“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 15/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.746
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
412
04/10/2004
სსმ, 113, 15/10/2004
010.170.000.22.029.006.746
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2004 - 23/03/2021)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.746

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების

მინისტრის ბრძანება №412

2004 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ასტემიროვა

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი;

დ) საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებების თაობაზე სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება;

ე) სამინისტროს ავტორიტეტის განმტკიცებისათვის ზრუნვა და სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

თ) მოქალაქეებისა და საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტებისა და პროგრამების პროექტების მომზადება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმა;

ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისგან, თანამდებობის პირებისგან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, წერილები, საჩივრები და წინადადებები;

დ) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში;

ე) თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო პროგრამათა პროექტები.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;

ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტი იყოფა სამმართველოებად, რომლებსაც ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები.

2. სამმართველოს უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის სამმართველოებია:

ა) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო;

4. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) პრესაში, ტელე- და რადიომაუწყებლობაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებების შესწავლა და ანალიზი;

 ბ) მასმედიის საშუალებებით საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებულ მოსაზრებებზე პოზიციის გამოხატვა და შესაბამისი რეაგირება;

დ) მასმედიასთან ურთიერთობის სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ე) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციული და საცნობარო ხასიათის მასალების (ბიულეტენები, ბუკლეტები და სხვ.) მომზადება.

5. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივი ჯგუფების უფლება-მოვალეობათა შესახებ;

გ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონით დადგენილ წესითა და ვადებში;

დ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა;

ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, საზოგადოებრივი განწყობის შეფასება, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით წინადადებების მომზადება სამინისტროს მუშაობის სრულყოფის მიზნით; საჯარო აზრზე ზეგავლენის მოხდენა ურთიერთთანხმობისა და გამჭვირვალობის კუთხით;

ვ) სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ზ) სამინისტროს გარშემო არსებული სიტუაციის კვლევა და ანალიზი;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ანალიზი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

ი) სამინისტროს მიერ საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში.

6. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

7. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელთაც ამტკიცებს მინისტრი.