„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3279-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.020953
3279-XIმს-Xმპ
16/06/2023
ვებგვერდი, 05/07/2023
420000000.05.001.020953
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“−„ო12“ ქვეპუნქტები:

„ო1) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები − ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებული ნივთიერება;

2)  მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;

3) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;

4) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ტრანზიტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის სახელმწიფოს, რეექსპორტის სახელმწიფოს და ექსპორტის სახელმწიფოს გარდა) ტერიტორიის გავლით გადაზიდვა;

5) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა;

6) იმპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი;

7) ექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი;

8) რეექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი;

9) ტრანზიტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეტანა მათი სხვა სახელმწიფოში გატანის (გარდა რეექსპორტისა) მიზნით;

10) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეგროვება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სამაცივრო სისტემიდან ამოღება შესაბამის კონტეინერში შენახვისა და იდენტიფიკაციისთვის;

11) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეციკლირება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მექანიკური მინარევებისგან, მჟავებისა და ზეთისგან გასუფთავება;

12) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების აღდგენა − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისთვის  პირვანდელი სახის დაბრუნება;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა, რომელიც სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან იღებს და დანიშნულებისამებრ აწვდის;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ და „რ2“ ქვეპუნქტები:

„რ1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი − ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;

2) მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა − მაცივარაგენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შეძენის/გასხვისების და მოხმარების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;“.

2. 7​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7​1. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელისა და სერტიფიცირებული პირის უფლება-მოვალეობები და მათ მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი

1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი, აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე შესამცირებლად უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.

3. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე მოწყობილობის დემონტაჟის ან უტილიზაციის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი მომსახურების დროს ამ მოწყობილობის სისტემის გახსნამდე სრულად ამოიღოს აღნიშნული ნივთიერება.

4. ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

3. IXთავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა“.

4. 381 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები“;

ბ) პირველი−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა;

ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით;

გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია;

დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი;

ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ.

3. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ერთოდეს შესაბამისი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა და აღნიშნული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რომელიც მოიცავს ნივთიერების გამოყენების აუცილებლობისა და უალტერნატივობის, მისი გამოყენების კონკრეტული მიზნისა და შედეგის დასაბუთებას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საჭიროებისამებრ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.

4. ნებართვა გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კვოტირებული და ნებადართული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტზე. გამონაკლისის წესით ნებართვა გაიცემა აგრეთვე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან.

5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალი წლის საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის მომავალ წელს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად განცხადებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იღებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა.

7. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნებართვას არ საჭიროებს 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელება.

8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

9. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

10. ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. მისი წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

11. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი აღირიცხება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში.“.

5. 501 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50​1. საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების რეგულირება

ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობა, აგრეთვე მათი იმპორტი და ბაზარზე განთავსება რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

6. 54-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 7​2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება ხორციელდება სეს ესნ-ის გამოყენებით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ყველა ნივთიერების წარმოება და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტის (გარდა აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის იმპორტისა) განხორციელება.

4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს შორის, გარდა სერტიფიცირებული პირის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ამოღების/შეცვლის/დამატების მომსახურების გაწევისას შეძენისა/გასხვისებისა.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების კონფისკაციის შემთხვევაში მას განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

7. 541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54​1. მაცივარაგენტის ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება

1. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების (მათ შორის, მონტაჟისა და დემონტაჟის) უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს. 

2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.

3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეზე ან/და იურიდიულ პირზე − 3 წლის ვადით.

4. სერტიფიცირების სისტემის დანერგვასა და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს დადგენილებები:

ა) „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“;

გ) „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2−მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტი, მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3279-XIმს-Xმპ