედიტორის კლიტითა და ბეჭდით დარჩეს მოვალესთან, რამდენადაც კანონით ან საკრედიტო დაწესებულების წესით დადგენილი არ არის სხვა რამ რიგი. ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი შეიძლება დატოვებულ იქნეს დამგირავებელის მფლობელობაში დაგირავების დამადასტურებელი ნიშნის დასმით.

93. 92 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის უფლება იმ ნივთზე, რაც განსაზღვრულია გვარობითი ნიშნით, წარმოიშობა მისი გადაცემისა ან დაბეჭვდისათანავე, ხოლო ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთზე ‒ ხელშეკრულების ქმნისათანავე.

94. ქონება შეიძლება დაეგირავოს რამდენსამე კრედიტორს; ამასთანავე დამგირავებელი ვალდებულია ყველა წინანდელი გირავნობა ამ ქონებისა აცნობოს თვითეულ შემდგომ მოგირავნეს.

გადაგირავება შენობისა და აღნაგობის უფლებისა ქმნილ უნდა იყოს 90 მუხლში აღნიშნული წესით. სხვა ქონების გადაგირავება მოხდება წერილობითი ხელშეკრულებით და წერილობითი განკარგულებით წინანდელი მოგირავნესადმი, რათა, დაკმაყოფილებისას, დაგირავებული ქონება გადასცეს ახალ მოგირავნეს.

95. გირაო უზრუნველჰყოფს მოთხოვნას იმ სივრცით, რაც იქნება ფაქტიური დაკმაყოფილების დროისათვის, კერძოდ, უზრუნველჰყოფს სარგებელს, იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მიყენებულია შესრულების ვადის გადაცილებით, სათანადო შემთხვევაში ‒ პირგაუტეხელობის ჯარიმას, და აგრეთვე გადახდევინებით გამოწვეული ხარჯის ანაზღაურებას.

96. მოგირავნეს უფლება არა აქვს გამოიყენოს დაგირავებული ქონება ან მისი ნაყოფი, უკეთუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება დაწესებული.

97. დამგირავებელი ვალდებულია სათანადოდ შეინახოს დაგირავებული ქონება და დააზღვევოს იგი. უკეთუ ქონება გადაეცა მოგირავნეს, ეს უკანასკნელი პასუხს აგებს მისი შენახვისათვის; ამ შემთხვევაში, იგივე ვალდებულია დააზღვევოს ქონება დამგირავებლის ანგარიშზე.

98. მოგირავნე, რომელმაც დაკარგა ან რომელსაც წარსტაცეს მისთვის გადაცემული საგირავნო საგანი, უფლება აქვს მოსთხოვოს იგი ყოველ მფლობელს, მათ შორის მესაკუთრესაც. იმ შემთხვევაში, როცა დაგირავებული ქონება დატოვებულია მოვალესთან (მუხ. 92), მოგირავნეს უფლება აქვს მოსთხოვოს იგი ყოველ არაკეთილსინდისიერ შემძენს, ხოლო სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ შემძენს.

შენიშვნა. იმ ქონების შემძენი, რომელსაც დასმული აქვს გირავნობის ნიშანი, იგულისხმება არაკეთილსინდისიერ შემძენად.

99. უკეთუ მოგირავნე რამდენიმეა (მუხ. 94), თვითეულ შემდგომ მოგირავნეს დაგირავებული ქონებიდან დაკმაყოფილება მიეცემა მხოლოდ წინა მოგირავნის მთლად დაკმაყოფილების შემდეგ (უფროსობა).

100. უკეთუ საჯარო გაყიდვით შემოსული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაფარავად, მოგირავნეს, რამდენადაც კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დაწესებული, უფლება აქვს დანაკლისი თანხა აინაზღაუროს მოვალის სხვა ქონებიდან. ამასთანავე, გირავნობის უფლება თავისთავად არ არის საფუძველი უპირატესი დაკმაყოფილებისათვის სხვა კრედიტორებთან შედარებით.

101. დაგირავებული ქონება, რომელიც ეკუთვნის მოვალეს, მოხმარდება მოვალის სახელმწიფო გადასახად-გამოსაღების ნარჩენის გასტუმრებას და იმ ვალების დაფარვას, რაც მის მუშა-მოსამსახურეებს სამუშაო ხელფასად მისგან ერგებათ, ‒ უპირატესად მოგირავნის პრეტენზიებისა, უკეთუ მოვალის დანარჩენი ქონება საკმარისი არ იქნება აღნიშნული ნარჩენისა და ვალების გასასტუმრებლად.

102. უკეთუ დაგირავებული ქონება განადგურდა, მოგირავნეს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების უფლება დაზღვევის სასყიდლიდან.

103. გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის გადაცემასთან ერთად, ახალ კრედიტორზე გადადის გირავნობის უფლებაც. იმ მოთხოვნის გადაცემა, რაც უზრუნველყოფილია შენობის ან აღნაგობის უფლების დაგირავებით, მოხდება გირავნობის სიგელის გადაცემით, რომელსაც უნდა ჰქონდეს გადაცემის წარწერა და რომელიც ჩაწერილ უნდა იქნეს სანოტარო სააქტო დავთარში და კომუნალური განყოფილების რეესტრში. დანარჩენ შემთხვევაში მოთხოვნა გადაიცემა გირავნობის ხელშეკრულებაზე წარწერითა და აგრეთვე დაგირავებული ქონების გადაცემით, როდესაც ასეთი გადაცემა საჭიროა გირავნობის უფლების წარმოშობისათვის (მუხ. 92, 93).

გირავნობის უფლების გადაცემა უნდა ეცნობოს მოვალეს და დამგირავებელს.

104. გირავნობა მოისპობა:

1) როცა მოისპობა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნა,

2) როცა დაგირავებული ქონება საჯარო ვაჭრობით გაიყიდება.

105. შენობისა და აღნაგობის უფლების გირავნობის მოსპობა, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, უნდა აღინიშნოს სანოტარო სააქტო დავთარში და კომუნალური განყოფილების რეესტრში კუთვნილებისამებრ.

როდესაც გირავნობა მოისპობა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოსპობის გამო, დაგირავებული ქონება, რაც მოგირავნის ხელშია, მან უნდა დაუბრუნოს დამგირავებელს ან გადასცეს შემდგომ მოგირავნეს უფროსობის მიხედვით (მუხ. 94).

 

ვალდებულების სამართალი.

 

I. ზოგადი დებულებანი.

106. ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით და კანონში აღნიშნული სხვა საფუძვლით, კერძოდ ‒ უსაფუძვლო გამდიდრებისა და სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის გამო.

107. ვალდებულების ძალით ერთ პირს (კრედიტორს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორეს (მოვალეს) განსაზღვრული მოქმედება, კერძოდ ‒ მოსთხოვოს ნივთის გადაცემა ან ფულის გადახდა, ან და მოქმედებისაგან თავის შეკავება.

108. უკეთუ ვალდებულების საგანი განსაზღვრულია მხოლოდ გვარობითი ნიშნებით, და ერთ-ერთ მხარეს ან მესამე პირს კანონით ან ხელშეკრულებით მინიჭებული არა აქვს არჩევანის უფლება, მოვალე ვალდებულია წარადგინოს საგანი საშუალო თვისებაზე არა მდარე.

უკეთუ ვალდებულების საგანი განსაზღვრულია ალტერნატიულად, არჩევანის უფლება, თუ რომ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის ნათქვამი, ეკუთვნის მოვალეს.

109. კრედიტორს უფლება აქვს არ მიიღოს ნაწილ-ნაწილად შესრულება, უკეთუ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

110. უკეთუ ვალს, კანონის ან ხელშეკრულების თანახმად, უნდა მიერიცხოს სარგებელი, რომლის რაოდენობაც აღნიშნული არ არის, ‒ წლიურად მიერიცხება 6%, (დაკანონებული სარგებელი) ვალის თანხისა, რაც გამოანგარიშებული იქნება ჩერვონეცის მანეთობით ოფიციალური კურსისამებრ.

111. შესრულება უნდა მოხდეს იმ ვადაზე, რაც განსაზღვრულია კანონით ან ხელშეკრულებით. უკეთუ შესრულების ვადა აღნიშნული არ არის, ან ნათქვამია, რომ შესრულება უნდა მოხდეს მოთხოვნისამებრ, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, ხოლო მოვალეს მოახდინოს შესრულება დაუყოვნებლივ.

ამ შემთხვევაში მოვალეს, კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენისას, შეღავათად ეძლევა შვიდი დღის ვადა, რამდენადაც კანონით სხვა რამ არ არის დაწესებული.

112. მოვალეს უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება ვადამდეც, უკეთუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების აზრს, ხოლო უფლება სარგებლის გამოკლებისა ვადამდე დარჩენილი დროისათვის (დისკონტი) მოვალეს ეკუთვნის მარტოოდენ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

113. უკეთუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული კანონით ან ხელშეკრულებით და არც იგულისხმება ვალდებულების დედააზრით, შესრულება უნდა მოხდეს:

ა) იმ ვალდებულებით, რომლის საგანსაც შეადგენს გადაცემა უფლებისა შენობაზე ან მიწის ნაკვეთზე ‒ შენობის ან ნაკვეთის მდებარეობის ადგილას;

ბ) იმ გარიგებით, რომელიც შედის მოვალის საწარმოს მოქმედების ფარგალში ‒ იმ ადგილას, სადაც საწარმოა;

გ) ფულადი ვალდებულებით – იქ, სადაც კრედიტორი ცხოვრობს ვალდებულების წარმოშობის დროს; ხოლო უკეთუ ვალდებულების შესრულების დროისათვის კრედიტორი გამოიცვლის საცხოვრებელ ადგილს, რასაც თავის დროზე აცნობებს მოვალეს, უკანასკნელი ვალდებულია მოახდინოს შესრულება კრედიტორის ახალ საცხოვრებელ ადგილას, თანაც მთელი ხარჯი, რაც გამოწვეულია შესრულების ადგილის გამოცვლით, ჩაეთვლება კრედიტორს;

დ) სხვა ვალდებულებით ‒ იქ, სადაც მოვალე ცხოვრობს ვალდებულების წარმოშობის დროს.

114. უკეთუ კრედიტორი ადგილობრივ არ იმყოფება, ან თავს აარიდებს შესრულების მიღებას, ან სხვაგვარად ვადას გადააცილებს, და აგრეთვე, უკეთუ იგი არაქმედობაუნარიანია და თანაც ადგილობრივ არ იმყოფება მისი წარმომადგენელი, უფლებამოსილი და თანახმა მიიღოს შესრულება, მოვალეს შეუძლიან, რაც ჰმართებს, შეიტანოს სასამართლოს დეპოზიტად, სასამართლო კი ამას აცნობებს კრედიტორს უწყებით ან პუბლიკაციით.

შენიშვნა. სასამართლოს დეპოზიტად შეტანის წესი განისაზღვრება ცალკე დებულებით.

115. სოლიდარული პასუხისმგებლობა წარმოიშობა, უკეთუ იგი გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან დადგენილია კანონით.

სოლიდარული ვალდებულებით კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, როგორც ყველა მოვალისაგან ერთად, ისე თვითეულისაგან ცალ-ცალკე;  ამასთანავე მას შეუძლიან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება როგორც მთლად, ისე ნაწილობრივ. უკეთუ რომელიმე მოვალისადმი გადახდევინება ვერ მოხერხდა, კრედიტორს შეუძლიან მთელი დანაკლისი გადაახდევინოს დანარჩენ მოვალეებს.

მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უფლება, უკეთუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, უკუქცევითი მოთხოვნისა დანარჩენ მოვალეებისაგან თანასწორ წილად. ის, რაც ერთი მოვალეთაგანის მიერ გადაუხდელია, დაედება ყველა დანარჩენს თანასწორად.

116. უკეთუ ერთსა და იმავე ვალდებულებაში მონაწილეა რამდენიმე კრედიტორი ან რამდენიმე მოვალე, ხოლო ვალდებულების საგანი ვერ განიყოფება, მოვალენი ჩაითვლებიან სოლიდარულ მოვალეებად, კრედიტორები კი ‒ სოლიდარულ კრედიტორებად, რომელთა შორის თვითეულს აქვს უფლება წარადგინოს მოთხოვნა მთლიანად. უკეთუ ვალდებულების საგანი განიყოფება, თვითეული მოვალე ვალდებულია შეასრულოს, ხოლო თვითეულ კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება თანასწორ წილად, რამდენადაც კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

117. უკეთუ მოვალე ვალდებულებას არ შეასრულებს, იგი მოვალეა აუნაზღაუროს კრედიტორს შეუსრულებლობით მიყენებული ზარალი. ზარალად იგულისხმება, როგორც ნამდვილი ზიანი ქონებისა, ისე ანაცდენი გამორჩენა, რაც შესაძლებელი იქნებოდა ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში.

118. მოვალე, რამდენადაც კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან შეუსრულებლობისათვის, უკეთუ დაამტკიცებს, რომ შესრულება შეუძლებელი იყო ისეთი გარემოების გამო, რომლის აცდენაც მას არ ძალუძდა, ან და კრედიტორის განზრახვისა თუ გაუფრთხილებლობის გამო.

119. ყოველ შემთხვევაში შესრულების შეუძლებლობა არ გაანთავისუფლებს მოვალეს პასუხისმგებლობისაგან:

1) უკეთუ ვალდებულების საგანი განსაზღვრულია გვარობითი ნიშნებით, და იმგვარივე ქონების წარდგენა ობიექტურად შეუძლებელი არ შეიქნა;

2) უკეთუ იმ პირმა, რომელსაც კანონის ძალით ან მოვალის მინდობილობით დაკისრებული ჰქონდა ვალდებულების შესრულება, განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოიწვია ან არ აიცდინა ის გარემოება, რამაც შესრულება შეუძლებელი გახადა.

120. უკეთუ მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, რომლის საგანსაც შეადგენს კრედიტორის სარგებლობაში ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის გადაცემა, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოს წესით, რათა მოვალეს ჩამოერთვას ნივთი და გადაეცეს მას, კრედიტორს. უფლება ესე მოისპობა, უკეთუ ნივთი გადაეცა მესამე პირს, რომელსაც საამისოდ აქვს იმგვარივე უფლება. უკეთუ ნივთი არ არის გადაცემული, ორ კრედიტორს შორის უპირატესობა იმას ეძლევა, რომლის სასარგებლოდაც ვალდებულება უადრეს წარმოიშვა.

121. მოვალისაგან შესრულების ვადის გადაცილება ვალდებულად ხდის მას აუნაზღაუროს კრედიტორს ვადის გადაცილებით მიყენებული ზარალი და აკისრებს მას (მოვალეს) პასუხისმგებლობას შესრულების შეუძლებლობისათვის, რაც შემთხვევით მოჰყვა ვადის გადაცილებას. უკეთუ ვადის გადაცილების გამო, ვალდებულების შესრულებას დაეკარგება ინტერესი კრედიტორისათვის, მას შეუძლიან უარი სთქვას შესრულების მიღებაზე და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება ისე, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მოვალე, რომელიც ფულის თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, ყოველ შემთხვევაში, ვადაზე გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს დაკანონებული სარგებელი, უკეთუ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის უფრო დიდი სარგებელი.

შენიშვნა. მოვალეს ვადა გადაცილებულად ჩაეთვლება, უკეთუ მან არ შეასრულა ვალდებულება დაწესებულ ვადაზე (მუხ. 111). ვადა არ ჩაითვლება გადაცილებულად, ვიდრე ვალდებულების აღსრულება შეუძლებელია ისეთი გარემოების გამო, რომლისთვისაც მოვალე პასუხს არ აგებს, კერძოდ ‒ კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების გამო (მუხ. 122).

122. უკეთუ კრედიტორი ვადას გადააცილებს იმის მისაღებად, რაც ხელშეკრულებით

მას ერგება, მოვალეს უფლება აქვს აინაზღაუროს ვადის გადაცილებით მიყენებული ზარალი, და იგი განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისათვის, რაც მოჰყვა ვადის გადაცილებას, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ეს მოხდება განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით. ფულადი პროცენტიანი ვალით მოვალე არ არის ვალდებული გადაიხადოს სარგებელი კრედიტორის მიერ ვადაზე გადაცილებულ დროისათვის.

შენიშვნა. კრედიტორს ვადა გადაცილებულად ჩაეთვლება, უკეთუ იგი, თვინიერ კანონიერი საფუძვლისა, უარს იტყვის მიიღოს შესრულება, ან არ აასრულებს იმ მოქმედებას, რაც შეადგენს მის მოვალეობას, და რის შესრულებამდეც მოვალეს არ შეუძლიან აღასრულოს თავისი ვალდებულება.

123. წესი იმ საზღაურის გადახდევინებისა, რაც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი აქვს კრედიტორს შეუსრულებლობისათვის ან ვადის გადაცილებისათვის, სასამართლოს შეუძლიან განსაზღვროს მოვალის ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით (ვადის გადადება და განაწილება).

124. კრედიტორს შეუძლიან მოთხოვნა სხვა პირს დაუთმოს, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს ან ხელშეკრულებას, ან რამდენადაც მოთხოვნა დაკავშირებული არ არის კრედიტორის პიროვნებასთან. მოთხოვნის დათმობა მოვალეს უნდა ეცნობოს, და, ვიდრე ეცნობებოდეს, მას უფლება აქვს ვალდებულებას უწინდელი კრედიტორის მიმართ ასრულებდეს.

125. მოთხოვნის შემძენზე გადადის ყველა უფლება, რაც უზრუნველჰყოფს შესრულებას.

126. თავისი ვალის სხვა პირზე გადატანა მოვალეს შეუძლიან მხოლოდ კრედიტორის თანხმობით.

127. თავდებობა და გირავნობა, დაწესებული მესამე პირის მიერ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოისპობა ვალის გადატანისათანავე, უკეთუ დამგირავებელი ან თავდები არ განაცხადებს თანხმობას პასუხი აგოს ახალი მოვალისათვისაც.

128. მოთხოვნის დათმობა და ვალის გადატანა უნდა მოხდეს იმ ფორმით, რაც დაწესებულია ხელშეკრულებათათვის საერთოდ, რამდენადაც კანონში სხვა რამ არ არის ნათქვამი სპეციალურად. იმ მოთხოვნის დათმობა ან იმ ვალის გადატანა, რაც გამომდინარეობს წერილობითი ხელშეკრულებიდან, ყოველ შემთხვევაში, უნდა მოხდეს იმავე ფორმით.

129. ვალდებულება მოისპობა მთლად ან ნაწილობრივ:

ა) მისი შესრულებით:

ბ) შეგებებული იმგვარივე მოთხოვნის ჩათვლით, რომლის ვადაც დამდგარია;

გ) მოვალისა და კრედიტორის შეთავსებით ერთ პიროვნებაში; ამასთანავე, შეთავსების მოსპობისას, ვალდებულება კვლავ წარმოიშობა;

დ) მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ ‒ ახალი ხელშეკრულების დადებით, რომელმაც უნდა შეცვალოს წინანდელი;

ე) შესრულების შეუძლებლობით, რომლისთვისაც მოვალე პასუხს არ აგებს (მუხ. 118).

II. ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებანი.

130. ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, როდესაც მხარენი გამოსთქვამენ ერთმანეთში თანხმობას, ‒ სათანადო შემთხვევაში იმ ფორმით, რასაც მოითხოვს კანონი, ‒ ხელშეკრულების ყველა არსებით პუნქტზე. არსებით პუნქტად, ყოველ შემთხვევაში, ჩაითვლება ხელშეკრულების საგანი, ფასი, ვადა, და აგრეთვე ყველა ისეთი პუნქტი, რომლის შესახებაც ერთ-ერთი მხარის წინასწარი განცხადებისამებრ, მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება.

შენიშვნა 1. როდესაც კანონით დაწესებულია, რომ ხელშეკრულება უსათუოდ უნდა ქმნილ ან შემოწმებულ იქნეს სანოტარო ორგანოში, ხელშეკრულება, რამდენადაც კანონით სხვა რამ არ არის დაწესებული, დადებულად ჩაითვლება მისი სანოტარო წესით ქმნისა ან შემოწმების წამიდან.

შენიშვნა 2. როდესაც მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ხელშეკრულება უნდა ჩამოყალიბდეს განსაზღვრულ ფორმაში, თუნდაც ამას კანონი არ მოითხოვდეს, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი აღნიშნულ ფორმაში ჩამოყალიბდება.

131. წინადადება ხელშეკრულების დასადებად, მიცემული თანამყოფი პირისათვის, პასუხის ვადის აღუნიშვნელად, შეჰბორკავს წინადადების მიმცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ კონტრაგენტი დაუყოვნებლივ განაცხადებს, რომ იგი იზიარებს წინადადებას.

შენიშვნა. ტელეფონით მიცემული წინადადება ჩაითვლება თანამყოფი პირისათვის მიცემულ წინადადებად.

132. უკეთუ წინადადება ხელშეკრულების დასადებად მიეცემა არა თანამყოფ პირს პასუხის ვადის აღუნიშვნელად, იგი შეჰბორკავს მის მიმცემს იმ ხნის განმავლობაში, რაც ნორმალურად საჭიროა პასუხის მისაღებად.

133. უკეთუ წინადადების პასუხისათვის მიცემულია განსაზღვრული ვადა, წინადადების მიმცემი პირი შებორკილია მხოლოდ ვადის გასვლამდე. უკეთუ დაგვიანებით მიღებული განცხადებიდან წინადადების გაზიარების შესახებ სჩანს, რომ ეს განცხადება გამოგზავნილი იყო თავის დროზე, იგი ჩაითვლება დაგვიანებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ პასუხის მიმღები დაუყოვნებლივ აცნობებს ამას მეორე მხარეს.

134. ხელშეკრულება არათანამყოფ პირთან დადებულად ჩაითვლება წინადადების მიმცემი პირის მიერ პასუხის მიღების წამიდან, რამდენადაც წინადადების აზრიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

135. განცხადება, რომ წინადადება გაზიარებულია სხვა პირობებით, ვინემ აღნიშნულ იყო წინადადებაში, ჩაითვლება წინადადების უარყოფად და იმავე დროს ახალ წინადადებად.

136. ხელშეკრულება 82 ½, ჩერვონეცის მეტი თანხისა ქმნილ უნდა იყოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, რაც კანონში ცალკეა გათვალისწინებული.

შენიშვნა. უკეთუ ამა მუხლში აღნიშნული წესი დაცულ არ იქნება, მხარენი დაჰკარგავენ უფლებას, როდესაც დავა აღიძვრება, ხელშეკრულების დასადასტურებლად დაეყრდნენ მოწმეთა ჩვენებას, ხოლო არ დაჰკარგავენ უფლებას მოიყვანონ წერილობითი დამამტკიცებელი საბუთი.

137. სახელმწიფო დაწესებულებათა და საწარმოთა, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მიერ, მათ შორის პროფესიულ კავშირთა მიერ, კერძო პირებთან და ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულება აუცილებლად დამოწმებულ უნდა იქნას სანოტარო წესით.

138. ქონების უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება (გაჩუქება) 1650 ჩერვონეცზე მეტი თანხისა ბათილია.

ქონების გაჩუქება 165 ჩერვონეცზე მეტი თანხისა, ბათილობის რიდით, უნდა მოხდეს სანოტარო წესით.

139. ორმხრივი ხელშეკრულებით თვითოეულ მხარეს უფლება აქვს უარი სთქვას მოწინააღმდეგე მხარის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე არ მიიღებს შესაგებებელ დაკმაყოფილებას, უკეთუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან უფლებრივი ურთიერთობის დედააზრიდან არ გამომდინარეობს ის, რომ ერთი მხარე ვალდებულია მეორეზე ადრე შეასრულოს თავისი ვალდებულება.

შენიშვნა. ორმხრივ ხელშეკრულებად ჩაითვლება ის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ორივე მხარე კისრულობს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას.

140. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს, უკეთუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დაწესებული, როგორც იმ მხარემ, რომელმაც მოვალეს ვალდებულება დააკისრა, ისე მესამე პირმაც, რომლის სასარგებლოდაც დადებულია ხელშეკრულება, უკეთუ ის პირი, რომლის სასარგებლოდაც ხელშეკრულება დაიდო, განუცხადებს მოვალეს, რომ მას სურს გამოიყენოს მის სასარგებლოდ შეპირებული უფლება, ხელშეკრულების დამდები მხარენი დაჰკარგავენ უფლებას შეცვალონ ან გააუქმონ ხელშეკრულება ხსენებული პირის დაუთანხმებლად. უკეთუ ის პირი, რომლის სასარგებლოდაც ხელშეკრულება დაიდო, უარს იტყვის ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებულ უფლებაზე, იმ მხარეს, რომელმაც ეს უფლება შეაპირებინა, შეუძლიან თვითონ გამოიყენოს იგი, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების აზრს.

141. პირგაუტეხელობის ჯარიმად ჩაითვლება ფულადი თანხა ან სხვა ქონებრივი საფასური, რომელსაც ერთი კონტრაგენტი კისრულობს გადაუხადოს მეორე კონტრაგენტს ხელშეკრულების შეუსრულებლობისა ან არა სათანადო შესრულებისათვის.

უკეთუ ხელშეკრულება შეიცავს პირობას პირგაუტეხელობის ჯარიმის შესახებ, ან ეს პირობა დადებულია მხარეთა შორის დამატებით კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს, თავისი შეხედულებისამებრ, ან ზარალის ანაზღაურება, რაც მიყენებულია შეუსრულებლობით, ან პირგაუტეხელობის ჯარიმის გადახდა. უკეთუ პირგაუტეხელობის ჯარიმა დაწესებულია ვადის გადაცილებისათვის ან არასათანადო

შესრულებისათვის, კრედიტორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დროს მოითხოვოს როგორც ხელშეკრულების შესრულება, ისე პირგაუტეხელობის ჯარიმის გადახდა ან ზარალის ანაზღაურება, რაც მიყენებულია ვადის გადაცილებით ან არა სათანადო შესრულებით.

შენიშვნა 1. ზარალისა და პირგაუტეხელობის ჯარიმის ერთსა და იმავე დროს გადახდევინება შეიძლება მხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით ცალკე გათვალისწინებულ შემთხვევაში.

შენიშვნა 2. შეთანხმება პირგაუტეხელობის ჯარიმის შესახებ უნდა ქმნილ იყოს წერილობით, მიუხედავათ მისი თანხისა და იმ ფორმისა, რომლითაც დადებულია ძირითადი ხელშეკრულება.

142. უკეთუ პირგაუტეხელობის გადასახდელი ჯარიმა მეტის-მეტად დიდია კრედიტორის ნამდვილ ზარალთან შედარებით, სასამართლოს უფლება აქვს მოვალის თხოვნით შეამციროს პირგაუტეხელობის ჯარიმა. ამასთანავე სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს:

1) ის, თუ რამდენად შეასრულა მოვალემ ვალდებულება;

2) ქონებრივი მდგომარეობა ორივე მხარისა;

3) არა მარტო ქონებრივი, არამედ ყოველნაირი სხვა პატივსადები ინტერესი კრედიტორისა.

143. ბედ ჩაითვლება ფულადი თანხა ან სხვა ქონებრივი საფასური, რომელსაც ერთი კონტრაგენტი ხელშეკრულების დასადასტურებლად და შესრულების უზრუნველსაყოფად მისცემს მეორე კონტრაგენტს იმ გადასახდელის ანგარიშში, რაც

მას ხელშეკრულებით ჰმართებს. უკეთუ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელია ის პირი, რომელმაც ბე მისცა, იგი დაჰკარგავს ბეს. უკეთუ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელია ის პირი, რომელმაც ბე მიიღო, იგი ვალდებულია დააბრუნოს ბე ერთი-ორად. გარდა ამისა, ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელი მხარე ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი ბეს ჩათვლით, უკეთუ ხელშეკრულებაში საწინააღმდეგო რამ არ არის დადგენილი.

ბე ჩაითვლება გასამცლელოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ ასეთი პირობა დადებულ იქნება მხარეთა შორის.

144. უკეთუ ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება ერთ-ერთი მხარისათვის შეუძლებელი შეიქნა ისეთი გარემოების გამო, რომლისთვისაც არც ის, არც მეორე მხარე პასუხს არ აგებს, მას, თუ რომ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლება არა აქვს მოსთხოვოს, მეორე მხარეს დაკმაყოფილება ხელშეკრულებით. თვითოეულ მხარეს უფლება აქვს, უკეთუ სათანადო შესაგებებელ დაკმაყოფილებას არ მიიღებს, მოსთხოვოს კონტრაგენტს დაუბრუნოს ყოველივე ის, რაც მან შეასრულა.

145. უკეთუ ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება ერთ-ერთი მხარისათვის შეუძლებელი შეიქნა ისეთი გარემოების გამო, რომლისთვისაც იგი პასუხს აგებს, მეორე მხარეს, თუ რომ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლება აქვს გაეცალოს ხელშეკრულებას და გადაახდევინოს კონტრაგენტს შეუსრულებლობით მიყენებული ზარალი (მუხ. 117).

146. უკეთუ ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება ერთ-ერთი მხარისათვის შეუძლებელი შეიქნა ისეთი გარემოების გამო, რომლისთვისაც პასუხს აგებს მეორე მხარე, პირველი შეინარჩუნებს შესაგებებელი დაკმაყოფილების უფლებას იმ გამორჩენის ჩათვლით, რაც მან დაზოგა ან შეიძინა ვალდებულებისაგან განთავისუფლების გამო.

147. უკეთუ ხელშეკრულება ბათილია, როგორც კანონის საწინააღმდეგო ან სახელმწიფოს აშკარა საზიანოდ მიმართული (მუხ. 30), არც ერთ მხარეს უფლება არა აქვს მოითხოვოს მეორისაგან იმის უკან დაბრუნება, რაც ხელშეკრულებით შესრულებულ იყო.

უსაფუძვლოდ შეძენილი სიმდიდრე გადახდევინებულ უნდა იქნეს სახელმწიფოს შემოსავლად (მუხ. 402).

148. უკეთუ ხელშეკრულება ბათილია, როგორც დადებული არაქმედობაუნარიანი პირის მიერ (მუხ. 31), თვითეული მხარე ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც ხელშეკრულებით მიუღია. ქმედობაუნარიანი კონტრაგენტი ვალდებულია აუნაზღაუროს არაქმედობაუნარიანს ქონების პირდაპირი ზარალი, რაც მას მოუვიდა ხელშეკრულების გამო.

149. უკეთუ ხელშეკრულება გაბათილებულია, როგორც დადებული მოტყუებისა, ძალადობისა, ან მუქარის გავლენით, ან ერთი მხარის წარმომადგენლის მოწინააღმდეგე მხარესთან ბოროტგანზრახული შეთანხმებით (მუხ. 32), და აგრეთვე, როგორც მიმართული უკიდურესი გაჭირვების გამოსაყენებლად (მუხ. 33), დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს კონტრაგენტს დაუბრუნოს მას ყველაფერი, რაც ხელშეკრულებით შეუსრულებია. მეორე მხარეს ასეთი უფლება არა აქვს.

ის, რითაც დაზარალებული მხარე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, გადახდევინებულ უნდა იქნეს სახელმწიფოს შემოსავლად (მუხ. 402).

150. უკეთუ ხელშეკრულება, მიმართული უკიდურესი გაჭირვების გამოსაყენებლად (მუხ. 33), არ იქნა გაბათილებული, არამედ მხოლოდ მოშლილია შემდგომისათვის, დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს კონტრაგენტს დაუბრუნოს მას მის მიერ შესრულებულიდან მხოლოდ ის, რისთვისაც შესაგებებელი დაკმაყოფილება ხელშეკრულების დაშლამდე არ მიუღია.

ის, რითაც დაზარალებული მხარე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, გადახდევინებულ უნდა იქნეს სახელმწიფოს შემოსავლად (მუხ. 402).

151. უკეთუ ხელშეკრულება გაბათილებულია კანონით დადგენილი ფორმის დარღვევის გამო (მუხ. 29), ან ერთი მხარის შეცდომილობის გამო (მუხ. 32), თვითეული მხარე ვალდებულია დაუბრუნოს მეორეს ყველაფერი, რაც მას ხელშეკრულებით მიუღია.

მხარე, რომელიც პასუხისმგებელია იმ გარემოებისათვის, რამაც შეცდომილობა გამოიწვია, ვალდებულია აუნაზღაუროს კონტრაგენტს ის ზარალი, რაც ხელშეკრულებით მის ქონებას ნამდვილად მიეყენა.

მხარე, რომლის უხეში დაუდევრობითაც გამოწვეულია შეცდომილობა, ვალდებულია ზარალი მეორე მხარეს აუნაზღაუროს ისე, როგორც ხელშეკრულების არ შემსრულებელმა.

შენიშვნა. იგულისხმება, რომ პასუხისმგებლობა შეცდომილობისათვის შეცდომილს აწევს. ერთი მხარის უხეში დაუდევრობა დამტკიცებულ უნდა იქნეს მეორე მხარის მიერ.

III. ქონების ქირავნობა.

152. ქონების ქირავნობის ხელშეკრულებით ერთი მხარე (გამქირავებელი) კისრულობს მისცეს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ქონება დროებითი სარგებლობისათვის განსაზღვრული სასყიდლით.

153. ხელშეკრულება სახელმწიფო ან კომუნალური საწარმოს დაქირავებისა, ბათილობის რიდით, უნდა ქმნილ იყოს სანოტარო წესისამებრ.

ხელშეკრულება ყოველგვარი ქონების დაქირავებისა ერთ წელზე უფრო მეტი ვადით უნდა ქმნილ იყოს წერილობით, იმ შედეგის რიდით, რაც აღნიშნულია 136-ე მუხლის შენიშვნაში.

სახელმწიფო და კომუნალური საწარმოს დაქირავების ხელშეკრულებას, ბათილობის რიდით, უნდა დაერთოს ყველა გაქირავებული ქონების აღწერილობა.

154. დაქირავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს. შეპირებული ვადის გასვლისას, ქირავნობა შეიძლება განგრძობილ იქნეს ახალი ხელშეკრულების დადებით. უკეთუ დაქირავებული ქონების სარგებლობა ფაქტიურად განგრძობილია, გამქირავებლის მდუმარე თანხმობით, ხელშეკრულება ჩაითვლება განახლებულად გადუწყვეტელი ვადით (მუხ. 155).

155. უკეთუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია ისე, რომ ვადა აღნიშნული არ იყო, იგი ჩაითვლება გადუწყვეტელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად, და თვითეულ მხარეს უფლება აქვს მოსპოს ხელშეკრულების მოქმედება ყოველ დროს ისე, რომ წინასწარ აცნობოს მეორე მხარეს: როდესაც დაქირავებულია საწარმო და სადგომი სავაჭრო-სამრეწველო საწარმოსათვის და საცხოვრებლად ‒ 3 თვით ადრე, ხოლო როდესაც დაქირავებულია სხვა ქონება ‒ 1 თვით ადრე.

156. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი არის სახელმწიფო დაწესებულება და საწარმო ან და დაქირავებული მუშა და მოსამსახურე, სახელმწიფო სასწავლებლის მოწაფე, წითელარმიელის სარჩენი მისი ოჯახის წევრი, შრომისა და ომის ინვალიდი, საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხელშეკრულება ავტომატიურად განახლდება იმავე პირობებით და გადუწყვეტელი ვადით, მიუხედავათ გამქირავებლის თანხმობისა. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების მოსპობის უფლება, 171-ე და 172-ე მუხლში აღნიშნული გამონაკლისის გარდა, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დამქირავებელს.

შენიშვნა. ამა მუხლში აღნიშნული უფლება ეკუთვნის კერძო საწარმოს იმ მოსამსახურეს მხოლოდ, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიონალური კავშირის წევრი.

157. გამქირავებელი ვალდებულია თავის დროზე ჩააბაროს დამქირავებელს ქონება ისეთ მდგომარეობაში, რაც შეეფერება ხელშეკრულებას და დაქირავებული ქონების დანიშნულებას. იგი პასუხს არ აგებს იმ ნაკლისათვის, რაც დამქირავებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების დადების დროს.

158. უკეთუ გამქირავებელი არ ჩააბარებს დამქირავებელს დაქირავებულ ქონებას სარგებლობად, დამქირავებელს უფლება აქვს ან მოითხოვოს მისგან ქონება 120 მუხლის თანახმად, ან გაეცალოს ხელშეკრულებას (მუხ. 171, პუნქ. „ა“) და გადაახდევინოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალი.

159. ძირითადი შეკეთება შეადგენს გამქირავებლის მოვალეობას, უკეთუ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამქირავებლის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობა უფლებას აძლევს დამქირავებელს მოახდინოს ძირითადი შეკეთება, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, და ამ შეკეთების ღირებულება ჩასთვალოს ქირაში, ან გაეცალოს ხელშეკრულებას (მუხ. I71, პ. „ბ“) და გადაახდევინოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალი.

შენიშვნა. როდესაც დაქირავებულია ნაციონალიზაცია ან  მუნიციპალიზაცია‒ქმნილი საწარმო და შენობა, ძირითადი შეკეთება შეადგენს დამქირავებლის მოვალეობას, უკეთუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის დადგენილი.

160. დამქირავებელი ვალდებულია გამოიყენოს დაქირავებული ქონება ხელშეკრულების თანახმად, ხოლო, რამდენადაც ხელშეკრულებაში ნათქვამი არ არის რა ‒ ქონების დანიშნულების თანახმად.

161. დამქირავებელი ვალდებულია მოახდინოს თავის ხარჯზე დაქირავებული ქონების სახელდახელო შეკეთება, უკეთუ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის დადგენილი.

162. ნაციონალიზაცია ან  მუნიციპალიზაცია‒ქმნილი სამრეწველო საწარმოს დამქირავებელი ვალდებულია ეწეოდეს წარმოებას არა უმცირეს ხელშეკრულებით დაწესებული მინიმუმისა. გამოსამუშავებელი მინიმუმი და ვადა, რომლის განმავლობაშიაც იგი მიღწეულ უნდა იქნეს, აღნიშნულ უნდა იქნეს ხელშეკრულებაში,მისი ბათილობის რიდით.

163. გამოსაღები და ბეგარა, რაც დაკავშირებულია დაქირავებულ ქონებასთან, დაეკისრება დამქირავებელს, უკეთუ კანონსა ან ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის დადგენილი.

164. ნაციონალიზაცია ან  მუნიციპალიზაცია‒ქმნილი საწარმოს ან შენობის დამქირავებელი ვალდებულია დააზღვევოს იგი სრულ ღირებულებად თავის ხარჯზე სახელმწიფოს ან ადგილობრივი საბჭოს სასარგებლოდ ‒ კუთვნილებისამებრ.

165. ქირა შეიძლება გასტუმრებულ იქნეს:

ა) განსაზღვრული ვადიანი გადასახდელის შეტანით ფულად ან ნატურად,

ბ) პროდუქტებისა, გამოსამუშავებელი საგნებისა, სადგომის გამოსაყენებელი სივრცისა ან ფულადი შემოსავლის შეპირებული ნაწილის გადარიცხვით,

გ) განსაზღვრული სამსახურის გაწევით,

დ) ქირის გასტუმრების აღნიშნული ფორმების შეჯუფთვით.

166. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი არის 156 მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიებში აღნიშნული პირთაგანი, საცხოვრებელი ბინის ქირა არ შეიძლება შეპირებულ იქნეს იმ განაკვეთზე მეტი, რაც დაწესებულია ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის მიერ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებულ ფარგალში, და შეტანილ უნდა იქნეს თვითეული თვისათვის არა უგვიანეს შემდეგი თვის 15-ის რიცხვისა.

167. დამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ქირის სათანადოდ შემცირება, უკეთუ ისეთი გარემოების ძალით, რომლისთვისაც იგი პასუხს არ აგებს, დაქირავებული ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენების შესაძლებლობა არსებითად შემცირდა.

168. დამქირავებელს უფლება აქვს, უკეთუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თავისით გააქირავოს დაქირავებული ქონება მთლად ან ნაწილობრივ, ხოლო იგი პასუხისმგებელი დარჩება გამქირავებლის წინაშე დადებული ხელშეკრულებისამებრ.

შენიშვნა. დამქირავებელს შეუძლიან გააქირავოს ნაციონალიზაცია ან  მუნიციპალიზაცია‒ქმნილი ქონება მხოლოდ გამქირავებელის წერილობითი ნებართვით.

169. უკეთუ გამქირავებლის ქონების საკუთრების უფლება სხვა პირზე გადავა, ქირავნობის ხელშეკრულება ძალაში დარჩება ახალი მესაკუთრისათვის.

170. დამქირავებელს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისაგანაც.

171. სასამართლოს შეუძლიან დაინტერესებული პირის ან დაწესებულების მოთხოვნით ვადამდე მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება:

ა) უკეთუ გამქირავებელი არ ჩააბარებს დამქირავებელს შეპირებულ ქონებას სარგებლობად,

ბ) უკეთუ დამქირავებელმა დადგენილ ვადაზე არ მოახდინა ის შეკეთება, რაც მის მოვალეობას შეადგენს, ან უკეთუ ქონება, ისეთი გარემოების ძალით, რომლისთვისაც დამქირავებელი პასუხს არ აგებს, აღმოჩნდება პირობით განსაზღვრულ სარგებლობისათვის უვარგის მდგომარეობაში,

გ) უკეთუ დამქირავებელი განზრახ ან დაუდევრობით წაახდენს ქონებას,

დ) უკეთუ დამქირავებელი გამოიყენებს ქონებას არა თანახმად კანონისა, ხელშეკრულებისა ან ქონების დანიშნულებისა,

ე) უკეთუ საცხოვრებელი ბინის დამქირავებელი თავისი ყოფაქცევით შეუძლებელ ჰყოფს სხვა მცხოვრებთათვის სახლში მასთან ერთად ცხოვრებას,

ვ) უკეთუ სახელმწიფო საწარმოს დამქირავებელმა დადგენილ ვადაზე ვერ მიაღწევინა გამომუშავებას ხელშეკრულებაში აღნიშნულ დონემდე,

ზ) უკეთუ დამქირავებელმა დადგენილ ვადაზე არ მოახდინა ის შეკეთება, რაც მის მოვალეობას შეადგენდა,

ჱ) უკეთუ დამქირავებელმა არ გადაიხადა ქირა ორი თვის განმავლობაში ვადის გასვლის შემდეგაც, ხოლო, როდესაც გამქირავებელი ვადის გასვლის შემდეგ მოაგონებს დამქირავებელს ქირის გადახდას, ‒ არ გადაიხადა ერთი თვის განმავლობაში დღიდან ასეთი მოგონებისა.

172. ადმინისტრაციული წესით საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება შეიძლება მხოლოდ კანონით ცალკე გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამ შემთხვევისათვის გაფრთხილების ვადა შეიძლება დადგენილ იქნეს უფრო მოკლე, ვიდრე 155-ე მუხლშია აღნიშნული.

173. შემჭიდროებისა და თვითშემჭიდროების წესი საცხოვრებელი სადგომების იმ დამქირავებლებისა, რომელთაც უჭირავთ დაწესებულ ნორმაზე მეტი საცხოვრებელი სივრცე, განისაზღვრება ცალკე წესებით.

174. ხელშეკრულების ვადის გასვლისას, დამქირავებელი ვალდებულია ჩააბაროს გამქირავებელს ქონება ყველა საკუთვნებელით წესიერ მდგომარეობაში.

175. უკეთუ დამქირავებელმა მიიღო სარგებლობად ქონება კუთვნილი ინვენტარით, იგი ვალდებულია ქირავნობის დამთავრებისას, დაუბრუნოს გამქირავებელს ინვენტარი წესიერ მდგომარეობაში აღწერილობის მიხედვით, უკეთუ ასეთი აღწერილობა შედგენილ იყო; ამასთანავე იგი ვალდებულია შეავსოს ინვენტარის დანაკლისი და გამოცვალოს რაც გაუვარგისებულია.

176. უკეთუ დამქირავებელმა წაახდინა ქონება, ან მიანება ‒ წახდენილიყო, ან ფასი დაუკარგა მას, დამქირავებელი ვალდებულია აუნაზღაუროს გამქირავებელს მიყენებული ზარალი.

177. დამქირავებელი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რაც დაქირავებულ ქონებას მიაყენა მისმა მეოჯახემ, მოსამსახურემ ან მუშამ.

178. უკეთუ დამქირავებელმა გამქირავებლის ნებართვით გააუმჯობესა ქონება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს გამქირავებელს სათანადო სასყიდელი.

179. ის, რითაც ქონება გაუმჯობესებულ იქნა გამქირავებლის თანხმობის გარეშე, უკეთუ მისი გამოყოფა შესაძლებელია ქონების დაუზიანებლად, და ამასთანავე გამქირავებელი არ მოისურვებს მისი ღირებულების ანაზღაურებას, დამქირავებელს შეუძლიან თავისად გამოიტანოს.

შენიშვნა. ის რითაც მოიჯარადრე გააუმჯობესებს ნაციონალიზაცია ან მუნიციპალიზაცია‒ქმნილ საწარმოს ან შენობას, დაქირავების ვადის გასვლისას უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს ან ადგილობრივ საბჭოს ‒ კუთვნილებისამებრ.

IV. ნასყიდობა.

180. ნასყიდობის ხელშეკრულებით ერთი მხარე (გამყიდველი) კისრულობს გადასცეს ქონება საკუთრებად მეორე მხარეს (მყიდველს), ხოლო მყიდველი კისრულობს მიიღოს ეს ქონება და გადაიხადოს შეპირებული ფასი.

181. ნასყიდობის საგნად შეიძლება იყოს ყოველი ქონება, რაც გამორიცხული არ არის სამოქალაქო ბრუნვიდან.

შენიშვნა. ოქროს და ვერცხლის ფულისა და უცხოეთის ვალიუტის ყიდვის უფლება მოწესრიგდება ცალკე წესით.

182. არამუნიციპალიზაცია‒ქმნილი საცხოვრებელი შენობა შეიძლება იქნეს ნასყიდობის საგნად იმ პირობით, რომ:

I) მის შედეგად მყიდველისა, მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის ხელში არ იყოს ორი ან მეტი მფლობელობა,

2) რომ გამყიდველისა, მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის სახელით 3 წელიწადში გასხვისებულ იქნეს არა უმეტეს ერთი მფლობელობისა.

შენიშვნა. მფლობელობად ჩაითვლება სახლი საცხოვრებელი და ხელშემწყობი საეზოვო შენობებით, რაც მას აკრავს.

183. ქონების გაყიდვის უფლება აქვს მესაკუთრეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება გაიყიდება საჯარო ვაჭრობით. უკეთუ ქონება გაიყიდა არა მესაკუთრის მიერ, მყიდველი შეიძენს საკუთრების უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს, თანახმად 59 და 60 მუხლისა, არა აქვს უფლება მოითხოვოს მისგან ქონება.

184. ნასყიდობა ანგარიშის ნაღდად გასწორებით შეიძლება ქმნილ იყოს სიტყვიერად, რა თანხისაც უნდა იყოს იგი.

185. შენობისა და აღნაგობის უფლების ნასყიდობა, ბათილობის რიდით, უნდა ქმნილ იყოს სანოტარო წესისამებრ.

186. უკეთუ სხვა რამ შეთანხმება არ არსებობს, გაყიდული ქონების შემთხვევით დაღუპვის რისკი გადადის მყიდველზე საკუთრების უფლების მასზე გადასვლისთანავე (მუხ. 66), ხოლო უკეთუ გამყიდველმა გადააცილა მყიდველისათვის ნივთის გადაცემის ვადა, ან მყიდველმა გადააცილა მისი მიღების ვადა, ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკს გასწევს ვადის გადამცილებელი მხარე.

187. როდესაც საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის ქონების გადაცემამდე, გამყიდველი ვალდებულია გადაცემის დრომდე შეინახოს ქონება, ისე კი, რომ ეს ქონება არ გაფუჭდეს.

საამისოდ საჭირო ხარჯი, რასაც გამყიდველი გასწევს საკუთრების უფლების მყიდველზე გადასვლის შემდეგ, მყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს გამყიდველს.

188. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს გაყიდული ქონება თანახმად ხელშეკრულებისა, ხოლო მყიდველი ვალდებულია მიიღოს იგი და გადაიხადოს შეპირებული ფასი. ეს მოქმედება ორივე მხარისა შესრულებულ უნდა იქნეს ერთსა და იმავე დროს, რამდენადაც ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს,

189. უკეთუ გამყიდველი, ხელშეკრულების დარღვევით, არ გადასცემს მყიდველს გაყიდულ ქონებას ან შეაძლევს ისეთ ქონებას, რომელიც არ შეეფერება ხელშეკრულების პირობებს, მყიდველს შეუძლიან ან მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულება და მისთვის მიყიდული ქონების გადაცემა იმ ზარალის ანაზღაურებით, რაც მას მოუვიდა გამყიდველის არაპირიანობის გამო, ან, თავის მხრით, უარი სთქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს მთელი იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მას მოუვიდა გამყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევით (მუხ. 117).

190. უკეთუ მყიდველი, ხელშეკრულების დარღვევით, უარს იტყვის ჩაიბაროს ნაყიდი ქონება ან გადაიხადოს შეპირებული ფასი, გამყიდველს შეუძლიან ან მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულება შეპირებული ფასის გადახდით და იმ ზარალის ანაზღაურებით, რაც მას მოუვიდა მყიდველის არაპირიანობის გამო, ან, თავის მხრით, უარი სთქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მას მოუვიდა მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევით (მუხ. 117).

191. უკეთუ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის გამყიდველმა მიჰყიდა ეს ნივთი რამდენსამე პირს, საკუთრების უფლება (მუხ. 66) წარმოიშობა იმ მყიდველისათვის, რომელთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო (უფროსობა).

უკეთუ უფროსობის გამორკვევა შეუძლებელია, მესაკუთრედ ჩაითვლება ის მყიდველი, რომელსაც ნივთი უკვე გადაეცა; ხოლო უკეთუ სარჩელი ნივთის გადაცემის შესახებ ერთ-ერთმა მყიდველთაგანმა აღძრა ნივთის რომელიმე მათგანისათვის გადაცემამდე, მესაკუთრედ ჩაითვლება ის მყიდველი, რომელმაც სარჩელი ყველაზე ადრე აღძრა.

192. უკეთუ მესამე პირი იმ საფუძვლით, რაც ქონების გაყიდვამდე წარმოიშვა, აღძრავს მყიდველის წინააღმდეგ სარჩელს ‒ ხსენებული ქონების ჩამორთმევის შესახებ, გამყიდველი, მყიდველის მოთხოვნით, ვალდებულია ჩაერიოს სასამართლოს წინაშე აღძრულ საქმეში და ააცდინოს მყიდველს სადავო ქონების სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმევა.

193. უკეთუ გაყიდული ქონება მყიდველს ჩამოერთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მყიდველს მთელი ზარალი (მუხ. 117).

194. უკეთუ გამყიდველი საქმეში არ იყო ჩაბმული, იგი განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან მყიდველის წინაშე, თუ დაამტკიცებს, რომ მისი მონაწილეობა პროცესში ააცდენდა მყიდველს გაყიდული ქონების სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმევას. ხოლო, უკეთუ გამყიდველი, რომელსაც მყიდველი საქმეში ჩააბამს, მონაწილეობას პროცესში არ მიიღებს, მას მოესპობა უფლება დაამტკიცოს, რომ მყიდველი საქმეს სწორად არ აწარმოებდა.

195. გამყიდველი პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, უკეთუ გაყიდულ ქონებას არ აღმოაჩნდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თვისება, და აგრეთვე იმ ნაკლისათვის, რაც თვალსაჩინოდ ამცირებს ქონების ფასს ან გამოსადეგობას ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხმარებისათვის.

გამყიდველი პასუხს არ აგებს გაყიდული ქონების ნაკლისათვის, უკეთუ მყიდველმა ეს იცოდა ხელშეკრულების დადების დროს, ან შეეძლო შეემჩნია იგი, თუ რომ გამოიჩენდა საჭირო ყურადღებას. უკანასკნელ შემთხვევაში გამყიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ მაშინ, უკეთუ იგი უარყოფდა ასეთი ნაკლის არსებობას.

შენიშვნა. უკეთუ გაიყიდა იმ განსაზღვრული ჯიშის საქონელი, რაც ჩამოთვლილია მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატისა და იუსტიციის სახალხო კომისარიატის განსაკუთრებულ ინსტრუქციაში, გამყიდველი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ძირითადი ნაკლისათვის, რაც ხსენებულ ინსტრუქციაშია აღნიშნული.

196. მყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაათვალიეროს მიღებული ქონება და აღმოჩენილი ნაკლი აცნობოს გამყიდველს.

უკეთუ მყიდველი უშენიშვნოდ ჩაიბარებს ქონებას, აგი დაჰკარგავს უფლებას მიზეზად გამოიყენოს ნაკლი, გარდა ისეთი ნაკლისა, რომლის შემჩნევაც შეუძლებელი იყო ნივთის ჩვეულებრივი წესით ჩაბარების დროს, ან რომელიც გამყიდველმა განზრახ დამალა. მყიდველს შეუძლიან დაემყაროს ასეთ ნაკლს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მისი აღმოჩენის შემდეგ მან დაუყოვნებლივ ეს აცნობა გამყიდველს.

197. მოთხოვნა ნაკლის გამო (მუხ. 198) მყიდველმა შეიძლება წარადგინოს, რამდენადაც ხელშეკრულებით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის დაწესებული, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შენობისათვის და ექვსი თვის განმავლობაში სხვა ქონებისათვის, ქონების გადაცემის დღიდან. უკეთუ გამყიდველი მოატყუებს მყიდველს, უკანასკნელს შეუძლიან თავისი მოთხოვნა აღმოჩენილი ნაკლის გამო წარადგინოს სამი წლის განმავლობაში, ხოლო უკეთუ მოთხოვნის წარსადგენად ხელშეკრულებით დაწესებულია უფრო ხანგრძლივი ვადა, ‒ ამა ვადის განმავლობაში.

შენიშვნა. როდესაც გაიყიდა ოთხფეხი საქონელი, კეთილსინდისიერი გამყიდველი პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მყიდველი აცნობებს მას აღმოჩენილ ნაკლს ან მიჰმართავს სასამართლოს სარჩელით ან თხოვნით დათვალიერების შესახებ იმ ვადების გასვლამდე, რაც განსაზღვრულია მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატისა და იუსტიციის სახალხო კომისარიატის ინსტრუქციით (195-ე მუხლის შენიშვნა).

198. მყიდველს, რომელიც აღმოაჩენს ნაკლს გაყიდულ ქონებაში და ამას თავის დროზე განაცხადებს, უფლება აქვს მოითხოვოს ან:

1) გადაცემა სათანადო თვისების ნივთისა, უკეთუ გაყიდულია გვარობითი ნიშნებით განსაზღვრული ნივთი, ან

2) სათანადოდ შემცირება სასყიდლო ფასისა, ან

3) ხელშეკრულების მოშლა და მისთვის ყველა ზარალის ანაზღაურები (მუხ. 117).

199. უკეთუ ხელშეკრულება მოიშლება გაყიდული ქონების ნაკლის გამო, მყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს ქონება გამყიდველს ყველა მიღებული შემოსავლით და აგრეთვე აუნაზღაუროს გამყიდველს ქონების გაუარესება, გარდა ისეთი გაუარესებისა, რომელიც მას (მყიდველს) არ შეეძლო თავიდან აეცდინა, გამყიდველი, თავის მხრით, ვალდებულია აუნაზღაუროს მყიდველს ქონებისათვის გაწეული საჭირო და სასარგებლო ხარჯი და გარდა ამისა აუნაზღაუროს ზარალი (მუხ. 117).

200. გამყიდველი ვალდებულია აუწყოს მყიდველს რაც რამ გირავნობა ტვირთად აწევს გასასხვისებელ ქონებას, და აგრეთვე გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც ეს ქონება შეადგენს.

ამა მოვალეობის შეუსრულებლობა უფლებას აძლევს მყიდველს მოითხოვოს ან ხელშეკრულების მოშლა და გამყიდველისათვის ზარალის გადახდევინება, ან სასყიდლო ფასის სათანადოდ შემცირება.

201. როდესაც ნასყიდობა ნიმუშით მოხდება, გამყიდველი პასუხს აგებს, უკეთუ საქონელს არ აღმოაჩნდება ის თვისება, რაც აქვს ნიმუშს.

202. სავალო მოთხოვნის ან სხვა უფლების გამყიდველი, უკეთუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, პასუხს აგებს მხოლოდ მოთხოვნის ძალამოსილობისათვის ან იმისათვის, ნამდვილად არსებობს უფლება თუ არა.

203. წინასწარი შეთანხმება იმის შესახებ, რომ გამყიდველი არ იქნება პასუხისმგებელი ან მას შეეზღუდება პასუხისმგებლობა ქონების მყიდველისაგან სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმევისათვის ‒ მესამე პირის სასარგებლოდ ‒ ან ქონების ნაკლისათვის, ბათილია, უკეთუ გამყიდველმა იცოდა მესამე პირის უფლების არსებობა ან ქონების ნაკლი და განზრახ დაუმალა ეს გარემოება მყიდველს.

204. წესი გამყიდველის პასუხისმგებლობისა გაყიდული ქონების სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმევისათვის და ამ ქონების ნაკლისათვის არ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ქონება იძულებით გაიყიდება საჯარო ვაჭრობით კანონში განსაზღვრული წესისამებრ.

205. უკეთუ ხელშეკრულებით შეპირებულია, რომ გაყიდული საქონელი გადაეცემა მყიდველს თანდათანობით ნაწილ-ნაწილ ან ჯგუფ-ჯგუფად, და ფასიც ამ წესითვე იქნება მის მიერ გადახდილი, ვადის გადაცილება გამყიდველისა ან მყიდველის მიერ ერთი ნაწილის თუ ჯგუფის ჩაბარებისა და ფასის გადახდისთვის, ან ამ ნაწილსა და ჯგუფში ნაკლის აღმოჩენა შეიძლება იქცეს მთელი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად, როდესაც ასეთი ნაწილობრივი დარღვევა ეწინააღმდეგება მთელი გარიგების დედა-აზრსა და მიზანს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე, რომელიც პასუხისმგებელია ვადის გადაცილებისათვის ან ნაკლისათვის, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ის ზარალი, რაც გამოწვეულია ხელშეკრულების ნაწილობრივი დარღვევით, ხოლო ძალაში დარჩება ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც დანარჩენ საქონელს ან საქონლის ჯგუფს შეეხება.

V. გ ა ც ვ ლ ი ლ ო ბ ა.

206. გაცვლილობის ხელშეკრულებით მხარეთა შორის ერთი ქონება მეორეზე გაიცვლება.

გაცვლილობის თვითეული მონაწილე ჩაითვლება გამყიდველად იმ ქონებისა, რასაც მისცემს გაცვლით, და მყიდველად იმისა, რასაც მიიღებს სანაცვლოდ.

207. გაცვლილობის ხელშეკრულებას შეეფარდება ნასყიდობის სათანადო წესები.

VI. ს ე ს ხ ი.

208. სესხის ხელშეკრულებით ერთი მხარე (გამსესხებელი) გადასცემს საკუთრებად მეორე მხარეს (მსესხებელს) ფულს ან გვარობითი ნიშნებით განსაზღვრულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დაუბრუნოს გამსესხებელს მიღებული ფულის თანხა ან სესხად აღებული ნივთების თანაბარი რაოდენობის ნივთები, იმავე გვარისა და თვისებისა, სარგებლით ან უსარგებლოდ.

209. მხარეთ შეუძლიანთ სესხის ვალდებულებად ჩამოაყალიბონ ყოველი ვალი, რაც წარმოიშობა ნასყიდობით, ქონების დაქირავებით ან სხვა ქონებრივი საფუძვლით. ამ შემთხვევაში შეფარდებულ უნდა იქნეს სესხის წესები.

210. სესხის თანხა შეიძლება აღნიშნულ იქნეს როგორც ჩერვონცებით, ისე საბჭოთა ფულის ნიშნებით. უკეთუ სესხის თანხა აღნიშნულია ჩერვონცებად, გადასახდელი თანხა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ჩერვონეცის იმ ოფიციალური კურსით, რაც გადახდის დღეს იქნება.

შენიშვნა. სახელმწიფო ბანკს უფლება აქვს მიიღოს ანაბარად და სახელდახელო ანგარიშზე ოქრო და ვერცხლი ფულად და ზოდებად და უცხოეთის ვალიუტა იმ პირობით, რომ დააბრუნებს მას იმავე მეტალით ან ვალიუტით, სარგებელს კი გადაიხდის საბჭოთა ფულის ნიშნებით.

211. სესხის ხელშეკრულება ათ ჩერვონეცზე მეტი თანხისა უნდა ქმნილ იყოს წერილობით იმ შედეგის რიდით, რაც გათვალისწინებულია 136-ე მუხლის შენიშვნაში.

212. გამსესხებელს შეუძლიან მოითხოვოს სარგებელი სესხისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გადაკვეთილია ხელშეკრულებით.

213. სარგებელი მიერიცხება მხოლოდ თავნ ვალს. სარგებლის სარგებელი (რთული პროცენტი) აკრძალულია. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გარიგებაზე, რასაც დასდებს კანონიერად არსებული საკრედიტო დაწესებულება.

214. სარგებელი გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, უკეთუ საამისოდ არ არსებობს სხვა რამ შეთანხმება.

215. უსარგებლოდ გაცემული სესხით მსესხებელს უფლება აქვს ვადის გასვლამდე მოახდინოს გადახდა, ხოლო გამსესხებელი ვალდებულია მიიღოს იგი.

216. სარგებლიანი სესხით მსესხებელს უფლება აქვს, ნასესხი ფულის დაბრუნებით ვადამდე განთავისუფლდეს ვალდებულებისაგან, თუ რომ ვალის დაბრუნებამდე სამი თვით ადრე აცნობებს ამას მსესხებელს ან წინასწარ გადაუხდის ერთი თვის სარგებელს:

1) უკეთუ სესხით, რომლის თანხაც აღნიშნულია ჩერვონცებით, სარგებელი წლიურად გადაკვეთილია 6%-ზე მეტი;

2) უკეთუ სესხით, რომლის თანხაც აღნიშნულია საბჭოთა ფულის ნიშნებით, სარგებელი აღემატება სადისკონტო პროცენტს, რასაც სახალხო ბანკი სათანადო დროისათვის დააწესებს აქტიური ოპერაციებისათვის.

მსესხებლის მიერ ამა მუხლით მინიჭებულ უფლებაზე უარისთქმა ბათილია.

217. მსესხებელს უფლება აქვს განაცხადოს დავა სესხის ხელშეკრულების ძალამოსილობის შესახებ მთლად ან ნაწილობრივ მისი უფულადობის (უვალიუტობა) გამო და დაამტკიცოს, რომ ფული, ნივთი ან მათი ქონებრივი ექვივალენტი (მუხ. 209) ნამდვილად მას ან სრულიად არ მიუღია გამსესხებლისაგან, ან და მიიღო იმაზე ნაკლები, რაც აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ხელშეკრულება უნდა ქმნილ იყოს წერილობით, დავის განცხადება მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია სისხლის სამართლით დასასჯელი ქმედობა.

218. წინასწარი ხელშეკრულება მომავალში სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ უნდა ქმნილ იყოს წერილობით, მიუხედავათ სესხის თანხისა.

219. იმ პირს, ვინც წინასწარი ხელშეკრულებით იკისრებს მისცეს სესხი მეორე პირს, შეუძლიან მოითხოვოს წინასწარი ხელშეკრულების მოშლა, უკეთუ კონტრაგენტის ქონებრივი მდგომარეობა შემდეგში თვალსაჩინოდ გაუარესდება, კერძოდ ‒ უკეთუ იგი ცნობილი იქნება არა შემძლედ ან შეაჩერებს გადახდას.

VII. ნარდად მუშაობა.

220. ნარდად მუშაობის ხელშეკრულებით ერთი მხარე (სამუშაოს ნარდად ამღები) კისრულობს თავისი რისკით შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო მეორე მხარის (შემკვეთის) შეკვეთით, ხოლო უკანასკნელი კისრულობს გადაიხადოს გასამრჯელო შენაკვეთის შესრულებისათვის.

221. უკეთუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, სამუშაოს ნარდად ამღები ვალდებულია სამუშაო შეასრულოს თავის საღსრით.

222. სამუშაოს ნარდად ამღები ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს მისდამი რწმუნებული ქონების უკლებლივ შენახვისათვის და ქონებრივად პასუხისმგებელია ყოველი ისეთი დაუდევრობისათვის, რაც გამოიწვევს აღნიშნული ქონების დაღუპვას, დაკარგვას ან დაზიანებას.

223. უკეთუ შემკვეთის მიერ მიცემული მასალა კარგი თვისებისა არ არის, ან უკეთუ თავი იჩინა სამუშაოს ნარდად ამღებისაგან დამოუკიდებელმა სხვა გარემოებამ, რამაც შეიძლება ავნოს სამუშაოს სიმტკიცესა და გამოსადეგიანობას, სამუშაოს ნარდად ამღები ვალდებულია თავის დროზე გაუთვალისწინოს ეს შემკვეთს, რათა არ აგოს პასუხი იმისთვის, რაც რამ ზარალი მოუვა შემკვეთს აღნიშნულ გარემოებათა გამო.

224. სამუშაოს ნარდად ამღები, რომელიც სამუშაოს თავისი მასალით აკეთებს, პასუხს აგებს ამ მასალის ავკარგიანობისათვის.

225. უკეთუ სამუშაოს ნარდად ამღები ხელშეკრულების შესრულებას თავის დროზე არ შეუდგება, ან სამუშაოს ისე დაყოვნებით ასრულებს, რომ ვადაზე მისი დამთავრება აშკარად შეუძლებელია, შემკვეთს უფლება აქვს ხელშეკრულების ვადის გასვლამდეც მოითხოვს ხელშეკრულების მოშლა და ზარალის ანაზღაურება (მუხ. 117).

226. უკეთუ სამუშაოს შესრულების დროს აშკარა იქნება, რომ იგი წესიერად არ შესრულდება, შემკვეთს უფლება აქვს დაუნიშნოს სამუშაოს ნარდად ამღებს შესაფერი ვადა ნაკლის ასაცილებლად და, უკეთუ მოთხოვნა დანიშნულ ვადაზე არ იქნება შესრულებული, ‒ ან მოშალოს ხელშეკრულება, ან და სამუშაოს განგრძობა თუ გამოსწორება მესამე პირს მიანდოს სამუშაოს ნარდად ამღების ხარჯზე.

227. სამუშაოს ნარდად ამღები ვალდებულია ნამუშევარი ჩააბაროს თანახმად ხელშეკრულებისა, ისე კი, რომ ამ ნამუშევარს არ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რაც მას გამოუსადეგრად ჰყოფდეს ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებისათვის. ასეთი ნაკლი ან შეპირებული თვისების უქონლობა უფლებას აძლევს შემკვეთს მოითხოვოს:

1) ან ნაკლის სათანადო ვადაზე უსასყიდლოდ გამოსწორება, რამდენადაც ეს შესაძლებელია არათანაზომიერი ხარჯის გაუწევლად,

2) ან ნარდად მუშაობის ფასის სათანადოდ შემცირება,

3) ან ხელშეკრულების მოშლა და ზარალის ანაზღაურება (მუხ. 117).

უკეთუ ნაკლი იმდენად არსებითი არ არის, სასამართლოს შეუძლიან, სამუშაოს ნარდად ამღების მოთხოვნისამებრ, უარი უთხრას ხელშეკრულების მოშლაზე და ვალდებულჰყოს იგი გამოასწოროს ნაკლი, ან შეუმციროს მას ნარდად მუშაობის ფასი.

შენიშვნა. შემკვეთს არ შეუძლიან გამოიყენოს ამა მუხლში გათვალისწინებული უფლება, რამდენადაც ნაკლი გამოწვეულია 228-ე მუხლში აღნიშნული გარემოებით, უკეთუ ამასთანავე სამუშაოს ნარდად ამღებმა შეასრულა ხსენებული მუხლით დაკისრებული მოვალეობა.

228. შემკვეთი ვალდებულია ჩაიბაროს ნამუშევარი თანახმად ხელშეკრულებისა და შემჩნეული ნაკლი დაუყოვნებლივ აცნობოს სამუშაოს ნარდად ამღებს, რათა არ დაეკარგოს უფლება ამ ნაკლის საბუთად გამოყენებისა. ისეთი ნაკლი, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ნამუშევარის ჩვეულებრივი წესით ჩაბარების დროს, ან რომელიც სამუშაოს ნარდად ამღებმა განზრახ დამალა, შემკვეთი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს ნარდად ამღებს დაუყოვნებლივ აღმოჩენისთანავე.

229. მოთხოვნა ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რაც შენობას თუ ნაგებობას შეეხება ‒ სამი წლის განმავლობაში ნამუშევარის ჩაბარების დროიდან, უკეთუ ხელშეკრულებაში ამაზე ხანგრძლივი ვადა არ არის აღნიშნული, უკეთუ სამუშაოს ნარდად ამღები მოატყუებს კონტრაგენტს, მოთხოვნა ნაკლის გამო შეიძლება წარდგენილ იქნეს სამი წლის განმავლობაში; ხოლო უკეთუ მოთხოვნის წარსადგენად ხელშეკრულებაში უფრო ხანგრძლივი ვადაა დაწესებული ‒ ამა ვადის განმავლობაში.

230. შემკვეთი ვალდებულია შეპირებული გასამრჯელო გადაუხადოს სამუშაოს ნარდად ამღებს ნამუშევარის მთლად ჩაბარებისას, უკეთუ ხელშეკრულებით დაწესებული არ არის გასამრჯელოს ნაწილ-ნაწილად გასტუმრება ნამუშევარის ნაწილ-ნაწილად ჩაბარებისამებრ.

231. უკეთუ ობიექტიური პირობების შეცვლის გამო საჭირო იქნება მეტის მეტად გადაცილება იმ დაახლოვებითი აღრიცხვისა, რაც შეადგინა სამუშაოს ნარდად ამღებმა, მოიწონა შემკვეთმა და საფუძვლად დაედვა ხელშეკრულებას, შემკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა და თანაც უნდა აუნაზღაუროს სამუშაოს ნარდად ამღებს ის ზარალი, რაც მის ქონებას ნამდვილად მიეყენა.

უკეთუ სამუშაოს ნარდად ამღები თავის დროზე არ აცნობებს შემკვეთს, რომ აღრიცხვის გადაცილება საჭიროა, იგი ვალდებულია დაამთავროს სამუშაო ისე, რომ შემკვეთისაგან აღრიცხვაზე ზედმეტი ხარჯი არ მოითხოვოს.

232. უკეთუ ნარდად მუშაობის საგანი მის ჩაბარებამდე შემთხვევით დაიღუპა, ან სამუშაოს დამთავრება შეუძლებელი შეიქნა, სამუშაოს ნარდად ამღებს უფლება არა აქვს მოითხოვოს გასამრჯელო (მუხ. 144). ხოლო უკეთუ აღნიშნული გარემოება შეიქმნა იმ მასალის ნაკლის გამო, რაც შემკვეთის მიერ მიწოდებულ იყო, ან იმ განკარგულების გამო, რომელიც შემკვეთმა გასცა ნარდად მუშაობის შესრულების წესისათვის ან შეიქმნა მას შემდეგ, რაც შემკვეთმა გადააცილა ნამუშევარის მიღების ვადა (მუხ. 122), შემკვეთი ვალდებულია მისცეს სამუშაოს ნარდად ამღებს გასამრჯელო თანახმად 146-ე მუხლისა.

233. ვიდრე ნამუშევარი ჩაბარებულ იქნებოდეს, მასალის შემთხვევით დაღუპვის რისკს გასწევს ის მხარე, რომელმაც მასალა წარადგინა. უკეთუ დაღუპვა მოხდა მეორე მხარის განზრახვით ან დაუდევრობით, ეს უკანასკნელი პასუხს აგებს ზარალისათვის.

