საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3317-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 02/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020980
3317-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
200000000.05.001.020980
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებით ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის განხორციელებული ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:

ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრებში მდებარე პუნქტებს შორის;

ბ) საქონლის მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.“.

2. 111-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით:

 

ჯგუფის ნომერი

ძირითადი საშუალებები

ამორტიზაციის

ნორმა (%)

1

მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა.

20

2

სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა.

20

3

სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელგენერატორები, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები.

8

4

შენობები, ნაგებობები.

5

5

ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში.

15

                                                                                                   “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3317-XIმს-Xმპ