საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016808
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/250
29/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
040030000.22.024.016808
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/2023 - 10/11/2023)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/250

2023 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 31 მაისის №2999-XIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს  დებულება“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი




საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო“ ან „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.

3. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;

გ) სარკინიგზო საწარმოსთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა, განახლება, შეჩერება და გაუქმება;

დ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება, განახლება, შეჩერება და გაუქმება;

ე) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების შემუშავება და დამტკიცება;

ზ) გასცეს, დაადასტუროს და აღადგინოს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა;

თ) შეაჩეროს და გააუქმოს მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედება, აგრეთვე მიიღოს სარკინიგზო საწარმოსთვის ან ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის მემანქანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება და იგი შესაბამის პირს წარუდგინოს;

ი) მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმების შემუშავება და დამტკიცება;

კ) პირისთვის მემანქანეთა პროფესიული სწავლების სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება, ასევე შესაბამისი წესების შემუშავება და დამტკიცება;

ლ) მატარებლის მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შემუშავება და დამტკიცება;

მ) განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების მონიტორინგი, ჩაატაროს მემანქანის გამოცდა ან/და ტესტირება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში;

ნ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა და ამ მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებისგან;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მემანქანეთა პროფესიული სასწავლო ცენტრის მონიტორინგის განხორციელება;

პ) დაამტკიცოს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი და აწარმოოს აღნიშნული რეესტრი;

ჟ) დაამტკიცოს მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი.

რ) რკინიგზით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

ს) უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა;

ტ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო პირობების მომზადება;

უ) გამოსცეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ფ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების შემუშავება;

ქ) სხვა ქვეყნების შესაბამის სარკინიგზო უსაფრთხოებისა და მარეგულირებელ ორგანოებთან, ურთიერთობა ინფორმაციის გაცვლის, აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად;

ღ) სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონცეფციების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ყ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღება მათ მიერ გამართულ შეხვედრებში (შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ა.შ.), საქართველოს ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების ფარგლებში;

შ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება;

ჩ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება;

ც) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვლევების მომზადების ან მათი მომზადების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;

ძ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების, მისი გაფორმების წესისა და პირობების, ასევე საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის შესაბამისად;

წ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობისა და ფუნქციების განხორციელება.

4. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომელიც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

5. სააგენტო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;

გ) საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, სააგენტოს თანამშრომლებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს;

დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ე) ზედამხედველობს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს და პასუხისმგებელია მათი მიზნობრივი ხარჯვისათვის;

ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

თ) უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაანაწილოს ფუნქციები/მოვალეობები სააგენტოს თანამშრომლებს შორის;

ი) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ორმხრივი ან მრავალმხრივი ურთიერთობისას;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

ლ) სააგენტოს სახელით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს, საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს;

მ) ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იწვევს შესაბამის სპეციალისტებს, ექსპერტებს და მათთან აფორმებს ხელშეკრულებებს;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, აგრეთვე, ნორმატიულ აქტს – ბრძანებას, იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ო) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ლოგოს და ბეჭედს, კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – მინდობილობას;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს დირექტორს შეიძლება ჰყავდეს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი − პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით

4. სააგენტოს დირექტორის, პირველი მოადგილის და მოადგილეების დროებით არყოფნის ან/და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობებს, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე. თუ სააგენტოს დირექტორს არ ჰყავს პირველი მოადგილე ან მოადგილე, სააგენტოს დირექტორის დროებით არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობებს, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე. სააგენტოს დირექტორის, პირველი მოადგილის და მოადგილეების სხვა შემთხვევაში არყოფნისას, მის უფლებამოსილებებს ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

5. სააგენტოს დირექტორს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით დააკისროს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს.

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სარკინიგზო უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ე) ანალიტიკური და სამგზავრო გადაყვანების დეპარტამენტი;

2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.

4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

5. სააგენტოს ჰყავს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვა, მონიტორინგი და ანალიზი;

ბ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს დირექტორის მიერ გასაფორმებელი/გამოსაცემი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა;

დ) თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, კონკურსის ორგანიზება;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ორგანიზება, პროფესიული განვითარების გეგმების განხორციელება;

ვ) შრომის დისციპლინის კონტროლი;

ზ) შრომის შინაგანაწესის, სამუშაოთა აღწერილობის შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

თ) თანამშრომლის ან/და შესრულებული სამუშაოს შეფასების ჩატარების პროცესის ორგანიზება;

ი) თანამშრომელთა მოტივაციის და კმაყოფილების ზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;

კ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის კუთხით შესაბამის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ლ) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. სარკინიგზო უსაფრთხოების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სარკინიგზო საწარმოსთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის, განახლების, შეჩერების ან/და გაუქმების თაობაზე საკითხების შესწავლა და წინადადების მომზადება;

ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების, განახლების, შეჩერების ან/და გაუქმების საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება;

გ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება;

დ) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების შემუშავება ან მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის, განახლების, დადასტურების, აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების თაობაზე საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ვ) მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმების შემუშავება ან მათ შემუშავებაში მონაწილება;

ზ) პირისთვის მემანქანეთა პროფესიული სწავლების სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან/და გაუქმების მიზნით, საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) მატარებლის მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლებისა და გამოცდების მონიტორინგის განხორციელება, მემანქანის გამოცდის ან/და ტესტირების ჩატარება, ან მის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლებამოსილების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელება, დარღვევების გამოვლენა ან/და ამ მიზნით, ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი ორგანოებისგან;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მემანქანეთა პროფესიული სასწავლო ცენტრის მონიტორინგის განხორციელება;

მ) მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის შემუშავება და აღნიშნული რეესტრის წარმოებაში მონაწილეობა;

ნ) რკინიგზით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

ო) უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება;

პ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო პირობების მომზადებაში მონაწილეობა;

ჟ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების შემუშავება;

რ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაიზდვის წესების შესრულების მონიტორინგი, ზედამხედველობა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება;

ს) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;

დ) სააგენტოს სამართლებრივი აქტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ვ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება;

თ) დარგში მოქმედი კანონმდებლობის ექსპექტიზა/ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი დასკვნის, წინადადების ან სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სააგენტოს ინტერესების დაცვა;

კ) სააგენტოს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების ექპერტიზა;

ლ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ნ) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით – მათ შორის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

პ) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებით:

ა.ა) საქმისწარმოების ორგანიზება;

ა.ბ) სააგენტოში დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, სააგენტოში შემოსული/გასაგზავნი კორესპონდენციის რეგისტრაცია;

ა.გ) სააგენტოში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა;

ა.დ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება, საარქივო საქმის წარმოების წარმართვა;

ა.ე) სააგენტოს დოკუმენტების გაგზავნა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ა.ვ) სააგენტოს დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება;

ა.ზ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;

ა.თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ა.ი) დოკუმენტების ასლების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება;

ა.კ) სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ა.ლ) სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფა;

ბ) ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით:

ბ.ა) წინადადებების მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;

ბ.ბ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ბ.გ) დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება;

ბ.დ) სააგენტოს საშუალოვადიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადება;

ბ.ე) სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ბ.ვ) სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მომზადება და საჭიროებისამებრ მასში ცვლილების შეტანის უზრუნველყოფა;

ბ.ზ) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

ბ.თ) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ბ.ი) ბუღალტრული ანგარიშების შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ბ.კ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

ბ.ლ) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში, აგრეთვე, სააგენტოს საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში თანხების უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ.მ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

ბ.ნ) სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;

ბ.ო) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;

ბ.პ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება;

ბ.ჟ) მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან ანგარიშსწორება;

ბ.რ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ.ს) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

ბ.ტ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

ბ.უ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ.ფ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სააგენტოს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება;

ბ.ქ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ბ.ღ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის, სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით;

ბ.ყ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სააგენტოს შენობ(ებ)ის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

ბ.შ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ.ჩ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ბ.ც) საჭიროებისამებრ, სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა. სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ბ.ძ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ბ.წ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

ბ.ჭ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

ბ.ხ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ.ჯ) მოძრავი ქონების ტრანსპორტირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ.ჰ) კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში მომხმარებლების სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა;

ე) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებს;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

გ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;

დ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში და მათ რეალიზაციაში კომპეტენციის ფარგლებში;

ე) თანამშრომლობს სარკინიგზო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იცავს საქართველოს ინტერესებს მათთან ურთიერთობისას;

ვ) ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო და ქვეყნის შიდა კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და სხვა ამგვარი სახის ღონისძიებებში;

ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ფუნქციებს, მათ შორის: სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

თ) ამზადებს ანგარიშებს საერთაშორისო ხელშეკრულებების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად;

ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ანალიტიკური და სამგზავრო გადაყვანების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სააგენტოს საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით და სააგენტოს დირექტორისთვის ანგარიშის წარდგენა;

გ) ინოვაციური პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი;

დ) სააგენტოს მოქმედების სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ე) სარკინიგზო დარგში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება სარკინიგზო დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

ვ) რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სფეროს შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის კონკრეტულ დანიშნულების ადგილებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით;

ზ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;

თ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი განხილვების/მოლაპარაკებების ორგანიზება ან/და წარმოება;

ი) საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის შემუშავება ან შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) კომპეტენციის შესაბამისად, საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება გარკვეული პერიოდულობით;

მ) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება

1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 8. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 10. დებულებაში ცვლილებების შეტანა

სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.