საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/18/1743 ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/18/1743 ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/18/1743
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/06/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016824
1/18/1743
01/06/2023
ვებგვერდი, 08/06/2023
000000000.00.000.016824
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/18/1743 ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/18/1743

2023 წლის 1 ივნისი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი  კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე  კოლეგიის წევრი;

გიორგი თევდორაშვილი  კოლეგიის წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე  კოლეგიის წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151​​1 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1743) მომართა ა. დ.-მ. №1743 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 4 ნოემბერს. №1743 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 1 ივნისს.

2. №1743 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151​​1 მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადევნებისთვის, რომელიც გამოიხატება პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალით, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებით ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით ასევე დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულისთვის, რომელიც დასჯადად აცხადებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილი კი ჩამოთვლის დაცვის მხარის შესაბამის სუბიექტებს, ხოლო ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადება დაზარალებულს აღჭურავს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილების ზემდგომ პროკურორთან ერთჯერადად გასაჩივრების უფლებამოსილებით.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კი ადამიანის თავისუფლება დაცულია. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, ზოგადად, განამტკიცებს პირის საპროცესო უფლებებს, მათ შორის, პირველი პუნქტით დაცულია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება, მე-2 პუნქტით - სამართალწარმოების განსჯადობის წესების დაცვით განხორციელების უფლება, მე-3 პუნქტი განამტკიცებს დაცვის უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტით გარანტირებულია მტკიცებულებების მოპოვებისა და ჯეროვანი გამოკვლევის უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.

5. №1743 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი საფუძვლით. შემაკავებელი ორდერი ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალების მიხედვით, მოსარჩელე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა მის მიერ დარღვევის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს გამოძიება.

6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სათაურშივე დისკრიმინაციულია, ვინაიდან ის არეგულირებს მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებს. მოსარჩელე ასევე დისკრიმინაციულად მიიჩნევს ქალთა მხრიდან კაცთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის რეგულირების არარსებობის ფონზე, მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხს, რომლის მიხედვითაც, ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ქალის დაცვის მიზნით დასაშვებია შემაკავებელი ორდერის გამოცემა „არა ოჯახის წევრის“ ან/და „ინტიმური პარტნიორი“ მამაკაცის მიმართ მაშინ როდესაც ამის საპირისპიროდ, ასეთივე დაცვის გარანტიებით ვერ სარგებლობს მამაკაცი, კერძოდ, მამაკაცს არ აქვს „არა ოჯახის წევრი“ ან/და „ინტიმური პარტნიორი“ ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის სამართლებრივი მექანიზმი მხოლოდ მამაკაცის მიმართ დისკრიმინაციულია და, შესაბამისად, სადავო რეგულირება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

7. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად: ა) ქალსა და მამაკაცს შორის ორმხრივი, ცალსახად ნებაყოფლობითი ან/და სასურველი კომუნიკაციის პირობებში წარსულში არსებული არასასურველი კომუნიკაცია იძლევა ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაციის შესაძლებლობას და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; ბ) ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი ურთიერთობის განმავლობაში ისეთი „არასასურველი კომუნიკაცია“, რომლის დროსაც კომუნიკაციის სურვილის არქონა არ არის აშკარა დროის გონივრულ პერიოდში ან/და მხარის პოზიცია კომუნიკაციასთან დაკავშირებით ცვალებადია, ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოსარჩელის განცხადებით, არასასურველ კომუნიკაციად არ უნდა ჩაითვალოს, თუ: სახეზეა ორმხრივი კომუნიკაცია; კომუნიკაცია განპირობებულია ახლო წარსულში არსებული ორმხრივი კომუნიკაციიდან და მიმართულია შერიგებისაკენ ან ურთიერთობის გარკვევისკენ; წარსულში ადგილი ჰქონდა არასასურველ კომუნიკაციას, მაგრამ მას შედეგად მოჰყვა ორმხრივი და სასურველი კომუნიკაცია.

8. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ქმედების სისხლისსამართლებრივ დანაშაულად კვალიფიკაცია და შესაბამისი პასუხისმგებლობა, როგორც დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ, არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, პირი, რომელიც არღვევს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნას, ის არ არღვევს სასამართლო აქტს და ვერ დაისჯება შესაბამისი მუხლით.

9. ამასთან ერთად, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მოხსენიებულ ზიანის მიმყენებელი ქმედების/უმოქმედობის ჩამდენ იმ პირს, რომელიც არ არის ბრალდებული, ასევე იმ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, არ მოიაზრებს საპროცესო უფლების - პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების მოპოვების უფლების მქონე სუბიექტად. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს დაცვის უფლება და დაცვის მხარის ტერმინის შემოღებით ეჭვქვეშ დგება მთავარი კონსტიტუციური გარანტია. მოსარჩელისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაცვის უფლების საკითხი, თუ რა შემთხვევაში სარგებლობს პირი ზემოხსენებული კონსტიტუციური გარანტიით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია შემთხვევა, როდესაც პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება სამართალდამცავი ორგანოს მიერ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის სტატუსითა და ტერმინით პირთა დაცვის უფლების ფარგლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

10. №1743 კონსტიტუციურ სარჩელში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნორმის მოქმედების შედეგად მისი უფლება დაირღვევა შეუქცევადად.

II
სამოტივაციო ნაწილი

ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით

სადავო კანონის/ნორმის ძალადაკარგულობა

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

2. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).

3. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს საქმეზე სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე, მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რომელიც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.

4. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

5. მოსარჩელე მხარე, სადავოდ ხდის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

6. „„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის №2477-Xრს-Xმპ კანონის შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა კანონის მიზნებისთვის განმარტებულ ტერმინთა ფარგლები, ახლებურად დარეგულირდა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის, თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხი, რაც გულისხმობს „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობის გაუქმებას მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას. ცვლილება ასევე შევიდა თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის როგორც განმარტებებში, ასევე კანონის იმ მუხლებში, რომლებიც თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის ფუნქციონირების/საქმიანობის საკითხებს ეხება. ამასთან ერთად განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სადავო კანონს დაემატა ნორმები, რომლის მიხედვით, განისაზღვრება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ როგორც პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აპელირებს ამ კანონის გარკვეული დებულებების არაკონსტიტუციურობაზე, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის გამოწერასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, თუმცა კონკრეტულად არ მიუთითებს, თუ რომელი დებულება, ნორმა შეიცავს არაკონსტიტუციურ რეგლამენტაციას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ზემოხსენებული კანონი სათაურშივე დისკრიმინაციულია, ვინაიდან ის არეგულირებს მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებს. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ ამ კანონით მამაკაცს არ აქვს „არა ოჯახის წევრი“ ან/და „ინტიმური პარტნიორი“ ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება, აქცევს მას [კანონს] არაკონსტიტუციურად.

8. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო – არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, იდავოს თანასწორობის უფლების დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს უფლებრივ რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, დიფერენცირების არსებობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოაჩინოს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარეობს.

9. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა კონსტიტუციურმა სარჩელმა დააკმაყოფილოს არსებითად განსახილველად მიღების შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს სათანადო, დამაჯერებელი და ცხადი შინაარსობრივი არგუმენტაცია სადავო კანონის ან/და ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ვრცლად მსჯელობს საერთო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რატომ მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული კანონის სათაური ან მთლიანად კანონი არის არაკონსტიტუციური თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, რით გამოიხატება უშუალოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცესში ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორო მოპყრობა, გარდა იმისა, რომ სახეზეა სქესის ნიშნით განსხვავება. ამასთან, მოსარჩელე არა მხოლოდ არ მსჯელობს დიფერენცირებულ მოპყრობაზე სქესის ნიშნით, არამედ ხაზს უსვამს ამგვარ ფაქტობრივ მოცემულობას მის მიმართ მიმდინარე საქმეში საკუთარი უდანაშაულობის დადასტურების მიზნით. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად კანონის რომელი მუხლიდან მომდინარეობს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო არგუმენტაცია სადავო ნორმიდან მომდინარე მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის სამტკიცებლად. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

10. აღნიშნული გარემოება კი იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, ისედაც არსებობს №1743 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1743 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქმე უნდა შეწყდეს.

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151​​1 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

12. მოსარჩელე მხარე, მათ შორის, ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151​​1 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

13. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. კონკრეტული სანქციის პროპორციულობის სპეციფიკური კონსტიტუციური სტანდარტები ასევე დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. ამასთანავე, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა თუ სხვა სფეროს მომწესრიგებელი კანონებით გათვალისწინებული ღონისძიება სასჯელად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია პირის დასჯისა და სასჯელის სხვა მიზნების (მაგ., დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და ა. შ.) მიღწევისაკენ. ღონისძიება, რომელიც, მართალია, არის სახელმწიფოს რეაქცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, თუმცა არ აქვს სასჯელის ბუნება და მიმართულია რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არ შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც სასჯელი. ამგვარ შემთხვევებში, რეგულაცია უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას, როგორც უფლებაშემზღუდველი ღონისძიება სასჯელისათვის განკუთვნილი კონსტიტუციური სტანდარტების მხედველობაში მიღების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სასჯელების/სანქციების პროპორციულობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და ამ მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით. ძირითადი უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით კი სადავო რეგულაციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა შეფასებადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიება, თავისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება სადამსჯელო ღონისძიებას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართება არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

15. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით ნათელია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება სადავო ნორმის დისპოზიციიდან მომდინარე სამართალდარღვევისათვის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული რიგი უფლებების შეზღუდვას და საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ. განსახილველი სარჩელის ფარგლებში გაურკვეველია მოსარჩელის კონკრეტული მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. ამასთანავე, იგი აპელირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე, თუმცა არ წარმოადგენს დამაჯერებელ მსჯელობას სადავო ნორმის კონსტიტუციურ სტანდარტებთან აშკარა წინააღმდეგობაზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.

16. მოსარჩელე მხარე, მათ შორის, მიიჩნევს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან, თავისუფლების უფლებასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან და გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად: ა) ქალსა და მამაკაცს შორის ორმხრივი, ცალსახად ნებაყოფლობითი ან/და სასურველი კომუნიკაციის პირობებში წარსულში არსებული არასასურველი კომუნიკაცია იძლევა ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაციის შესაძლებლობას და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; ბ) ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი ურთიერთობის განმავლობაში ისეთი „არასასურველი კომუნიკაცია“, რომლის დროსაც კომუნიკაციის სურვილის არქონა არ არის აშკარა დროის გონივრულ პერიოდში ან/და მხარის პოზიცია კომუნიკაციასთან დაკავშირებით ცვალებადია, ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

17. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური სარჩელით არ წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას ან/და მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ უშუალოდ რით გამოიხატება სადავო ნორმის კონსტიტუციურ დებულებებთან შეუსაბამობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ზოგადად მიმოიხილავს საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ადევნებად და რა არა, როდის შეიძლება გააჩნდეს ადამიანს მეორე ადამიანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება და რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს იგი. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი მსჯელობები ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებული არ არის. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი ასევე დასჯადად მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი ადამიანი უწყვეტად, კეთილი განზრახვით ცდილობს ურთიერთობის დამყარებას მეორესთან. კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმის გამოყენების იმგვარი პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის საფუძვლიანობას. აშკარაა, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმების შინაარსს და რეგულირების საგანს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

18. №1743 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ქმედების სისხლისსამართლებრივ დანაშაულად კვალიფიკაცია და შესაბამისი პასუხისმგებლობა, როგორც დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ, არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, პირი, რომელიც არღვევს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნას, ის არ არღვევს სასამართლო აქტს და ვერ დაისჯება შესაბამისი მუხლით.

19. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მიემართება როგორც კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპს, ასევე თავისუფლების უფლებას. თუმცა მოსარჩელე საერთოდ არ მსჯელობს იმაზე, თუ რა კონტექსტში და ვითარებაში არღვევს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობას ან/და რატომ არის სადავო ნორმით უგულებელყოფილი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნა თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.

20. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება მიემართება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელის პოზიციით, შემაკავებელი ორდერი არ არის სასამართლოს მიერ გამოცემული აქტი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება წარმოადგენს პირისთვის სასჯელის დაკისრებას კანონის გარეშე. ამდენად, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა ადგენს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების დამოუკიდებელ საფუძველს, განუჭვრეტელობის საფუძვლით მისი არაკონსტიტუციურობის მტკიცებისა და სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის განსახილველი დებულებით დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სახეზეა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი განუსაზღვრელობის შესახებ.

21. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). შესაბამისად, კანონი, რომელსაც ეფუძნება სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედება, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი იმ ხარისხით, რომ რეგულირების ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები.

22. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული სადავოს ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცება საფუძველს მოკლებულია. მოსარჩელის სასარჩელო ლოგიკა მთლიანად მიემართება იმის დემონსტრირებას, რომ სადავო ნორმით დადგენილი დისპოზიცია არ პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის თავში  დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ  დასახულ მიზანს. მოსარჩელე არა თუ არ მსჯელობს იმაზე, თუ გასაჩივრებული ქმედება რატომ არ უნდა იყოს პასუხისმგებლობის საფუძველი, არამედ მიუთითებს მხოლოდ დანაშაულის დისპოზიციისა და კოდექსის შესაბამისი თავის ტექნიკურად ურთიერთშეუსაბამობაზე, რაც ასევე დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი. ამასთან, მოსარჩელე იმაზე კი არ აპელირებს, თუ რატომ მიიჩნია კანონმდებელმა პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი  შემაკავებელი ორდერი  სასამართლო აქტად და რატომ უშლის ხელს ამგვარი მიდგომა ქმედების დანაშაულად გამოცხადებას, არამედ იგი ხაზს უსვამს, ცალკე აღებულ, მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ შემაკავებელი ორდერის ბუნებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება არის არაკონსტიტუციური.

23. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ისეთ შემთხვევებში, როდესაც საერთო საკანონმდებლო სურათის მხედველობაში მიღებით, მოსარჩელის მხრიდან განჭვრეტადობის კონსტიტუციური პრობლემის მტკიცება სრულიად უნიადაგოა, სადავო ნორმის/ნორმების ცალკეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის გაპროტესტება 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, კარგავს რელევანტურობას. დამატებით, სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ განჭვრეტადობის კონსტიტუციური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუ სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსი მოსარჩელისთვის შეიძლება გასაგები გახდეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გზით. მეორე მხრივ, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ნორმის განჭვრეტადობა ფასდება მისი შეფარდების პრაქტიკის გათვალისწინებითაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის №1/17/1259 განჩინება საქმეზე „სერგო ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). ამ კონტექსტში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის მტკიცება, რომ მან მიმართა სამართლებრივ დახმარებას ნორმის შინაარსის დაზუსტების მიზნით ან/და რომ ნორმის შეფარდების პრაქტიკა განსხვავებულია (წინააღმდეგობრივია) და არსებობს, თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი  შემაკავებელი ორდერი  არ არის მიჩნეული სასამართლო აქტად, რის გამოც გაუქმდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის სასამართლო აქტად მიჩნევა და მისი მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებების ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლის ნების განმტკიცებას საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა გამოვლენისა და აღკვეთის, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მიზნით. ამის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმის განუსაზღვრელობასთან დაკავშირებით, რომლის ცალსახად დასაბუთების ვალდებულება გააჩნდა მოსარჩელეს, მან ვერ შეძლო, წარმოედგინა დამაჯერებელი არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ პასუხობს სადავო ნორმა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს, მოსარჩელის მოთხოვნა განუჭვრეტელობის საფუძვლით, ზემოხსენებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად აღიარების თაობაზე, დაუსაბუთებლად მიაჩნია.

დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით

24. №1743 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაცვის მხარე არის ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული და მათი ადვოკატი, ხოლო ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთანავე, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

26. სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ჩამოთვლის, თუ ვინ შეიძლება იყვნენ დაცვის მხარის სუბიექტები, ხოლო, მეორე მხრივ, აღჭურავს დაზარალებულს უფლებით, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მოხსენიებულ, ზიანის მიმყენებელი ქმედების/უმოქმედობის ჩამდენ იმ პირს, რომელიც არ არის ბრალდებული, ასევე იმ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, არ მოიაზრებს საპროცესო უფლების  პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების მოპოვების უფლების მქონე სუბიექტად. ამასთანავე, სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ შემთხვევა, როდესაც პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება სამართალდამცავი ორგანოს მიერ, არ შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და, შესაბამისად, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსითა და ტერმინით, პირთა დაცვის უფლების ფარგლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს გზით, უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმით, ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს  სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106).

29. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ზღუდავს სადავო ნორმები ზემოთ დასახელებულ, შინაარსობრივად ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს). მოსარჩელე არ ასაბუთებს, თუ რა კუთხით არღვევს სადავო ნორმა მისი სამართლიანი სასამართლოს, სამართალწარმოების განსჯადობის წესების დაცვით განხორციელებისა და სამართლებრივი დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს, ისევე, როგორც არ მიუთითებს, რატომ იწვევს გასაჩივრებული რეგულაცია ბრალდებულის იმ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას, რომლის საფუძველზე, მას შეუძლია, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს მოეთხოვება, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაბამისი უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება და თითოეულ იდენტიფიცირებულ უფლებასთან მიმართებით სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა, რაც კონსტიტუციურ სარჩელში არ იკვეთება. სადავო ნორმების მოწესრიგება შემოიფარგლება მხოლოდ დაცვის მხარის სუბიექტთა ჩამონათვლითა და დაზარალებულისთვის უფლებამოსილების მინიჭებით, ზემდგომ პროკურორთან ერთჯერადად გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე. ცხადია, რომ სადავო ნორმებს სხვა შინაარსი არ გააჩნია. არც გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზიდან და არც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს შორის.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1743 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1743 კონსტიტუციური სარჩელი („ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151​​1 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

2. შეწყდეს საქმე №1743 კონსტიტუციური სარჩელზე („ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2022 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე