„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3386-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.020933
3386-XIმს-Xმპ
29/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
420000000.05.001.020933
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

1. ამ კანონის მიზნებისთვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისათვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის),  გარდა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა.

3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის,  გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისა, გათვალისწინებით.

5. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას  უპირატესობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას ენიჭება.

6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი.“.

2. 291 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებით მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2023 წ.

N3386-XIმს-Xმპ