„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3285​​-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 120210010.05.001.020967
3285​​-XIმს-Xმპ
16/06/2023
ვებგვერდი, 06/07/2023
120210010.05.001.020967
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 120210010.05.001.017976) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნების შესრულებისათვის:

ა) ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევა;

ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების თავიდან  ასაცილებლად როგორც აწმყოში, ისე მომავალში;

გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილების და მომხდარი ინციდენტების უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლების შექმნა.“.

2. მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) დეპარტამენტი – „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

4. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ტრანსპორტირება

რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტთან, ექსპორტთან, ტრანზიტთან, რეექსპორტსა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“  საქართველოს კანონით.

მუხლი 14. პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის

რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

5. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

ე) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2

ამ კანონის შესაბამისად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3285​​-XIმს-Xმპ