მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 137/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016719
137/04
26/06/2023
ვებგვერდი, 26/06/2023
220010000.18.011.016719
მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №137/04

2023 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. მიკრობანკების საბალანსო ანგარიშებზე სავაჭროდ განკუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისმა მიკრობანკმა შექმნას დილინგური ფინანსური ინსტრუმენტების პორტფელების მართვის შიდა პოლიტიკა და პროცედურები.

2. ამ დებულების მიზანია, უზრუნველყოს მიკრობანკებში დილინგური ფინანსური ინსტრუმენტების პორტფელის მართვის ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვა.


მუხლი 2. დილინგური ოპერაციებისათვის განკუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები
დილინგური ოპერაციებისათვის განკუთვნილ ფინანსურ ინსტრუმენტად უნდა ჩაითვალოს ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებსაც მიკრობანკი ფლობს:

ა) მოკლევადიან პერიოდში გაყიდვის მიზნით;

ბ) ფასის მოსალოდნელი ცვლილების გამო გადაფასებით მიღებული მოგების მოლოდინით;

გ) მისი გამოყენებით არბიტრაჟის გზით შემოსავლების მისაღებად;

დ) ამ მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის შეძენილი ინსტრუმენტების რისკის პოზიციების დასაზღვევად (ჰეჯირებისთვის). 


მუხლი 3. შიდა პოლიტიკა და პროცედურები 
1. მიკრობანკმა, რომელსაც აქვს დილინგური ოპერაციებისათვის განკუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების პორტფელი, უნდა შეიმუშაოს შიდა პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) ცალკეული ფინანსური ინსტრუმენტის დილინგურ ფინანსურ ინსტრუმენტად კლასიფიცირების კრიტერიუმებისა და მექანიზმის განსაზღვრას;

ბ) ფინანსური ინსტრუმენტებისთვის სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვას, მათ შორის, იმ ინსტრუმენტებისთვის, რომელიც აქტიურად არ ივაჭრება ბირჟებზე და მასზე დაყრდნობით, დილინგური ფინანსური ინსტრუმენტების პორტფელის ყოველდღიურად გადაფასებას;

გ) შერჩეულ პორტფელებსა და პოზიციებზე მიკრობანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული დოკუმენტირებული სტრატეგიების შექმნას, მოსალოდნელი მფლობელობის პერიოდის განსაზღვრას, პოზიციების ლიმიტების დადგენასა და ეფექტურ მონიტორინგს;

დ) მიკრობანკის ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგებების წარდგენას როგორც მთლიანი პორტფელის შედეგებზე, ასევე ძირითადი პოზიციების მიმდინარე პერიოდის საერთო ტენდენციებთან დაკავშირებით.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკა და პროცედურები უნდა დამოწმდეს მიკრობანკის ხელმძღვანელობის მიერ და შეთანხმდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

3. სავაჭრო პორტფელის მართვასთან მიმართებაში რეკომენდებულია მიკრობანკმა იხელმძღვანელოს „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ ან/და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.


მუხლი 4. მიკრობანკის ვალდებულებები ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით 
1. მიკრობანკმა, რომელსაც გააჩნია დილინგური ფინანსური ინსტრუმენტები, ყოველთვიურად ელექტრონული ფორმით უნდა შეატყობინოს ამის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. შეტყობინება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს სავაჭრო პორტფელში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ჩამონათვალს, პოზიციის მოცულობისა და ღირებულების მითითებით.

3. მიკრობანკმა, რომელსაც არ გააჩნია დილინგური ფინანსური ინსტრუმენტები, პირველი ფინანსური ინსტრუმენტის შეძენამდე, წერილობითი ფორმით, უნდა აცნობოს ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს.