საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3112-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020909
3112-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
030000000.05.001.020909
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII25 თავი:

„თავი VII25. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მომსახურების მიმწოდებლისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

მუხლი 2197. მოსამართლის ბრძანება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 2198. სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია მოსთხოვა და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.

მუხლი 2199. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის ვადაში.

2. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

3. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს;

გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმა და ვადა;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

7. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს მისი შეტანიდან 72 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3112-XIმს-Xმპ