„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 31/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016027
50
31/07/2023
ვებგვერდი, 01/08/2023
240140000.41.046.016027
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №50

2023 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2020, 240140000.41.046.016017) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის მოკვლევის წესი და პროცედურის“:

1.  მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატი (საჭიროების შემთხვევაში) და მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სააგენტო უფლებამოსილია, პირს უკან დაუბრუნოს საქმისთვის აშკარად არარელევანტური დოკუმენტაცია/ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის პირისათვის უკან დაბრუნების შემდეგ მათი ასახვა არ ხდება ადმინისტრაციული წარმოების მასალებში.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო საკითხს შეისწავლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას.“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ადგილზე შემოწმებაში მესამე პირების მონაწილეობა

1. ადგილზე შემოწმების პროცესის ჯეროვნად წარმართვის მიზნით პროცესში შეიძლება ჩაერთოს შესაბამისი დარგის ექსპერტი.

2. ადგილზე შემოწმების პროცესში ექსპერტის მოწვევის შემთხვევაში ექსპერტის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტოსა და ექსპერტს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების ფარგლებში.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის განმავლობაში, შემოწმებისთვის საჭირო ვადით და შესაბამისი მასშტაბით.“.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მოკვლევის წარმოების ზოგადი პროცედურა

1. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიშნება მოკვლევის ჯგუფი მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც სააგენტოს თანამშრომელთან ერთად შეიძლება იყოს ასევე მოწვეული სპეციალისტიც. სააგენტოს  გადაწყვეტილებით, მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი.

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის განხორციელებისათვის. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

3. მოკვლევის ჯგუფში სპეციალისტის მოწვევის შემთხვევაში, მოწვეული სპეციალისტის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტოსა და მოწვეულ სპეციალისტს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების ფარგლებში.

4. საქმის მოკვლევის პროცესში მოკვლევის ჯგუფი:

ა) ადგენს საქმის მოკვლევის გეგმას;

ბ) ადგენს საქმის მოკვლევის ფარგლებში გამოსათხოვი დოკუმენტაციის/ინფორმაციის  პროექტს;

გ) მონაწილეობას იღებს ახსნა-განმარტებებსა და შემაჯამებელ სხდომაში;

დ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების პროცესში;

ე) მონაწილეობას იღებს სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტაციის შედგენის პროცესში;

ვ) იხილავს მხარის მიერ შემოთავაზებულ პირობით ვალდებულებებს;

ზ) შეიმუშავებს გადაწყვეტილების პროექტს;

თ) ახორციელებს საქმის მოკვლევის წარმოებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საჭირო ღონისძიებებს.

5. სააგენტო უფლებამოსილია, საქმის ეფექტიანად და დროულად წარმართვის პრინციპის გათვალისწინებით, მოკვლევის დაწყების შემდეგ, იმავე დავის საგანზე, იმავე მოპასუხე მხარის მიმართ წარმოდგენილი საჩივარი/ საჩივრები ჩართოს მიმდინარე მოკვლევაში, თუკი ეს მიზანშეწონილია მოკვლევის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მოკვლევა უნდა დასრულდეს თავდაპირველი მოკვლევისთვის გათვალისწინებულ ვადაში.

6. სააგენტო უფლებამოსილია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებული მოკვლევა თითოეული მუხლის ფარგლებში დაასრულოს ცალ-ცალკე.“.

6. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. სხდომის დასრულების შემდეგ სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ახსნა-განმარტების ოქმს და შესაბამის ჩანაწერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხდომის მონაწილე პირებს, კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარვის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ ახსნა-განმარტების სხდომის ჩაწერა არ მოხდა მხარეთა თანხმობის არარსებობის გამო, პირი უფლებამოსილია, 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შენიშვნები ოქმის შინაარსის წერილობით ვერსიასთან დაკავშირებით.“.

7. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახსნა-განმარტების მიმცემი პირის თანხმობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, საოქმო ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდება, ხოლო ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელი.“;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ახსნა-განმარტება შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით“.“

8. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო ვალდებულია პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვროს ვადა მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, ასევე, მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია პირობითი ვალდებულებების შესახებ, რაც საქმის მოკვლევის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ანოტაციის ფორმით, კონფიდენციალური მონაცემების გარეშე, ქვეყნდება მხარის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულებები. ამასთან ერთად, დამატებით გამოქვეყნებული უნდა იყოს მიმდინარე მოკვლევის შესახებ ინფორმაცია დავის საგნის, მხარეების, სავარაუდო ბაზრის მითითებით. ასევე, ეთითება ინფორმაცია დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის ვადის შესახებ, რომელიც არ შეიძლება იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“.  

9. 28-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხდომის დანიშვნა და მონაწილე პირთა მოწვევა ხორციელდება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრული წესით. სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ან შერეული ფორმატით (მონაწილეთა ნაწილი ჩაერთოს ონლაინფორმატში)“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. შესაძლებელია შემაჯამებელი სხდომის გარკვეული ნაწილი დროებით დაიხუროს და გაიმართოს თითოეულ მხარესთან ინდივიდუალურ ფორმატში, იმ მიზნით, რომ მოხდეს სხდომაზე განსახილველი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა გამჟღავნებისგან. მსგავსი ინფორმაციის განხილვის შემდეგ სხდომა უნდა გაგრძელდეს სტანდარტულ ფორმატში.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10  და მე-11 პუნქტები:

„10. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შემაჯამებელი სხდომის ოქმს და შესაბამის ჩანაწერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხდომის მონაწილე პირებს, კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარვის გზით. თუ შემაჯამებელი სხდომის ჩაწერა არ მოხდა მხარეთა თანხმობის არარსებობის გამო, პირი უფლებამოსილია, 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შენიშვნები ოქმის შინაარსის წერილობით ვერსიასთან დაკავშირებით

11. ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დახურული სხდომის ოქმი/ჩანაწერი არ შეიძლება გაეგზავნოს სხვა პირს, გარდა ამ სხდომის მონაწილისა.“.

10.  30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მე-9 პუნქტები:  

„6. სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმა პირმა უნდა გადაიხადოს სააგენტოს გადაწყვეტილების მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს გადაწყვეტილების მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა მასზე დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს ერთი წლის ვადით გადანაწილების თაობაზე. პირის მომართვა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ინფორმაციას და დოკუმენტურ მტკიცებულებებს მისი ფინანსური მდგომარეობის და ჯარიმის დროულად ვერ გადახდის ობიექტური გარემოებების შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში სააგენტო, მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის გადანაწილების ან გადანაწილებაზე უარის თქმის შესახებ. ჯარიმის გადანაწილების შემთხვევაში, დგება გადახდის განრიგი.

9. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და აქტის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, პირის მიერ ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე