დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №573 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 307 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.024140 |
|
„სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №573 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №573 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2020, 010100000.10.003.022293) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს შესაბამისი უწყებების ვალდებულებებს, მათ სისტემაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის მიზნით. აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას. ასევე, შესაძლებელი გახდება როგორც არსებული რეგულაციების აღსრულება, ასევე აუცილებელი ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება (სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა) და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობა ქვეყანაში ბავშვების განათლების უფლების რეალიზაციისთვის. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფორმალური განათლება – მოცემული პროგრამის მიზნებისთვის ზოგადი და პროფესიული განათლება; ბ) სავალდებულო ზოგადი განათლება – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაწყებითი და საბაზო განათლება; გ) სავალდებულო სასკოლო ასაკის ბავშვი – ბავშვი, რომლის ასაკი შეესაბამება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სავალდებულო სასკოლო ასაკს, ანუ არის 6-დან 16 წლის ჩათვლით ასაკის (ამ წესის მიზნებისთვის „ბავშვი“); დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი – ბავშვი, რომლის ასაკი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულო ზოგად განათლებაში ჩართვის ასაკს (6-დან 16 წლის ჩათვლით) და არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი ანუ არ ყოფილა ასახული მოსწავლის სტატუსით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. მუხლი 3. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა და ასაკისთვის შესაბამის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მხარდაჭერა, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენა და „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება. მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ამოცანები პროგრამის განხორციელების ამოცანებია: ა) პროგრამით განსაზღვრული უწყებების მონაცემთა ბაზების ანალიზი და შედარება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოსავლენად და მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად; ბ) უწყებათაშორისი შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლის მექანიზმის განსაზღვრა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემთა ბაზის შექმნა; გ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა; დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცემთა ბაზებში ასახულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრა; ე) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმის განვითარება და განხორციელება; ვ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მათი ასაკის შესაბამისი საფეხურის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მონიტორინგი და ანალიზი; ზ) ბავშვის განათლების უფლების დაცვისა და მათი სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესის განსაზღვრა. მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი უწყებები პროგრამის განმახორციელებელი უწყებებია: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო); ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო); ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო); ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო). მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი უწყებების ვალდებულებები 1. სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული 6-დან 16 წლის ჩათვლით მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებას: ა) პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ბ) სახელი, გვარი; გ) სქესი; დ) დაბადების თარიღი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს: ა) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული მონაცემების შედარებას თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ 6-დან 16 წლის ჩათვლით პირადი ნომრის მქონე ბავშვების მონაცემებთან; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის არცერთ ეტაპზე არ იყვნენ რეგისტრირებულნი და არ აქვთ მოსწავლის სტატუსი, ანუ დარჩენილი არიან სკოლის მიღმა, კერძოდ, ბავშვის: ბ.ა) პირადი ნომერი; ბ.ბ) სახელი, გვარი; ბ.გ) სქესი; ბ.დ) დაბადების თარიღი; ბ.ე) დაბადების ადგილი; ბ.ვ) რეგისტრაციის მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბის და სოფლის მითითებით); ბ.ზ) მოქალაქეობა; ბ.თ) მშობლის/მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილობითი ფორმით მიმართვიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ინფორმაციის მიწოდებას იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა დარჩენილი 6-დან 16 წლის ჩათვლით იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, კერძოდ, ბავშვები, რომლებსაც გადაკვეთილი აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ასევე იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა დარჩენილი 6-დან 16 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბავშვები, რომლებიც დაბადებულნი არიან საზღვარგარეთ და არასდროს გადმოუკვეთავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. კერძოდ: ა) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებული იქნება ბავშვის: ა.ა) პირადი ნომერი; ა.ბ) სახელი, გვარი; ა.გ) სქესი; ა.დ) დაბადების თარიღი; ა.ე) დაბადების ადგილი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის მიწოდებულ იქნება ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უახლესი თარიღების შესახებ, შემოსვლისა და გასვლის მითითებით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სიის შესაბამისად. 4. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვების შესახებ ინფორმაციის გამოკლებასა და ამ ინფორმაციის წაშლას/განადგურებას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სიაში მყოფი ბავშვები ინფორმაციის გადამოწმების დღის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მათ შესახებ ინფორმაციის გამოკლებასა და წაშლას/განადგურებას; გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: გ.ა) პირადი ნომერი; გ.ბ) სახელი, გვარი; გ.გ) სქესი; გ.დ) დაბადების თარიღი. 5. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასა“ და სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზებში, ასევე მის განკარგვაში არსებულ სხვა მონაცემთა ბაზებში; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) ბავშვის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ბ.ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით). 6. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზებში, ასევე მის განკარგვაში არსებულ სხვა მონაცემთა ბაზებში; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) ბავშვის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ბ.ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით). 7. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) ბავშვის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ბ.ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ბ.გ) სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული ბავშვის სოციალური მუშაკის განმარტებას ზოგად განათლებაში ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. 8. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის სტატუსისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროებით დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ბაზებში; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) ბავშვის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ბ.ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით). 9. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღების შემდგომ, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სიაში მყოფი ბავშვები ინფორმაციის გადამოწმების დღის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში – მათ შესახებ ინფორმაციის გამოკლებასა და წაშლას/განადგურებას. 10. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს პასუხისმგებელი პირებისთვის. 11. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მოძიებას, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტებას/დადგენას, საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებასა და კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის განათლების უფლების აღსრულების ვალდებულების შესახებ; ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას; გ) ბავშვის სკოლის მიღმა დარჩენის მიზეზების მოკვლევას ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ბარათის“ შესაბამისად; დ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის გადამისამართება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად; ე) ამ პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, შედეგების დამუშავებას შემდგომი რეაგირების მიზნით. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ეთხოვოთ მხარდაჭერა შესაბამის მუნიციპალიტეტებს, რომელთათვისაც, მათი თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ მიწოდებული იქნება ბავშვის შემდეგი მონაცემები: ა) პირადი ნომერი; ბ) სახელი, გვარი; გ) სქესი; დ) დაბადების თარიღი; ე) რეგისტრაციის მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ვ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – რეგისტრაციის მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ზ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით), ტელეფონის ნომერი. 13. სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იმ ბავშვების მონაცემების გადაცემას, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მოძიება ვერ მოხერხდა ვერც მონაცემთა ბაზების ურთიერთშედარების საფუძველზე და ვერც მუნიციპალიტეტის ჩართულობის შედეგად. ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების მიზნით. 14. სკოლის მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფის მიზნით, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ჩართვას სავალდებულო ზოგადი განათლების სისტემაში, დამხმარე სპეციალურ სერვისებში ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და დანერგვას, დამატებითი მომსახურებების, დოკუმენტაციის მოწესრიგების და სხვა საჭირო ღონისძიებების ინიციირებას. 15. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები, ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მოქმედებენ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 7. ინფორმაციის შენახვის ვადები და მათი წაშლა/განადგურება 1. ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვის ვადა განისაზღვრება: ა) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის – ერთი წელი; ბ) სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის – ერთი წელი; გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის – ერთი წელი; დ) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის – ერთი წელი; ე) სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის – ერთი წელი; ვ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის – ერთი წელი; ზ) სამინისტროსთვის – ერთი წელი; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – ერთი წელი, ხოლო მე-6 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ამ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მიზნის მიღწევიდან – 1 წელი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ინფორმაციის შენახვის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წაშლა/განადგურება. მუხლი 8. პროგრამის მონიტორინგი და ანგარიშგება 1. პროგრამის მონიტორინგისა და ყოველწლიური ანგარიშგების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, მონაცემთა მიმოცვლის ნებისმიერ ეტაპზე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვოს ამ პროგრამის ფარგლებში დამუშავებული ნებისმიერი მონაცემი (პერსონალური მონაცემების ჩათვლით). 2. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, მუნიციპალიტეტების მიხედვით: ა) ასაკისა და სქესის მიხედვით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომელთა ჩართვაც განხორციელდა ზოგადი განათლების სისტემაში; ბ) ასაკისა და სქესის მიხედვით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომელთა მოძიებაც ვერ განხორციელდა; გ) ასაკისა და სქესის მიხედვით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომელთა ჩართვაც ზოგადი განათლების სისტემაში ვერ მოხერხდა, მიზეზების მითითებით: მძიმე და მრავლობითი დარღვევები, პალიატიურ ზრუნვაში განთავსება, განვითარების შეფერხება, ოჯახის ეთნიკურ-კულტურული თავისებურება, ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა და სხვა; დ) ასაკისა და სქესის მიხედვით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რომელთა მიმართაც განხორციელდა რეფერირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის განხორციელება არ მოითხოვს დამატებითი ადამიანური ან ფინანსური რესურსის მობილიზებას. პროგრამის მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებების არსებული ადმინისტრაციული (ადამიანური და ფინანსური) რესურსით. მუხლი 10. მოსალოდნელი საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები მიმდინარე წლისთვის 10.1 საბაზისო მაჩვენებელი – არსებული რეალობის ამსახველი ინდიკატორი პირველადი სტატისტიკური და კვლევის მონაცემები სკოლის მიღმა დარჩენილი ანუ მოსწავლის სტატუსის არმქონე ბავშვების შესახებ. 10.2 მიზნობრივი მაჩვენებელი არსებული სტატისტიკური და კვლევის მონაცემების ანალიზისა და ინდივიდუალურად თითოეული სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის იდენტიფიცირების, მისი განათლების სისტემის გარეთ ყოფნისა და საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საშუალება. 10.3 ცდომილების ალბათობა – 40% გასათვალისწინებელია ფაქტობრივი მისამართების დადგენისა და კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის სირთულეები. 10.4. შესაძლო რისკები სამიზნე პირების მოძიების სირთულეები, მათ მიერ მონაცემთა ბაზებში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ან რეგისტრაციის მისამართების ცვლილების გამო. |
დოკუმენტის კომენტარები