დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 20/04/1977 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1977 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ და „იმის შესახებ, რომ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებს დაემატოს მუხლი 391“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 8 და 15 თებერვლის ბრძანებულებების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 25-ე, 54-ე და 541 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. თავისუფლების აღკვეთა
თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება ვადით არა ნაკლები სამი თვის და არა უმეტეს – ათი წლისა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, დანაშაულისათვის, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისათვის იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობით და ამ კოდექსით, – არა უმეტეს თხუთმეტი წლისა.
როდესაც სასჯელი ენიშნება იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავისუფლების აღკვეთის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს.
სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა დაენიშნებათ გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში, საერთო, გაძლიერებული, მკაცრი და განსაკურებული რეჟიმის კოლონიაში ან საპყრობილეში, გარეთვე საერთო და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში.
შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა დაენიშნებათ მამაკაცებს: რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ხუთი წლისა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, –გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში;
რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლებს აღკვეთით არამძიმე განზრახი დანაშაულისათვის, ან პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს სამი წლისა მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმათ, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ხუთ წელზე მეტი ვადით გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის – საერთო რეჟიმის კოლონიაში;
რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით მძიმე დანაშაულისათვის, - გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში;
რომლებსაც მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები) ან რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში;
რომლებიც ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად,–განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში.
ქალებს, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის მოხდა შრომა-გასწორების კოლონიაში დაენიშნებათ: თუ ისინი ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, აგრეთვე მსჯავრი ედებათ განსკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები), – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში; რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ხუთი წლისა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში; სხვა ქალებს, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, - საერთო რეჟიმის კოლონიაში.
სასჯელის მოხდა შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში დაენიშნებათ:
მამრობითი სქესის არასრულწლოვანებს, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით არამძიმე დანაშაულისათვის, ან პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს სამი წლისა მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე მდედრობითი სქესის არასრულწლოვანებს, – საერთო რეჟიმის კოლონიაში;
მამრობითი სქესის არასრულწლოვანებს, რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, აგრეთვე იმათ, რომლებსაც ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით მძიმე დანაშაულისათვის, –გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს, მიღებული გადაწყვეტილების მოტივების აღნიშვნით, შეუძლია დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთით სასჯელის მოხდა იმათ, რომლებიც პირველად არიან მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ათი წლისა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში; მსჯავრდებულებს, რომლებიც არ არიან ცნობილი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, – ნებისმიერი სახეობის შრომა-გასწორების კოლონიაში, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიისა, ხოლო მამრობითი სქესის არასრულწლოვან მსჯავრდებულებს – საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში, ნაცვლად გაძლიერებული რეჟიმის კოლონიისა.
თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოთავსებით, სასჯელის მთელი ან ნაწილობრივი ვადით, შეიძლება დაენიშნოთ:
განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებს;
პირებს, რომლებმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინეს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშული (65-74-ე მუხლები);
პირებს, რომლებმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინეს სხვა მძიმე დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით ხუთი წელზე მეტი ვადით.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული შრომა-გასწორების დაწესებულების სახეობის შეცვლას აწარმოებს სასამართლო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით“;
„მუხლი 54. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით
პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, გადასახლება, გასახლება, გამასწორებელი სამუშაოები ან სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა, აგრეთვე პირებს, რომლებიც პირობით არიან გათავისუფლებულნი თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ამ კოდექსის 542 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 541 მუხლში ჩამოთვლილი პირებისა, შეიძლება შეეფარდოთ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან სანიმუშო ყოფაქცევითა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება.
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების გამგებელი ორგანოსა და მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით; იმ პირის მიმართ კი, რომელსაც მისჯილი აქვს პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, ან რომელიც პირობით არის გათავისუფლებული თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით, – აგრეთვე მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით, ხოლო თუ პირი სასჯელს იხდის სადისციპლინო ბატალიონში, – სადისციპლინო ბატალიონის მეთაურის წარდგინებით.
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ფაქტიურად მოიხდის დანიშნული სასჯელი ვადის არანაკლებ ნახევარს.
იმ პირთა მიმართ:
1) რომლებიც მსჯავრდებული არიან განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით;
2) რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ნასამართლობის გაქარწყლებამდე, მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.
3) რომლებმაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის დროს ჩაიდინეს განზრახი დანაშული, რისთვისაც მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, –
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.
იმ პირთა მიმართ:
1) რომლებიც მსჯავრდებული არიან ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (781 მუხლი); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი); სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი); ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები);მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში (2091 მუხლი); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი); საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით ან ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის მეორე ნაწილი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (2521 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები),
2) რომლებიც წინათ მსჯავრდებული იყვნენ თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის და მათ შეეფარდათ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, თუ მათ სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, –
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ სამი მეოთხედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლისას მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს აგრეთვე დამატებითი სასჯელისაგან, როგორიცაა გადასახლება, გასახლება, გარკვეული თანამდებობის დაკავება ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის შეცვლისას გადასახლებით, გასახლებით ან გამასწორებელი სამუშაოებით ისინი დაინიშნებიან ამ სახეობის სასჯელისათვის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არ უნდა აღემატებოდნენ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას.
