დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3521-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.021051 |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 55-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოხელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“. 2. 62-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოხელისთვის, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეს: ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით; ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.“. 3. 64-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად ეძლევა დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოხელეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად ეძლევა დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები.“. 4. 69-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების ან დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პირობები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3521-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები