„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 56/124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016746
56/124
12/01/2023
ვებგვერდი, 13/07/2023
480610000.03.030.016746
„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ


საქართველო და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი;

ხელმძღვანელობენ რა, ორ სახელმწიფოსა და მათ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების, ასევე, ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირების განმტკიცების ხელშეწყობის სურვილით,

მხარეების ტერიტორიაზე მოქალაქეთა ორმხრივი მიმოსვლის პირობების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ერთი მხარის მოქალაქეებს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უფლება აქვთ შევიდნენ, იმყოფებოდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის ტერიტორია ვიზის გარეშე არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა, ნებისმიერ 180 (ას ოთხმოც) დღიან პერიოდში, მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრის გადაკვეთის თარიღიდან, წინამდებარე შეთანხმების პირველ და მეორე დანართებში ჩამოთვლილი იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც ადასტურებს მათ პიროვნებას და მოქალაქეობას.       

მუხლი 2

1. თითოეული მხარის მოქმედი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე  მხარის ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის არ მოეთხოვებათ ვიზა.

2. ამ მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მუხლი 3

ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

მუხლი 4

ერთი მხარის მოქალაქეები, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, ვალდებულნი არიან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობა.

მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებას, სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, უარი უთხრას მეორე მხარის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე ან შეამციროს ასეთი მოქალაქის მის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა, თუ ის მას არასასურველად მიიჩნევს.

მუხლი 6

მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან წინამდებარე შეთანხმების პირველ და მეორე დანართებში აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მხარეები, 48 საათის განმავლობაში, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ ახალი ან შეცვლილი დოკუმენტების შემოღების შესახებ, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, და მიაწვდიან ერთმანეთს მათ ნიმუშებს არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა აღნიშნული დოკუმენტების ძალაში შესვლამდე.

მუხლი 7

მხარეები იტოვებენ უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ წინამდებარე შეთანხმების მოქმედება სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

მხარემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმების შეჩერების, ასევე, მისი მოქმედების განახლების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 72 (სამოცდათორმეტი) საათისა.

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მონაწილეებიც ისინი არიან.

 მუხლი 10

იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ შეთანხმებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.        

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმების 1 და 2 დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკეული დოკუმენტის სახით. აღნიშნული სახით მიღებული ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, მოქმედებას წყვეტს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ“ შეთანხმება.

შესრულებულია ქ. ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, მხარეები იხელმძღვანელებენ ტექსტით ინგლისურ ენაზე.

                                                  

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის სახელით        

(ხელმოწერილია)

შეთანხმება

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის

მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ

დანართი 1

დოკუმენტების სია, რომელიც მოეთხოვებათ საქართველოს მოქალაქეებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, დარჩენის, ტრანზიტით გავლისა  და ქვეყნის დატოვების დროს:

  1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
  2. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი პასპორტი.
  3. საქართველოს მოქალაქის დიპლომატიური პასპორტი.
  4. საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობა (მხოლოდ ორივე მხარის ტერიტორიებს შორის მოგზაურობისთვის, მათ შორის, პირდაპირი ფრენის დროსაც).
  5. სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად (მხოლოდ საქართველოში დასაბრუნებლად).

შეთანხმება

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის

მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ

დანართი 2

დოკუმენტების სია, რომელიც მოეთხოვებათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, დარჩენის, ტრანზიტით გავლისა  და ქვეყნის დატოვების დროს:

  1. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი.
  2. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის დიპლომატიური პასპორტი.
  3. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა (ელექტრონული მონაცემების შემცველი) (მხოლოდ ორ მხარეთა შორის მოგზაურობის დროს, მათ შორის, პირდაპირი ფრენის დროსაც). მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს პირადობის მოწმობით, თუ სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთისას სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში გამოჩნდება, რომ ამ უკანასკნელს აქვს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის მოქმედი პასპორტი, უცხო ქვეყანაში მოქმედების ვადის მითითებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
  4. სამგზავრო დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად (მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად).