საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/269/EEC ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეოთხე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/269/EEC ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეოთხე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
დოკუმენტის ნომერი 90/269/EEC
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 29/05/1990
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2023
სარეგისტრაციო კოდი
90/269/EEC
29/05/1990
ვებგვერდი, 03/07/2023
საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/269/EEC ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეოთხე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
ევროპის გაერთიანებების საბჭო
საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/269/EEC ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეოთხე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა 90/269/EEC ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეოთხე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

 

ევროგაერთიანებების საბჭომ,

ითვალისწინებს რა „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას“, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა ევროკომისიის წინადადებას([1]), რომელიც წარდგენილ იქნა „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან“ კონსულტაციის შემდეგ,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით([2] ),

ითვალისწინებს რა „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის“ მოსაზრებას([3] ),

ვინაიდან დამფუძნებელი ხელშეკრულების 118a-ე მუხლის თანახმად, საბჭომ დირექტივების საშუალებით უნდა დაადგინოს მინიმალური მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან, აღნიშნული მუხლის თანახმად, ასეთ დირექტივებში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება ისე, რომ ამან შეაფერხოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნა და განვითარება;

ვინაიდან, ევროკომისიის კომუნიკაცია „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამის შესახებ“ ([4]) ითვალისწინებს სამუშაო ადგილზე მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად შედგენილი დირექტივების მიღებას;

ვინაიდან, საბჭომ თავის 1987 წლის 21 დეკემბრის რეზოლუციაში „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“([5] ) ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის განზრახვაზე უახლოს მომავალში საბჭოსთვის წარედგინა დირექტივა მძიმე ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე რისკებისგან დაცვის შესახებ;

ვინაიდან იმ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უკეთ დაცვას, არსებითი მნიშვნელობა აქვს მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან, წინამდებარე დირექტივა არის ინდივიდუალური დირექტივა „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC([6] ) მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით; ვინაიდან, აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებაზე, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, ამ დირექტივის უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების შეუზღუდავად;

ვინაიდან, წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზრის სოციალური განზომილების მიღწევისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯს;

ვინაიდან, გადაწყვეტილების 74/325/EEC([7] ) თანახმად, ევროკომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან“ ამ მიმართულებით წინადადებების შემუშავების მიზნით,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

განყოფილება I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც არის მეოთხე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით, ადგენს მუშაკების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც არსებობს მუშაკების მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი.

2. დირექტივის 89/391/EEC დებულებები სრულად ვრცელდება 1-ელ პუნქტში მითითებულ მთლიან მოქმედების სფეროზე, ამავე დირექტივის უფრო შემზღუდველი ან/და სპეციფიკური დებულებების დაურღვევლად.

 

მუხლი 2

განმარტება

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის „ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოები“ ნიშნავს ტვირთის ნებისმიერი ფორმით გადატანას ან დაკავებას ერთი ან მეტი მუშაკის მიერ, მათ შორის ტვირთის აწევას, ჩამოტვირთვას, მიწოლას, გამოწევას, ტარებას ან გადაადგილებას, რაც, თავისი მახასიათებლებიდან ან არახელსაყრელი ერგონომიული პირობებიდან გამომდინარე, ქმნის მუშაკთა მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკს.

 

განყოფილება II

დამსაქმებელთა ვალდებულებები

 

მუხლი 3

ზოგადი დებულებები

1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მუშაკების მიერ ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულება.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მუშაკთა მიერ ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულების თავიდან აცილება, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, ან უზრუნველყოს მუშაკები ისეთი საშუალებებით, რომლებიც შეამცირებს ასეთი ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვით სამუშაოებთან დაკავშირებულ რისკებს I დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 4

სამუშაო სადგურების მოწყობა

იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მუშაკთა მიერ ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულების თავიდან აცილება, დამსაქმებელმა სამუშაო სადგური ისე უნდა მოაწყოს, რომ ასეთი სამუშაოების შესრულებისას მაქსიმალურად მოხდეს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, და:

(a) შეძლებისდაგვარად, წინასწარ შეაფასოს სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პირობები, კერძოდ, შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები I დანართის გათვალისწინებით;

(b) უზრუნველყოს მუშაკთა მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების თავიდან აცილება ან რისკის შემცირება შესაბამისი ზომების მიღებით, კერძოდ, სამუშაო გარემოს მახასიათებლებიდან და საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, I დანართის გათვალისწინებით.

 

მუხლი 5

მითითება II დანართზე

დირექტივის 89/391/EEC მე-6(3)(b), მე-14 და მე-15 მუხლების განხორციელებისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს II დანართი.

 

მუხლი 6

ინფორმაცია მუშაკებისთვის და მათი ტრენინგი

1. დირექტივის 89/391/EEC მე-10 მუხლის დაურღვევლად, მუშაკებს ან/და მათ წარმომადგენლებს უნდა ეცნობოთ ამ დირექტივის შესაბამისად უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით მისაღები ყველა ზომის შესახებ.

დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ რომ მუშაკებმა ან/და მათმა წარმომადგენლებმა მიიღონ ზოგადი მითითებები და, თუ შესაძლებელია, ზუსტი ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

– ტვირთის წონა;

– ტვირთის ყველაზე მძიმე ნაწილის სიმძიმის ცენტრი, თუ ტვირთი ცენტრთან მიმართებაში არასიმეტრიულად არის განთავსებული.

2. დირექტივის 83/391/EEC მე-12 მუხლის დაურღვევლად, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მუშაკებმა გაიარონ დამატებით სათანადო მომზადება და მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ გაუმკლავდნენ ტვირთს სწორად და ამასთან, ინფორმაცია იმ რისკებთან დაკავშირებით რომელთა წინაშეც ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ასეთი სამუშაოები არასწორად სრულდება, I და II დანართების გათვალისწინებით.

 

მუხლი 7

მუშაკთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა

მუშაკთა ან/და მათ წარმომადგენელთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივით, მათ შორის მისი დანართებით, გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

განყოფილება III

სხვადასხვა დებულებები

 

მუხლი 8

დანართებში შესწორებების შეტანა

I და II დანართებში მკაცრად ტექნიკური ხასიათის შესწორებები, რომლებიც გამომდინარეობს ტექნიკური პროგრესიდან და ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების სფეროში არსებულ საერთაშორისო რეგულაციებსა და ტექნიკურ მახასიათებლებში ან ცოდნაში შესული ცვლილებებიდან, მიიღება დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 9

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 1992 წლის 31 დეკემბრამდე.

მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ ევროკომისიას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ ან რომელიც მათ უკვე მიიღეს წინამდებარე დირექტივით რეგულირებულ სფეროში.

3. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ ევროკომისიას ანგარიში ამ დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს დამსაქმებელთა და მუშაკთა მოსაზრებებს.

ევროკომისიამ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს“ და „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს“.

4. ევროკომისიამ ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს“ პერიოდულად უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ, 1-ლი-მე-3 პუნქტების გათვალისწინებით.

 

მუხლი 10

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში 1990 წლის 29 მაისს.

 

 

 

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ბ. აჰერნი

 

 დანართი I([8] )

გასათვალისწინებელი ფაქტორები

(მე-3(2) მუხლი, მე-4(a) და (b) მუხლი და მე-6(2) მუხლი)

1. ტვირთის მახასიათებლები

ტვირთის ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოები შესაძლოა ქმნიდეს განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკს, თუ ტვირთი:

– არის მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდი;

– არის მოუხერხებელი და ძნელად ხელმოსაჭიდი;

– არის არამყარი ან ისეთი შემადგენლობის, რომელმაც შესაძლოა განიცადოს ცვლილება;

– არის ისეთ პოზიციაში, რომ მოითხოვს დაკავებას ან მართვას კონტეინერისგან მოშორებით ან კონტეინერის გადახრის ან მოტრიალების გზით;

– მისი კონტურებიდან ან/და კონსისტენციიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ზიანს მიაყენებს მუშაკებს, განსაკუთრებით დაჯახების შემთხვევაში.

2. საჭირო ფიზიკური ძალისხმევა

ფიზიკური ძალისხმევა შესაძლოა ქმნიდეს განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკს, თუ ის:

– იწვევს ზედმეტ დაძაბვას;

– მიიღწევა მხოლოდ კონტეინერის მოტრიალებით;

– სავარაუდოდ გამოიწვევს ტვირთის მოულოდნელ გადაადგილებას;

– სრულდება სხეულის არასტაბილური პოზიციიდან.

3. სამუშაო გარემოს მახასიათებლები

სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდონ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი, თუ:

– სამუშაოს შესასრულებლად არ არის საკმარისი ადგილი, განსაკუთრებით ვერტიკალური მიმართულებით;

– იატაკი არის უსწორმასწორო, რაც ქმნის წაბორძიკების საფრთხეს, ან არის სრიალა მუშაკის ფეხსაცმელისთვის;

– სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას უსაფრთხო სიმაღლეზე ან მუშაკის სხეულის სწორი პოზიციიდან;

– არსებობს იატაკის დონის ან სამუშაო ზედაპირის სხვაობები, რაც მოითხოვს ტვირთთან მუშაობას სხვადასხვა დონეზე;

– იატაკი ან ფეხის დასადები არის არასტაბილური;

– ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არის შეუფერებელი.

4. საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

საქმიანობა შესაძლოა ქმნიდეს განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკს, თუ ის მოიცავს ერთ ან მეტ შემდეგ მოთხოვნას:

– ზედმეტად ხშირი ან ზედმეტად ხანგრძლივი ფიზიკური ძალისხმევა, რომელიც მოქმედებს განსაკუთრებით ხერხემალზე;

– არასაკმარისი პერიოდი სხეულის დასვენებისთვის ან აღდგენისთვის;

– ტვირთის აწევა, დაწევა ან ტარება მეტისმეტად დიდ მანძილზე;

– სამუშაო პროცესით განსაზღვრული სამუშაოს მოცულობა, რომლის შეცვლაც მუშაკს არ შეუძლია.

 

დანართი II ([9] )

ინდივიდუალური რისკფაქტორები

(მე-5 და მე-6(2) მუხლები)

მუშაკი შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუ:

– ის არის ფიზიკურად შეუფერებელი მოცემული სამუშაოს შესასრულებლად;

– ის ატარებს შეუფერებელ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა პირადი მოხმარების ნივთებს;

– მას არ აქვს ადეკვატური ან შესაბამისი ცოდნა და მომზადება.

 



[1] ოფიციალური ჟურნალი C 117, 04.05.1988, გვ. 8.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 326, 19.12.1988, გვ. 137 და ოფიციალური ჟურნალი C 96, 17.04.1990, გვ. 82.

[3] ოფიციალური ჟურნალი C 318, 12.12.1988, გვ. 37.

[4] ოფიციალური ჟურნალი C 28, 03.02.1988, გვ. 3.

[5] ოფიციალური ჟურნალი C 28, 03.02.1988, გვ. 1.

[6] ოფიციალური ჟურნალი L 183, 29.06.1983, გვ. 1.

[7] ოფიციალური ჟურნალი L 185, 09.07.1974, გვ. 15.

[8] მრავალფაქტორიანი ანალიზის ჩატარების მიზნით, მითითება შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად I და II დანართებში ჩამოთვლილ სხვადასხვა ფაქტორზე.

[9] მრავალფაქტორიანი ანალიზის ჩატარების მიზნით, მითითება შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად I და II დანართებში ჩამოთვლილ სხვადასხვა ფაქტორზე.