დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 07/03/1984 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 30/03/1984 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ და „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სისხლის სამართლის სასამართლო წარმოების შესახებ სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 15 დეკემბრისა და 1984 წლის 11 იანვრის ბრძანებულებათა შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10, №17,მუხ. 268 და № 26, მუხ. 417; 1965 წ., №13, მუხ. 240; 1972 წ., №8, მუხ. 162; 1973 წ., №5, მუხ. 72; 1974 წ., №6, მუხ. 103 და №9, მუხ. 171; 1977 წ., №8, მუხ. 113; 1982 წ., № 12, მუხ. 371) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „ძალმომრეობითი მოქმედება უფროსის მიმართ (260-ე მუხლი)“ დაემატოს სიტყვები „სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთობის საწესდებო წესების დარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობის დამოკიდებულება (262-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები).“
2. 65-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან სამხედრო ძლიერების საზიანოდ“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირის სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ“;
მეორე ნაწილში სიტყვები „პასუხისმგებლობა არ ეკისრება სსრ კავშირის მოქალაქეს“ შეიცვალოს სიტყვებით „პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება სსრ კავშირის მოქალაქე“.
3. 69-ე მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბჭოთა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით აფეთქება, ცეცხლის წაკიდება ან სხვა მოქმედების ჩადენა ადამიანთა მასობრივად მოსასპობად, სხეულის დასაზიანებლად ან მათი ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მისაყენებლად, საწარმოთა, ნაგებობათა, მიმოსვლის გზათა და საშუალებათა, კავშირგაბმულობის საშუალებათა, ანდა სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დასანგრევად ან დასაზიანებლად, აგრეთვე იმავე მიზნებით მასობრივი მოწამვლა ან ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელება“.
4. 71-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „ასეთივე შინაარსის ლიტერატურის“ შეიცვალოს სიტყვებით „ასეთივე შინაარსის ნაწარმოებთა წერილობითი, ნაბეჭდი ან სხვა ფორმით“.
მეორე ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იგივე მოქმედება, ჩადენილი უცხოეთის ორგანიზაციებისაგან ან ამ ორგანიზაციების ინტერესებისათვის მოქმედ პირთაგან მიღებული ფულადი სახსრებისა თუ სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებით, ან განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის წინათ მსჯავრდებული პირის მიერ, აგრეთვე ჩადენილი ომიანობის დროს“.
5. შეივსოს კოდექსი შემდეგი შინაარსის 771 მუხლით:
„მუხლი 771. უცხოეთის ორგანიზაციებისათვის იმ ცნობების გადაცემა, რომლებიც სამსახურებრივ საიდუმლოებას წარმოადგენენ
უცხოეთის ორგანიზაციებისათვის ან მათი წარმომადგენლებისათვის ეკონომიკური, სამედიცინო-ტექნიკური ან სხვა ცნობების გადაცემა, რომლებიც სამსახურებრივ საიდუმლოებას წარმოადგენენ, ან მათი გადასაცემად შეგროვება იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ცნობები მინდობილი ჰქონდა სამსახურის ან სამუშაოს გამო, ანდა მისთვის ცნობილი გახდა სხვა გზით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.
იგივე მოქმედება, რომელმაც დიდი ქონებრივი ზარალი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ან გამოიწვია სხვა მძიმე შედეგები,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“.
6. 781 მუხლი შეივსოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილით:
„პირები, რომლებიც იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, და ტერორით აშინებენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გამოსწორების გზაზე დამდგარ პატიმრებს ან აწყობენ თავდასხმებს ადმინისტრაციაზე, აგრეთვე ამ მიზნით ქმნიან დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ან აქტიურად მონაწილეობენ ასეთ დაჯგუფებებში, -
ისჯებიან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე“.
ეს ნაწილი ჩაითვალოს ამ მუხლის პირველ ნაწილად.
781 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, აგრეთვე მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედებები“.
ეს აბზაცი ჩაითვალოს ამ მუხლის მეორე ნაწილის პირველ აბზაცად.
781 მუხლის მეორე აბზაცი ჩაითვალოს ამ მუხლის მეორე ნაწილის მეორე აბზაცად.
7. 79-ე მუხლში სიტყვები „იარაღისა და“ შეიცვალოს სიტყვებით „იარაღის, საბრძოლო მასალისა და“.
8. 84-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:
„იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.
მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად.
9. 89-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იგივე მოქმედება, ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ადრე ნასამართლევი პირის მიერ, აგრეთვე სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია დიდი ოდენობით“.
10. 255-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „სასწავლო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან შესამოწმებელი“.
11. 261-ე და 262-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 261. ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა
ხელქვეითის მიერ უფროსის, ასევე უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა ძალმომრეობითი მოქმედებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე.
მუხლი 262. სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთობის საწესდებო წესების დარღვევა, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობის დამოკიდებულება
ა) სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთობის საწესდებო წესების დარღვევა, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობის დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ცემით ან სხვაგვარი ძალადობით, –
არ არის ხელქვეითობის დამოკიდებულება, რაც გამოიხატა ცემით.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
„ბ“ პუნქტი ჩაითვალოს ძალადაკარგულად;
ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი რამდენიმე პირის მიმართ, ან რასაც დაზარალებულის სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, –
ისჯება თავისუფალების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ან იარაღის გამოყენებით, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტ წლამდე“.
12. 264-ე მუხლში:
„ა“ პუნქტს სიტყვების „სამ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მაგრამ არა უმეტეს ერთ თვისა“:
„ბ“ პუნქტი ჩაითვალოს ძალადაკარგულად;
„გ“ პუნქტს სიტყვების „ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, ან თუმცა ათ დღე-ღამეზე ნაკლები ხანგრძლივობით, მაგრამ სამ დღე-ღამეზე მეტი ხნით, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში“ და ჩაითვალოს იგი „ბ“ პუნქტად.
დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის „გ“ პუნქტი:
„გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, თუ თვითნებური არყოფნა გრძელდებოდა ერთ თვეზე მეტი ხნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე“;
პუნქტი „დ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს, თუ თვითნებური არყოფნა გრძელდებოდა ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე“.
13. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2691 მუხლი:
„მუხლი 2691. იარაღის, აგრეთვე იმ ნივთიერებების და საგნების ხმარების წესების დარღვევა, რომლებიც მომეტებულ საფრთხეს უქმნიან გარშემო მყოფთ
ა) იარაღის, აგრეთვე საბრძოლო მასალების, ფეთქებადი, რადიაქტიური და სხვა ნივთიერებების და საგნების ხმარების წესების დარღვევა, რომლებიც მომეტებულ საფრთხეს უქმნიან გარშემო მყოფთ, და რასაც დაზარალებულის სხეულის დაზიანებანი მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ბ) იგივექმედობა, თუ მას რამდენიმე პირის სხეულის დაზიანება ან დაზარალებულის დაღუპვა მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან ათ წლამდე.
გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, რასაც რამდენიმე პირის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე“.
14. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 273. საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა
ა) საყარაულო (სავახტო) სამსახურის საწესდებო წესების და ამ წესების განსავითარებლად გამოცემულ ბრძანებათა და განკარგულებათა დარღვევა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში, –
იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას.
გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, რომელთა თავიდან ასაცილებლად დანიშნულია ეს ყარაული (ვახტი), –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ათ წლამდე.
დ) საბადრაგო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, რომელთა თავიდან ასაცილებლად დანიშნულია ეს ბადრაგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
ე) ამ მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.
ვ) ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ან ისჯება სიკვდილით“.
15. 275-ე მუხლის „ა“ პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბჭოთა კავშირზე მოულოდნელი თავდასხმის დროულად აღმოჩენისა და მოგერიებისათვის ან სსრ კავშირის დასაცავად და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულების წესების დარღვევა“.
16. 278-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 278. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ხელისუფლების გადამეტება ან უმოქმედობა
ა) უფროსის ან თანამდებობის პირის მიერ ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ხელისუფლების უმოქმედობა, თუ ეს ქმედობა ჩადენილია სისტემატურად ან ანგარებით, ან სხვა პირადი დაინტერესებით, აგრეთვე თუ მან არსებითი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
ბ) იგივე ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ან ისჯება სიკვდილით“.
17. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2781 მუხლი:
„მუხლი 2781. სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება
ა) უფროსის ან თანამდებობის პირის მიერ სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, თუ მან არსებითი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში, –
იწვევს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;
გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.
დ) ამ მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე“.
11. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11; 1966 წ., № 3, მუხ. 33, №11, მუხ. 183, № 12, მუხ. 200; 1970 წ., № 8, მუხ. 124; 1971 წ., № 7. მუხ. 94; 1973 წ., №5, მუხ. 72, №6, მუხ. 98, №11, მუხ. 203; 1974 წ., №10, მუხ. 190;1975 წ., № 1, მუხ. 3, № 11, მუხ. 202 და 205; 1977 წ., №3, მუხ. 28, №4, მუხ. 42; 1978 წ., №6, მუხ. 123; 1980 წ., № 7, მუხ. 216; 1982 წ., № 1, მუხ. 2) მესამე ნაწილი ციფრის „77“ შემდეგ შეივსოს ციფრით „771“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1984 წლის 7 მარტი.
№2341 – X
დოკუმენტის კომენტარები