234. პატივსადები მიზეზით შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ყოველ დროს უარი სთქვას ხელშეკრულებაზე, ხოლო უნდა მისცეს სამუშაოს ნარდად ამღებს სამუშაოს შესრულებული ნაწილის გასამრჯელო და აუნაზღაუროს ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზარალი, იმისი ჩათვლით, რასაც სამუშაოს ნარდად ამღები დაზოგავს ან შეიძენს ხელშეკრულების მოშლით.

235. ნარდად მუშაობას, როდესაც შემკვეთი სახელმწიფო ორგანოა, შეეფარდება სახელმწიფოსათვის ნარდად მუშაობისა და გაყიდვა ‒ მიწოდების დებულების წესი (იხ. დანართი).

VIII. თ ა ვ დ ე ბ ო ბ ა.

236. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს პასუხი აგოს მესამე პირის კრედიტორის წინაშე ამ მესამე პირის მიერ თავის ვალდებულების მთლად ან ნაწილობრივ შესრულებისათვის.

შენიშვნა. თავდებობად არ ჩაითვლება რეკომენდაცია ან ცნობა, რომ მოვალე შემძლეა გადაიხადოს ვალი, უკეთუ ნიშანდობლივ არ იქნება გამოთქმული სურვილი მოვალის თანაბრად პასუხისგებისა.

237. თავდებობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ძალის მქონე მოთხოვნა.

238. თავდებად დადგომა შეიძლება მხოლოდ წერილობით იმ შემდეგის რიდით, რაც აღნიშნულია 136-ე მუხლის შენიშვნაში.

239. თავდები პასუხს აგებს იმავე ფარგალში, როგორც მთავარი მოვალე, უკეთუ თავდებობის ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის აღნიშნული, კერძოდ, ‒ პასუხს აგებს სარგებლის გადახდისათვის, ზარალის ანაზღაურებისათვის, რაც მიყენებულ იქნება ვადის გადაცილებით, სათანადო შემთხვევაში ‒ პირგაუტეხელობის ჯარიმის გადახდისათვის და აგრეთვე გადახდევინებით გამოწვეული ხარჯის ანაზღაურებისათვის.

240. ის პირნი, რომელთაც ერთსა და იმავე დროს და ერთად იკისრეს თავდებობა, პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალენი.

241. უკეთუ მოვალე არ შეასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს უფლება აქვს მოთხოვნა წარუდგინოს მთავარ მოვალეს და თავდებს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს, უკეთუ თავდებობის ხელშეკრულებაში ამის საწინააღმდეგო რამ არ არის დადგენილი.

242. უკეთუ სარჩელი თავდების წინააღმდეგ იქნება აღძრული, იგი ვალდებულია საქმეში ჩააბას მოვალე მონაწილეობისათვის. უკეთუ ეს შესრულებული არ იქნება, მოვალეს უფლება აქვს თავდების მისდამი მოთხოვნას (მუხ. 246) დაუპირისპიროს ყველა ის მისაგებელი, რაც მას ჰქონია კრედიტორის წინააღმდეგ.

243. თავდები ვალდებულია აცნობოს მთავარ მოვალეს, რომ იგი აპირებს გადაიხადოს ვალი მის მაგიერ. უკეთუ თავდები ამას არ შეასრულებს, იგი დაჰკარგავს მოვალისადმი უკუქცევითი მოთხოვნის უფლებას, უკეთუ მოვალე, თავის მხრით, შეასრულებს ვალდებულებას.

244. მოვალემ, რომელმაც მთავარი ვალდებულება შეასრულა, ეს გარემოება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდები, რომელმაც თავის მხრით კრედიტორს ვალი გადაუხადა, არ დაჰკარგავს უფლებას მთავარ მოვალეს ხელმეორედ გადაახდევინოს ვალი (მუხ. 246); მთავარ მოვალეს შეუძლიან მხოლოდ გადაახდევინოს კრედიტორს უსაფუძვლოდ მიღებული.

245. თავდებს უფლება აქვს თავი დაიცვას კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ ყველა იმ მისაგებელით, რაც კი თვით მოვალეს შეეძლო წამოეყენებია. თავდები არ დაჰკარგავს უფლებას გამოიყენოს ეს მისაგებელი, თუნდაც რომ თვით მოვალემ უარი სთქვას ამაზე ან აღიაროს თავისი ვალდებულება.

246. თავდები, რომელმაც შეასრულა ვალდებულება მოვალის მაგივრად, დაიჭერს კრედიტორის ადგილს მთავარ ვალდებულებაში.

247. თავდებისაგან დაკმაყოფილების მიღებისას, კრედიტორი ვალდებულია გადასცეს თავდებს ყველა უფლება, რაც უზრუნველჰყოფს მოთხოვნას მოვალისადმი, და საბუთი, რაც ადასტურებს ამ მოთხოვნას.

248. უკეთუ კრედიტორი უარს იტყვის მისდამი კუთვნილ უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაზე ან ვალის იმ უზრუნველყოფაზე, რაც მის სასარგებლოდ არის დაწესებული, თავდები განთავისუფლდება თავისი ვალდებულებისაგან, რამდენადაც კრედიტორი შესძლებდა გაენაღდებინა თავისი მოთხოვნა, უკეთუ გამოიყენებდა აღნიშნულ უფლებას.

249. თავდებობა მოისპობა მთავარი ვალდებულების მოსპობისათანავე.

250. თავდებობა მოისპობა, უკეთუ კრედიტორი სამი თვის განმავლობაში მთავარი ვალდებულების ვადის დადგომის დღიდან არ აღძრავს სარჩელს თავდების წინააღმდეგ, ხოლო უკეთუ მთავარი ვალდებულების შესრულების ვადა აღნიშნული არ არის და სხვაგვარი რამ შეთანხმებაც არ არსებობს, თავდების პასუხისმგებლობა მოისპობა ერთი წლის გასვლისას თავდებობის ხელშეკრულების დადების დღიდან.

IX.

ა. მინდობილობა.

251. მინდობილობის ხელშეკრულებით ერთი მხარე (რწმუნებული) კისრულობს მეორე მხარის (მრწმუნებელის) ხარჯზე და მისი სახელით შეასრულოს მისგან მინდობილი მოქმედება.

მრწმუნებელი ვალდებულია რწმუნებულის გასამრჯელო გადაიხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ ეს განსაზღვრულია ხელშეკრულებით ან კანონიერი წესისამებრ დამტკიცებული ნიხრით.

252. რწმუნებული ვალდებულია მინდობილი მოქმედება შეასრულოს თანაბრად მრწმუნებელის განმარტებისა. რწმუნებულს უფლება აქვს გადაუხვიოს ამ განმარტებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ საქმის გარემოებათა მიხედვით ასეთი გადახვევა აუცილებელია მრწმუნებელის ინტერესებისათვის, და უკეთუ რწმუნებულს არ შეუძლიან წინასწარ მოელაპარაკოს მრწმუნებელს.

253. რწმუნებული ვალდებულია:

1) მიაწოდოს მრწმუნებელს, მისი მოთხოვნისამებრ, ყველა ცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს მინდობილობის შესრულება,

2) მინდობილობის აღსრულებისას წარადგინოს ანგარიში გასამართლებელი საბუთებითურთ,

3) თავის დროზე გადასცეს მრწმუნებელს ყველაფერი, რაც კი მიიღო მინდობილობის ძალით, და

4) აანაზღაუროს ზარალი, უკეთუ მრწმუნებელს ასეთი მოუვიდა რწმუნებულის განზრახვით ან გაუფრთხილებლობით.

254. რწმუნებული ვალდებულია მინდობილი მოქმედება შეასრულოს პირადად. მას უფლება აქვს ამ მოქმედების შესრულება გადასცეს სხვა პირს (მოადგილეს), უკეთუ საამისოდ უფლებამოსილია ხელშეკრულებით ან იძულებულია გარემოებათა ძალით ასე მოიქცეს მრწმუნებელის ინტერესების დასაცველად. ამ შემთხვევაში რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ მოადგილის არჩევისათვის.

მრწმუნებელს უფლება აქვს გადააყენოს რწმუნებულის მიერ არჩეული მოადგილე.

255. რწმუნებული, რომელმაც აღსრულება სხვა პირს მიანდო (მუხ. 254), ვალდებულია დაუყოვნებლივ აუწყოს ეს მრწმუნებელს და წარუდგინოს მას საჭირო ცნობები მოადგილის ვინაობისა და მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

რწმუნებელის მიზეზით ამა მოვალეობის შეუსრულებლობა გაანთავისუფლებს რწმუნებულს პასუხისმგებლობისაგან მისი მოადგილის მოქმედებისათვის.

256. რწმუნებელი ვალდებულია:

ა) მიიღოს ყველაფერი, რაც რწმუნებულმა კანონიერად გააკეთა მინდობილობის აღსასრულებლად;

ბ) აუნაზღაუროს რწმუნებულს ხარჯი, რაც საჭირო იყო მინდობილობის აღსრულებისათვის;

გ) მინდობილობის აღსრულებისას მისცეს რწმუნებულს გასამრჯელო, თუ რამ ერგება (მუხ. 251).

მინდობილობის აღსრულებისათვის საჭირო ხარჯის დასაფარავად მრწმუნებელი ვალდებულია მისცეს რწმუნებულს სათანადო ავანსი.

257. მრწმუნებელს შეუძლიან გააუქმოს მინდობილობა ყოველ დროს, ხოლო რწმუნებულს შეუძლიან ყოველ დროს სთქვას უარი მის შესრულებაზე. შეთანხმება ამა უფლებაზე ხელის აღების შესახებ ბათილია.

258. უკეთუ რწმუნებული ხელშეკრულებას მოშლის ისეთ პირობებში, როცა მრწმუნებელს არა აქვს შესაძლებლობა იგი სხვა პირით შესცვალოს ან სხვა გზით უზრუნველჰყოს საქმის წარმოება, რწმუნებული პასუხს აგებს მიყენებული ზარალისათვის.

259. მრწმუნებელი, რომელიც მოსპობს ხელშეკრულებას მინდობილობის შესრულებამდე, ვალდებულია რწმუნებულს მისცეს გასამრჯელო გაწეული შრომის თანაბრად და აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი.

260. მინდობილობა მოისპობა:

ა) მრწმუნებელის მიერ გაუქმების გამო;

ბ) მრწმუნებელის გარდაცვალების ან მისი არაქმედობაუნარიანად, უგზო-უკვალოდ დაკარგულად ან არა შემძლედ გამოცხადების გამო და აგრეთვე, იმ იურიდიული პირის მოსპობის გამო, რომლის სახელითაც გაცემულია რწმუნებულება;

გ) რწმუნებულის მიერ უარის თქმის გამო;

დ) რწმუნებულის სიკვდილის გამო ან მის მიერ ქმედობაუნარიანობის დაკარგვის გამო.

261. მინდობილობა სავაჭრო ან სამრეწველო საწარმოს მართვა-გამგეობისათვის ძალაში დარჩება მრწმუნებელის გარდაცვლის შემდეგაც, ვიდრე მას გააუქმებდეს მისი უფლების მონაცვლე.

262. უკეთუ მინდობილობა მოისპო 260-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო, იგულისხმება, რომ, რამდენადაც ეს საჭიროა რწმუნებულის ინტერესების დასაცველად, მინდობილობა დარჩა ძალაში, ვიდრე რწმუნებულმა არ შეიტყო ან არ უნდა შეეტყო მინდობილობის მოსპობა.

263. უკეთუ რწმუნებული გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე ვალდებულია აცნობოს ეს მრწმუნებელს და მიიღოს საჭირო ღონისძიება უკანასკნელის ინტერესების დასაცველად.

ბ. რწმუნებულება

264. რათა მრწმუნებელის სახელით შესრულებულ იქნეს ისეთი მოქმედება, რომლითაც უშუალოდ უნდა დამყარდეს მრწმუნებელის უფლება და მოვალეობა, რწმუნებულს უნდა ჰქონდეს წერილობითი რწმუნებულება ან უფლებამოსილობა.

265. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედება შესრულებულ უნდა იქნეს მთავრობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიმართ, რწმუნებულება, ბათილობის რიდით, შემოწმებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ცალკე წესის თანახმად შეიძლება მიღებულ იქნეს რწმუნებულების სხვა ფორმა.

266. რწმუნებულება ქონების მართვა-გამგეობისათვის, ბათილობის რიდით, შემოწმებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.

267. რწმუნებულება სახელმწიფო დაწესებულებისა ან საწარმოს სახელით გაცემულ უნდა იქნეს პასუხისმგებელი ხელმძღვანელის ხელმოწერით და დაწესებულების ან საწარმოს ბეჭდის დასმით.

268. რწმუნებულება შეიძლება გაცემული იქნეს ვადით არა უმეტეს სამი წლისა. უკეთუ რწმუნებულებაში ვადა აღნიშნული არ არის, იგი ძალაში დარჩება ერთი წლის განმავლობაში დღიდან მისი გაცემისა.

269. რწმუნებულის მოქმედება ჰქმნის მრწმუნებელისათვის უმეშვეო უფლებასა და მოვალეობას, უკეთუ ეს მოქმედება შესრულებულია რწმუნებულების თანახმად, ან უკეთუ იგი შემდგომ მოწონებულია მრწმუნებელისაგან.

270. მრწმუნებელს შეუძლიან გააუქმოს რწმუნებულება ყოველ დროს, ხოლო რწმუნებულს ‒ უარი სთქვას მასზე. შეთანხმება ამა უფლების გასაუქმებლად ბათილია.

271. მრწმუნებელი ან მისი მემკვიდრე ვალდებულია რწმუნებულების მოსპობა აცნობოს როგორც რწმუნებულს, ისე იმ პირსა და დაწესებულებას, რომელთანაც რწმუნებულს უნდა დაეჭირა ურთიერთობა, უკეთუ მრწმუნებელისათვის (მემკვიდრისათვის) ეს პირი და დაწესებულება ცნობილია.

272. მრწმუნებელის მოთხოვნით რწმუნებულმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს მას რწმუნებულების ქაღალდი და ყველა სხვა დოკუმენტი, რაც მინდობილობას შეეხება.

273. რწმუნებულს შეუძლიან 231-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისი უფლებამოსილება სხვა პირს გადასცეს ახალი რწმუნებულებით, რაც აღნიშნულ უნდა იქნეს რწმუნებულების დედანში.

274. რწმუნებულება, რომელსაც რწმუნებული სხვა პირს გადასცემს, შეიძლება ყოველ დროს გააუქმოს როგორც მრწმუნებელმა, ისე რწმუნებულმა, რომელმაც იგი გადასცა.

275. 260 მუხლის „ბ“ პუნქტში აღნიშნული მიზეზით რწმუნებულების მოსპობისათანავე მოისპობა სხვა პირზე გადაცემული რწმუნებულებაც.

 

X. ა მ ხ ა ნ ა გ ო ბ ა ნ ი

1. მარტივი ამხანაგობა.

276. ამხანაგობის ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთმანეთის წინაშე ვალდებულებას შეაერთონ თავიანთი შენატანი და ერთად იმოქმედონ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად.

შენიშვნა. მარტივი ამხანაგობის ხელშეკრულება დადებული უნდა იქნეს წერილობით.

277. შენატანად ჩაითვლება ყველა ის, რასაც თვითეული ამხანაგი შეიტანს საერთო საქმეში, ფული იქნება თუ სხვა ქონება ან სამსახური.

278. თვითეული ამხანაგის შენატანი შეიძლება იყოს სხვადასხვა გვარისა და ღირებულებისა. იგულისხმება, რომ ყველა ამხანაგის შენატანი თანასწორია, უკეთუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დაწესებული.

279. შენატანი ფულად და ისეთ ნივთებად, რომლის მოხმარებაც და შეცვლაც შეიძლება, ჩაითვლება ამხანაგების საერთო საკუთრებად; ხოლო ყოველი სხვა ქონება ‒  საერთო სარგებლობის ქონებად, რამდენადაც ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დაწესებული.

შენიშვნა. უკეთუ შენატანს შეადგენს არამუნიციპალიზაციაქმნილი შენობა უფლება ასეთ შენობაზე შეიძლება დამყარებულ იქნეს მხოლოდ იმ წესისა და პირობების დაცვით, რაც დადგენილია შენობათა გასხვისებისათვის.

280. ამხანაგების შენატანი და ყველა ის, რასაც ამხანაგობა შეიძენს თავისი ხარჯით, შეადგენს ამხანაგობის შენაერთ ქონებას. შენაერთ ქონებაში შედის ყველა შენაძენი, მოპოვებული იმ ცალკე უფლების საფუძველზე, რაც მის შედგენილობაშია.

281. ამხანაგობის ყველა საქმე წარმოებულ უნდა იქნეს ამხანაგების საერთო თანხმობით; როდესაც ამხანაგობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილება ამხანაგობის საქმეთა შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ხმის უმრავლესობით, ეს უმრავლესობა განისაზღვრება არა შენატანის რაოდენობით, არამედ ამხანაგების რიცხვის მიხედვით, უკეთუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დაწესებული. ამხანაგობის საქმის საწარმოებლად შეიძლება უფლება-აღჭურვილ იქნეს ერთი ან რამოდენიმე ამხანაგი, რომელთა უფლება და მოვალეობა ამ შემთხვევაში განისაზღვრება თვით ამხანაგობის ხელშეკრულებით ან ცალკე, ყველა ამხანაგის მიერ ხელმოწერილი რწმუნებულებით. ასეთი რწმუნებულთა დანიშვნის შემდეგ დანარჩენი ამხანაგები უნდა ჩამოსცილდნენ ამხანაგობის საქმის წარმოებას.

282. რწმუნებულება ამხანაგობის საქმის წარმოებისათვის, მიცემული ამხანაგობის ხელშეკრულებით, ძალაში დარჩება მთლად ამხანაგობის მოსპობამდე და შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ პატივსადები მიზეზის გამო. ასეთ რწმუნებულს, თავის მხრით, შეუძლიან უარი სთქვას ამხანაგობის საქმეთა წარმოებაზე მხოლოდ პატივსადები მიზეზის გამო.

283. ამხანაგს, რომელიც საერთო ინტერესისათვის გააკეთებს რაიმე საქმეს, რისთვისაც მას არ ექნება სათანადო რწმუნებულება, უფლება აქვს მიიღოს საზღაური საკუთარი საღსარიდან საქმისათვის გაწეული ხარჯისა, უკეთუ მას საფუძველი ჰქონდა მიეჩნია, რომ ასეთი მოქმედება აუცილებელი იყო ამხანაგობის ინტერესებისათვის.

ამხანაგს უფლება აქვს მიიღოს გასამრჯელო თავისი შრომისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ ეს დაწესებულია ამხანაგობის ხელშეკრულებით.

284. ამხანაგი პასუხს აგებს ამხანაგობის წინაშე საამხანაგო ხელშეკრულებისა და თავისი, როგოც რწმუნებულის, მოვალეობის შეუსრულებლობისათვის თანახმად პასუხისმგებლობის იმ საერთო წესებისა, რაც მიღებულია ხელშეკრულებათაგან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის.

285. თვითეულ ამხანაგს უფლება აქვს პირადად გაეცნოს ამხანაგობის საქმეთა მდგომარეობას, გასინჯოს დავთრები და ქაღალდები. შეთანხმება, რომლითაც ეს უფლება გაუქმდება ან შეიზღუდება, ბათილია.

286. ამხანაგობაში მონაწილეობის უფლება არ შეიძლება გადაცემულ იქნეს თვინიერ დანარჩენ ამხანაგთა თანხმობისა. ამხანაგს უფლება არა აქვს, ვიდრე ამხანაგობა არსებობს, თავის განკარგულებად იქონიოს შენაერთი ქონების თვისი წილი.

287. თვითეული ამხანაგი პასუხისმგებელია საერთო ვალისათვის თანაბრად თვისი წილისა ამხანაგობაში, უკეთუ ამხანაგობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამხანაგების სოლიდარული პასუხისმგებლობა საერთო ვალისათვის არ იგულისხმება.

288. უკეთუ ამხანაგების მონაწილეობა მოგებისა და ზარალის განაწილებაში ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის, თვითეული ამხანაგის შენატანს მიერიცხება ის სარგებელი, რასაც სახალხო ბანკი ახდევინებს თამასუქების განაღდებისათვის, ხოლო სარგებლის გასტუმრების შემდეგ დარჩენილ მოგებასა და ზარალში ამხანაგები მონაწილეობას იღებენ თანასწორად. მოგება-ზარალის ანგარიშის გასწორება ამხანაგებს შორის მოხდება თვითეული საოპერაციო წლის ბოლოს, უკეთუ ამ საგანზე არ არსებობს ცალკე შეთანხმება, ხოლო ერთი წლისაზე ნაკლები ვადით შედგენილ ამხანაგობაში ‒ ამხანაგობის მოსპობისას.

289. ამხანაგობა მოისპობა 290-ე და 292-ე მუხლში აღნიშნულ გამონაკლისით:

ა) რომელიმე ამხანაგის გარდაცვალების გამო;

ბ) რომელიმე ამხანაგის არაქმედობაუნარიანად ან არაშემძლედ გამოცხადების გამო;

გ) რომელიმე ამხანაგის მოთხოვნის გამო უვადო ამხანაგობის მოსპობის შესახებ;

დ) ერთ-ერთი ამხანაგის მიერ ვადის გასვლამდე უარის განცხადების გამო განსაზღვრული ვადით დაარსებულ ამხანაგობაში მონაწილეობის მიღებაზე;

ე) იმ ვადის გასვლის გამო, რომლითაც დაარსებული იყო ამხანაგობა;

ვ) ამხანაგობის მიზნის მიღწევის გამო ან იმის გამო, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი შეიქნა;

ზ) იმ კრედიტორის მოთხოვნის გამო, რომელმაც გარდახდევინება მიაქცია შენაერთი ქონების ერთ-ერთი ამხანაგის წილზე;

თ) ამხანაგების შეთანხმების გამო ამხანაგობის მოსპობის შესახებ.

290. ვინიცობაა ამხანაგი გარდაიცვალა, ამხანაგობა განიგრძობა, უკეთუ საამხანაგო ხელშეკრულებაში არის პირობა, რომ გარდაცვალებულის წილი გამოიყოფა ან გარდაცვალებულის ადგილს დაიჭერს კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე ან დაწესებულება, რომელსაც გარდაცვალებულის ქონება გადაეცემა კანონის თანახმად.

291. განცხადება ვადის გასვლამდე უარის თქმის შესახებ განსაზღვრული ვადით დაარსებულ ამხანაგობაში მონაწილეობაზე შეიძლება მხოლოდ პატივსადები მიზეზის გამო. უარის თქმა უვადო ამხანაგობაში მონაწილეობაზე განცხადებულ უნდა იქნეს თავის დროზე.

შეთანხმება, რომლითაც გაუქმდება ან შეიზღუდება უფლება ამხანაგობაში მონაწილეობაზე უარის განცხადებისა, ბათილია.

292. 289-ე მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ამხანაგი გარდაიცვლება და გარდაცვალებულის მოადგილე კი უარს იტყვის ამხანაგობაში შესვლაზე (მუხ. 290), ამხანაგობა განიგრძობა, უკეთუ მისი განგრძობა ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია ამხანაგობის ხელშეკრულებით, ან შეპირებულია დანარჩენ ამხანაგთა შეთანხმებით. ამასთანავე, ამხანაგობიდან გამოსული ამხანაგის წილი გამოიყოფა ნაღდ ფულად თანახმად იმ ბალანსისა, რაც იქნება ამხანაგობიდან გასვლის დღეს.

293. ერთ-ერთი ამხანაგის კრედიტორს, რომელიც გადახდევინებას მიაქცევს შენაერთი ქონების ამ ამხანაგის წილზე და არ მოითხოვს ამხანაგობის საქმეთა ლიკვიდაციას (მუხ. 289. პუნ. „ზ“), უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამხანაგობის მოგებაში, ხოლო არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამხანაგის რაიმე უფლებისა ან მოვალეობის განხორციელებაში.

294. ამხანაგობის მოსპობისას მისი საქმეების ლიკვიდაციას მოახდენენ ამხანაგები, თანაც დაცულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ესა თუ ის საგანი, შეტანილი ამხანაგობაში მხოლოდ საერთო სარგებლობისათვის, დაუბრუნდება მის შემტანს სასყიდლის მიუცემლად სარგებლობისათვის, უკეთუ სხვა რამ არ იყო შეპირებული;

ბ) საერთო ქონება განაწილდება მხოლოდ ამხანაგების საერთო საქმისათვის აღებული უდავო ვალის გასტუმრებისა ან სადავო ვალის უზრუნველყოფის შემდეგ. ნივთად შენატანი დაბრუნებულ უნდა იქნეს ფულად იმ შეფასებით, რაც ამ შენატანისათვის აღნიშნულია საამხანაგო ხელშეკრულებაში, ხოლო, უკეთუ ასეთი შეფასება არ არის, შენატანი უნდა დაუბრუნდეს იმისდამიხედვით, თუ რა ღირდა იგი შეტანის დროს, ჩერვონეცის ოფიციალური კურსზე გადატანით. უკეთუ ამხანაგების საერთო ქონება საკმარისი არ იქნება ვალების გასტუმრებისა ან უზრუნველყოფისათვის, დანაკლისი თანხა უნდა შეავსონ ამხანაგებმა იმისდამიხედვით, თუ თვითეულ მათგანს რა წილი უდევს საერთო ზარალში, უკეთუ რომელიმე ამხანაგი არაშემძლეა, ზარალის ის ნაწილი, რაც მას შეხვდება, იმავე საფუძვლით განაწილებულ უნდა იქნეს დანარჩენ ამხანაგთა შორის.

შენიშვნა. წესი ამხანაგთა ურთიერთ შორის ანგარიშის გასწორებისა ამხანაგობის ლიკვიდაციის დროს შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ამხანაგების შეთანხმებითაც.

2. ს რ უ ლ ი  ა მ ხ ა ნ ა გ ო ბ ა.

295. სრულ ამხანაგობად ჩაითვლება ის ამხანაგობა, რომლის ყველა მონაწილე (ამხანაგი) ეწევა ვაჭრობას ან მრეწველობას საერთო ფირმით და მთლად თავისი ქონებით პასუხს აგებს ამხანაგობის ვალდებულებისათვის, როგორც სოლიდარული მოვალე. ამხანაგობის ფირმა განსაზღვრულ უნდა იქნეს ამხანაგობის ხელშეკრულებაში და შეიცავდეს მონაწილეთა გვარებს.

შენიშვნა. ფირმის შეძენისა და სარგებლობის წესი განისაზღვრება განსაკუთრებული დადგენილებით.

296. სრული ამხანაგობის დაარსების თაობაზე ამხანაგებმა უნდა წარუდგინონ ყველას მიერ ხელმოწერილი განცხადება სავაჭრო რეესტრის მწარმოებელ დაწესებულებას იმ ადგილს, სადაც ამხანაგობა იმყოფება, რეესტრში შესატანად და გამოსაქვეყნებლად. ყველა ხელისმოწერა შემოწმებულ უნდა იქნეს სათანადო წესით.

შენიშვნა 1. განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) თვითეული ამხანაგის გვარი, სახელი, მამის სახელი და საცხოვრებელი ადგილი; ბ) ამხანაგობის ფირმა და ადგილი, სადაც იგი იმყოფება; გ) ვადა დადებული საამხანაგო ხელშეკრულებისათვის; დ) რომელი ამხანაგთაგანია ამხანაგობის წარმომადგენელი, ხოლო უკეთუ ამხანაგობას რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს, ნება აქვთ თუ არა მათ იმოქმედონ ამხანაგობის სახელით თვითეულმა ცალკე თუ ყველამ ერთად; ე) ამხანაგობის შენაერთი კაპიტალის რაოდენობა.

შენიშვნა 2. ამა მუხლში გათვალისწინებული წესით განცხადებულ და გამოქვეყნებულ უნდა იქნეს ხოლმე ყოველგვარი ცვლილება იმ ცნობებისა, რაც აღნიშნულია პირვანდელ განცხადებაში, ამხანაგობის მოსპობა, ლიკვიდატორების არჩევა ან დანიშვნა ამხანაგობის საქმეთათვის, ყოველგვარი ცვლილება ამ ლიკვიდატორების შედგენილობისა და აგრეთვე სხვა ცნობა, რაც გათვალისწინებულია განსაკუთრებული დადგენილებებით.

შენიშვნა 3. განცხადება ამხანაგობიდან გამოსვლის შესახებ შეიძლება შეიტანოს თვით გამოსულმა ამხანაგმაც, სათანადო დამამტკიცებელი საბუთების წარდგენით, სასამართლოს მიერ არაშემძლედ ცნობილი ამხანაგობის მოსპობა უნდა აღინიშნოს სავაჭრო რეესტრში იმ სასამართლოს განკარგულებით, რომელმაც ამხანაგობის არა შემძლეობა აღმოაჩინა.

297. სრული ამხანაგობის ხელშეკრულება, ბათილობის რიდით, დადებულ უნდა იქნეს წერილობით და შემოწმებული სანოტარო წესისამებრ.

298. სრული ამხანაგობა დღიდან სავაჭრო რეესტრში შეტანისა ჩაითვლება იურიდიულ პირად და შეუძლიან თავისი ფირმით შეიძინოს, კანონის ფარგალში, ყოველგვარი უფლება ქონებაზე, იკისროს ვალდებულება, ისარჩლოს და პასუხი აგოს სასამართლოში თავის წარმომადგენელთა მეშვეობით.

299. სრულ ამხანაგობას შეეფარდება ამა კოდექსის 277-ე, 278-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 289-ე, 290-ე, 292-ე და 294-ე მუხლში აღნიშნული წესები.

300. უკეთუ ამხანაგების შენატანი შემცირდა ზარალის გამო, ამხანაგებს არა აქვთ უფლება მოითხოვონ თავისი წილი ამხანაგობის მოგებიდან, ვიდრე შენაერთი კაპიტალი შევსებულ არ იქნება ამ მოგებით იმ რაოდენობამდე, რაც აღნიშნულია სავაჭრო რეესტრის ჩანაწერში.

301. ამხანაგს, თვინიერ დანარჩენი ამხანაგების თანხმობისა, არა აქვს უფლება არც იმისა, რომ თავისი ხარჯით ან მესამე პირის ხარჯით დასდვას იმგვარივე გარიგება, რაც შეადგენს ამხანაგობის სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის საგანს, და არც იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამგვარსავე ამხანაგობაში, როგორც შეუზღუდველ პასუხისმგებელმა ამხანაგმა. ამხანაგი, რომელიც დაარღვევს აღნიშნულ წესს, ვალდებულია, ამხანაგთა სურვილისამებრ, ან აანაზღაუროს ამხანაგობისათვის მიყენებული ზარალი ან გადასცეს ამხანაგობას მთლად ის გამორჩენა, რაც მოიპოვა ზემოხსენებული მოქმედებით.

302. თვითეულ ამხანაგს უფლება აქვს იმოქმედოს ამხანაგობის სახელით ერთპიროვნად, უკეთუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის დაწესებული. ერთი რომელიმე ამხანაგის განცხადება მეორე ამხანაგის ერთპიროვნითი განკარგულების და მოქმედების წინააღმდეგ საკმარისია, რომ იგი შეჩერებულ იქნეს.

303. რწმუნებულება ამხანაგობის საქმეთა საწარმოებლად შეიძლება გააუქმოს თვითეულმა ამხანაგმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ან აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა რწმუნებულების მიცემაში. ხელშეკრულების ძალით ამხანაგობის საქმეთა საწარმოებლად უფლებამოსილი ამხანაგის გადაყენებას ამხანაგობის საქმეთა მართვა-გამგეობისაგან ძალა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას დაადგენს სასამართლო დანარჩენი ამხანაგების ან მათი უმრავლესობის (იმისდა მიხედვით, თუ როგორ არის ეს დადგენილი საამხანაგო ხელშეკრულებაში) პატივსადებ მიზეზებზე დამყარებული მოთხოვნით.

304. ამხანაგები პასუხს აგებენ სოლიდარულად მთელი თავისი ქონებით ამხანაგობის ვალდებულებისათვის ან ყველა იმ გარიგებისათვის, რაც, როგორც ეს მხარეთა განზრახვიდან სჩანს, დადებულ იქნა ამხანაგობისათვის. ის პირი, რომელიც ამხანაგობაში შევა, როგორც წევრი, პასუხს აგებს სხვა ამხანაგების თანასწორად იმ ვალდებულებისათვისაც, რაც წარმოიშვა მის შესვლამდე ამხანაგობაში. ამხანაგს, რომელმაც ამხანაგობის ვალი გადაიხადა, აქვს რეგრესის უფლება დანარჩენი ამხანაგებისადმი იმის თანაბრად, თუ რა წილი უდევს თვითეულ მათგანს ამხანაგობის ზარალში.

305. ამხანაგობის კრედიტორს შეუძლიან გადახდევინება მიაქციოს ცალკე ამხანაგის კუთვნილ ქონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტიურად ან სასამართლოს მიერ ცნობილ იქნება ამხანაგობის არაშემძლეობა, ან და ამხანაგობის საქმეთა ლიკვიდაციის შემდეგ. რათა კრედიტორმა მიიღოს დაკმაყოფილება იმ გადახდევინებით, რაც მან მიაქცია თვისი მოვალის კუთვნილ წილს საამხანაგო ქონებაში უნდა მოსთხოვოს ამხანაგობას სრული ამხანაგობის მოსპობა, და ლიკვიდაცია, ყოველ შემთხვევაში, 6 თვით ადრე საოპერაციო წლის დასრულებამდე, განურჩევლად იმისა, ვადიანია ამხანაგობა თუ უვადო.

306. ამხანაგობის ხელშეკრულების ამა თუ იმ ცვლილებას მესამე პირისათვის, რომელმაც არ უწყის ეს ცვლილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ძალა, უკეთუ ეს ცვლილება შეტანილ იყო სავაჭრო რეესტრში და გამოქვეყნებული. ამხანაგების შეთანხმება, რაც ეწინააღმდეგება მათი პასუხისმგებლობისათვის ამა კოდექსის 304-ე მუხლში აღნიშნულ წესებს, ბათილია მესამე პირის მიმართ. ამხანაგებს არ შეუძლიანთ თავიანთი მისაგებლისათვის მესამე პირის წინააღმდეგ, რომელიც ემყარება ამხანაგობის ხელშეკრულებაში მომხდარ ცვლილებას, გამოიყენონ ის გარემოება, რომ ცვლილება სავაჭრო რეესტრში არ იყო შეტანილი და გამოქვეყნებული.

307. სრული ამხანაგობა მოისპობა, გარდა ისეთი შემთხვევისა, რაც გათვალისწინებულია 289-ე მუხლში, აგრეთვე სასამართლოს წესით ამხანაგობის არაშემძლეთ გამოცხადების გამო.

შენიშვნა. უარი უვადო ამხანაგობაში მონაწილეობაზე ამხანაგმა უნდა განაცხადოს ექვსი თვით ადრე მაინც ამხანაგობიდან ფაქტიურად გამოსვლამდე. ვადიან ამხანაგობაში მონაწილეობაზე ვადის გასვლამდე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ პატივსადები მიზეზით.

308. ისეთი ამხანაგობის საქმეთა ლიკვიდაციისათვის, რომელიც სასამართლოს წესით არ ყოფილა გამოცხადებული არაშემძლედ, ამხანაგებს შეუძლიანთ ამოირჩიონ განსაკუთრებული ლიკვიდატორები როგორც თავის წრიდან, ისე გარეშე პირთაგანაც. უკეთუ ამხანაგები ვერ შეთანხმდნენ ლიკვიდატორების არჩევაში, ამ უკანასკნელთ დაჰნიშნავს სასამართლო ერთ-ერთი ამხანაგის თხოვნით. ისეთი ამხანაგობის საქმეთა ლიკვიდაციისათვის, რომელიც სასამართლომ არაშემძლედ გამოაცხადა, ლიკვიდატორებს დანიშნავს სასამართლო, აუცილებლად ამხანაგობის გარეშე პირთაგან, და თანაც დამოუკიდებლად ამხანაგობის რომელიმე წევრის თხოვნისა.

309. ლიკვიდატორები დაამთავრებენ მიმდინარე საქმეებს და უფლება აქვთ დასდვან ახალი გარიგება, რამდენადაც ეს საჭიროა მიმდინარე საქმეების დასამთავრებლად. სასამართლოს წესით არაშემძლედ გამოცხადებული ამხანაგობის კუთვნილი შენობა და ამხანაგობის უფლება ლიკვიდატორებს შეუძლიანთ გაასხვისონ მარტოოდენ საჯარო ვაჭრობით; იგივე წესი უნდა შეეფარდოს იმ ამხანაგობის კუთვნილ შენობას და აღნაგობის უფლებას, რომელიც მოისპობა რაიმე სხვა საფუძვლით, უკეთუ გასხვისება მოხდება თვინიერ ამხანაგების თანხმობისა.

ლიკვიდაციის დამთავრებისას ლიკვიდატორები ანგარიშს წარუდგენენ ამხანაგებს, ხოლო როდესაც ამხანაგობა სასამართლოს წესით არის არაშემძლედ გამოცხადებული ‒ სასამართლოს, სადაც წარმოებს საქმე არაშემძლეობის შესახებ. უკეთუ ლიკვიდაცია ერთ წელზე მეტი გაგრძელდა, ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს თვითეული 12 თვის გასვლის შემდეგ.

შენიშვნა. საერთო მოქმედებისათვის არჩეული ან დანიშნული ლიკვიდატორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, ‒ უკეთუ მათ დაარღვიეს თავისი მოვალეობა, ‒ როგორც ამხანაგობის მონაწილეთა, ისე მისი კრედიტორების წინაშე.

310. ლიკვიდატორებს, უკეთუ ისინი ამავე დროს არ არიან ამხანაგები, უფლება აქვთ მოითხოვონ გასამრჯელოს სალიკვიდაციოდ გაწეული შრომისათვის; გასამრჯელოს რაოდენობა განისაზღვრება ამხანაგებთან შეთანხმებით, ხოლო უკეთუ ასეთი შეთანხმება არ მოხდება ‒ სასამართლოს შეხედულებისამებრ.

სასამართლოს წესით არაშემძლედ გამოცხადებული ამხანაგების ლიკვიდაციისათვის, ლიკვიდატორებს გასამრჯელოს დაუნიშნავს ის სასამართლო, სადაც წარმოობს საქმე ამხანაგობის არაშემძლეობის შესახებ.

311. ამხანაგი, რომელიც ამხანაგობიდან გამოვა, პასუხს აგებს ამხანაგობის ვალებისათვის ორი წლის განმავლობაში დღიდან იმ წლის ანგარიშის დამტკიცებისა, რა წელსაც იგი ამხანაგობიდან გამოვიდა.

3. ნ დ ო ბ ი ს   ა მ ხ ა ნ ა გ ო ბ ა.

312. ნდობის ამხანაგობად ჩაითვლება ამხანაგობა, დაარსებული საერთო ფირმით ვაჭრობისა და მრეწველობის საწარმოებლად და შემდგარი ერთი ან რამოდენიმე მონაწილისაგან, რომელნიც პასუხს აგებენ კრედიტორების წინაშე მთელი თავისი ქონებით (შეუზღუდველ-პასუხისმგებელი ამხანაგები), და ერთი ან ორი მონაწილისაგან, რომელთა პასუხისმგებლობაც განსაზღვრულია მათი შენატანით ამხანაგობაში (შემტანნი).

313. ნდობის ამხანაგობას შეეფარდება ყველა წესი სრული ამხანაგობისა იმ გამონაკლისით, რაც აღნიშნულია ქვემომოყვანილ მუხლებში.

314. შემტანთა გვარები თვინიერ მათი თანხმობისა არ აღინიშნება ნდობის ამხანაგობის ფირმაში, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ეს გვარები აღნიშნული იყო ნდობის ამხანაგობის მიერ შეძენილ ფირმაში. ნდობის ამხანაგობის ფირმას უნდა დაემატოს სიტყვები „ნდობის ამხანაგობა“ ან შემოკლებით „ნ/ა“.

განცხადება ნდობის ამხანაგობის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს იმ ცნობების გარდა, რასაც მოითხოვს 296-ე მუხლის I შენიშვნა, შემტანთა სიას და თვითეული მათგანის შენატანის რაოდენობას.

315. ურთიერთობა ნდობის ამხანაგობის ამხანაგთა შორის მოგვარებულ უნდა იქნეს შემდეგი სავალდებულო წესებით:

ა) მარტოოდენ ქონებრივი შენატანი წარმოშობს შემტანის უფლებასა და მოვალეობას;

ბ) შემტანს შეუძლიან განაგებდეს ნდობის ამხანაგობის საქმეებს მხოლოდ როგორც რწმუნებული, და უკეთუ მას არ ექნება ასეთი რწმუნებულება, უფლება არა აქვს საცილობელჰყოს შეუზღუდველ-პასუხისმგებელ ამხანაგების მოქმედება;

გ) უკეთუ ამხანაგობა არაშემძლეა, შემტანს აქვს უპირატესი უფლება, შეუზღუდველ პასუხისმგებელ ამხანაგებთან შედარებით, მიიღოს თავისი შენატანი ამხანაგობის იმ ქონებიდან, რაც გადარჩება კრედიტორების დაკმაყოფილებას.

იმ შემთხვევაში, უკეთუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამოქმედოდ მიღებულ უნდა ქნეს აგრეთვე შემდეგი წესები:

ა) შემტანი არ არის შებორკილი იმ შეზღუდვით, რაც აღნიშნულია ამა კოდექსის 301-ე მუხლში;

ბ) შემტანს შეუძლიან მოითხოვოს, რომ აცნობოს მას წლიური ბალანსი და შეუძლიან შეამოწმოს ამ ბალანსის სისწორე ამხანაგობის დავთრებისა და ქაღალდების მიხედვით. პატივსადები მიზეზების გამო სასამართლოს ყოველდროს შეუძლიან სცნოს შემტანის უფლება ამხანაგობის დავთრებისა და ქაღალდების გასინჯვისა.

316. მესამე პირის წინაშე შემტანი პასუხს აგებს:

ა) შენატანით ან თავისი ქონებით იმ ფარგალში, რაც უდრის შეპირებულ შესატანს, უკეთუ იგი არ არის შეტანილი ან შეტანილია არა სრულად.

ბ) არა სწორად მიღებული მოგებით.

შენიშვნა. შეთანხმებას შენატანის შესამცირებლად, ვიდრე ეს შეთანხმება არ არის აღნიშნული სავაჭრო რეესტრში და სათანადო წესით გამოქვეყნებული, არა აქვს ძალა ამხანაგობის კრედიტორებისათვის. იმ ვალდებულებისათვის, რაც წარმოიშვა ამ გამოქვეყნებამდე, შემტანი პასუხს აგებს პირვანდელი შენატანის რაოდენობით.

317. შემტანი პასუხს აგებს თანასწორად შეუზღუდველ-პასუხისმგებელი ამხანაგისა:

ა) უკეთუ მისი გვარი მისივე თანხმობით აღნიშნულია ამხანაგობის ფირმაში;

ბ) იმ გარიგებისთვის, რაც მან დასდვა ამხანაგობის სახელით, ხოლო საამისოდ ცალკე უფლებამოსილობა არა ჰქონდა.

4. ამხანაგობა შეზღუდული პასუხისმგებლობით.

318. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობად ჩაითვლება ისეთი ამხანაგობა, რომლის ყველა მონაწილე (ამხანაგი) ეწევა ვაჭრობას ან მრეწველობას. საერთო ფირმით და ამხანაგობის ვალდებულებისათვის პასუხს აგებს არი მარტო თავისი შენატანით ამხანაგობაში, არამედ პირადი ქონებითაც ყველა ამხანაგისათვის თანასწორი ჯერადი (მაგ., სამჯერ, ხუთჯერ, ათჯერ) შეფარდებით თვითეული მათგანის შენატან თანხასთან.

319. ერთ-ერთი ამხანაგის არაშემძლეობის გამო, პასუხისმგებლობა მისი ვალებისათვის განაწილდები ამხანაგობის დანარჩენ მონაწილეთა შორის პროპორციულად მათი შენატანისა, ხოლო არც ერთი ამხანაგთაგანი მესამე პირის ან ამხანაგობის სხვა მონაწილის წინაშე მონებით პასუხს არ იგებს იმაზე მეტს, რაც არის მისი შენატანი და შენატანთან შეფარდებით დაწესებული ჯერადი პასუხისმგებლობა.

320. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა შეიძლება დაარსებულ იქნეს სახალხო მეურნეობის მხოლოდ ისეთ დარგში, რომელშიაც იგი პირდაპირ არის ნებადართული კანონით (მაგ., საელექტრიფიკაციო ამხანაგობა, პასუხსაგები შრომის ამხანაგობა და სხვ.), ან და მხოლოდ მუშათა და გლეხთა მთავრობის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვით თვითეულ ცალკე შემთხვევაში.

321. დანარჩენ შემთხვევაში მოქმედების წესი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობისა განისაზღვრება მათი, სათანადოდ დამტკიცებული, წესდებით.

5. სააქციო საზოგადოება (საპაიო ამხანაგობა).

322. სააქციო (ანუ საპაიო) ამხანაგობად ჩაითვლება ისეთი ამხანაგობა (საზოგადოება), დაარსებული განსაკუთრებული სახელწოდებით ან ფირმით, რომლის ძირითადი კაპიტალი დაყოფილია განსაზღვრული რიცხვის თანასწორ ნაწილად (აქცია), და რომლის ვალდებულებათათვის პასუხს აგებს მხოლოდ საზოგადოების ქონება.

323. სააქციო საზოგადოება დაარსდება იმ წესდების საფუძველზე, რომელსაც დამფუძნებელნი სათანადო წესით წარადგენენ დასამტკიცებლად.

324. სააქციო საზოგადოების წესდება, წარდგენილი მთავრობისათვის დასამტკიცებლად, ხელმოწერილ უნდა იქნეს არა ნაკლებ ხუთი დამფუძნებლის მიერ და ამ წესდებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს:

ა) საზოგადოების მიზანი და ოპერაციები;

ბ) საზოგადოების სახელწოდება ან ფირმა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს მიზანს და შეიცავდეს სიტყვებს: „სააქციო საზოგადოება“;

გ) საზოგადოების გამგეობის სამყოფელი ადგილი;

დ) რა ვადით არის დაარსებული საზოგადოება, უკეთუ იგი არსდება განსაზღვრული ვადით;

ე) ძირითადი კაპიტალის შედგენის წესი და რაოდენობა, აქციების პირველდებული ფასი და შესყიდვის წესი;

ვ) საზოგადოების მმართველი ორგანოები (საერთო კრება, გამგეობა, სარევიზიო კომისია და აგრეთვე საბჭო, უკეთუ იგი გათვალისწინებულია წესდებით) და მათი კომპეტენცია;

ზ) დადგენილებანი საერთო კრების მოწვევისა, მის უფლებათა და აქციონერთა ხმის უფლების შესახებ;

ჰ) საოპერაციო წლის ვადა, ანგარიშისა და ბალანსის შედგენის, განხილვის და დამტკიცების წესი;

თ) დივიდენდის განაწილების და სათადარიგო კაპიტალის შედგენის წესი;

ი) ანგარიშგების წესი;

კ) საზოგადოების მოქმედების მოსპობის წესი;

საზოგადოების წესდებაში დამფუძნებელთ შეუძლიათ შეიტანონ სხვა დადგენილებაც, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს.

შენიშვნა: ძირითადი კაპიტალი არ შეიძლება იყოს 16.500 ჩერვონეცზე ნაკლები. აქციის ფასი არ შეიძლება 16 ½ ჩერვონეცზე ნაკლები იყოს.

325. ხელისუფლების სათანადო ორგანოს დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია სააქციო საზოგადოების წესდება, გამოქვეყნებულ უნდა იქნეს ოფიციალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში და მთავრობის კანონთა და განკარგულებათა კრებულში.

326. სააქციო საზოგადოების წესდების, სათანადო, წესისამებრ, გამოქვეყნების შემდეგ, აქციები მთლად განაწილებულ უნდა იქნეს დამფუძნებელთა და მათ მიერ სააქციო საზოგადოებაში მონაწილეობისათვის მიწვეულ პირთა შორის; ეს მიწვევა შეიძლება მოხდეს საჯარო განცხადებითაც.

