შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ

შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 200/55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 27/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016737
200/55
03/06/2022
ვებგვერდი, 21/06/2023
480610000.03.030.016737
შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
დანართი

 

შეთანხმება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ


ევროკომისია (შემდგომში „კომისია“) ევროკავშირის სახელით, ერთი მხრივ, და საქართველოს მთავრობა (შემდგომში „საქართველო“), მეორე მხრივ, შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“,

 

ითვალისწინებენ რა, რომ ევროპული თანამეგობრობის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ზოგადი პრინციპების შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო- შეთანხმებით განსაზღვრულ თითოეულ კონკრეტულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის კონკრეტული პირობები[1], კერძოდ, გადასახდელი ფინანსური შენატანი უნდა განისაზღვროს კომისიასა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმების საფუძველზე;

 

ითვალისწინებენ რა, რომ საგადასახადო პროგრამა საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) 2021/847საფუძველზე; [2]  

 

ითვალისწინებენ რა, რომ ასოცირების სპეციფიკური პირობები უნდა განისაზღვროს ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმებით;

 

ითვალისწინებენ რა, რომ რეგულაციის (EU) 2021/847 მუხლის 5(1)(ა) და (ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მიერთების მსურველ ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებს და პოტენციურად კანდიდატ ქვეყნებს, აგრეთვე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებს ამ ქვეყნების ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის ზოგადი პრინციპებისა და ზოგადი პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამის ჩარჩო-შეთანხმებებსა და ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებებში ან მსგავს შეთანხმებებში და სპეციალური პირობების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებებში;

 

აღიარებენ რა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EU) 2021/847 ჩამოყალიბებულ ზოგად პრინციპებს;

 

აღიარებენ რა საგადასახადო პროგრამის მიზნებს, რომლებიც მხარს უჭერს საგადასახადო ორგანოებს და დაბეგვრას შიდა ბაზრის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის კონკურენტუნარიანობისა და ევროკავშირში სამართლიანი კონკურენციის გაზრდის მიზნით, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად, მათ შორის საგადასახადო თაღლითობისგან, გადასახადებისთვის გვერდის ავლისა და გადასახადებისგან თავის არიდების ინტერესების დაცვის ჩათვლით და გადასახადების აკრეფის გასაუმჯობესებლად;

 

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:



[1] OJ L 165, 4.6.2014, p.16-17

[2] OJ L 188, 28.05.2021, p.1-17

 


მუხლი 1

ასოცირების მოქმედების სფერო

ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EU) 2021/847 საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით შექმნილ საგადასახადო პროგრამაში საქართველო მონაწილეობს, როგორც ასოცირებული ქვეყანა, რეგულაციის უახლესი ვერსიის შესაბამისად. საქართველო მონაწილეობს და შეაქვს წვლილი საგადასახადო პროგრამის შემდეგ ნაწილებში, რომლებიც მითითებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EU) 2021/847:

ა) რეგულაციის (EU) 2021/847 მე-7 (2)(1) მუხლის (ა), (ბ), (დ) და (ე) ქვეპუნქტებში მითითებული აქტივობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქტივობის ბუნებისა და შინაარსის გათვალისწინებით საქართველოს მონაწილეობა შეუსაბამოა;

ბ) შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მონაწილეობა IT შესაძლებლობების ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში, როგორც ეს მითითებულია რეგულაციის (EU) 2021/847 მე-7 მუხლის (2)(1)(გ) პუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტებში. აქტივობებში მონაწილეობა იწყება ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ დღეს.

 

მუხლი 2

საგადასახადო პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები

1. საქართველო საგადასახადო პროგრამის აქტივობებში მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ზოგადი პრინციპების თაობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო-შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და, აგრეთვე, იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებით, ამ შეთანხმების 1-ლ მუხლში მითითებული სამართლებრივი აქტებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირობების შესაბამისად, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო პროგრამის განხორციელებასთან, აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის დროს მოქმედი რედაქციით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საგადასახადო პროგრამის აქტივობებში იგივე პირობებით, რომლებიც ვრცელდება ევროკავშირში დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, მათ შორის, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დაცვით[3].

3. საქართველოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ საგადასახადო პროგრამის დამფუძნებელი 2021/847 რეგულაციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კომიტეტის მუშაობაში, ხმის უფლების გარეშე და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. საგადასახადო პროგრამის დამფუძნებელი 2021/847 რეგულაციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად ან საგადასახადო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა შეხვედრებზე დასასწრებად საქართველოს წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ გაწეული მგზავრობისა და მივლინების ხარჯები ანაზღაურდება კომისიის მიერ იმავე საფუძველზე და იმ პროცედურების შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებზე.

5. საქართველომ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შეძენილი ან შეტანილი საქონელი და მომსახურება, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფინანსდება ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ან / და საქმიანობის განხორციელებისათვის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისგან, იმპორტის და სხვა გადასახდელებისგან, მათ შორის დღგ-ისგან, რომლებიც გამოიყენება საქართველოში.

 

მუხლი 3

ფინანსური შენატანი

1. საქართველოს ან საქართველოს იურიდიული პირების მონაწილეობა საგადასახადო პროგრამაში დამოკიდებულია პროგრამაში და ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტის (შემდგომში „ევროკავშირის ბიუჯეტი“) შესაბამისად მასთან დაკავშირებულ მართვაში, აღსრულებასა და საოპერაციო ხარჯებში საქართველოს მიერ ფინანსური შენატანის განხორციელებაზე. საქართველოს ფინანსური შენატანის მარეგულირებელი წესები ჩამოყალიბებულია I დანართში.

2. ფინანსური შენატანი შეადგენს ჯამს:

ა) საოპერაციო შენატანისა; და

ბ) მონაწილეობის საფასურისა.

3. ფინანსური შენატანი წარმოადგენს წლიურ გადასახდელს ორჯერადი გადახდით და უნდა შესრულდეს არაუგვიანეს მაისისა და აგვისტოსი.

4. საოპერაციო შენატანი ფარავს პროგრამის საოპერაციო და მხარდამჭერ ხარჯებს და ემატება იმ ასიგნებებსა და გადახდებს, რომლებიც საბოლოოდ დამტკიცებულია ევროკავშირის ბიუჯეტში საგადასახადო პროგრამისთვის.

5. საოპერაციო შენატანი ეფუძნება შენატანის განაკვეთს, რომელიც განისაზღვრება, როგორც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საბაზრო ფასების თანაფარდობა ევროკავშირის მშპ-ის საბაზრო ფასებთან. გამოსაყენებელი მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში განისაზღვრება კომისიის სპეციალური სამსახურების მიერ უახლესი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომია საბიუჯეტო გამოთვლებისთვის იმ წლის წინა წელს, როდესაც უნდა განხორციელდეს წლიური გადახდა. ამ შენატანის განაკვეთის კორექტირება მოცემულია I დანართში.

6. საოპერაციო შენატანი გამოითვლება შენატანის განაკვეთის გამოყენებით, საგადასახადო პროგრამის დასაფინანსებლად შესაბამისი წლისთვის საბოლოოდ დამტკიცებულ ევროკავშირის ბიუჯეტში შესული ასიგნებების კორექტირების გათვალისწინებით.

7. მონაწილეობის საფასური შეადგენს საწყისი წლიური საოპერაციო შენატანის 4%-ს, რომელიც გამოითვლება მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად და დაწესდება I დანართში მითითებული ეტაპების მიხედვით. მონაწილეობის საფასური არ ექვემდებარება კორექტირებას ან შესწორებას უკუძალით.

8. ევროკავშირი საქართველოს მიაწვდის ინფორმაციას მისი ფინანსური მონაწილეობის შესახებ, რომელიც ასახულია საგადასახადო პროგრამის შესახებ ევროკავშირის საბიუჯეტო და სხვა შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდებულ ბიუჯეტთან, აღრიცხვასთან, შესრულებასა და შეფასებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში. ეს ინფორმაცია მიწოდებული იქნება ევროკავშირსა და საქართველოში მოქმედი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის წესების, ასევე, იმ ინფორმაციის შესაბამისად, რომლის მიღების უფლება აქვს საქართველოს II დანართის ფარგლებში.

9. ყველა შენატანი საქართველოს მხრიდან ან გადახდები ევროკავშირის მხრიდან, ასევე, გადასახდელი ან მისაღები თანხების გაანგარიშება უნდა განხორციელდეს ევროში.

10. ინგლისური ენა გამოყენებული იქნება მოთხოვნებთან, კონტრაქტებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული პროცედურებისთვის, ასევე პროგრამის სხვა ადმინისტრაციული მიზნებისთვის.

 

მუხლი 4

მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება

1. საგადასახადო პროგრამის მონიტორინგსა და შეფასებასთან დაკავშირებით კომისიის, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (OLAF) და ევროპის აუდიტორთა პალატის უფლებამოსილების გათვალისწინებით, საქართველოს მონაწილეობა საგადასახადო პროგრამაში ექვემდებარება მუდმივ მონიტორინგს პარტნიორულ საწყისებზე კომისიისა და საქართველოს ჩართულობით.

2. გონივრული ფინანსური მართვის შესახებ წესები, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური კონტროლის, ამოღების და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ღონისძიებები, მოცემულია II დანართში.

 

მუხლი 5

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნით დაწყებული შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან. ის ძალაში რჩება მანამ, სანამ აუცილებელი იქნება საგადასახადო პროგრამით დაფინანსებული ყველა პროექტისა და საქმიანობისათვის, ყველა ქმედებისათვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად და ყველა ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც წარმოიქმნება მხარეებს შორის დადებული ამ შეთანხმების განხორციელების შედეგად.

3. შიდა პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირს და საქართველოს შეუძლიათ დროებით გამოიყენონ ეს შეთანხმება, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა. დროებითი გამოყენება იწყება იმ თარიღიდან, როდესაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნისათვის საჭირო შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

4. თუ საქართველო აცნობებს კომისიას, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის  სახელით, რომ უარს ამბობს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურების დასრულებაზე, წინამდებარე შეთანხმების დროებითი გამოყენება შეწყდება კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღების დღეს, რომელიც ჩაითვლება შეწყვეტის თარიღად ამ შეთანხმების მიზნებისათვის.

5. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეაჩეროს ევროკავშირმა ფინანსური შენატანის გადაუხდელობის შემთხვევაში, რომელიც გადასახდელია საქართველოს მიერ, როგორც ეს აღწერილია I დანართის II პუნქტში.

კომისია  წინამდებარე შეთანხმების შეჩერების შესახებ საქართველოს აცნობებს ოფიციალური შეტყობინების წერილით, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ვერ შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ შეთანხმებების გაფორმების პროცედურებში, რომლებიც არ დასრულებულა შეჩერების ძალაში შესვლის მომენტისათვის. გაფორმების პროცედურა დასრულებულად ითვლება, თუ ამ პროცედურის შედეგად აღებული იქნება სამართლებრივი ვალდებულებები.

შეჩერება არ მოქმედებს შეჩერების ძალაში შესვლამდე აღებულ სამართლებრივ ვალდებულებებზე. წინამდებარე შეთანხმების გამოყენება ასეთ სამართლებრივ ვალდებულებებზე გრძელდება.

ევროკავშირი დაუყოვნებლივ უგზავნის შეტყობინებას საქართველოს მას შემდეგ, რაც კომისია გადასახდელ ფინანსურ შენატანს მიიღებს სრული ოდენობით. მოქმედების შეჩერება  შეწყდება ამ შეტყობინების მიღებისთანავე.

შეჩერების მოხსნის დღიდან საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს კვლავ მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ამ თარიღის შემდეგ დაწყებულ პროცედურებში და ამ თარიღამდე დაწყებულ პროცედურებშიც, თუ განაცხადის წარდგენის ვადა არ არის გასული.

6. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება ნებისმიერ დროს მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

შეწყვეტა ძალაში შედის წერილობითი შეტყობინების ადრესატისთვის მიწოდების დღიდან სამი კალენდარული თვის შემდეგ. შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღი ჩაითვლება შეწყვეტის თარიღად ამ შეთანხმების მიზნებისთვის.

7. თუ წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს დროებით გამოყენებას (5) პუნქტის შესაბამისად ან მისი მოქმედება შეჩერდება (6) პუნქტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ:

(ა) პროექტები ან ღონისძიებები, რომელთა მიმართაც სამართლებრივი ვალდებულებები აღებულ იქნა დროებითი გამოყენების პერიოდში და/ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების მოქმედების შეჩერებამდე ან დასრულებამდე, უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი ვალდებულებების დასრულებამდე ამ შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად; 

(ბ) ყოველწლიური ფინანსური შენატანი N წლისთვის, რომლის დროსაც შეჩერდება დროებითი გამოყენება ან წყდება შეთანხმების მოქმედება, გადასახდელი იქნება (3) მუხლის შესაბამისად;

(გ) იმ წლის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც წყდება შეთანხმების დროებითი მოქმედება, საერთო საკომუნიკაციო ქსელის/საერთო სისტემების ინტერფეისზე (CCN/CSI) წვდომისა და მისი აპლიკაციების გამოყენების შემთხვევაში საქართველომ ყოველწლიურად უნდა აანაზღაუროს მისი ხარჯები ისევე, როგორც ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც არ არის დაკავშირებული პროგრამასთან.

კომისია, შესაძლო მოკლე ვადაში, აცნობებს საქართველოს CCN / CSI-ზე წვდომისა და მისი აპლიკაციების გამოყენების ხარჯების თაობაზე და არაუგვიანეს პირველივე მოთხოვნის გამოქვეყნებისა, რომელიც ფინანსური წლისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფას ეხება.

ამ შეთანხმების დროებითი გამოყენების მოქმედების შეწყვეტიდან  შეჩერებიდან გამომდინარე სხვა საკითხებს მხარეები მოაგვარებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

8. დანართები წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

9. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები ძალაში შედის იმავე პროცედურის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისას.

 

შესრულებულია ბრიუსელში   03/06/2022  ორ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე.

          

 

ევროკავშირის სახელით   საქართველოს სახელით

გერასიმოს ტომასი

საგადასახადო და საბაჟო კავშირის 

გენერალური დირექტორი 

  ლევან კაკავა

 საქართველოს შემოსავლების

სამსახურის უფროსი 

                                                        

I დანართი: საგადასახადო პროგრამაში საქართველოს ფინანსური შენატანის მარეგულირებელი წესები (2022-2027)

II დანართი: საიმედო ფინანსური მართვა

 

 

I დანართი

 

საგადასახადო პროგრამაში საქართველოს ფინანსური შენატანის მარეგულირებელი  წესები

 

I. საქართველოს ფინანსური შენატანის გამოთვლა

 

(1) საქართველოს ფინანსური შენატანი საგადასახადო პროგრამაში განისაზღვრება ყოველწლიურად იმ თანხის პროპორციულად და იმ თანხაზე დამატებით, რომელიც ყოველწლიურად ხელმისაწვდომია ევროკავშირის ბიუჯეტში საგადასახადო პროგრამის ადმინისტრირების, აღსრულებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ვალდებულებების დასაფინანსებლად.

 

(2) წინამდებარე შეთანხმების მე-3 (7) მუხლით განსაზღვრული მონაწილეობის  საფასური განაწილდება ეტაპების მიხედვით შემდეგნაირად:

2022 წელი: 1%;

2023 წელი: 1.5%;

2024 წელი: 2%;

2025 წელი: 2.5%;

2026 წელი: 3%;

2027 წელი: 4%.

(3) ამ შეთანხმების მე-3 (5) მუხლის შესაბამისად, საგადასახადო პროგრამაში მონაწილეობისთვის საქართველოს მიერ გადასახდელი საოპერაციო შენატანი გამოითვლება შესაბამისი ფინანსური წლებისთვის, შენატანის განაკვეთის შესწორების გზით.

შენატანის განაკვეთის შესწორება ხდება შემდეგნაირად:

შესწორებული შენატანის განაკვეთი = შენატანის განაკვეთი × კოეფიციენტზე

 

ზემოაღნიშნული გაანგარიშებისთვის გამოყენებული კოეფიციენტი შენატანის განაკვეთის დასარეგულირებლად უნდა იყოს 0.65.

 

 

II. საქართველოს ფინანსური შენატანის გადახდა

(1) კომისია მიაწვდის საქართველოს, რაც შეიძლება მალე და არაუგვიანეს პირველივე მოთხოვნის გამოქვეყნებისა, ფინანსური წლისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის თაობაზე, ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

ა) ევროკავშირის ბიუჯეტში ვალდებულებების ასიგნების თანხები, რომელიც საბოლოოდ დამტკიცებულია განსახილველი წლისთვის საბიუჯეტო მუხლებისათვის, რომელიც    ვრცელდება საქართველოს მონაწილეობაზე;

ბ) ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მონაწილეობის საფასურის ოდენობა.

