დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/10/1513 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 09/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016826 |
|
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარე – მამუკა ტოლიაშვილი და მისი წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე; სპეციალისტი – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გური მენაბდიშვილი.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1513) მომართა მამუკა ტოლიაშვილმა. №1513 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 17 ივნისს. №1513 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 13 ოქტომბერს. 2. №1513 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე, მათ შორის, ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის თანახმად, ნარკოტიკულ საშუალება – ალფა-პვპს (α-PVP) არ აქვს განსაზღვრული ოდენობები. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. 6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ისეთ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორიცაა – ალფა-პვპ არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობები, რის გამოც მისი ნებისმიერი ოდენობა კვალიფიცირდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. შესაბამისად, სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რაც არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი. 7. მოსარჩელის თქმით, ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ-ს მიკროსკოპული ოდენობის კვალი აღმოჩენილ იქნა მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებულ ჩიბუხზე, რაც საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება დაკვალიფიცირებულიყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვად. იგი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ნარკოტიკული დანაშაულები მიეკუთვნება განზრახი დანაშაულების ჯგუფს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. იმ შემთხვევაში, როდესაც პირის კუთვნილ ნივთზე შემორჩენილია ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობის კვალი, რომლის აღმოჩენაც მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოების შედეგადაა შესაძლებელი, პირს შესაძლოა, წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამ ნივთიერების არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმის ბლანკეტური შინაარსის გამო, პირის ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვად. 8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ზოგადად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დადგენილი სანქციების მიზანი არის აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირება. სახელმწიფოს მიზანია, დაიცვას საზოგადოება აბსტრაქტული, მაგრამ მომეტებული საფრთხეებისგან, თუმცა ამა თუ იმ ქმედებისთვის გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს ამავე ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების ადეკვატური და თანაზომიერი. კონკრეტულ ნივთზე აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობის კვალი არ არის საზოგადოებრივად საშიში ქმედება, რადგან ნარკოტიკული საშუალების სიმცირიდან გამომდინარე, შეუძლებელია არა მხოლოდ მისი გავრცელება და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, არამედ მისი მოხმარებაც კი. 9. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, გასაჩივრებული რეგულაციები პრობლემატურია მათი ბლანკეტური შინაარსის გამო, რაც გამორიცხავს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრთხის რეალურობისა და ხარისხის გათვალისწინებით. კერძოდ, სადავო ნორმით დაწესებული სანქცია თანაბრად მიემართება ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპს ნებისმიერ ოდენობას, მაშინ როდესაც, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების ოდენობა არსებით გავლენას ახდენს ამ ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საფრთხეების არსზე, მასშტაბზე და საშიშროების ხარისხზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს. 10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. 11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით. მისი განმარტებით, გასაჩივრებული დებულებები წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს. 12. მოპასუხე მხარის პოზიციით, №1513 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპს ოდენობებს და დამოუკიდებლად არ ადგენს რაიმე სახის სასჯელს, რასაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს ღირსების უფლებასთან. 13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, №1513 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. 14. მოპასუხე მხარემ, საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას. 15. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ექიმი-ნარკოლოგი – გური მენაბდიშვილი. სპეციალისტის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და მიეკუთვნება სტიმულატორების ჯგუფს. მისი ნარკოგენული ეფექტი გამოიხატება ენერგიის მოზღვავებაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თანმდევი შედეგებია – მაღალი არტერიული წნევა, გულის ცემის მატება, დეჰიდრატაცია. ამასთან, იმის გამო, რომ ალფა-პვპ არ იწარმოება ქარხნული წესით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის უცნობია კონკრეტულად რა ოდენობის ნივთიერებასთან აქვს შემხებლობა, რის გამოც, მისი მოხმარებისას ხშირია ზედოზირებისა და უეცარი გარდაცვალების შემთხვევები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გამოწვეული ნარკოგენული ეფექტი 5-ჯერ აღემატება ამფეტამინისა და მეტამფეტამინისგან გამოწვეულ ეფექტს. ალფა-პვპს მოსახმარად გამოსადეგი მინიმალური ეფექტური დოზა, ლიტერატურული მონაცემების თანახმად, არის 1 მილიგრამი. ამასთან, დასახელებული ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული ოდენობის დადგენა არ არის პრობლემა ლაბორატორიული შემოწმების გზით.