დამფუძნებელნი ვალდებულ არიან დაიტოვონ თავისთვის გამოშვებული აქციების არა ნაკლებ 1/10-სა, საერთო რიცხვით და არა აქვთ უფლება გაასხვისონ იგი მეორე საოპერაციო წლის ანგარიშის დამტკიცებამდე. ამგვარადვე, მათ არა აქვთ უფლება გაასხვისონ მეორე საოპერაციო წლის ანგარიშის დამტკიცებამდე მათი კუთვნილი აქციები, რაც შესყიდულია ქონებით.

327. უკეთუ სამი თვის განმავლობაში, დღიდან წესდების დამტკიცების გამოქვეყნებისა, არ იქნება შეკრეფილი ძირითადი კაპიტალის ¼, საზოგადოება ჩაითვლება არაშემდგარად. და უკეთუ შემდეგი სამი თვის განმავლობაში არ იქნება შეკრეფილი ძირითადი კაპიტალის შემდგომი მეოთხედი, ხოლო წესდებაში აღნიშნული ვადის განმავლობაში-კი, რომელიც, ამასთანავე, არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელიწადს მოქმედების დაწყების დღიდან, ‒ არ იქნება შეკრეფილი საზოგადოების ძირითადი კაპიტალის დანარჩენი ნაწილი ორი მეოთხედის გარდა, საზოგადოებას ლიკვიდაცია უნდა ექმნას სამი თვის განმავლობაში, ვინიცობაა მთავრობის ნებართვით აქციების შესყიდვის ვადა არ იქნება განგრძობილი ან საზოგადოების ძირითადი კაპიტალი სათანადოდ შემცირებული.

საზოგადოების არაშემდგარად ცნობისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ უნდა მოხდეს სათანადო პუბლიკაცია.

328. მთლად ძირითადი კაპიტალის თავის დროზე განაღდების უზრუნველსაყოფად აქციონერთა საერთო კრებას უფლება აქვს გააბათილოს ის აქციები, რომლისთვისაც აქციონერს დანიშნულ ვადაზე არ შეუტანია დაწესებული თანხა, შესცვალოს იგი ახალ აქციებად და გამოუშვას ეს ახალი აქციები გასასყიდად, ისე კი, რომ ახალი აქციები შეცვლილ იქნეს და სრულად შესყიდული იმ ვადის გასვლამდე, რაც ამა მუხლში დაწესებულია საზოგადოების ძირითადი კაპიტალის მთლად განაღდებისათვის. აქციების გაყიდვით მიღებული თანხიდან გაბათილებული აქციის პატრონს აუნაზღაურდება მის მიერ შეტანილი თანხა იმ ხარჯის გამოკლებით, რაც გამოწვეულია აქციის შეცვლით და ახალი აქციის გაყიდვით.

329. ფულადი შესატანი აქციის შესყიდვისათვის შეტანილ უნდა იქნეს წესდებით გათვალისწინებულ საკრედიტო დაწესებულებაში დამფუძნებელთა სახელზე და გაიცემა მხოლოდ საზოგადოების მოქმედების დაწყებისას ან და მას შემდეგ, რაც საზოგადოება ცნობილ იქნება არაშემდგარად. ის, რაც აქციების შესყიდვისათვის შეტანილია ქონებად, გადაეცემა დამფუძნებელთ. დამფუძნებელნი ვალდებულ არიან შეინახონ აქციების შესასყიდათ შემოსული ფული და ქონება იმ დრომდე, ვიდრე ეს ფული და ქონება გამგეობას გადაეცემოდეს, და პასუხს აგებენ სოლიდარულად მათი დაცვა-შენახვისათვის.

330. პირვანდელი შეფასება აქციებისათვის შესატანი ქონებისა განისაზღვრება დამფუძნებელთა და ქონების შემტანი აქციონერის შეთანხმებით; ხსენებული ქონების საბოლოო შეფასება მოხდება აქციონერთა დამფუძნებითი საერთო კრებისა და ამა ქონების შემტანი აქციონერის შეთანხმებით, იმ პირობებით კი, რომ ეს შეფასება არ აღემატებოდეს შეტანილი ქონების საშუალო საბაზრო ფასებს, რაც იყო ქონების ჩაბარების ადგილას ჩაბარების დღეს.

უკეთუ ბაზრის საშუალო ფასების გამორკვევა შეუძლებელია, შეფასება უნდა მოხდეს მცოდნე პირთა მონაწილეობით. სააქციო საზოგადოებაში დამფუძნებელთა ან აქციონერთა მიერ შეტანილი ქონება უნდა წარმოადგენდეს ისეთ საქონელს, ნივთს ან მატერიალურ საფასურს, რომლის ოპერაციაც შეადგენს ამა საზოგადოების ერთ-ერთ მიზანს, ან რომელიც მას შეუძლიან გამოიყენოს საზოგადოების ორგანიზაციისათვის ან შემდეგი მოქმედებისათვის.

331. აქციებზე ხელისმოწერის ფურცელში და საჯარო ხელისმოწერის განცხადებაში (პროსპექტში) სხვა ცნობათა შორის აუცილებლად უნდა იქნეს აღნიშნული:

ა) წესდების გამოქვეყნების დრო;

ბ) იმ აქციათა რიცხვი, რაც დამფუძნებლებმა დაიტოვეს თავისთვის;

გ) აქციის ფასი, შესყიდვის წესი და ვადები;

დ) შეფასება დამფუძნებელთა მიერ შეტანილი ქონებისა.

შენიშვნა 1. აქციის გამოსაშვები ფასი არ შეიძლება პირველდებულ ფასზე ნაკლები იყოს.

შენიშვნა 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ დაწესებულებას ან პირს მიენიჭება განსაკუთრებული უპირატესობა სააქციო საზოგადოების დაარსებისათვის და აგრეთვე განსაკუთრებული პრივილეგიები აქციებზე ხელის მოწერისა და კაპიტალის შეტანის ვადებისათვის, ყველა ეს უფლება და უპირატესობა ცალკე უნდა იყოს აღნიშნული საზოგადოების წესდებაში და აქციებზე ხელისმოწერის ფურცლებში.

332. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციამდე მოწვეულ უნდა იქნეს აქციონერთა ორი საერთო კრება ‒ წინასწარი და დამფუძნებითი. წინასწარი საერთო კრება მოწვეულ უნდა იქნეს ძირითადი კაპიტალის ¼ არა ნაკლები ნაწილის შეკრეფის შემდეგ. ეს კრება მოისმენს დამფუძნებელთა მოხსენებას, თუ როგორ მიმდინარეობს საზოგადოების დაარსების საქმე, და ამოირჩევს კომისიას დამფუძნებელთა ანგარიშისა და იმ ცნობების შესამოწმებლად, რაც შეეხება შეტანილი ქონების შეფასებას.

333. არა უგვიანეს ერთი თვისა და არა უადრეს შვიდი დღისა აქციონერთა წინასწარი კრების შემდეგ, მოწვეულ უნდა იქნეს მათი დამფუძნებითი კრება. აღნიშნული კრება მოისმენს დამფუძნებელთა ანგარიშის შესამოწმებლად არჩეული კომისიის მოხსენებას, შეაფასებს აქციების შესასყიდად შეტანილ ქონებას, დაადგენს ‒ ცნობილ იქნეს საზოგადოება შემდგარად თუ არშემდგარად, აირჩევს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრებს და სხვა მმართველ ორგანოს და გადასწყვეტს დანარჩენ საქმეს. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელნი ვალდებულ არიან წინასწარი და დამფუძნებითი კრების მოწვევა შვიდი დღით ადრე აცნობონ დაწესებულებას, რომელიც განაგებს სააქციო საზოგადოებათა წესდების დამტკიცების საქმეს.

334. დადგენილება საზოგადოების შემდგარად ცნობის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს დამსწრე აქციონერთა ¾ ხმის უმრავლესობით, უკეთუ ამასთანავე კრებაზე წარმოდგენილია ნახევარი ძირითადი კაპიტალი მაინც, რომელიც შეტანილია დამფუძნებითი კრების დროისთვის.

335. უკეთუ აქციონერთა დამფუძნებითი საერთო კრება სცნობს, რომ საზოგადოება შემდგარია, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ შეიტანოს განცხადება საზოგადოების რეგისტრაციისათვის იმ დაწესებულებაში, რომელიც განაგებს სააქციო საზოგადოებათა წესდებების დამტკიცების საქმეს, საზოგადობის რეგისტრაცია გამოქვეყნებულ უნდა იქნეს საბჭოთა ოფიციალურ გაზეთში.

336. განცხადებას რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) საზოგადოების წესდება, დამტკიცებული მთავრობის მიერ;

ბ) გამგეობის მიერ ხელმოწერილი საერთო სია აქციონერებისა იმის აღნიშვნით, თუ რამდენი აქცია ირიცხება თვითეულ მათგანზე და რამდენია მათ მიერ შეტანილი თანხა;

გ) აქციონერთა წინასწარი და დამფუძნებითი კრების ოქმების ასლი;

დ) დამფუძნებელთა ანგარიშის ასლი;

ე) დამფუძნებელთა ანგარიშის შესამოწმებლად არჩეული კომისიის მოხსენების ასლი;

ვ) საინვენტარო აღწერილობა საზოგადოების ქონებისა და ბალანსი გამგეობის ხელმოწერით და ბუხჰალტერის შემოწმებით.

შენიშვნა. იმ დაწესებულებას, რომელიც განაგებს სააქციო საზოგადოებათა წესდებების დამტკიცების საქმეს, უფლება აქვს, უკეთუ საჭიროდ სცნობს, შეამოწმოს ცალკე შემთხვევაში რამოდენად კანონიერად მიმდინარეობდა ამა თუ იმ საზოგადოების დაარსების საქმე, კერძოდ, შეამოწმოს არის თუ არა ნამდვილად ის ქონება, რაც აღნიშნულია საინვენტარო აღწერილობაში, და სისწორით არის შეფასებული იგი თუ არა.

337. პუბლიკაციაში საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ უნდა აღინიშნოს:

ა) საზოგადოების სახელწოდება და გამგეობას სამყოფელი ადგილი,

ბ) წესდებაში აღნიშნული მიზანი და ხასიათი საწარმოსი და

გ) საზოგადოების ძირითადი კაპიტალისა და მისი შეგროვილი ნაწილის რაოდენობა.

338. რეგისტრაციის დღიდან სააქციო საზოგადოება ჩაითვლება იურიდიულ პირად და უფლება აქვს, წესდებით გათვალისწინებული მიზნების ფარგალში, ყოველი კანონიერი საშუალებით შეიძინოს და გაასხვისოს ყოველგვარი ქონება, რაც გამორიცხული არ არის ბრუნვიდან, დასდოს აქტი და ხელშეკრულები, ისარჩლოს და პასუხი აგოს სასამართლოში თავისი სახელით.

339. საზოგადოების რეგისტრაციის პუბლიკაციამდე საზოგადოების დამფუძნებელთ უფლება აქვთ დასდონ სააქციო საზოგადოების სახელით ყოველგვარი საჭირო გარიგება და ხელშეკრულება. ყველა აღნიშნული გარიგებისათვის დამფუძნებელნი პირადად და სოლიდარულად პასუხს აგებენ კონტრაგენტების წინაშე, უკეთუ ამ გარიგებას არ დაამტკიცებს ან არ მოიწონებს საზოგადოების საერთო კრება, მოწვეული საზოგადოების დაარსებისათვის, ან ერთ-ერთი შემდეგი კრება, მოწვეული ექვსი თვის განმავლობაში საზოგადოების რეგისტრაციის დღიდან.

340. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელნი როგორც საზოგადოების, ისე ცალკე აქციონერების წინაშე მიყენებული ზარალისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად ერთი წლის განმავლობაში დღიდან საზოგადოების რეგისტრაციისა. კერძოდ, ეს პასუხისმგებლობა წარმოიშობა, უკეთუ ზარალი მიყენებულია არასწორი ცნობების მოთავსებით ხელისმოწერის ფურცლებში, ხელისმოწერის განცხადებაში ან საერთო კრებისათვის წარდგენილ ანგარიშში, რომელიც შეეხება დამფუძნებელთა მიერ გაწეული შრომის გასამრჯელოს რაოდენობას და საზოგადოების დაარსების ხარჯს, ან იმ ქონების შეფასების, რაც საზოგადოებას გადასცეს დამფუძნებლებმა.

გამგეობისა და სარევიზიო კომისიების წევრები, რომელნიც დამფუძნებელთა მოქმედების შემოწმების დროს დაუდევრობას გამოიჩენენ, სოლიდარულად პასუხს აგებენ საზოგადოებისა, ცალკე აქციონერებისა და საზოგადოების კრედიტორების წინაშე მათთვის მიყენებული ზარალისათვის, რამდენადაც შეუძლებელი იქნება, რომ ეს ზარალი დამფუძნებელთ გადახდეთ.

341. სააქციო საზოგადოების წესდების შეცვლა ან დამატება და აგრეთვე ძირითადი კაპიტალის გადიდება ან შემცირება შეიძლება მხოლოდ საერთო კრების დადგენილებით, რომელიც დამტკიცებულ და რეგისტრირებულ უნდა იყოს იმავე წესით, როგორც საზოგადოების წესდება.

342. გამოშვებული აქციები სახელობითი უნდა იყოს. საწარმდგენლო აქციები გამოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია წესდებით.

343. აქციების დაწილადება არ შეიძლება. უკეთუ აქცია რამდენსამე პირს ეკუთვნის, უფლებას საზოგადოების მიმართ განახორციელებს მხოლოდ ერთი პირი, რომელიც საამისოდ უფლებამოსილი იქნება აქციების თანამფლობელთაგან.

344. წინასწარი სახელობითი ხელწერილი აქციების სასყიდლის მიღების შესახებ შეიძლება დაეთმოს სხვა პირს მხოლოდ გამგეობის თანხმობით. სახელობითი აქცია და მისი საბადლო დროებითი მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს გადაცემის წარწერით, უკეთუ წესდებაში სხვა რამ არ არის დადგენილი. ის, ვინც გადაცემის წარწერით ან რაიმე სხვა საფუძვლით შეიძენს აქციის საკუთრების უფლებას, ვალდებულია, თავისი უფლების განხორციელებისათვის საზოგადოების მიმართ, განუცხადოს საზოგადოების გამგეობას, რომ მან შეიძინა აქციების ან მოწმობის საკუთრების უფლება ‒ რათა მისი სახელი შეტანილ იქნეს სააქციო დავთარში, და ამასთანავე უნდა წარუდგინოს გამგეობას თვით აქცია ან მოწმობა გადაცემის სახელობითი წარწერით ან სხვა წერილობითი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ საკუთრების უფლება მასზე გადავიდა. უკეთუ აქციის ან მოწმობის საკუთრების უფლება გადავიდა არა გადაცემის წარწერით, არამედ სხვა რაიმე საფუძვლით, წარწერას, რომ აქცია ან მოწმობა გადავიდა შემძენის სახელზე, გააკეთებს საზოგადოების გამგეობა, საწარმდგენელო აქცია გადადის ახალი მფლობელზე გადაცემით.

345. საზოგადოებას არა აქვს უფლება იყიდოს თავისი ხარჯით თავისივე აქცია ან დროებითი მოწმობა, თუ არ იმისთვის, რომ თავიდან აიცდინოს დანაკლისი, რაც შეიძლება მოუვიდეს თავისი მოვალეებისათვის ვალის გადახდევინების დროს, ან სათანადო შემთხვევაში დაიხსნას აქციები. აღნიშნული წესი სათანადოდ შეეფარდება საზოგადოების მიერ თავისი აქციების გირაოდ მიღებასაც.

346. აქციონერს უფლება აქვს მიიღოს დივიდენდი წმინდა მოგების ნაშთიდან, რაც დარჩება წმიდა მოგებიდან კანონით ან წესდებით ან საერთო კრების დადგენილებით განსაზღვრული ანარიცხის გამოკლების შემდეგ, ‒ წესდებაში ან აქციონერთა საერთო კრების მიერ განსაზღვრული რაოდენობით.

347. თვითეული აქცია ანიჭებს მესაკუთრეს საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებას და ხმის უფლებას. აქციონერს აქვს ხმის უფლება თანაბრად მისი კუთვნილი აქციების რიცხვისა. წესდებაში შეიძლება განისაზღვროს აქციების უმცირესი რიცხვი, რაც მიანიჭებს ხმის უფლებას, ან შეიზღუდოს ბმის რიცხვი, რაც მიეცემა ერთ აქციონერს.

ხმის უფლება შეიძლება გადაეცეს სხვა აქციონერს წერილობითი განცხადებით, რომელიც შეიტანება გამგეობისა ან საერთო კრების თავმჯდომარის სახელზე.

348. სააქციო საზოგადოების ორგანოები არის: ა) აქციონერთა საერთო კრება, ბ) გამგეობა, გ) სარევიზიო კომისია, დ) საბჭო, უკეთუ იგი გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.

349. საერთო კრება არის ჩვეულებრივი და საგანგებო. ჩვეულებრივ კრებას მოიწვევს გამგეობა ერთხელ მაინც წელიწადში, გასული წლის ანგარიშის განხილვისა და დამტკიცებისათვის, დირექტორების, მათი კანდიდატების, სარევიზიო კომისიისა და საბჭოს წევრთა არჩევისათვის, აქციებზე დივიდენდის განსაზღვრისათვის და აგრეთვე ყოველგვარი საკითხის გადაწყვეტისათვის, რაც კანონით ან წესდებით ექვემდებარება საერთო კრების გამგებლობას.

საგანგებო საერთო კრებას მოიწვევს გამგეობა თავისი შეხედულებისამებრ, ან საბჭოსა და სარევიზიო კომისიის მოთხოვნით, ან იმ აქციონერთა მოთხოვნით, რომელნიც ერთობლივ წარმოადგენენ ძირითადი კაპიტალის ერთ მეოცედზე არა ნაკლებსა.

შენიშვნა. უკეთუ აქციონერთა აღნიშნული რიცხვის მოთხოვნა საერთო კრების მოწვევის შესახებ გამგეობამ არ შეასრულა ორი კვირის განმავლობაში დღიდან მოთხოვნის განცხადებისა, თვითეულ იმ აქციონერთაგანს, რომელთაც მოთხოვნა განაცხადეს, უფლება აქვს ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიმართოს ადგილობრივ, ‒ იქ, სადაც საზოგადოების გამგეობა იმყოფება, ‒ სახალხო სასამართლოს თხოვნით აქციონერთა საერთო კრების მოწვევის ნებართვისათვის. ამ შემთხვევაში თანაბრად შეფარდებულ უნდა იქნეს გამგეობის მიერ საერთო კრების მოწვევის წესები.

350. საერთო კრებას არ შეუძლიან გადაწყვიტოს ისეთი საგანი, გარდა მიმდინარე საქმეებისა, რაც არ ყოფილა აღნიშნული განცხადებაში ამ კრების მოწვევის შესახებ, ან უწყებაში, რომელიც გაეგზავნა აქციონერებს. საზოგადო კრებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩაითვლება ესა თუ ის საკითხი მიმდინარე საქმედ თუ არა.

351. საერთო კრების დადგენილებაზე, რომელიც მიღებულ იქნება კანონის ან წესდების დარღვევით, შეიძლება განცხადებულ იქნეს დავა ერთი თვის განმავლობაში დღიდან ამა დადგენილების მიღებისა, ‒ საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელის აღძვრით აღნიშნული დადგენილების გაუქმების შესახებ. უფლება ასეთი სარჩელის აღძვრისა აქვს საზოგადოების თვითეულ აქციონერს.

352. საერთო კრება ჩაითვლება შემდგარად, უკეთუ კრებაზე გამოცხადდება იმდენი აქციონერი, რომელნიც ერთობლივ წარმოადგენენ ძირითადი კაპიტალის ერთ მესამედზე არა ნაკლებსა. გადაწყვეტილება საერთო კრებაზე მიღებულ უნდა იქნეს ხოლმე აქციონერთა ხმის მარტივი უმრავლესობით.

353. საკითხი წესდების შეცვლისა, სააქციო კაპიტალის გადიდებისა ან შემცირებისა, საზოგადოების საქმეთა მოსპობისა და ლიკვიდაციისა, საობლიგაციო სესხის გამოშვებისა და საზოგადოების სხვა სააქციო საზოგადოებასთან შეერთების შესახებ შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს მხოლოდ ორი მესამედი ხმის უმრავლესობით, უკეთუ ამასთანავე საერთო კრებაზე გამოცხადდა იმდენი აქციონერი, რომელნიც წარმოადგენენ ძირითადი კაპიტალის ნახევარზე არა ნაკლებსა.

დადგენილება წესდების შეცვლის შესახებ, როდესაც ამით იცვლება თვით ამხანაგობის მიზანი, შეიძლება მიღებულ იქნეს ოთხი მეხუთედი ხმის უმრავლესობით, უკეთუ ამასთანავე კრებაზე წარმოდგენილია ძირითადი კაპიტალის სამ მეოთხედზე არა ნაკლები.

შენიშვნა. უკეთუ კრებაზე გამოცხადებული აქციონერები არ წარმოადგენენ ძირითადი კაპიტალის ისეთ ნაწილს, რასაც მოითხოვს კანონი ან წესდება, შეიძლება მოწვეულ იქნეს ხელმეორე კრება, რომელიც ჩაითვლება კანონიერად მიუხედავად წარმოდგენილი კაპიტალის რაოდენობისა. 353-ე მუხლში ჩამოთვლილი საკითხები ხელმეორე კრებაზედაც შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვორუმი წარმოადგენს ძირითადი კაპიტალის ერთ მესამედზე არა ნაკლებსა.

354. საზოგადოების გამგეობა უნდა შესდგებოდეს სამი წევრისაგან მაინც (დირექტორები) და მათი კანდიდატებისაგან 1-დან 3-დე; წევრებსა და კანდიდატებს აირჩევს საერთო კრება აქციონერთა შორის ან გარეშე პირთაგან, ვადით არა უმეტეს სამი წლისა. დირექტორად და მის კანდიდატად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ისეთი პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს უფლება სახელმწიფო სამსახურში შესვლისა ‒ ამა განაჩენის მოქმედების მთელი დროის განმავლობაში. აქციონერთა საერთო კრებას შეუძლიან გადააყენოს დირექტორები და კანდიდატები მათი არჩევის ვადის გასვლამდე. ამ გადაყენებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურებულ უნდა იქნეს, უკეთუ გადაყენებისათვის არ იყო საკმაო საფუძველი.

355. საზოგადოების გამგეობის წევრი თავისი შრომისათვის მიიღებს გასამრჯელოს, რაც განსაზღვრულია წესდებით ან საერთო კრების მიერ.

356. თავისი მოვალეობის ასრულების დროს გამგეობის წევრმა უნდა გამოიჩინოს საჭირო მუყაითობა. დაკისრებული მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზარალისათვის გამგეობის წევრნი პასუხს აგებენ სოლიდარულად საზოგადოების წინაშე, ხოლო უკეთუ საზოგადოება არაშემძლეა ‒ საზოგადოების კრედიტორებისა და ცალკე აქციონერების წინაშე.

357. გამგეობა განაგებს საზოგადოების საქმეებს და არის მისი წარმომადგენელი როგორც სასამართლოში, ისე მთავრობის ორგანოებთან და ყველა სხვა პირთან ‒ ყოველგვარი საქმის გამო. მას უფლება აქვს დასდოს ყოველი გარიგება, რაც შედის საზოგადოების ოპერაციების ფარგალში. იგი ვალდებულია გაუძღვეს საზოგადოების ანგარიშწარმოებას და ანგარიშგებას და წარუდგინოს საერთო კრებას წესდებით დადგენილ ვადაზე, ხოლო, როდესაც ვადა წესდებაში აღნიშნული არ არის, სამი თვის განმავლობაში საოპერაციო წლის გასვლისას, საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშითურთ.

358. სააქციო საზოგადოება ვალდებულია ყოველწლიურად დადგენილი ფორმით გამოაქვეყნოს ხოლმე ანგარიში და ბალანსი.

359. იმ ზარალის დასაფარავად, რაც შესაძლებელია აღმოჩნდეს წლიური ანგარიშით, უნდა შესდგეს სათადარიგო კაპიტალი, რისთვისაც გადაირიცხება ერთი მეოცედი მაინც წმინდა მოგებისა, იმ დრომდე, ვიდრე ეს კაპიტალი არ მიაღწევს წესდებით დადგენილ რაოდენობას. სათადარიგო კაპიტალში ჩაირიცხება აგრეთვე აქციების პირველდებული ფასის ის ზედმეტი ფასი, რაც აქციებს დამატებითი გამოშვების დროს ექნებათ.

360. სარევიზიო კომისია აირჩევა ერთი წლით და შესდგება სამი ან მეტი აქციონერისაგან. აქციონერთა უმცირესობას, რომელიც წარმოადგენს ძირითადი კაპიტალის ერთ მეათედზე არა ნაკლებს, შეუძლიან მოითხოვოს, რომ მისი წრიდან არჩეულ იქნეს სარევიზიო კომისიის ერთი წევრი. ამ შემთხვევაში, აქციონერები, რომელნიც შედიან ამ უმცირესობაში, არ მიიღებენ მონაწილეობას სარევიზიო კომისიის სხვა წევრთა არჩევნებში. სარევიზიო კომისიას დაეკისრება შემოწმება გამგეობის ყოველწლიური ანგარიშისა, საზოგადოების კასისა და ქონებისა იმ ვადაზე, წესითა და საშუალებით, როგორც იგი საჭიროდ სცნობს, წინასწარი განხილვა საზოგადოების ყოველგვარი აღრიცხვისა და გეგმისა მომავალი წლისათვის და საერთოდ რევიზია საზოგადოების მთელი საქმისწარმოებისა, ანგარიშწარმოებისა და ანგარიშგებისა.

შენიშვნა. დაკისრებული მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზარალისათვის სარევიზიო კომისიის წევრნი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალენი, საზოგადოების წინაშე, ხოლო უკეთუ საზოგადოება არაშემძლეა ‒ მისი კრედიტორების წინაშე.

361. საზოგადოების საქმეთა საერთო ხელმძღვანელობისათვის საზოგადოების წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საბჭოს არჩევა. საბჭოს წევრთა რიცხვი, მათი არჩევის წესი, მოვალეობა, რაც დაეკისრება საბჭოს, და მისი მოქმედების წესი უნდა გათვალისწინებულ იქნეს წესდებაში. დაკისრებული მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზარალისათვის საბჭოს წევრი პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, ხოლო უკეთუ საზოგადოება არშემძლეა ‒ მისი კრედიტორების წინაშე.

362. სააქციო საზოგადოებას, გარდა დამზღვევისა და მოკლევადიანი კრედიტის საკრედიტო დაწესებულებისა, უფლება აქვს, უკეთუ ეს გათვალისწინებულია წესდებაში, აიღოს სესხი ობლიგაციების გამოშვებით იმ პირობით, რაც განსაზღვრული იქნება აქციონერთა საერთო კრების დადგენილებისამებრ. ეს დადგენილება უნდა შეტანილ იქნეს იმ დაწესებულების რეესტრში, რომელიც განაგებს სააქციო საზოგადოებათა წესდების დამტკიცების საქმეს, და გამოქვეყნებული ამონაწერის სახით. ობლიგაციონერებს აქვთ საზოგადოების ქონებიდან დაკმაყოფილების უფლება უპირატესად სხვა კრედიტორებისა, რომელთა საძიებელი წარმოიშვა იმის შემდეგ, რაც გამოქვეყნებულ იქნა საერთო კრების დადგენილება საობლიგაციო სესხის გამოშვების შესახებ.

შენიშვნა. საობლიგაციო სესხის გამოშვება არ შეიძლება, ვიდრე საზოგადოების ძირითადი კაპიტალი სრულად არ იქნება განაღდებული.

363. საზოგადოების წესდებაში ან საობლიგაციო სესხზე ხელის მოწერის პირობებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოების ობლიგაციონერთა: საერთო კრების მოწვევა და მათი წრიდან ერთი ან რამდენიმე წარმომადგენლის არჩევა, რომელთაც მინდობილი ექნებათ ობლიგაციონერების ინტერესების დაცვა როგორც საზოგადოების, ისე მესამე პირის წინაშე, ობლიგაციონერთა საერთო კრების მოწვევისა და მოქმედების წესს სათანადოდ შეეფარდება ის დადგენილებანი, რაც შეეხება აქციონერთა საერთო კრებას. ობლიგაციონერთა წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა აქციონერთა საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით და აგრეთვე უფლება აქვთ თანაბრად ცალკე აქციონერებისა გაეცნონ ხოლმე საზოგადოების საქმეთა მდგომარეობას.

364. სააქციო საზოგადოება მოისპობა:

ა) იმ ვადის გასვლის გამო, რომლითაც იგი დაარსებულია,

ბ) აქციონერთა საერთო კრების დადგენილებით საზოგადოების მოქმედების მოსპობისა ან სხვა სააქციო საზოგადოებასთან გაერთების შესახებ,

გ) სასამართლოს წესით საზოგადოების არაშემძლედ გამოცხადების გამო,

დ) მთავრობის დადგენილებით, უკეთუ საზოგადოება გადაუხვევს წესდებაში აღნიშნულ მიზანს და აგრეთვე უკეთუ მისი ორგანოების მოქმედება მიიღებს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებას (მუხ. 18).

შენიშვნა 1. საზოგადოების მოსპობა უნდა გატარებულ იქნეს რეგისტრაციაში და გამოქვეყნებული იმავე წესით, როგორც მისი დაარსება.

შენიშვნა 2. ხელშეკრულებას ერთი საზოგადოების მეორესთან გაერთებისას დასდებენ ამ საზოგადოებათა გამგეობანი აქციონერთა საერთო კრებების მიერ განსაზღვრულ საფუძველზე, თანაც უნდა დაცული იქნეს სააქციო საზოგადოების წესდების შეცვლისა ან დამატების წესები.

365. ლიკვიდაციას იმ საზოგადოებისას, რომელიც სასამართლოს წესით არ არის გამოცხადებული არაშემძლედ, მოახდენს საზოგადო კრების მიერ საგანგებოდ არჩეული სალიკვიდაციო კომისია, უკეთუ წესდებაში სხვა რამ არ არის დადგენილი. უკეთუ ლიკვიდატორების არჩევა დაყოვნდება, მათ დანიშნავს სახალხო სასამართლო იმ ადგილისა, სადაც იმყოფება გამგეობა, იმდენი აქციონერის თხოვნით, რომელნიც წარმოადგენენ ძირითადი კაპიტალის ერთ მეოცედზე არა ნაკლებსა. ისეთი სააქციო საზოგადოების ლიკვიდატორებს, რომელიც სასამართლოს წესით არაშემძლედ არის გამოცხადებული, დანიშნავს სასამართლო, რომელმაც აღმოაჩინა საზოგადოების არაშემძლეობა. ლიკვიდატორები მათი დანიშვნის დღიდან გასწევენ გამგეობის მაგიერობას, მოქმედობენ. ყოველ საქმეში თანახმად საერთო კრების ინსტრუქციებისა ან კანონისა და მათ მიერ მიყენებული ზარალისათვის პასუხს აგებენ საზოგადოების კრედიტორებისა და აქციონერების წინაშე ისევე, როგორც გამგეობის წევრები.

366. სააქციო საზოგადოების ლიკვიდაცია მოხდება იმავე წესით, რაც დადგენილია სრული ამხანაგობის ლიკვიდაციისათვის იმ განსხვავებით, რომ ლიკვიდაციაქმნილ ქონებიდან თავისუფალი ნაშთის გაცემა აქციონერებისათვის შეიძლება არა უადრეს ერთი წლისა ლიკვიდაციის დასრულების დღიდან.

აქციონერები არ არიან ვალდებულნი დაუბრუნონ სალიკვიდაციო მასას მიღებული დივიდენდი, რაც გადარიცხული იყო მათ სასარგებლოდ სწორედ შედგენილი ბალანსის მიხედვით. აქციონერთა შორის სალიკვიდაციო ნაშთის განაწილება შეიძლება მხოლოდ ყველა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა ან უზრუნველყოფის შემდეგ.

XI. დ ა ზ ღ ვ ე ვ ა.

367. დაზღვევის ხელშეკრულებით ერთი მხარე (დამაზღვეველი) კისრულობს გადაიხადოს შეპირებული თანხა (დაზღვევის პრემია), ხოლო მეორე მხარე (დამზღვევი) კისრულობს, უკეთუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლენა (დაზღვევის შემთხვევა) მოხდება, თუ ქონებაა დაზღვეული აუნაზღაუროს დამაზღვეველს ან მესამე პირს (საზღაურის მიმღებს) ხელშეკრულებით შეპირებული თანხის (დაზღვევის თანხა) ფარგალში ზარალი, რაც მათ მოუვიდათ, ხოლო თუ პიროვნებაა დაზღვეული ‒ გადაუხადოს დაზღვევის თანხა.

368. უკეთუ ქონებაა დაზღვეული, დაზღვევის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს იმ პირდაპირ ზარალს, რაც დამაზღვეველს ან საზღაურის მიმღებს შეიძლება მოუვიდეს, როცა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა მოხდება (დაზღვევის ინტერესი). არაპირდაპირი ზარალი შეიძლება დაზღვეულ იქნეს, რამდენადაც ეს ნებადართულია დაზღვევის წესებით.

როდესაც დაზღვევაა პიროვნებისა ან უბედურ შემთხვევისაგან, დაზღვევის თანხა განისაზღვრება შეთანხმებით ხელშეკრულების დადების დროს.

369. უკეთუ ქონებაა დაზღვეული და დაზღვევის თანხა ხელშეკრულებაში აღნიშნული დაზღვევის ინტერესზე მეტი აღმოჩნდება, ხელშეკრულებას ძალა ექნება მხოლოდ დაზღვევის ინტერესის ფარგალში, და დაზღვევის პრემიაც სათანადოდ შემცირდება დაზღვევის იმ პერიოდიდან, რაც მოსდევს ამ გარემოების გამორკვევას.

უკეთუ დაზღვევის თანხის ეს გადამეტება შედეგი იყო დამაზღვეველის მიერ მოტყუებისა, დამზღვევს შეუძლიან სასამართლოს წესით მოითხოვოს ხელშეკრულების გაბათილება და აგრეთვე ზარალის ანაზღაურება, რამდენადაც ეს უკანასკნელი აღემატება მიღებულ პრემიას, რომელიც ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებული არ არის დაუბრუნოს დამაზღვეველს.

370. უკეთუ ქონებაა დაზღვეული და ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ განსაზღვრულია დაზღვევის ინტერესზე ნაკლები დაზღვევის თანხა, განსხვავება დარჩება თვით დამაზღვეველის სარისკოდ, ხოლო დამზღვევი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვევაში გათვალისწინებული შემთხვევით გამოწვეული ზარალის

მხოლოდ ის ნაწილი, რაც უდრის დაზღვევის თანხისა და დაზღვევის სრული ინტერესის შეფარდებას.

371. უკეთუ ქონებაა დაზღვეული, უკვე დაზღვეული ინტერესის სათანადო ნაწილის დამატებად დაზღვევა სხვა დამზღვევთან შეიძლება მხოლოდ იმ დამზღვევის წერილობითი თანხმობით, რომელმაც უკვე მიიღო დასაზღვევად ამ ინტერესის ნაწილი. ამა წესის დარღვევით დადებული ხელშეკრულება ბათილია, ხოლო დამაზღვეველის მიერ გადახდილი პრემია არ დაუბრუნდება მას, უკეთუ შემდგომმა დამზღვევმა არ იცოდა წინად მომხდარი დაზღვევა.

372. უკეთუ დაზღვევის ინტერესი დაზღვეული იქნა ქონებრივი დაზღვევის რამდენიმე ხელშეკრულებით და დაზღვევის თანხა ერთობლივ აღემატება ამ ინტერესს (ორმაგი დაზღვევა), ყოველი შემდგომი ხელშეკრულება იმ ნაწილში, რაც აღემატება დაზღვევის ინტერესს, ბათილია, ხოლო გადახდილი პრემია დამაზღვეველს არ დაუბრუნდება. ხოლო უკეთუ დამაზღვეველს მიზნად ჰქონდა დაზღვევის შემთხვევის მოხდომისას მიეღო კანონშეუსაბამი გამორჩენა, ყველა ხელშეკრულება ბათილია, ხოლო დამზღვევთ, ამას გარდა, შეუძლიანთ მოითხოვონ დამაზღვეველის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

373. ქონების დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დასდოს ყოველმა, ამ ქონების უკლებლობით დაინტერესებულმა პირმა, როგორიც არის: მესაკუთრე, აღნიშნული ქონების სანივთო ან ქირავნობის უფლების მქონე პირი ან ისეთი პირი, ვინც ხელშეკრულებით პასუხისმგებელია ქონების წახდენისა ან დაღუპვისათვის. ხელშეკრულების დადების დროს დამაზღვეველი ვალდებულია სისწორით აღნიშნოს თავისი და საზღაურის მიმღების ინტერესის ხასიათი.

374. პიროვნების დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადებულ იქნეს იმ შემთხვევისათვის, უკეთუ დადგება თვით დამზღვევის ან მესამე პირის სიცოცხლესთან დაკავშირებული მოვლენა. მესამე პირის სიკვდილის საშემთხვეოდ ხელშეკრულება შეიძლება დადებულ იქნეს მხოლოდ ამ მესამე პირის წერილობითი თანხმობით, სადაც უნდა აღინიშნოს დაზღვევის თანხა და საზღაურის მიმღები.

ასეთი ხელშეკრულების შეცვლა ან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლების სხვა პირისათვის გადაცემა შეიძლება მხოლოდ დაზღვეული პირის წერილობითი თანხმობით.

375. უკეთუ კანონის ან ხელშეკრულების ძალით დაზღვევით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზღვევის თანხა უნდა მიეცეს არა დამაზღვეველს, არამედ მესამე პირს (საზღაურის მიმღებს), ეს უნდა იყოს ნათქვამი დაზღვევის ქვითარსა ან ჰოლისში, საზღაურის მიმღების სახელის აღნიშვნით ან უამისოდ (ის ანგარიშზედაც იქნება დაზღვევა).

376. საზღაურის მიმღები ეწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას გადაეცემა დაზღვევის ქვითარი ან პოლისი, რამდენადაც კანონის ან ხელშეკრულების დადგენილებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს,

377. დამზღვევს შეუძლიან გამოიყენოს საზღაურის მიმღების წინააღმდეგ ყველა ის მისაგებელი, რაც მას ექნება დამაზღვეველის წინააღმდეგ.

378. დაზღვევის ხელშეკრულებაში აღნიშნულ უნდა იქნეს ვადა, რომლითაც ხელშეკრულება დაიდება, ან პერიოდები, რომელთაც შეეთავსება დაზღვევის პრემიის გამოანგარიშება (დაზღვევის პერიოდი).

379. დაზღვევის ხელშეკრულება, ბათილობის რიდით, წერილობრივ უნდა დაიდოს.

380. ხელშეკრულების დადებისათანავე დამზღვევმა უნდა მისცეს დამაზღვეველს ქვითარი ან პოლისი, სადაც უნდა აღინიშნოს:

1) დამზღვევისა და დამაზღვეველის სახელი;

2) დაზღვეული ინტერესი (დაზღვეული ქონება თუ პიროვნება);

3) ის რისკი, რისთვისაც მოხდა დაზღვევა, ან მოვლენა, რომლის დადგომისას დამზღვევმა უნდა გადაიხადოს დაზღვევის თანხა;

4) დაზღვევის დასაწყისი და დასასრული;

5) დაზღვევის თანხა;

6) პრემია (შესატანი), მისი გადახდის ადგილი და ვადა.

სხვადასხვა სახის დაზღვევისათვის შეიძლება აგრეთვე დაწესებულ იქნეს სხვა სავალდებულო პირობა, რაც უნდა აღინიშნოს ქვითარსა და პოლისში.

381. დაზღვევის ქვითარი ან პოლისი შეიძლება გადაეცეს სხვა პირს მხოლოდ თანახმად იმ ცალკე წესებისა, რაც დადგენილია დაზღვევის თვითოეული ცალკე სახისათვის, ხოლო დამზღვევს, ყოველ შემთხვევაში, შეუძლიან გამოიყენოს დაზღვევის ქვითარის ან პოლისის პატრონის წინააღმდეგ ყველა ის მისაგებელი, რაც მას ექნება დამაზღვეველის წინაააღმდეგ.

382. ხელშეკრულების დადებისათანავე დამაზღვეველი მოვალეა აუწყოს დამზღვევს ყველა ის გარემოება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის შესაძლებლობის გამორკვევისათვის ან მისი დადგომით გამოწვეული ზარალის განსაზღვრისათვის (დაზღვევის რისკი), რამდენადაც ეს გარემოება დამზღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების დადების დროს.

არსებით გარემოებად. ამ მხრით ჩაითვლება, ყოველ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, რასაც დამზღვევი გარკვევით აღნიშნავს დამაზღვეველისათვის წარდგენილ დაზღვევის წესებში, ან რის შესახებაც დამზღვევი წერილობით შეეკითხება დამაზღვეველს გარკვეულად და არაორაზროვანად. უკეთუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ისე, რომ დამზღვევის რომელსამე წერილობით შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ იყო, ეს გარემოება შემდეგში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად.

383. უკეთუ დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის გარემოება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზღვევის რისკისგან საზღვრისათვის, სინამდვილეში არ შეეფერება დამაზღვეველის განცხადების, დამზღვევს უფლება აქვს სასამართლოს წესით მოითხოვოს ხელშეკრულების გაბათილება, როგორც დაზღვევით გათვალისწინებულ შემთხვევამდე, ისე მის შემდეგაც. უკეთუ ეს გარემოება დამზღვევმა შეიტყო დაზღვევით გათვალისწინებულ შემთხვევამდე, მას არა უგვიანეს ორი კვირისა შეუძლიან მოითხოვოს ხელშეკრულების გაბათილება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი დაჰკარგავს უფლებას მოითხოვოს ხელშეკრულების ამ საფუძვლით გაბათილება.

384 დაზღვევის ხელშეკრულება ბათილია, უკეთუ მისი დადების დროს დაზღვეული ქონება უკვე აღარ არსებობს, ან დამაზღვეველს დაეკარგა დაზღვევის ინტერესი, ან და ქონებას უკვე აღარ მოელის ის საფრთხე, რის გამოც იგი იყო დაზღვეული, ხოლო როდესაც პიროვნებაა დაზღვეული, ხელშეკრულება ბათილია მაშინაც, უკეთუ ის პირი, რომლის სიცოცხლესთანაც დაკავშირებულია დაზღვევის შემთხვევა, უკვე ცოცხალი არ არის, ან და მას აღარ მოელის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული რისკი.

385. უკეთუ ქონებაა დაზღვეული, დამაზღვეველი და აგრეთვე საზღაურის მიმღები იმის შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა ამ უკანასკნელზე გადავა, ვალდებულ არიან დაუყოვნებლივ აცნობონ დამზღვევს ყველა, მათ მიერ შეტყობილი, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოხდა იმ პირობებში, რომელიც ეუწყა დამზღვევს ხელშეკრულების დადების დროს და რა ცვლილებასაც შეუძლიან არსებითი გავლენა მოახდინოს დაზღვევის რისკის გადიდებაზე. მნიშვნელოვან ცვლილებად ამ მხრით ჩაითვლება, ყოველ შემთხვევაში, ყველა ის ცვლილება, რაც აღნიშნულია დამაზღვეველისათვის წარდგენილ დაზღვევის წესებში. უკეთუ ეს მოვალეობა შესრულებული არ იქნა, დამზღვევს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა ან სათანადოდ შეცვლა მისი პირობებისა რისკის გადიდების წამიდან.

386. უკეთუ ქონებაა დაზღვეული და საფრთხემ ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის შესაძლებლობამ (დაზღვევის რისკი) იმატა ხელშეკრულების მოქმედობის დროს ისეთი მიზეზის გამო, რაც ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ იყო, დამზღვევს შეუძლიან წინადადება მისცეს დამაზღვეველს და აგრეთვე საზღაურის მიმღებს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელზე გადავა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა, ‒ გადაიხადოს სათანადოდ გადიდებული პრემია, ხოლო უკეთუ დამაზღვეველი 7 დღის განმავლობაში დღიდან წერილობით შეტყობინებისა ამაზე უარს იტყვის, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.

387. უკეთუ დაზღვეული ქონება სხვა პირის ხელში გადავა, დამაზღვეველი ან ქონების შემძენი მოვალეა დაუყოვნებლივ აცნობოს ეს დამზღვევს და შეატყობინოს მას ქონების შემძენის სახელი და მისამართი.

388. როდესაც დამზღვევი მიიღებს ცნობას, რომ ქონება ახალი პატრონის ხელში გადავიდა, მას, დამზღვევს, შეუძლიან მშვიდი დღის განმავლობაში მოშალოს ხელშეკრულება, უკეთუ პირდაპირ ან არაპირდაპირ (როგორც, მაგალითად, ახალი პატრონისაგან პრემიის მიღებით და სხვ.) არ განაცხადებს თანხმობას დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლების ახალ პატრონისათვის გადაცემაზე, უკეთუ დამზღვევი ამ უფლებას არ გამოიყენებს, ხელშეკრულება ძალაში დარჩება და ქონების შემძენზე გადავა დამაზღვეველის ყველა უფლება და მოვალეობა. უკეთუ დამზღვევმა აღნიშნული უფლება გამოიყენა, იგი მოვალეა დაუბრუნოს ქონების შემძენს წინდაწინ მიღებული დაზღვევის პრემიის ნაწილი, თანაბრად იმ დროისა, რაც დარჩა ქონების გადაცემიდან შემდგომი შესატანის ვადამდე.

389. დამაზღვეველი ვალდებულია გადაუხადოს ხოლმე დამზღვევს შეპირებულ ვადაზე და შეპირებულ ადგილას დაზღვევის პრემია.

პრემიის ან მისი პირველი შესატანის გადახდამდე დაზღვევის ხელშეკრულება არ შედის ძალაში, უკეთუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უკეთუ გადაცილებულ იქნა ვადა პრემიის შემდეგი შესატანის გადახდისა, დამზღვევი, უკეთუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, განთავისუფლდება დაზღვევის თანხის გადახდისაგან, როდესაც დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგება ვადაგადაცილებული პრემიის გადახდამდე.

დამზღვევს შეუძლიან ვადაგადაცილებული პრემიისათვის მოითხოვოს დაკანონებული სარგებლის გადახდა, უკეთუ სარგებლის რაოდენობის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა.

390. ქონების დაზღვევის ხელშეკრულებით დამაზღვეველი ან საზღაურის მიმღები ვალდებულია, დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, დაუყოვნებლივ და, ყოველ შემთხვევაში, შეპირებულ ვადაზე დაზღვევის წესებში აღნიშნული საშუალებით აუწყოს ეს დამზღვევს. უკეთუ ეს მოვალეობა შესრულებულ არ იქნება, დამზღვევი განთავისუფლდება დაზღვევის თანხის გადახდისაგან.

391. წინა მუხლში აღნიშნული ყველა პირი აგრეთვე ვალდებულია იხმაროს ყოველი მისთვის ხელმისაწვდომი ღონისძიება, შეძლებისდაგვარად, თანახმად დამზღვევის წინადადებისა, რათა შეამციროს დაზღვევაში გათვალისწინებული შემთხვევით გამოწვეული ზარალი.

უკეთუ აღნიშნული ღონისძიება ხმარებულ იქნა დამზღვევის წინადადებისამებრ, დამზღვევმა უნდა აანაზღაუროს საამისოდ გაწეული ხარჯი.

392. დამაზღვეველსა და საზღაურის მიმღებს უფლება არა აქვთ იხმარონ ისეთი ღონისძიება ან შეასრულონ ისეთი მოქმედება, რასაც შეუძლიან გააძნელოს ზარალის ნამდვილი რაოდენობის გამორკვევა.

393. დამზღვევი განთავისუფლდება დაზღვევის თანხის გადახდისაგან, უკეთუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა დამაზღვეველის ან საზღაურის მიმღების განზრახვის თუ უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

394. დამზღვევი პასუხს არ აგებს იმ ზარალისათვის, რაც დამაზღვეველს მიაყენა საგარეო ან სამოქალაქო ომმა, უკეთუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის ნათქვამი.