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს მშრომელთა გარკვეულ კოლექტივს, ამ უკანასკნელის თანხმობით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში მეთვალყურეობა გაუწიოს ვადამდე პირობით გათავისუფლებულს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიოს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა.
თუ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით. ამასთან ერთად, სასამართლოს შეუძლია ძირითად სასჯელს მიუმატოს პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის დამატებითი ზომა.
მუხლი 541. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოუყენებლობა
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით არ გამოიყენება იმ პირის მიმართ:
1) რომელიც ცნობილია განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;
2) რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები);
3) რომელიც მსჯავრდებულია განზრახი მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (104-ე მუხლი და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი, აგრეთვე 78-ე, 781 და 2091 მუხლები იმ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლებით გათვალისწინებულ ქმედობას თან სდევს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში;
4) რომელსაც სიკვდილით დასჯა პატიების ან ამნისტიის წესით შეეცვალა თავისუფლების აღკვეთით“.
2. შეივსოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი შემდეგ შინაარსის 251, 471, 481, 511, 542 და 2031 მუხლებით:
„მუხლი 251. პირობით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით
იმ სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირისთვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად ედება მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის ვადით სამ წლამდე, ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის –ვადით ხუთ წლამდე, სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია დამნაშავის გამოსწორება და ხელახლა აღზრდა საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, მაგრამ მასზე ზედამხედველობის განხორციელების პირობებში , შეუძლია დანიშნული სასჯელის ვადით შეუფარდოს მას პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, განაჩენის აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში, განაჩენში მითითებულ უნდა იქნეს ასეთ გადაწყვეტილების მოტივები
პირობით თავისუფლების აღკვეთისას მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით სასამართლომ შეიძლება მსჯავრდებულს დაუნიშნოს აგრეთვე დამატებითი სასჯელი იმ შემთხვევებში და წესით, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. ამ კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის წესები ამ მსჯავრდებულთა მიმართ არ გამოიყენება.
პირობით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით არ გამოიყენება:
ა) იმ პირთა მიმართ, რომლებსაც მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-74-ე მუხლები); ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); განზრახი მკვლელობისათვის (104-ე, 105-ე მუხლები, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (110-ე მუხლი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი);
2) იმ პირთა მიმართ, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელთან ერთად ენიშნებათ ალკოჰოლიზმის ან ნარკომანიის იძულებითი მკურნალობის ზომები, აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომლებსაც არ გაუვლიათ ვენერიული დაავადების მკურნალობის სრული კურსი;
3) მსჯავრდებული უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.
პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით არ გამოიყენება აგრეთვე:
იმ პირთა მიმართ, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი არიან პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდებად; ორსული ქალების მიმართ; იმ ქალების მიმართ, რომლებსაც კმაყოფაზე ჰყავთ ორ წლამდე ასაკის ბავშვები, აგრეთვე 55 წლის ასაკს ზევით ქალებისა და 60 წლის ასაკს ზევით მამაკაცების მიმართ;
ვადიანი სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.
თუ პირობით მსჯავრდებული თავს არიდებს განაჩენის აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში მუშაობას, ან სისტემატურად ან ბოროტად არღვევს შრომის დისციპლინას, საზოგადოებრივ წესრიგს ან მისთვის დადგენილი ცხოვრების წესებს სასამართლოს განჩინებით იგი გაიგზავნება განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად. ამასთან, სამუშაოსათვის თავის არიდების დრო არ ეთვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა, სასამართლომ შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაუთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში ანგარიშით ერთი დღე ერთ დღედ.
თუ პირობით მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის განმავლობაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით“;
„მუხლი 471. არასრულწლოვანისათვის განაჩენის აღსრულების გადადება
იმ არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად ედება მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია დამნაშავის გამოსწორება და ხელახლა აღზრდა საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, შეუძლია თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება ასეთი პირის მიმართ გადადოს ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. სასამართლოს შეუძლია ასეთ შემთხვევებში გადადოს დამატებითი სასჯელის აღსრულებაც.
არასრულწლოვანისათვის განაჩენის აღსრულების გადადებისას სასამართლოს შეუძლია დაავალოს მას განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს მუშაობა ან სწავლა, გამოასწოროს მიყენებული ზიანი, სასამართლოს შეუძლია აგრეთვე დააკისროს მშრომელთა გარკვეულ კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით მეთვალყურეობა გაუწიოს მსჯავრდებულს და გასწიოს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა.
კონტროლს იმ მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე, რომელთა მიმართაც თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, ახორციელებენ მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები და შინაგან საქმეთა ორგანოები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ მსჯავრდებული სასმართლოს მიერ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადადების დროის განმავლობაში სამაგალითო ყოფაქცევითა და შრომისა სწავლებისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, მაშინ მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და შინაგან საქმეთა ორგანოს შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს იგი სასჯელისაგან.