II სამოტივაციო ნაწილი 1. №1513 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა. მითითებულ შესაძლებლობას არ გამორიცხავს არც მოპასუხე მხარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. 3. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით, სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, დასახელებული ნორმა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან მექანიზმად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ამ უკანასკნელის მხრიდან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენციისთვის. 4. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. ამასთან, არსებითი მსგავსების პირობებშიც კი აუცილებელია, გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოშობს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროებას. 5. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10). ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმა არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება, იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. 6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო. 8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ, ზოგადად, დეზომორფინის, ისევე როგორც ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების დამზადებისა და შენახვის დასჯადობა განპირობებულია მათი მოხმარების, რეალიზაციის საფრთხეების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით. დეზომორფინი არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უაღრესად საშიში ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ზოგადად, დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. ამასთან აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა, რაც გამოსადეგია მოხმარებისთვის. „ადამიანის ჯანმრთელობისათვის დეზომორფინის საშიშროებას განაპირობებს მისი მოხმარების შესაძლებლობა, ამავე დროს, ბუნებრივია, იმისათვის, რომ დეზომორფინი იყოს მოხმარებადი, საჭიროა სახეზე იყოს მისი გარკვეული ოდენობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). 9. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა ერთ გრამზე ნაკლები (მათ შორის 0,00009 გ.) ნებისმიერი ოდენობის დეზომორფინის უკანონოდ დამზადება, შეძენა და შენახვა, განურჩევლად იმისა, გამოდგებოდა თუ არა იგი მოსახმარად. სასამართლომ დაადგინა, რომ 0,00009 გ. დეზომორფინი არ იყო მოსახმარად ვარგისი ოდენობა. შესაბამისად, ამ ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა და შენახვა არ უქმნიდა საფრთხეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სარჩელში სადავოდ გამხდარი - 0,00009 გ. დეზომორფინი წარმოადგენდა მის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილ ანაფხეკებს. სასამართლოს განმარტებით, „დეზომორფინის ის ოდენობა, რომელიც რჩება მისი მოხმარების შედეგად და რომლის გამოცალკევებაც ობიექტურად შეუძლებელია ან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ არ მიანიშნებს პირის განზრახვაზე, შემდეგ ჯერზე კვლავ მოიხმაროს დარჩენილი დეზომორფინი, არამედ არ წარმოშობს მისი მოხმარების ობიექტურ შესაძლებლობასაც კი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). 10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ემსახურებოდა მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). 11. მოცემულ შემთხვევაში №1513 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის. 12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2 განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს. აღნიშნული დანართის მე-3, მე-4 და მე-5 ჰორიზონტალურ გრაფაში ზოგიერთ ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით მითითებულია „-“, რაც ნიშნავს, რომ დასახელებულ ნარკოტიკულ საშუალებებს არ აქვთ განსაზღვრული ოდენობები. ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ ამ კანონის №2 დანართის ნუსხით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული ოდენობები, ნებისმიერი ოდენობით დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში, ექცევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. აშკარაა, რომ №1/8/696 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, სადავო ნორმაც სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც წარმოშობს მისი კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში. 13. სხვაობა №1513 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს შორის გამოიხატება: ა) ნარკოტიკული საშუალების სახეში (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შემთხვევაში სახეზე იყო ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ფასდება ნებისმიერი ის ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული ოდენობები), ბ) ნარკოტიკული საშუალების ოდენობაში – არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის კონკრეტულ ოდენობას - 0,00009 გრამს, №1513 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობა არის ნარკოტიკული საშუალებების ის ოდენობა, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად და გ) დასჯადი ქმედების სახეში - №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, ხოლო განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას არ უნდა ემუქრებოდეს თავისუფლების აღკვეთა მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის. ამასთან, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა მიემართებოდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთაც არ ჰქონდათ განსაზღვრული მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცევა ის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული ოდენობები, რის გამოც მათი ნებისმიერი ოდენობა არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა. 14. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების სახეს, ისევე როგორც მის ოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს მისგან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების კუთხით. ამასთან, აღნიშნული ფაქტორები რელევანტურია მაშინ, როდესაც სასამართლო აფასებს ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად ვარგისი ოდენობის შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით, საერთოდ არ მომხდარა იმ საფრთხეების შეფასება, რომლებიც უკავშირდება მოსახმარად გამოსადეგი ოდენობის დეზომორფინის დამზადებას, შეძენას, შენახვას. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა არა ნარკოტიკული საშუალების სახემ, არამედ კონკრეტული ოდენობიდან გამომდინარე მისმა მოსახმარად გამოუსადეგარმა ხასიათმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების – „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ – ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „ბუნებრივია, ნებისმიერი სხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რაც არ იარსებებდა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). 15. ამასთან, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მასაზე მითითებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩენილი ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევის მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობად მიჩნევა, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, რომლის უკანონო ბრუნვისათვის (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, ნარევი ესაა ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ დამზადებული, ნებისმიერი სახეობის, ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებებისგან შემდგარი ნარევის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა თავად ნარევის, არამედ მასში შემავალი იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა (შემდგომში – წამყვანი ნარკოტიკული საშუალება). 16. საქმეში „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა ექიმ-ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა განმარტა, რომ შესაძლებელია, ნარკოტიკული საშუალების შემცველ ხსნარში წამყვანი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა დამოუკიდებლად იყოს მის მოსახმარად გამოსადეგ ოდენობაზე ნაკლები, თუმცა ეს a priori არ ნიშნავს იმას, რომ დასახელებულ ხსნარს არ შესწევს ადამიანის ორგანიზმზე ნარკოგენული ეფექტის მოხდენის უნარი. კერძოდ, შესაძლებელია, ესა თუ ის ხსნარი წამყვან ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, შეიცავდეს სხვა ისეთ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს, რომლებიც ზემოქმედებს თავის ტვინის ერთსა და იმავე რეცეპტორებზე, რის შედეგადაც, მათი კომბინირებულად მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება ნარკოგენული ეფექტის მიღწევა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). 17. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგ., ალფა-პვპ, აცეტილფენტალინი, მეთილონი და სხვა) არ აქვთ განსაზღვრული ოდენობები და მათი ნებისმიერი ოდენობა არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნარევში აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედების დაკვალიფიცირება მოხდება სწორედ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე გადაანგარიშებით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნარევი შეიცავს სხვა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების დიდ ან განსაკუთრებით დიდ ოდენობას), განურჩევლად იმისა, არის თუ არა ცალკე აღებული ამ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა მოსახმარად, ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად საკმარისი ოდენობა. 18. მოცემული საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის, მთავარი ექსპერტის ალექსანდრე დადიანიძის №1408 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში გაკეთებული განმარტება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, აღმოჩენილ იქნეს ამა თუ იმ ხსნარში არსებული ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობაც კი. გარდა ამისა, უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა შესაძლებელია როგორც მის მოსახმარად გამოყენებულ ინსტრუმენტზე, ასევე იმ საგანზე, რომელშიც ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება (მაგ., ქაღალდზე, რომელშიც რაღაც დროის განმავლობაში გახვეული იყო ნარკოტიკული საშუალება). ყოველივე ზემოხსენებული კი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში საშუალებას იძლევა, ნივთის ფლობა, რომელზეც აღინიშნება იმ ნარკოტიკული საშუალების კვალი, რომელსაც არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა, დაკვალიფიცირდეს დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვად. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვრცელდება, როგორც მოსახმარად გამოსადეგ ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევის შენახვაზე, ასევე ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად ანდა შესანახად გამოყენებული ნივთის (ჩიბუხის, შპრიცის, ქაღალდის, რომელშიც რაღაც დროს გახვეული იყო ნარკოტიკული საშუალება) ფლობაზე, რომლის ზედაპირზეც შემორჩენილია ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპულად მცირე ოდენობის კვალი. ლოგიკურია, რომ ანალოგიური მიდგომა გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ნივთზე აღმოჩნდება იმგვარი ნარკოტიკული საშუალების კვალი, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული ოდენობები და რომლის ნებისმიერი ოდენობაც კვალიფიცირდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარევში არსებული წამყვანი ნარკოტიკული საშუალების გამოუსადეგარი ოდენობა ავტომატურად არ მიანიშნებს თავად ნარევის გამოუსადეგრობაზეც. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი მიუთითებს, რომ შესაძლოა, პირს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს იმ შემთხვევაში, თუკი მას აღმოაჩნდება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება (არა ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევში, არამედ ცალკე აღებული, კონკრეტული სუბსტანცია) ან როდესაც მას აღმოაჩნდება ნარკოტიკულ ნივთიერებათა ნარევი და ამ ნარევში არსებული წამყვანი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა გამოუსადეგარია, თუმცა თავად ნარევი გამოსადეგია ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად. 19. ამდენად, აშკარაა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემოთ ხსენებული ნორმატიული შინაარსი არ ითვალისწინებს, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მხოლოდ მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის. ის ფაქტი, თუ რამდენად წარმოადგენს ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია, წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას. სწორედ საერთო სასამართლოს შეუძლია, სათანადოდ დაიცვას და აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). 20. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა მხოლოდ მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, არამედ ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, ამავე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებაში, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა არა ნარკოტიკული საშუალების სახემ ან მასთან დაკავშირებულმა ქმედებამ (იქნება ეს შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან რაიმე სხვა), არამედ კონკრეტული ოდენობიდან გამომდინარე მისმა მოსახმარად გამოუსადეგარმა ხასიათმა. ანალოგიურად, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადება, გადაზიდვა ან გადაგზავნა არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რაც არ იარსებებდა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის დეზომორფინის შეძენისა და შენახვის შემთხვევაში. 21. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, მსგავსად მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის დეზომორფინის შეძენა-შენახვისა, ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოსაყენებლად. 22. ამგვარად, №1513 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების სახე, მასთან დაკავშირებული ქმედება და მისი ოდენობა არ ქმნის ისეთ სხვაობას გასაჩივრებულ ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის, რომ საჭირო იყოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლის მიზნებისთვის, განსახილველი სადავო აქტი არის იმავე შინაარსის ნორმა, რომელიც წარსულში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის პლენუმზე გადაცემის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. 23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, №1513 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის. 24. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. 25. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოება გულისხმობს შესაბამისი ნებართვის მქონე ფარმაცევტულ საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა, მათი წამლის ფორმებისა და პრეპარატების სერიულ მიღებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოება გულისხმობს სწორედ ამ წესების დარღვევას. 26. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზიდან იკვეთება, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოება შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე ფარმაცევტულ საწარმოში. მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტაცია, რომ მას გააჩნია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა წარმოების ნებართვა ან რაიმე ფორმით დაკავშირებულია ამგვარი ნებართვის მქონე პირთან/საწარმოსთან. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არც ის წარმოუჩენია, შესაძლებელია თუ არა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოება. 27. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1513 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 28. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ სადავო ნორმა არ განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპს ოდენობებს, მისი ნებისმიერი ოდენობა არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა და მიემართება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. 29. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმისა და კონსტიტუციის მოცემული დებულებების შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს ალფა-პვპს შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. სადავო ნორმით განსაზღვრულია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების – ალფა-პვპს დასახელება და ის, რომ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნული სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ ადგენს რაიმე სახის სასჯელს, რომელსაც შემდგომ შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცულ უფლებრივ ასპექტებზე. 30. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1513 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1513 კონსტიტუციური სარჩელი („მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი ხვიჩა კიკილაშვილი თეიმურაზ ტუღუში
|
დოკუმენტის კომენტარები