395. დამზღვევზე, რომელმაც გადაიხადა დაზღვევის პრემია, ამ თანხის ფარგალში გადადის საძიებელი და უფლება, რაც დამაზღვეველს ან საზღაურის მიმღებს აქვს მესამე პირის მიმართ იმ ზარალის ანაზღაურებისათვის, რომლის დასაფარავადაც გაცემულია დაზღვევის თანხა.

უკეთუ დამაზღვეველი ან საზღაურის მიმღები უარს იტყვის ასეთ საძიებელსა და უფლებაზე მესამე პირის მიმართ, დამზღვევი განთავისუფლდება დაზღვევის თანხის სათანადო რაოდენობის გადახდისაგან.

396. ყველა საძიებელი, რაც გამომდინარეობს დაზღვევის ხელშეკრულებიდან, მოისპობა. ორი წლის ხანდაზმულობით.

397. პირობები ქონების ამა თუ იმ სახის დაზღვევისას ცეცხლისაგან, ოთხ ფეხი საქონლის გაწყდომისაგან, სეტყვისაგან და სატრანსპორტო დაზღვევისა და აგრეთვე პიროვნების დაზღვევისა ‒ სიკვდილისა ან განსაზღვრულ ვადამდე სიცოცხლისათვის ‒ და უბედური შემთხვევისაგან განისაზღვრება ფინანსთა სახალხო კომისარიატის მიერ დამტკიცებული ცალკე დებულებით და წესებით.

398. ამა თავის დადგენილებანი არ გავრცელდება ყველა სახის სავალდებულო დაზღვევაზე, რამდენადაც მის წესებში ეს დადგენილებანი ნახსენები არ არის.

XII. უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულებანი.

399. სხვის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილი საკმაო საფუძვლის გარეშე გამდიდრებული პირი ვალდებულია დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული. დაბრუნების მოვალეობა წარმოიშობა იმ შემთხვევაშიაც, როდესაც გამდიდრებას საფუძველი შემდეგში მოეცლება.

400. უსაფუძვლოდ გამდიდრებული ვალდებულია დააბრუნოს ან აანაზღაუროს ყველა შემოსავალი, რაც მან მიიღო ან უნდა მიეღო უსაფუძვლოდ მოპოვებული ქონებით იმ დროიდან, როდესაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო გამდიდრების უსაფუძვლობა. იმავე დროიდან იგი პასუხს აგებს, უკეთუ წაახდინა ქონება ან მიანება იგი წახდენილიყო, ამ დრომდე კი იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვისა და უხეში დაუდევრობისათვის. თავის მხრით მას უფლება აქვს მოითხოვოს ყველა საჭირო ხარჯის ანაზღაურება, რაც მას ქონებისათვის გაუწევია იმ დროიდან, რა დროიდანაც იგი ვალდებულია დააბრუნოს შემოსავალი.

401. იმას, ვინც ვალდებულებას შეასრულებს, უფლება არა აქვს მოითხოვოს გადახდილის უკან დაბრუნება, თუნდაც ეს ვალდებულება მოკლებულ იყოს სარჩელის ძალას, მაგრამ კანონის ძალით ბათილი არ იყოს.

402. კანონის საწინააღმდეგო ან სახელმწიფოს საზიანო მოქმედებით სხვის ხარჯზე გამდიდრებული პირი ვალდებულია ის, რაც უსაფუძვლოდ მიიღო, შეიტანოს სახელმწიფოს შემოსავლად.

XIII. სხვისთვის მავნებლობის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებანი.

403. ვინც ავნებს სხვის პიროვნებას ან ქონების, ვალდებული აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. იგი განთავისუფლდება ამ მოვალეობისაგან, უკეთუ დაამტკიცებს, რომ არ შეეძლო მავნებლობა აეცდინა, ან რომ იგი უფლებამოსილი იყო მავნებლობა მიეყენებია, ან და რომ მავნებლობა შედეგი იყო თვით დაზარალებულის განზრახვისა თუ უხეში გაუფრთხილებლობისა.

404. ის პირი და საწარმო, რომლის მოქმედებასაც თანა სდევს მომეტებული საფრთხე გარშემო მყოფთათვის, როგორიც არის: რკინისგზა, ტრამვაი, საფაბრიკო-საქარხნო საწარმო, ასანთი მასალის ვაჭარი, გარეულ მხეცთა პატრონი, შენობათა ან სხვა ნაგებობის მშენებელი პირი და სხვ., პასუხს აგებს იმ მავნებლობისათვის, რაც მიყენებულია მომეტებული საფრთხის წარმომშობი მიზეზით, უკეთუ არ დაამტკიცებს, რომ მავნებლობა მოხდა დაუძლეველი ძალის გამო ან თვით დაზარალებულის განზრახვისა თუ უხეში დაუდევრობის გამო.

შენიშვნა. სარჩელის ხანდაზმულობა ამა მუხლზე დამყარებული მოთხოვნის სახელმწიფო ორგანოსათვის წარსადგენათ განისაზღვრება ერთი წლით.

405. არაქმედობაუნარიანი პირი პასუხს არ აგებს მის მიერ მიყენებული მავნებლობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, რაც გათვალისწინებულია მე-9 მუხლში. მის მაგიერ პასუხს აგებს ის პირი, რომელიც ვალდებულია გაუწიოს მას ზედამხედველობა,

406. იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის მიმყენებელი, თანახმად 403-ე – 405-ე მუხლისა, არ არის ვალდებული ეს ზიანი აანაზღაუროს, სასამართლოს მიუხედავად ამისა შეუძლიან დააკისროს მას ზიანი აანაზღაუროს ‒ მისი ქონებრივი მდგომარეობისა და დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით.

407. დაწესებულება პასუხს აგებს თანამდებობის პირის არა სწორი სამსახურებრივი მოქმედებით მიყენებული მავნებლობისათვის მხოლოდ კანონით ცალკე აღნიშნულ შემთხვევაში, უკეთუ, ამასთანავე, თანამდებობის პირის მოქმედების არა სისწორეს სცნობს სათანადო სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, უკეთუ დაზარალებულმა თავის დროზე არ განასაჩივრა არა სწორი მოქმედება. დაწესებულებას თავის მხრით უფლება აქვს დაზარალებული პირისათვის მიცემული საზღაური დაადოს თანამდებობის პირს.

408. ის პირნი, რომელნიც მავნებლობას ერთად მიაყენებენ, პასუხს აგებენ დაზარალებულის წინაშე სოლიდარულად.

409. უკეთუ ვინმემ ვისმეს სიკვდილი შეამთხვია, საზღაურის მიღების უფლება ეკუთვნის იმ პირს, რომელსაც გარდაცვალებული არჩენდა, და რომელსაც არა აქვს არსებობის სხვა სახსარი. სამარხი უნდა აუნაზღაურდეს იმ პირს, რომელმაც ეს ხარჯი გასწია.

410. ზიანის ანაზღაურება გამოიხატება წინანდელი მდგომარეობის აღდგენაში, ხოლო რამდენადაც ასეთი აღდგენა შეუძლებელია ‒ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.

411. მავნებლობის საზღაურის განსაზღვრისათვის სასამართლომ ყველა შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულისა და მავნებლობის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა.

412. სოციალური დაზღვევის წესით დაზღვეული პირი, როდესაც დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგება, მიიღებს საზღაურს სოციალური დაზღვევის ორგანოსაგან.

413. პირი ან საწარმო, რომელიც სოციალური დაზღვევის წესით დაზარალებულისათვის იხდის დაზღვევის შენატანს, არ არის ვალდებული აანაზღაუროს დაზღვევაში გათვალისწინებული შემთხვევით მიყენებული ზიანი.

ხოლო უკეთუ მავნებლობა მიყენებულია მწარმოებელის დანაშაულებრივი მოქმედებით ან უმოქმედობით, სოციალურ ორგანოს, დაზღვევის რომელმაც დაზარალებული დააკმაყოფილა, უფლება აქვს დაზარალებულისათვის მიცემული დახმარება მოსთხოვოს მწარმოებელს (რეგრესი).

აღნიშნულ შემთხვევაში დაზარალებულს, რამდენადაც იგი სოციალური დაზღვევის წესით არ მიიღებს მავნებლობის სრულ საზღაურს, უფლება აქვს წარუდგინოს მწარმოებელს დამატებითი მოთხოვნა.

414. უკეთუ მავნებლობა მიყენებულია არა დამაზღვეველის მიერ, დაზარალებულს, რამდენადაც იგი სოციალური დაზღვევის წესით არ მიიღებს მავნებლობის სრულ საზღაურს, უფლება აქვს დამატებითი მოთხოვნა წარუდგინოს მავნებლობის მიმყენებელს. სოციალური დაზღვევის ორგანოს უფლება აქვს მოსთხოვოს მავნებლობის მიმყენებელს დაზარალებულისათვის მიცემული დახმარება (რეგრესი).

415. არა დაზღვეულ პირს არ შეუძლიან მავნებლობის მიმყენებელს გადაახდევინოს იმაზე მეტი საზღაური, რაც დაზღვეულ პირს შეუძლიან მიიღოს სოციალური დაზღვევის ორგანოსაგან და მავნებლობის მიმყენებლისაგან 414-ე მუხლის წესისამებრ.

ამასთანავე დაზარალებული პირი გაუთანასწორდება მუშა-მოსამსახურეთა სათანადო კატეგორიას სასამართლოს შეხედულებისამებრ, მისი ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალური სარგებლიანობის მიხედვით.

მემკვიდრეობის სამართალი.

416. კანონით და ანდერძით რისიმე დამკვიდრება, ქვემომოყვანილი მუხლების თანახმად, შეიძლება სამკვიდრო ქონების საერთო ღირებულების იმ ფარგალში, რაც, გარდაცვალებულის ყველა ვალის გამოკლებით, 1650 ჩერვონეცს არ აღემატება.

შენიშვნა. ის უფლება, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ კერძო პირთან დადებულ ხელშეკრულებიდან (საიჯარო, საკონცესიო, სააღნაგო და სხვ.) გამომდინარეობს სამკვიდროს დამტოვებელის გარდაცვალების დროს, თუ შემდეგ, გადადის კანონით და ანდერძით დამკვიდრების წესისამებრ მიუხედავად ამა მუხლში დაწესებული უკიდურესი ღირებულებისა.

417. უკეთუ სამკვიდროს საერთო ღირებულება 1650 ჩერვონეცს აღემატება, სახელმწიფოს ‒ ფინანსთა სახალხო კომისარიატის ორგანოების სახით და ‒ კანონით ან ანდერძით სამემკვიდრეოდ გამოწვეულ კერძო პირთა შორის უნდა მოხდეს სახელმწიფოს დაინტერესებულ ორგანოს სასარგებლოდ გაყოფა ან და ლიკვიდაცია სამკვიდრო ქონების იმ ნაწილისა, რომელიც სამკვიდროსათვის დაწესებულ უკიდურეს ღირებულებას აღემატება.

უკეთუ სამკვიდრო ქონების გაყოფა, ამ ქონების შემადგენელ ნაწილთა ხასიათის გამო, მეურნეობის მხრით ხელსაყრელი არ არის და მოუხერხებელია, უნდა დამყარდეს სახელმწიფო ორგანოებისა და კერძო პირის საერთო მფლობელობა, ან დაწესდეს სათანადო ნაწილის გამოსყიდვის უფლება სახელმწიფოს ან კერძო პირის სასარგებლოდ, თუ ეს სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით შესაძლებელია.

418. კანონით ან ანდერძით სამემკვიდრეოდ გამოიწვევიან მხოლოდ პირდაპირი შთამომავალნი (შვილები და შვილის-შვილები), გარდაცვალებულის ცოცხალი მეუღლე, აგრეთვე შრომის უნარს და ქონებას მოკლებული პირი, რომელსაც გარდაცვალებული ფაქტიურად და მთლად ინახავდა თავის სიკვდილამდე ერთ წელიწადზე არა ნაკლებ.

შენიშვნა. მემკვიდრედ შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც ცოცხალია სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის დროს, აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილი, რომელიც მის სიცოცხლეში ჩაისახა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა.

419. კანონით დამკვიდრება ქონებისა, მისი ღირებულების იმ ფარგალში, რაც 416-ე მუხლშია აღნიშნული, შეიძლება ყოველთვის, როდესაც და რამოდენათაც იგი ანდერძით არ არის შეცვლილი.

420. კანონით დამკვიდრების დროს სამკვიდრო ქონება უნდა გაყოფილ იქნეს თანასწორ წილათ და კაცის თავზე ყველა იმ პირს შორის, ვინც აღნიშნულია 418-ე მუხლში.

შენიშვნა. სახლის ჩვეულებრივი მოწყობილობა, ფუფუნების საგნების გარდა, არ ჩაითვლება 410-ე მუხლში სამკვიდროსათვის დაწესებულ უკიდურეს თანხაში და გადადის თანასწორათ 418-ე მუხლში ჩამოთვლილ მემკვიდრეთა შორის იმათზე, რომელნიც გარდაცვალებულთან ერთად ცხოვრობდნენ, ან იმ პირებზე, რომელნიც ანდერძში არიან აღნიშნულნი.

421. ანდერძად ჩაითვლება სიკვდილის საშემთხვეოდ გაცემული წერილებითი განკარგულება, რომ ქონება მიეცეს 418-ე მუხლში აღნიშნულთა შორის ერთს ან რამდენსამე პირს, ან განაწილებულ იქნეს რამდენსამე პირსა ან ყველა ამ პირთა შორის სხვა რამ წესით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია 420-ე მუხლში.

შენიშვნა 1. მოანდერძეს შეუძლიან კანონით მემკვიდრეობის უფლება მოუსპოს 418-ე მუხლში აღნიშნულ პირთა შორის ერთ რომელსამე, რამდენსამე ან ყველას. პირველ ორ შემთხვევაში იმათი წილი, ვისაც მემკვიდრეობის უფლება მოესპო, განაწილდება დანარჩენ პირთა შორის, ხოლო უკანასკნელ შემთხვევაში სამკვიდრო გადავა სახელმწიფოს ხელში.

შენიშვნა 2. მოანდერძეს უფლება აქვს ქონება, რომელიც 410-ე მუხლში აღნიშნულ ღირებულებას არ აღემატება, ან იმ ქონების ნაწილი დასტოვოს კულტურული განმანათლებელი, ან სხვა, კანონის არა საწინააღმდეგო, საზოგადოებრივი ან და სახელმწიფოებრივი დაწესებულებების განკარგულებაში.

422. მოანდერძეს შეუძლიან დააკისროს იმას, ვისაც ანდერძით სამკვიდრო ქონება ეძლევა, რაიმე ვალდებულების ასრულება ერთისა, რამდენიმესი ან ყველა დანარჩენი კანონიერი მემკვიდრის სასარგებლოდ, რომელთაც, ამ განკარგულების ძალით, უფლება აქვთ მოსთხოვონ ანდერძის მიერ მემკვიდრეს სათანადო ვალდებულების ასრულება.

423. შეიძლება ქმნა ისეთი ანდერძისა, რომელშიაც იმ შემთხვევისათვის, უკეთუ ანდერძით დანიშნული მემკვიდრე მემკვიდრეობის გახსნამდე გარდაიცვალა, ან მემკვიდრედ დანიშნულმა უარი სთქვა დამკვიდრებაზე, მოანდერძე გამოიწვევს სამემკვიდრეოდ სხვა რომელსამე კანონიერ მემკვიდრეს.

424. ანდერძის პროექტი უნდა ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და წარდგენილი სახალხო ნოტარიუსისათვის, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, სახალხო მოსამართლისათვის, სააქტო დავთარში შესატანად. სააქტო დავთარში შეტანილი და მოანდერძისა, ნოტარიუსისა ან მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ანდერძი დედნათ ჩაითვლება.

უკეთუ მოანდერძემ წერა არ იცის, ან მოანდერძეს არ შეუძლიან ხელის მოწერა (ხელის ტკივილის ან სხვა მიზეზის გამო), მის მაგიერ ანდერძს ხელი უნდა მოაწეროს მესამე პირმა. სააქტო დავთრის ამონაწერი დედნის სამაგიეროა.

425. შემდეგში შედგენილი ანდერძით გაუქმდება წინად შედგენილი ანდერძი იმდენად, რამდენადაც წინანდელი ანდერძი არ შეიცავს ისეთ განკარგულებას, რომელიც კი გათვალისწინებული არ იქნება მერმინდელ ანდერძში. მოანდერძეს შეუძლიან წინანდელი ანდერძი გააუქმოს ახალი ანდერძის შეუდგენლადაც, ნოტარიუსისათვის ან სასამართლოში განცხადებით, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს სააქტო დავთარში ან სასამართლოს ოქმში. ნოტარიუსი ან მოსამართლე აქტის ან ოქმის ასლს გაუგზავნის იმ ორგანოს, რომელთანაც ქმნილ იყო გაუქმებული ანდერძი.

426. ანდერძი სისრულეში უნდა მოიყვანონ ანდერძით დანიშნულმა მემკვიდრეებმა, უკეთუ მოანდერძემ თავის ნების აღსრულება არ მიანდო. განსაკუთრებულ პირს, ანდერძის აღმსრულებელს, მისი თანხმობით, რაც მან უნდა განაცხადოს თვით ანდერძშივე ან მასთან დართულ ცალკე განცხადებაში.

427. უთანხმოება და დავა კერძო პირებს შორის ან კერძო პირებსა და სახელმწიფოს ორგანოთა შორის იმ საკითხების გამო, რომელიც შეეხება სამკვიდრო ქონების შეფასებასა, გაყოფასა და ანგარიშის გასწორების წესს, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

შენიშვნა. სამკვიდრო ქონების შეფასება ქალაქში მოხდება იმ წესით, რაც აღნიშნულია სათანადო დადგენილებაში უსასყიდლოდ გადასასვლელ ქონებაზე სამკვიდროს ბაჟის გამოანგარიშების შესახებ.

428. მემკვიდრეობის გახსნისას სამკვიდრო ქონების დასაცავი ღონისძიება მიღებულ უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეობის გახსნის ადგილას არ იქნება ერთი ან რამდენიმე მემკვიდრე, ან როდესაც მემკვიდრენი არ ჩაიბარებენ სამკვიდრო ქონების მართვა-გამგებლობას.

შენიშვნა 1. უარი დამკვიდრებაზე განცხადებულ უნდა იქნეს სათანადო სასამართლოსადმი სამი თვის განმავლობაში მემკვიდრეობის გახსნიდან.

იმისი წილი, ვინც კანონით დამკვიდრებაზე უარს განაცხადებს, გადადის სხვა მემკვიდრეებზე 416-ე და 418-ე მუხლში აღნიშნულ წესითა და ფარგლითა.

შენიშვნა 2. თანამყოფ მემკვიდრეს შეუძლიან არ დაუცადოს სხვა მემკვიდრის გამოცხადებას და ჩაიბაროს სამკვიდრო ქონების გამგებლობა;

სხვაგან მყოფ მემკვიდრეს თავის დროზე გამოცხადებისას შეუძლიან მოითხოვოს სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი.

429. მემკვიდრეს, რომელიც არ იქნება მემკვიდრეობის გახსნის ადგილას, შეუძლიან ჩაიბაროს სამკვიდრო ქონება პირადად ან რწმუნებულის მეშვეობით ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრეობის გახსნის დღიდან ან, თუ დასაცავი ღონისძიება იქნა მიღებული, ამ ღონისძიების მიღების დღიდან.

შენიშვნა. იმ მემკვიდრის წილი, რომელიც მემკვიდრეობის გახსნის დროს ჯერ დაბადებული არ იქნება, დაცულ უნდა იქნეს და შეიძლება მისი კანონიერი წარმომადგენელის მიერ მოთხოვნილ იქნეს სამი თვის განმავლობაში მემკვიდრის დაბადებიდან.

430. მემკვიდრეების გამოწვევა არ უნდა მოხდეს პუბლიკაციით ან სხვა საშუალებით, ხოლო იმ ადგილის სახალხო სასამართლომ, სადაც მემკვიდრეობა გაიხსნება, როდესაც იგი ცნობას მიიღებს, რომ სამკვიდროს დამტოვებელი გარდაიცვალა, უნდა იხმაროს სამკვიდროს დასაცავი ღონისძიება, უკეთუ არის 428-ე მუხლსა და 429-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნული პირობები. სამკვიდროს დაცვა გაგრძელდება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან არა უმეტეს ექვსი თვისა.

შენიშვნა 1. სამოქალაქო მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება იმ ადგილისა, სადაც სამკვიდროს დამტოვებელი უკანასკნელ ხანს ცხოვრობდა, მისი სიკვდილის ამბის გაგებისთანავე მოვალეა დაუყოვნებლივ აცნობოს ეს სათანადო სახალხო მოსამართლეს.

შენიშვნა 2. მემკვიდრეობის გახსნის ადგილად ჩაითვლება სამკვიდროს დამტოვებლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი, ე.ი. ის ადგილი, სადაც იგი სიკვდილის წინ მუდმივად ან უპირატესად ბინადრობდა თავისი სამსახურისა და მუდმივი მოსაქმეობის გამო, ან იმის გამო, რომ იქ მისი ქონება იყო.

431. უკეთუ მომქმედი საწარმოს (სავაჭრო ან სამრეწველო საწარმო, სახელოსნო და სხვ.) მემკვიდრენი ადგილობრივ არ იქნებიან, სახალხო მოსამართლემ უნდა დანიშნოს განსაკუთრებული პასუხისმგებელი მზრუნველი; მზრუნველი უნდა წარადგინოს ისეთმა სახელმწიფო ორგანომ, რომლის გამგებლობაშიაც არის ამგვარივე საწარმო ან დაწესებულება.

432. უკეთუ მემკვიდრენი არ გამოცხადდებიან ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სამკვიდრო ქონების დასაცავად ღონისძიება იქნა მიღებული, აგრეთვე უკეთუ მემკვიდრენი უარს იტყვიან დამკვიდრებაზე (423-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), ქონება ბეითალმანად ჩაითვლება და სათანადო სახელმწიფო ორგანოს განკარგულებაში გადავა.

433. მემკვიდრე, რომელიც სამკვიდროს ჩაიბარებს, და აგრეთვე სახელმწიფო, რომლის ხელშიაც ბეითალმანი გადავა, პასუხს აგებენ სამკვიდროს ვალებისათვის, სამკვიდრო ქონების მხოლოდ ნამდვილი ღირებულების ფარგალში.

შენიშვნა. სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორის მოვალეა, რათა არ დაჰკარგოს მოთხოვნის უფლება, განაცხადოს თავის პრეტენზია ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრეობის გახსნის დღიდან ან სამკვიდრო ქონების დასაცავი ღონისძიების მიღების დღიდან.

434. კანონით ან ანდერძით სამემკვიდრეოდ გამოწვეულ პირს შეუძლიან ადგილობრივ სახალხო მოსამართლისაგან მიიღოს მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

435. წესები ესე უნდა შეფარდებულ იქნეს სამკვიდრო ქონებისათვის, რომელიც მემკვიდრეებმა ფაქტიურად არ ჩაიბარეს 1923 წლის აპრილის 20-დე, ან რომლის გამოც არ ყოფილა დადგენილება მემკვიდრეობის უფლების დამტკიცების შესახებ.

შენიშვნა. სამკვიდრო ქონებას, რომელიც მსხვილი მრეწველობის საწარმოსაგან შესდგება და რომელიც ჩაბარებულ იქნა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან (1921 წლის თებერვლის 25-დან) 1923 წლის აპრილის 20-მდე, უნდა შეეფარდოს 416-ე და 418-ე მუხლები.

საქართველოს სახალხო მოსამართლეთა ყველა გადაწყვეტილება მემკვიდრეობის უფლების დამტკიცების შესახებ ისეთ ქონებაზე, რომელიც მსხვილი მრეწველობის საწარმოსაგან შესდგება და ჩაბარებულ იქნა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან (1921 წლის თებერვლის 25-დან) 1923 წლის აპრილის 20-დე, ჩაითვლება გაბათილებულად, და ყველა, ვისაც ასეთი სამკვიდრო მიუღია, მოვალეა 1924 წლის მარტის 10-მდე აცნობოს ეს იუსტიციის სახალხო კომისარიატს, თანაც სისწორით აღნიშნოს: როდის გაიხსნა მემკვიდრეობა, რისაგან შესდგება სამკვიდრო და რა ღირებულებისაა.