თუ მსჯავრდებული, რომლის მიმართაც თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადაიდო, არ ასრულებს სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენება, მაშინ მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება იმის შესახებ, რომ გაუქმდეს თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულების გადადება და გაიგზავნოს მსჯავრდებული განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად.
თუ მსჯავრდებული, რომლის მიმართაც განაჩენის აღსრულება გადაიდო, ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო ახალ სასჯელს მიუმატებს ადრე დანიშნულ სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით“;
მუხლი 481. პატიმრობაში ყოფნის ვადის ჩათვლა
იმ პირს, რომელსაც შეეფარდა პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაეთვლება სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში ანგარიშით ერთი დღე ერთ დღედ“;
მუხლი 511. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემით
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემით, ამ კოდექსის 51-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული საფუძვლების არსებობისას, დასაშვებია მხოლოდ ისეთ დანაშაულთა საქმეებზე, რომლებისთვისაც კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქ სასჯელს“;
მუხლი 542. თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით
იმ სრულწლოვან შრომისუნარიან პირთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გარდა იმ მსჯავრდებულებისა, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში, აგრეთვე კოლონია-დასახლებებში, თუ ასეთ პირთა შემდგომი გამოსწორება და ხელახლა აღზრდა შესაძლებელია საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, მაგრამ მათზე ზედამხედველობის განხორციელების პირობებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით, განაჩენის აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1) იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ვადით ათ წლამდე ჩათვლით, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ერთი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ;
2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ათ წელზე მეტი ვადით, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ;
3) იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ამ კოდექსის 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილში ჩამოთვლილ დანაშაულთათვის, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ;
4) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილი არიან ამ კოდექსის 541 მუხლში, მათ მიერ სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ სამი მეოთხედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლებას მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით გამოიყენებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების განმგებელი ორგანოს და მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით არ გამოიყენება:
1) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ამ კოდექსის 251 მუხლის მესამე ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში;
2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც სისტემატურად ან ბოროტად არღვევენ სასჯელის მოხდის რეჟიმის მოთხოვნებს.
თუ პირობით გათავისუფლებული თავს არიდებს მუშაობას ან სისტემატურად ან ბოროტად არღვევს შრომის დისციპლინას, საზოგადოებრივ წესრიგს ან მისთვის დადგენილი ცხოვრების წესებს, სასამართლოს განჩინებით იგი გაიგზავნება განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად. ამასთან, სამუშაოსათვის თავის არიდების დრო არ ეთვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც პირობით გათავისუფლებული მუშაობდა, სასამართლომ შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაუთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში ანგარიშით ერთი დღე ერთ დღედ.
თუ პირობით გათავისუფლებულმა მუშაობის სავალდებულო ვადის განმავლობაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით“;
„მუხლი 2031. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება
იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
3. მე-12 მუხლის მეოთხე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და სასჯელისაგან“.
4. 46-ე და 55-ე მუხლებში სიტყვები „42-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით“ 41-ე და -42-ე მუხლებით“.
5. 51-ე მუხლს დაემატოს მესამე ნაწილი შემდეგი შინაარსისა:
„ისეთი დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც არ წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ მისი გამოსწორება და ხელახლა აღზრდა შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოუყენებლად. ამ შემთხვევაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
1) პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ (511 მუხლი);
2) ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემის შესახებ (52-ე მუხლი);
3) არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის განსახილველად საქმის მასალების გადაცემის შესახებ (მე-12 მუხლი);
4) საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ან მშრომელთა კოლექტივისათვის პირის თავდებქვეშ გადაცემის შესახებ (53-ე მუხლი)“.
6. 52-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემით
თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც არ წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, და თუ დამნაშავის გამოსწორება და ხელახლა აღზრდა შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოუყენებლად, ეს პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და საქმის მასალები განსახილველად გადაეცეს ამხანაგურ სასამართლოს“.
7. 57-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი შინაარსისა:
„21) ის პირნი, რომლებსაც მისჯილი აქვთ პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, თუ ისინი შრომაში სავალდებულო ჩაბმის ვადის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს ან არ გაიგზავნებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოსახდელად კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით;
22) ის პირნი, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ამ კოდექსის 471 მუხლის გამოყენებით, თუ ისინი განაჩენის აღსრულების გადადების დროის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს და მათ მიმართ განაჩენი დადგენილი წესით სისრულეში არ იქნება მოყვანილი“.
8. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-7 პუნქტი და ამ მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7) არასრულწლოვანის მოთავსება სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში.
სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მოთავსების ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება არასრულწლოვანთა საქმეების კომისიების დებულებით“.
9. 228-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხულიგნობა, ესე იგი განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“
II. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1977 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1977 წლის 20 აპრილი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები