საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3128-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016096
3128-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 21/06/2023
010190030.06.001.016096
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 204-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ;“.

2. 205-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111 მუხლი:

„მუხლი 2111. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი

1. პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ მუხლით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს.

2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება 9 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენელი და სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ცესკოს ახალი წევრის არჩევისთანავე. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. ცესკოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა ქვეყნდება ცესკოს წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს აღნიშნულ კანდიდატებს.

4. ცესკოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით ცესკოს წევრის თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე 1 კანდიდატურას წარუდგენს. კონკურსში მონაწილე ცესკოს წევრობის ყველა კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ თითოეული კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა. ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ ან ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრის კანდიდატურას. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ, იგი შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახალ კონკურსს აცხადებს.

5. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში პარლამენტი ამ მუხლითა და რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრებს. ცესკოს წევრობის კანდიდატების საკითხს იხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

6. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრების არჩევისას ცესკოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად წარდგენილ ცესკოს წევრის კანდიდატურას. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა ცესკოს წევრის დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით კონკურსი ცხადდება და ცესკოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

7. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა ცესკოს წევრის არჩევისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3128-XIმს-Xმპ