„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 24-58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016751
24-58
10/05/2023
ვებგვერდი, 07/08/2023
480610000.03.030.016751
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესახებ“

შეთანხმება


 

საქართველოს  მთავრობა

და

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა,

შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

 

ხელმძღვანელობენ რა დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილით,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

მიზანი

დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აქვთ შემოსავლიანი საქმიანობის უფლება ამ შეთანხმებისა და ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად.

 

მუხლი 2

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

1. „დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც წარგზავნილია წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ სამუშაოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს შტატიანი საკონსულო თანამდებობის პირი, ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებულ წარმომადგენლობაში და რომელიც არ ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეობას, ან მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოში;

2. „ოჯახის წევრი“ ნიშნავს აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარგზავნილი წევრის ოჯახის ნებისმიერ წევრს:

  1. ვინც ოჯახის წევრად აღიარა ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ და
  2. ვინც ოფიციალურად ცხოვრობს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების აღნიშნული წარგზავნილი წევრის ოჯახში.

3. „შემოსავლიანი საქმიანობა“ ნიშნავს ყველა სახის ანაზღაურებად საქმიანობას, იქნება ეს თვითდასაქმება თუ დაქირავებული შრომა, პროფესიული განათლების ჩათვლით.

 

მუხლი 3

შემოსავლიან საქმიანობაში ჩართვის ნებართვა

ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ოჯახის წევრებს ენიჭებათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შემოსავლიან საქმიანობაში ჩართვის ნებართვა. ამ შეთანხმების შესაბამისად გაცემული შემოსავლიან საქმიანობაში ჩართვის ნებართვის არსებობის მიუხედავად, გამოიყენება ცალკეული პროფესიების მიმართ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დაწესებული ნორმები. შემოსავლიან საქმიანობაში ჩართვისას აღნიშნული პირები თავისუფლდებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.

 

მუხლი 4

პროცედურა

წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ვალდებულია შეატყობინოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტს ოჯახის წევრის შემოსავლიანი საქმიანობის დაწყებისა და დამთავრების შესახებ.

 

მუხლი 5

იმუნიტეტი  სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები სარგებლობენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან იმუნიტეტით, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ეს იმუნიტეტი არ იმოქმედებს იმ სახის ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებასთან.

 

მუხლი 6

იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისგან

1. იმ ოჯახის წევრების შემთხვევაში, რომლებიც სარგებლობენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისგან იმუნიტეტით, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან აღნიშნული იმუნიტეტი ვრცელდება შემოსავლიანი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ქმედებების შემთხვევაშიც. თუკი მოხდება სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევა, წარმგზავნი სახელმწიფო გულდასმით განიხილავს ოჯახის შესაბამისი წევრისთვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციისაგან იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.

2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო არ მოუხსნის ოჯახის შესაბამის წევრს იმუნიტეტს, მან უნდა აცნობოს თავის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებს ამგვარი პირის მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს სისხლისსამართლებრივი პროცედურების შედეგის შესახებ.

3. ოჯახის წევრი შესაძლოა დაიკითხოს როგორც მოწმე, შემოსავლიან საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წარმგზავნი სახელმწიფო თვლის, რომ ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

მუხლი 7

საგადასახადო და სოციალური დაცვის რეჟიმები

ოჯახის წევრები, რომლებიც ახორციელებენ შემოსავლიან საქმიანობას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობას და სოციალური დაცვის სისტემას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს.

 

მუხლი 8

დავების მოგვარება

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 9

ცვლილებები და დამატებები

ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში წერილობით შეიტანონ ცვლილებები და დამატებები. ნებისმიერი ამგვარი ცვლილება ან დამატება ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 10

ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და გაუქმება

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლითაც საქართველოს მთავრობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას აცნობებს ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულების თაობაზე. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

3. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების მეშვეობით, ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინების პერიოდის გამოსათვლელად განმსაზღვრელია შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღე.

 

შესრულებულია ქ. ბერლინში, 2023 წლის 10 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართული და გერმანული ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)