დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3458-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.021023 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII26 თავი:
„თავი VII26 ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით მუხლი 21100. სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა 1. სამედიცინო სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ამის თაობაზე შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს და შესაბამის მასალებს უგზავნის იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შეჩერებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია ამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილოს. აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. მუხლი 21101. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება 1. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. 2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. 3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები ეგზავნება აგრეთვე მეორე მხარეს. 4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან 48 საათის ვადაში, ამ კოდექსის 21100 მუხლით დადგენილი წესით განიხილავს. 5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 3 ივლისი 2023 წ. N3458-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები