„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3455-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.021026
3455-XIIრს-Xმპ
03/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
470000000.05.001.021026
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები:

„3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო მართვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად სამინისტრო მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში არსებული ნორმების დაცვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, ინფორმაციის საზოგადოებისთვის/სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი, სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირებისთვის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

გ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დათვალიერება, ხელშეუხებლობა, დალუქვა ან/და ამოღება, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესები, მათ შორის, მათი განხორციელების ვადები, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით;

დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, გააკეთოს ჩანაწერი, ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება;

ე) შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით;

ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითება;

ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გასცეს სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

5. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ანაზღაურების შეჩერების/დაკავების მექანიზმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განსაზღვრული წესითა და პირობებით.“.

2. 631 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41−43 პუნქტები:

„41. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევების გამოვლენის  შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაკმაყოფილებამდე. სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო საქმიანობა − აღდგენილად. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერებისა და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით.

42. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე პირის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

43. თუ სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური  ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით განიხილავს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში სამჯერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები.“.

3. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი უზრუნველყონ ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3455-XIIრს-Xმპ