„საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას (წარმოდგენილს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ) შორის საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი

„საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას (წარმოდგენილს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ) შორის საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 39-15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016742
39-15
20/06/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
480610000.03.030.016742
„საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას (წარმოდგენილს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ) შორის საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
„საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას (წარმოდგენილს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ) შორის საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
„საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას (წარმოდგენილს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ) შორის საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ 
ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს მთავრობას, რომელიც წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ,

შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO)-ს მიერ,

რომლებიც შემდგომში წოდებულნი არიან ცალ-ცალკე „მხარედ“, ხოლო ერთად – „მხარეებად“, აქვთ თანამშრომლობის სურვილი საერთო ინტერესის სფეროებში:

ითვალისწინებენ რა მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსა და შვეიცარიას შორის,

2005 წლის 17 იანვრის „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად (შემდგომში – შეთანხმება);

„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად;

აღიარებენ რა საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, განახორციელოს რეფორმები საბაზრო ეკონომიკის განვითარებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შესაქმნელად, ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის;

მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი I. განსაზღვრებები

წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმში (MoU), თუ კონტექსტი არ მოითხოვს სხვაგვარად, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „თანამშრომლობის უწყება“ აღნიშნავს შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, შვეიცარიის თანამშრომლობის უწყებას სამხრეთ კავკასიაში;

ბ) „IP” აღნიშნავს ინტელექტუალურ საკუთრებას;

გ) „IPI” აღნიშნავს შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტს, რომელსაც SECO-ს მიერ მინიჭებული აქვს მანდატი, განახორციელოს პროექტი მისი სახელით;

დ) „NPC” აღნიშნავს პროექტის ეროვნულ კოორდინატორს, რომელიც დაინიშნება საქპატენტის მიერ, როგორც ოფიციალური წარმომადგენელი პროექტში სამოქმედოდ;

ე) „PA” აღნიშნავს პროექტის თანაშემწეს, რომელსაც IPI-ის მიერ მიენიჭება მანდატი, როგორც IPI-ის ადგილობრივ წარმომადგენელს საქართველოში სამოქმედოდ;

ვ) „PMT” აღნიშნავს IPI-ისა და საქპატენტის ერთობლივი პროექტის მმართველ გუნდს, რომელსაც ევალება ყოველდღიური კოორდინაცია და პროექტის განხორციელება ოპერაციულ დონეზე;

ზ) „პროექტი“ აღნიშნავს „საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტს (GESIP)”;

თ) „საქპატენტი“ აღნიშნავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს;

ი) „SC” აღნიშნავს მმართველ კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას;

კ) „SECO” აღნიშნავს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს.

 

მუხლი II.    თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი

წინამდებარე მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის ჩარჩოს უზრუნველყოფა მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გაძლიერებისათვის III მუხლში ფორმულირებული თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებში.

 

მუხლი III. პროექტის ფარგლები და თანამშრომლობის სფეროები         

შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა ისწრაფვის მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისაკენ, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და გამოყენების სტიმულირების მეშვეობით. პროექტის საერთო განვითარების მიზანია წვლილის შეტანა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი ბაზისა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დაწესებულებების მომსახურების განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობისათვის.

კერძოდ, პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, კვლევებს, ინფორმაციულ უზრუნველყოფას საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე, შესაძლებლობების განვითარებას შემდეგი მოსალოდნელი პრიორიტეტული სფეროების მხარდასაჭერად:

  • იურიდიული მხარდაჭერა;
  • საქპატენტისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების მხარდაჭერა გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში;
  • გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული საქონლის მწარმოებლების მხარდაჭერა გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში;
  • საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მხარდაჭერა.

 

მუხლი IV.   პასუხისმგებლობა და წვლილი

1. შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა:

ა) SECO-ს დაფინანსების საფუძველზე, IPI განახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს პროექტის კოორდინატორ(ებ)ის არსებობას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მთლიანი პროექტისა და ფინანსების მართვაზე;

ბ) SECO დააფინანსებს შვეიცარიის წვლილს პროექტში;

გ) SECO ან/და შვეიცარიის თანამშრომლობის უწყება მონაწილეობას მიიღებს პროექტის მმართველი კომიტეტის საქმიანობაში და წარმართავს რეგულარულ დიალოგს მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას და უზრუნველყოს სტრატეგიული კოორდინაცია და თანმიმდევრობა საქართველოში შვეიცარიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

2. შვეიცარიის წვლილი:

ა) გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის აღწერილობაში მითითებული ღონისძიებებისა და მართვის ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) შეთანხმების შესაბამისად, წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში, არ უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის, მოსაკრებლის ან შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე მსგავსი ხარჯის დასაფარად, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით ან რომელიმე დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყების მიერ;

გ) არ უნდა იქნეს გამოყენებული რაიმე სხდომათა გამართვის ხარჯების, საჯარო მოხელეთა შიდა კონსულტაციების ან მსგავსი სახელფასო დანამატების გადასახდელად;

დ) შვეიცარიის წვლილის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ იქნება გამოყენებული 2025 წლის 30 ივნისამდე ან XV მუხლის შესაბამისად პროექტის შეჩერების ან გაუქმების შემდეგ, უნდა იქნეს ამოღებული და დაუბრუნდეს SECO-ს, თუ თანამშრომლობის მემორანდუმის მხარეები არ შეთანხმდებიან სხვაგვარ გამოყენებაზე.

3. საქართველოს მთავრობა:

ა) უზრუნველყოფს თავის წვლილს პროექტში, რაც გამოიხატება პროექტის ეფექტიანი და სწრაფი განხორციელებისათვის საკმარის ადამიანურ რესურსებსა და ლოგისტიკურ ღონისძიებებში. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ პროექტი უნდა უზრუნველყოს საკმარისი პერსონალით, რათა სრულად წარმართოს პროექტი და იმუშაოს პროაქტიულად მდგრადი შედეგების უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს კოორდინაციას სამთავრობო დაწესებულებებსა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებში, რომლებიც არიან ჩართულნი პროექტის განხორციელებაში;

გ) საქპატენტის მეშვეობით დანიშნავს პროექტის ეროვნულ კოორდინატორს (NPC), რაც უნდა ჩაითვალოს პროექტში შეტანილ წვლილად;

დ) კოორდინაციას გაუწევს ან/და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ექსპერტების (საჯარო მოხელეების) ჩართულობას და მონაწილეობას ტრენინგსა ან ღონისძიებებში, ასევე, უზრუნველყოფს სივრცეს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებების შენობებში;

ე) შეთანხმების შესაბამისად, წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში, უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტში მონაწილე პირების (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა) ანაზღაურების, პირადი ნივთების და აღჭურვილობის, გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა ხარჯებისგან გათავისუფლებას;

ვ) პასუხისმგებელი იქნება გადასახადის ასპექტზე, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს საქართველოს ფარგლებში;

ზ) უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მონაცემებს და სტატისტიკას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პროექტის შედეგების შეფასება;

თ) აღნიშნავს შვეიცარიის, SECO-სა და IPI-ს როლს პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერ ანგარიშსა ან ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდება პროექტის განხორციელების კონტექსტში და SECO-ს მიაწვდის ასეთი პუბლიკაციების/ანგარიშების ასლს.

4. ორმხრივი წვლილი:

მხარეები უზრუნველყოფენ პროექტის შედეგების განხორციელებას გრძელვადიანი და მდგრადი გზით.

მუხლი V. პროექტის ორგანიზება და განხორციელება

1. საქპატენტი და IPI ერთობლივად უზრუნველყოფენ პროექტის მიზნების მიღწევას დადგენილი ვადისა და ბიუჯეტის ფარგლებში.

2. IPI და მისი პროექტის კოორდინატორ(ებ)ი პასუხისმგებელნი იქნებიან პროექტის განხორციელებაზე და ასევე ზოგად და ფინანსურ მართვაზე. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, პასუხისმგებლობას მართვის ხარჯებზე და ანაზღაურებაზე, გარე ექსპერტების მომსახურებების შესყიდვაზე, შესყიდვების პროცესების მართვაზე, წლიური სამუშაო გეგმების შემუშავებასა და SECO-ს წინაშე განხორციელების ანგარიშების წარდგენაზე.

3. IPI შეარჩევს და მანდატს გადასცემს PA-ს, შესყიდვების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წინააღმდეგობა SECO-სა და საქპატენტის მხრიდან. შერჩეული ადგილობრივი პარტნიორი უწყება არის პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG), რომლის მეშვეობითაც გაფორმდება კონტრაქტი PA-სთან. PMCG არჩეულ იქნა საქართველოში ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

4. PA პასუხისმგებელია ადგილობრივი პროექტის მართვაზე IPI-ს მთლიანი პროექტის მართვის ფარგლებში და კონკრეტულად პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრირებაზე, ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელებაზე, საბუღალტრო აღრიცხვაზე, ადგილობრივი კონტრაქტების გაფორმებაზე, პროექტის მონიტორინგზე, ასევე, IPI-ს წარმომადგენლობაზე საქართველოში. PA უშუალოდ დაექვემდებარება IPI-ს და მიიღებს ანაზღაურებას შვეიცარიის შენატანებიდან.

5. საქპატენტი კოორდინაციას გაუწევს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონკრეტული ღონისძიებებისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობების შესაბამისად, პროექტის შემდგომი განხორციელების მიზნით. NPC პასუხისმგებელი იქნება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საქპატენტთან და უზრუნველყოფს ეფექტიან კომუნიკაციას და თანამშრომლობას საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან. NPC, ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლებს PA-სთან პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში.

6. SC-ს შემადგენლობაში შედიან: (ა) IPI-ს პროექტის კოორდინატორ(ებ)ი და PA, (ბ) SECO-ს ან/და თანამშრომელი უწყებისა და (გ) საქპატენტის წარმომადგენელი. SC უზრუნველყოფს სტრატეგიულ ხელმძღვანელობას და მხარდაჭერას პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებული განხორციელებისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევისათვის, ასევე, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ზედამხედველობას მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ერთხმად და იქნება ჩაწერილი. SC დაამტკიცებს სამუშაო გეგმებსა და განხორციელების ანგარიშებს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებს. დასასწრებად მოწვეულნი იქნებიან პროექტის ნებისმიერი სხვა პარტნიორები, უწყვეტი კოორდინაციისა და დიალოგის უზრუნველსაყოფად. SC იკრიბება წელიწადში ერთხელ საქართველოში და ერთხელ – ვირტუალურად.

 

მუხლი VI.   შვეიცარიის წვლილის რაოდენობა და გამოყენება

SECO გამოყოფს სახსრებს აუნაზღაურებადი გრანტის სახით მაქსიმუმ CHF 596,218.60 (ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ორასთვრამეტი ფრანკი და სამოცი სანტიმი) ოდენობით, პროექტის აღწერილობის და მასში მითითებული ბიუჯეტის მიხედვით.

 

მუხლი VII. ბიუჯეტირება და პროექტის სახსრების გაცემა

1. სამუშაო გეგმები მომზადდება პროექტის მართვის გუნდის მიერ. პირველი სამუშაო გეგმა შეთანხმებული იქნება SC-ს პირველ შეკრებაზე. სამუშაო გეგმაში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა SC-ს მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, მაგრამ აუცილებელია პროექტის აღწერილობაში განსაზღვრული მაქსიმალური ბიუჯეტისა და საერთო მიზნების დაცვა.

2. ბიუჯეტის მართვა: პროექტის ადგილობრივ ბიუჯეტს, რომელიც განკუთვნილია პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საქართველოში, მართავს IPI და PA. პროექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოში დამტკიცებული იქნება IPI-ს მიერ. ხარჯები, რომლებიც სცდება პროექტის ბიუჯეტის ფარგლებს ან აშკარად არ არის მითითებული მასში, დამტკიცებული უნდა იქნეს IPI-ის მიერ. საქპატენტი არ მიიღებს რაიმე თანხას ნაღდი ფულით და არ გასწევს ამ სახსრების ადმინისტრირებას.

3. დანახარჯების გადანაწილება პროექტის რესურსებსა და საქპატენტის რესურსებს შორის: ადგილობრივი ექსპერტების (საჯარო მოხელეების) ჩართულობას, საჯარო მოხელეების სამუშაო საათებს და საჯარო მოხელეების მონაწილეობას ტრენინგებსა ან ღონისძიებებში, ასევე, სივრცეს სამთავრობო შენობებში, მათ შორის, საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას, მგზავრობის ხარჯებსა და დანამატებს საქართველოში ფარავს საქპატენტი ან/და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებები.

4. პროექტით შეიძლება დაფინანსდეს:

ა) შორ მანძილზე ტრანსპორტირება საქართველოს ქალაქებს შორის და საერთაშორისო ფრენები, ასევე, საკვების, სასმლის და სასტუმროს ხარჯები ღონისძიებების დროს;

ბ) სამთავრობო შენობების გარეთ მდებარე სივრცის დაქირავების ხარჯები, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა სამთავრობო შენობები არაა ხელმისაწვდომი;

გ) სასწავლო მივლინებები და ტრენინგები საზღვარგარეთ: სადღეღამისო ხარჯები მონაწილეებისათვის საზღვარგარეთ სასწავლო მივლინებებისა და ტრენინგების დროს, პროექტის ღონისძიებებსა და მგზავრობასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. თუ სამგზავრო ხარჯები იფარება პროექტის მიერ, მოქმედებს პროექტის წესები და რეგულაციები და არა საქართველოს კანონმდებლობა.

 

მუხლი VIII. მონიტორინგი, ანგარიშვალდებულება და შეფასება

1. პროექტის მიზნებისა და შედეგების მიღწევის მონიტორინგი: პროექტის განხორციელების ვადები წარმოადგენს პროექტის მიზნებისა და შედეგების მიღწევის მონიტორინგის საფუძველს. მონიტორინგთან დაკავშირებული ეს ღონისძიებები ასახავს პროექტის მიზნებსა და შედეგებში შეტანილ პოტენციურ ცვლილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს SC-ს თანხმობა, რომლის შემადგენლობაშიც არიან SECO, საქპატენტი და IPI.

2. პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი: პროექტის მონიტორინგზე პასუხისმგებელია IPI, საქპატენტის და სხვა პარტნიორი უწყებების აქტიური ჩართულობით, როგორც განსაზღვრულია მათი ინსტიტუციური როლებით და თემატური პასუხისმგებლობით. საქპატენტი აწვდის IPI-ს ხელმისაწვდომ მონაცემებსა და სტატისტიკას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პროექტის შედეგების შეფასება, მაგ., მონაცემები გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციების შესახებ, ინფორმაცია იურიდიული მიმოხილვებისა ან შესაბამისი ახალი კანონების, მოქმედი წესებისა და რეგულაციების შესახებ და სხვა, რაც შედის IPI-ის პროექტის მონიტორინგში. საქპატენტი ხელს უწყობს მონაცემების მოძიებას სხვა სახელმწიფო უწყებებიდან.

3. ანგარიშვალდებულება: ანგარიშვალდებულება ხორციელდება ზოგადი ანგარიშვალდებულების კონტექსტში, რომელიც სრულდება წელიწადში ორჯერ SECO-სა და IPI-ს შორის, ინტელექტუალური საკუთრების გლობალური პროგრამის (GPIPR) ფარგლებში. ანგარიშგება IPI-ს პასუხისმგებლობაა.

 

მუხლი IX. ანტიკორუფციული პუნქტი და ადამიანის უფლებები

მხარეები იზიარებენ აზრს, რომ აუცილებელია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ნორმალურ მმართველობას და განვითარებისათვის საჭირო რესურსების სწორ გამოყენებას, და გარდა ამისა, საფრთხეს უქმნის სამართლიან და ღია კონკურენციას, რომელიც დაფუძნებულია ფასსა და ხარისხზე. შესაბამისად, მხარეები აცხადებენ თავიანთ განზრახვას, გააერთიანონ ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, და კერძოდ, აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთავაზება, საჩუქარი, გადახდა, ანაზღაურება ან რაიმე სახის სარგებელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი განხორციელებული, პირდაპირ თუ არაპირდაპირ,  იმ მიზნით, რომ მინიჭებული იქნეს მანდატი ან კონტრაქტი წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ან მისი შესრულებისას, ჩაითვლება უკანონო ქმედებად ან კორუფციულ პრაქტიკად. ამ სახის ნებისმიერი აქტი წარმოადგენს საკმარის საფუძველს წინამდებარე მემორანდუმის ან შესყიდვის ან მოსალოდნელი ანაზღაურების დაუყოვნებლივ ბათილად ცნობისათვის, ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოსასწორებელი ღონისძიების განსახორციელებლად.

დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, როგორც კონკრეტულადაა განსაზღვრული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, წარმოადგენს მხარეების შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის საფუძველს და წარმართავს წინამდებარე მემორანდუმის განხორციელებას.

 

მუხლი X. აზრთა სხვადასხვაობისა და დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასა და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი XI. ინტელექტუალური საკუთრება და გამოცემა

1. ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება ისეთ მასალაზე, როგორიცაა: ინფორმაცია, ტრენინგის მასალა, პუბლიკაციები და ლოგოები, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა მონაწილე ორგანიზაციების/სააგენტოების მიერ წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე გამოყენების მიზნით, ეკუთვნის საქპატენტს, IPI-სა და SECO-ს, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული წერილობით.

2. ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება ისეთ მასალაზე, როგორიცაა: ინფორმაცია, ტრენინგის მასალა, პუბლიკაციები და ლოგოები, რომლებიც ერთობლივად იქნა შემუშავებული მონაწილე ორგანიზაციების/სააგენტოების მიერ წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იქნება მონაწილე მხარეთა ერთობლივ მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში მონაწილე მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ ამ მასალის გამოყენების წესებს.

3. საქართველოს მთავრობა მიაწვდის SECO-სა და IPI-ს წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოქვეყნებული ნებისმიერი ანგარიშის ან ნაშრომის ასლს და აღნიშნავს შვეიცარიის/ SECO-სა და IPI-ს როლს პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერ ანგარიშსა ან ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდება პროექტის განხორციელების კონტექსტში.

4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მონაცემები ან/და ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია ან მიღებულია წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის განხორციელების პერიოდში ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არ იქნება გადაცემული ან მიწოდებული მესამე მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

5. მხარეები თანხმდებიან, რომ XI მუხლის მე-4 პუნქტის დებულება ძალაში დარჩება წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის შეწყვეტის ან/და ვადის ამოწურვის მიუხედავად.

 

მუხლი XII.  უფლებამოსილი ორგანოები

წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოები:

 

საქართველოს მთავრობის მხრიდან:

წარმოდგენილი:

სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ

ანტიოქიის ქ. 5

3300 მცხეთა, საქართველო

 

შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მხრიდან:

შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნო

ეკონომიკური თანამშრომლობა და განვითარება

ვაჭრობის ხელშეწყობა/ WEHU

ჰოლციკოფენვეგ 36

3003 ბერნი, შვეიცარია

წარმოდგენილი:

შვეიცარიის თანამშრომლობის უწყების მიერ

შვეიცარიის საელჩო

შალვა რადიანის ქუჩა 12

0179 თბილისი, საქართველო

შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტი

შტაუფფახერშტრასე 65/59გ

3003 ბერნი, შვეიცარია

 

მუხლი XIII. ცვლილებები, დამატებები

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის XV მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი XIV. კომპონენტები

შემდეგი დანართები წარმოადგენს წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს:

ა) დანართი 1: პროექტის აღწერილობა;

ბ) დანართი 2: ისმო-ს მიერ ადმინისტრირებული ხელშეკრულებები, რომელთა წევრიც არის საქართველო;

გ) დანართი 3: პროექტის განხორციელების ვადა.

 

მუხლი XV. ძალაში შესვლა, შეჩერება და შეწყვეტა

1. წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმით შემოთავაზებული თანამშრომლობა არ არის განსაკუთრებული და ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის თარიღიდან და გაგრძელდება ყველა გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა. შეწყვეტის განსაზღვრული თარიღი წარმოადგენს დადასტურების საგანს SECO-სა და IPI-ს შორის ახალი GPIPR ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში. წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორივე მხარის წერილობითი შეთანხმებით.

2. თუ რომელიმე მხარე წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის დასრულებამდე XV.1 მუხლის შესაბამისად მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მომავალში მისი მიზნების მიღწევა ან მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, მას ექნება უფლება შეაჩეროს ან ბათილად ცნოს წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმი, წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, სასურველია 6 (ექვსი) თვით ადრე. გარდა ამისა, ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობითი შეტყობინების მეშვეობით შეწყვიტოს წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენისას. „მნიშვნელოვანი დარღვევა“ ამ პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი არსებითი მიზნის ან დებულების დარღვევას.  

3. XV.2 მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობის შემთხვევაში, წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის დებულებების მოქმედება გაგრძელდება ყველა კონტრაქტზე, რომელიც მიმდინარეობს მისი შეწყვეტის დროს, ვიდრე შესაბამისი ვალდებულებები არ იქნება შესრულებული ან სათანადოდ შეწყვეტილი.

4. ერთ-ერთი მხარის ან მისი რომელიმე აღმასრულებელი წარმომადგენლის მიერ წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი პრინციპების ან რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია გაგზავნოს შეტყობინება წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის მოქმედების შეჩერების შესახებ.

5. მხარეები შეეცდებიან აღმოფხვრან შეჩერების მიზეზი მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური საშუალებებით, როგორც X მუხლშია გათვალისწინებული.

6. თუ შეჩერების მიზეზი გაგრძელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მეორე მხარეს შეუძლია წინამდებარე თანამშრომლობის მემორანდუმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

 

მუხლი XVI. დასკვნითი დებულება

შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 20 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

მხარეები ადასტურებენ და ხელს აწერენ წინამდებარე მემორანდუმს.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)