კომისია თავისი ბიუჯეტის პროექტის საფუძველზე უზრუნველყოფს მომავალი წლის ინფორმაციის შეფასებას (ა) და (ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს ფინანსური წლის 1 სექტემბრისა.

(2) კომისია ყოველი ფინანსური წლის არაუგვიანეს აპრილისა და ივლისისა გამოსცემს მოთხოვნას საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შესახებ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შენატანის შესაბამისად.

თითოეული მოთხოვნა უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს მიერ შენატანის ექვსი მეთორმეტედი ნაწილის გადახდას მოთხოვნის გამოცემიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

ამ ხელშეკრულების განხორციელების პირველი წლისთვის, კომისია ერთჯერად გამოსცემს მოთხოვნას სახსრების გამოყოფის თაობაზე წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში.

(3) საქართველომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური შენატანი უნდა გადაიხადოს ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად. დადგენილ ვადაში საქართველოს მხრიდან გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია აგზავნის ოფიციალურ წერილს შეხსენების მიზნით.

ნებისმიერი შეფერხება ფინანსური შენატანის გადახდასთან დაკავშირებით გამოიწვევს საქართველოს მიერ ჯარიმის გადახდას ვადაგადასულ თანხაზე შესაბამისი თარიღიდან.

საპროცენტო განაკვეთი დებიტორული დავალიანებისათვის, რომელიც დროულად არ იქნა გადახდილი, არის განაკვეთი, გამოყენებული ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ თავისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის, როგორც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის C სერიაში და მოქმედებს გადახდის თარიღის შემცველი თვის პირველ კალენდარულ დღეს, რომელიც იზრდება ერთნახევარი საპროცენტო პუნქტით.

იმ შემთხვევაში, თუ შენატანის გადახდა გვიანდება იმგვარად, რომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს საგადასახადო პროგრამის განხორციელება და მართვა, კომისია აჩერებს საქართველოს მონაწილეობას საგადასახადო პროგრამაში მას შემდეგ, რაც შეხსენების მიზნით გაგზავნილი ოფიციალური წერილის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში არ მოხდება გადახდა, საგრანტო ხელშეკრულებით ან/და უკვე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კავშირის ვალდებულებების შეულახავად, რომლებიც დაკავშირებულია არაპირდაპირი ქმედებების განხორციელებასთან, რისთვისაც შეირჩა საქართველო.

 

 

II დანართი

 

საიმედო ფინანსური მართვა

ნაწილი 1: ფინანსური ინტერესების დაცვა და ხარჯების ანაზღაურება

 

მუხლი 1

დოკუმენტის დებულებების ექსპერტიზა და აუდიტი

1. ევროკავშირს უფლება აქვს, კავშირის ერთი ან რამდენიმე ინსტიტუციის ან ორგანოს მოქმედი აქტების შესაბამისად და შესაბამისი შეთანხმებების და/ან ხელშეკრულებების შესაბამისად განახორციელოს ტექნიკური, სამეცნიერო, ფინანსური ან სხვა სახის ექსპერტიზა და აუდიტი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ფიზიკური პირის ან საქართველოში დაფუძნებული ნებისმიერი იურიდიული პირის შენობა-ნაგებობებში, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, აგრეთვე ნებისმიერი მესამე მხარის მიმართ, რომელიც მონაწილეობს კავშირის სახსრების ათვისებაში და ცხოვრობს ან დაფუძნებულია საქართველოში. ასეთი ექსპერტიზა და აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ევროკავშირის ინსტიტუციებისა და ორგანოების, კერძოდ, ევროკომისიის და ევროპის აუდიტორთა პალატის აგენტების მიერ ან ევროკომისიის მიერ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ.

2. ევროკავშირის ინსტიტუციებისა და ორგანოების, კერძოდ, ევროკომისიისა და ევროპის აუდიტორთა პალატის აგენტებს ისევე, როგორც ევროკომისიის მიერ უფლებამოსილ სხვა პირებს, უნდა ჰქონდეთ სათანადო წვდომა ვებგვერდებზე, სამუშაოებსა და დოკუმენტებზე (როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ქაღალდის ვერსიებზე) და ყველანაირ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია ასეთი აუდიტის ჩასატარებლად, მათ შორის ნებისმიერი დოკუმენტიდან ან ნებისმიერი შინაარსის მონაცემთა მატარებლიდან ფიზიკური/ელექტრონული ასლის და ამონაწერის მოპოვების უფლების ჩათვლით, რომელიც ეკუთვნის აუდიტირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან აუდიტირებულ მესამე მხარეს.

3. საქართველომ არ უნდა შეაფერხოს ან არ უნდა შეუქმნას რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლება მე-2 პუნქტში მითითებული აგენტებისა და სხვა პირების უფლებას, შემოვიდნენ საქართველოში და ჰქონდეთ წვდომა შენობა-ნაგებობებზე, ამ მუხლით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების საფუძველზე.

4. ექსპერტიზა და აუდიტი ასევე შეიძლება განხორციელდეს ამ შეთანხმების გამოყენების შეჩერების შემდეგ მისი მე-5(5) მუხლის შესაბამისად ან მისი შეწყვეტის შემდეგ, ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე ინსტიტუციის ან ორგანოს მოქმედ აქტებში დადგენილი პირობების საფუძველზე, როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამის შეთანხმებებსა და/ან ხელშეკრულებებში ევროკავშირის ბიუჯეტის განმახორციელებელ ნებისმიერ სამართლებრივ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც დაეკისრა ევროკავშირს წინამდებარე შეთანხმების გამოყენების შეჩერების თარიღამდე, მისი მე-5(5) მუხლის შესაბამისად, ან ამ შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლამდე.

 

მუხლი 2

დარღვევებთან, თაღლითობასთან და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან ბრძოლა, რომლებიც გავლენას ახდენს კავშირის ფინანსურ ინტერესებზე

1. ევროკომისია და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF) უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული გამოძიება, მათ შორის ადგილზე შემოწმება და ინსპექტირება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს შემოწმებები უნდა ჩატარდეს კავშირის ერთი ან რამდენიმე ინსტიტუციის მოქმედი აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა გონივრულ ვადაში უნდა აცნობონ ევროკომისიას ან OLAF-ს დარღვევის, თაღლითობის ან სხვა უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი ნებისმიერი ფაქტის ან ეჭვის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს კავშირის ფინანსურ ინტერესებზე.

3. ადგილზე შემოწმებისა და ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ფიზიკური პირის ან საქართველოში დაფუძნებული ნებისმიერი იურიდიული პირის შენობა-ნაგებობებში, რომლებიც იღებენ კავშირის ფინანსურ სახსრებს, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ან საქართველოში დაფუძნებული მესამე მხარის შენობა-ნაგებობებში, რომლებიც ჩართული არიან კავშირის ფონდების ათვისებაში.

4. ადგილზე შემოწმებასა და ინსპექტირებას აგვარებს და ახორციელებს ევროკომისია ან OLAF-ი საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. დანიშნულ კომპეტენტურ ორგანოს გონივრულ ვადაში წინასწარ უნდა ეცნობოს შემოწმებისა და ინსპექტირების ობიექტის, მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რათა მან შეძლოს დახმარების გაწევა. ამ მიზნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების თანამდებობის პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილზე შემოწმებასა და ინსპექტირებაში.

5. საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ადგილზე შემოწმება და ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს ევროკომისიასთან ან OLAF-თან ერთად.

6. კომისიის აგენტებს და OLAF-ის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე, მათ შორის, კომპიუტერულ მონაცემებზე, შესაბამისი ოპერაციების შესახებ, რომელიც აუცილებელია ადგილზე შემოწმებისა და ინსპექტირების სათანადოდ ჩატარებისათვის. კერძოდ, მათ შეუძლიათ შესაბამისი დოკუმენტების კოპირება.

7. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ან რომელიმე მესამე მხარე წინააღმდეგობას გაუწევს ადგილზე შემოწმებას ან ინსპექტირებას, საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებიც მოქმედებენ ეროვნული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, დახმარება უნდა გაუწიონ ევროკომისიას ან OLAF-ს, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება ადგილზე შემოწმების ან ინსპექტირების ჩატარებისას. ეს დახმარება მოიცავს შესაბამისი წინასწარი ზომების მიღება, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაკუთრებით მტკიცებულებების დასაცავად.

8. ევროკომისია ან OLAF-ი აცნობებს საქართველოს ხელისუფლებას ასეთი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგების შესახებ. კერძოდ, ევროკომისიამ ან OLAF-მა რაც შეიძლება მალე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს ნებისმიერი ფაქტის ან ეჭვის შესახებ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის გახდა ცნობილი ადგილზე შემოწმების ან ინსპექტირების დროს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის ზიანის მიუყენებლად, ევროკომისიას შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციული ზომები და ჯარიმები საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის ან საქმიანობის განხორციელებაში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ამ მუხლის სათანადო განხორციელების მიზნით, ევროკომისია ან OLAF-ი და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და, წინამდებარე შეთანხმების ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, გაივლიან კონსულტაციებს ერთმანეთთან.

11. OLAF-თან ეფექტური თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო დანიშნავს საკონტაქტო პირს.

12. ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ევროკომისიას ან OLAF-სა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის უნდა განხორციელდეს კონფიდენციალურობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ინფორმაციის გაცვლისას გამოყენებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

13. საქართველოს ხელისუფლება ითანამშრომლებს ევროპის პროკურატურასთან, რათა მან შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე მოქმედი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოსაძიებლად, დამნაშავეებისა და თანამზრახველების სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით და მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მუხლი 3

ხარჯების ანაზღაურება და აღსრულება

 

1. ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არასახელმწიფო იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ საგადასახადო პროგრამიდან წარმოშობილ ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით ექვემდებარება აღსრულებას საქართველოში. აღსრულების ბრძანება თან ერთვის გადაწყვეტილებას ყოველგვარი ფორმალობის გარეშე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით დანიშნული ეროვნული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების ნამდვილობის დადასტურებისა. საქართველოს მთავრობა აცნობებს კომისიას და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დანიშნული  ეროვნული  ორგანოს  შესახებ. II დანართის მე-4 მუხლის მიხედვით, ევროკომისიას უფლება აქვს ასეთი გადაწყვეტილებების ამოქმედების შესახებ უშუალოდ აცნობოს საქართველოში მცხოვრებ პირებს და საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საპროცესო წესების შესაბამისად.

2. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები, მიღებული საარბიტრაჟო პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც შეტანილია კავშირის პროგრამებთან, ღონისძიებებთან, ქმედებებთან ან პროექტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში ან შეთანხმებაში, საქართველოში აღსრულდება ისევე, როგორც (1) პუნქტში მითითებული ევროკომისიის გადაწყვეტილებები.

3. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს აქვს იურისდიქცია განიხილოს კომისიის 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების კანონიერება და შეაჩეროს მისი აღსრულება. თუმცა, უკანონო აღსრულებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე იურისდიქცია აქვთ საქართველოს სასამართლოებს.

 

მუხლი 4

ინფორმაციის გადაცემა და გაცვლა

ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ორგანოებს, რომლებიც მონაწილეობენ საგადასახადო პროგრამის განხორციელებაში ან ამ პროგრამის ზედამხედველობაში, უფლება აქვთ უშუალოდ, მათ შორის, ელექტრონული გაცვლის სისტემების მეშვეობით, დაუკავშირდნენ საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან საქართველოში დაფუძნებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც იღებს კავშირის ფინანსურ სახსრებს, ასევე ნებისმიერ მესამე მხარეს, რომელიც მონაწილეობს კავშირის ფონდების რეალიზაციაში, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია საქართველოში. ასეთ პირებს, ორგანიზაციებს და მხარეებს შეუძლიათ უშუალოდ მიაწოდონ ევროკავშირის ინსტიტუციებს და ორგანოებს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც მათ მოეთხოვებათ წარადგინონ ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის პროგრამაზე, ასევე პროგრამის განხორციელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებებზე ან შეთანხმებებზე.

 

 



[3] ევროკავშირის შემზღუდავი ზომები დამტკიცებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლის ან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების 215-ე მუხლის შესაბამისად.