ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/14/1658
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 06/07/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016833
2/14/1658
06/07/2023
ვებგვერდი, 21/07/2023
000000000.00.000.016833
ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი

სხდომის განჩინება №2/14/1658

2023 წლის 6 ივლისი

ქ.  ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1658) მომართა ალექსანდრე კობაიძემ. №1658 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 5 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 6 ივლისს.

2. №1658 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს. მათ შორის, მითითებულია, რომ, თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში  წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.

5. №1658 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ადვოკატს გასაჩივრებული ნორმით ეზღუდება უფლება, საგამოძიებო მოქმედების მიზნით, ბრალდებული გამოიყვანოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან მაშინ, როდესაც პროკურორსა და გამომძიებელს ანალოგიური შესაძლებლობა, სადავო ნორმით, ექსკლუზიურად აქვთ მინიჭებული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 და 111-ე მუხლის პირველი ნაწილების მიხედვით, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ენიჭებათ თანაბარი უფლება-მოვალეობები, თუმცა პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმა არღვევს მხარეთა საპროცესო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს. შედეგად, იზღუდება 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლება.

6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არის ადვოკატი და თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს, ერთი მხრივ, ბრალდებულთა და, მეორე მხრივ, ადვოკატის საპროცესო უფლებებს, რამდენადაც ბრალდების მხარესთან მიმართებით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს. ამ მხრივ, მოსარჩელეს, როგორც უფლებადამცველს, არ ეძლევა შესაძლებლობა, ბრალდებული გამოიყვანოს საპატიმრო დაწესებულებიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რის გამოც, ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, სადავო ნორმატიული აქტით, ბრალდებულს ეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა, რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

7. გამომდინარე აქედან, მოსარჩელე ითხოვს, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით და დაცვის მხარეს მიეცეს უფლება, საპატიმრო დაწესებულებიდან გამოიყვანოს ბრალდებული, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით.

8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, ხოლო სხვა პირთა უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ სპეციალური სუბიექტებისთვის.

4. პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს, კერძოდ, მითითებულია, რომ ბრალდებულმა შეიძლება დატოვოს საპატიმრო, (1) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე (2) თუ აუცილებელია მისი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა. ასეთ დროს, პატიმრობის დაწესებულების 2 დღემდე ვადით დატოვებაზე ნებართვას გასცემს გამომძიებელი ან პროკურორი. გასაჩივრებული ნორმატიული მოწესრიგების ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული, რომელმაც ცალკეული პირობების მხედველობაში მიღების შემდეგ, შეიძლება რეალურად ისარგებლოს ან ვერ ისარგებლოს პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესით.

5. №1658 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად კი, მოსარჩელე არის ადვოკატი, რომელიც სადავო ნორმის საფუძველზე, აპელირებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულების უფლებების დარღვევაზე. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ რეალურად ამოქმედდა სადავო ნორმატიული მოწესრიგება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, წარმოებაში მიიღოს კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სადავო საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. ამგვარი ზოგადი წესი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ვრცელდება, მათ შორის, მაშინ, როდესაც მოსარჩელე დავობს იმ პირთა უფლებების დარღვევაზე, რომელთა უფლებების დაცვა მისი პროფესიული საქმიანობის ნაწილია.

6. განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ პატიმრობის კოდექსის გასაჩივრებული ნორმით, განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არის ბრალდებული. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო ნორმები ექსკლუზიურად მის მიმართ უკვე იყო ან, მაღალი ალბათობით, მომავალში შეიძლება იყოს გამოყენებული. შესაბამისად, აშკარაა, რომ იგი დავობს სხვისი კონსტიტუციური უფლების სავარაუდო დარღვევაზე და, ამ მხრივ, არის არაუფლებამოსილი სუბიექტი.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31–ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1658 („ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში