ააიპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ

ააიპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/20/1776
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/06/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016825
1/20/1776
01/06/2023
ვებგვერდი, 12/06/2023
000000000.00.000.016825
ააიპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/20/1776 

2023 წლის 1 ივნისი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ააიპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1776) მომართა ააიპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებამ“. №1776 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 3 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 1 ივნისს.

2. №1776 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესი) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე, ხოლო, ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.“

5. №1776 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს წარმოადგენს არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც, როგორც სარჩელშია მითითებული, იცავს დაუსრულებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირს არაკონსტიტუციურად ეზღუდება საკუთრების უფლება, რამდენადაც სადავო დადგენილება მესაკუთრეებს ართმევს არჩევანის თავისუფლებას, საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტონ კონკრეტულ მიწაზე საკუთრების ჩანაცვლების საკითხი. მოსარჩელის არგუმენტაციით, თითოეულ მესაკუთრეს უნდა ქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა ავარიული სახლის სხვა მიწის ნაკვეთზე ჩანაცვლება.

6. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად საკუთრების არა იმავე, არამედ სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილების შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული პირები არ გამოხატავენ თანხმობას. მოსარჩელე მხარის მითითებით, კერძო საკუთრება დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს წარმოადგენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკუთრების დაცვის ინტერესი იმავდროულად, საჯარო ინტერესსაც წარმოადგენს.

7. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ არ არსებობს ის ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით საკუთრების უფლებაში ჩარევა ხდება როგორც შეზღუდვის, აგრეთვე ჩამორთმევის სახით და იგი არ ემსახურება საჯარო ინტერესებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.

8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

9. მოსარჩელე მხარე ასევე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო რეგულაციის მოქმედება, ვინაიდან იგი იწვევს ადამიანის უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში actio popularis შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი ... რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.

2. №1776 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის იმ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს ავარიული სახლის სხვა მიწის ნაკვეთზე ჩანაცვლების საკითხს.

3. №1776 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა უფლებების დაცვა. მართალია, კონსტიტუციური სარჩელში მითითებულია მშენებლობით დაზარალებულთა უფლებებზე, თუმცა არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა უშუალოდ მოსარჩელის მიმართ იქნა გამოყენებული ან მას საკუთრებაში აქვს ავარიული სახლი, რომლის ჩანაცვლების შემთხვევაშიც შესაძლოა, მომავალში სადავო ნორმის საფუძველზე, საკუთრება მიიღოს არა იმავე, არამედ სხვა მიწის ნაკვეთზე. კონსტიტუციური სარჩელის სულისკვეთებიდან აშკარად იკითხება, რომ მოსარჩელე სასამართლოს მიმართავს იმ პირთა ინტერესების დასაცავად, რომლებსაც სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლოა, ეზღუდებოდეთ საკუთრების უფლება. ამდენად, აშკარაა, რომ იგი დავობს არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე. საკონსტიტუციო სასამართლოში თითოეულმა პირმა შესაძლოა იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე, იურიდიული ან ფიზიკური პირი სასამართლოს ვერ მიმართავს მისი წევრების ან/და იმ პირთა უფლებებისათვის, რომელთა დაცვის მიზნითაც საქმიანობენ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №2/6/1381 განჩინება საქმეზე „ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა, ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/9/1336 განჩინება საქმეზე „ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №1/8/669 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

4. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1776 კონსტიტუციური სარჩელი არის actio popularis და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1776 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“.)

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე