„საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 5-24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 17/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016735
5-24
01/02/2023
ვებგვერდი, 08/06/2023
480610000.03.030.016735
„საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ 


საქართველო და მოლდოვას რესპუბლიკა, შემდგომში მოხსენიებული როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

ითვალისწინებენ რა, რომ ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, დახმარება გაუწიონ გეოგრაფიული აღნიშვნების ჰარმონიულ განვითარებას, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, და ხელი შეუწყონ ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე წარმოშობილი საქონლით ვაჭრობას,

დებენ შემდეგ შეთანხმებას:

 

მუხლი 1

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს იმ საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვას, რომლებიც წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებიდან.

2. ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე შეთანხმების დანართი I განსაზღვრული პირობების და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებენ და იცავენ III და IV დანართებში წარმოდგენილ გეოგრაფიულ აღნიშვნებს.

3. „გეოგრაფიული აღნიშვნა“ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმების 22-ე მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ აღნიშვნას, რომელიც ასევე მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობით განსაზღვრულ „ადგილწარმოშობის დასახელებებს“.

 

მუხლი 2

დადგენილი გეოგრაფიული აღნიშვნები

1. საქართველო, წინამდებარე შეთანხმების II დანართში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად, გასაჩივრების პროცედურის დასრულებისა და წინამდებარე შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი მოლდოვას რესპუბლიკის გეოგრაფიული აღნიშვნების შესწავლის შემდეგ, რომლებიც რეგისტრირებულ იქნა მოლდოვას რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს ვალდებულებას დაიცვას ეს გეოგრაფიულ აღნიშვნები წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ დონეზე.

2. მოლდოვას რესპუბლიკა, წინამდებარე შეთანხმების II დანართში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად, გასაჩივრების პროცედურის დასრულებისა და წინამდებარე შეთანხმების III დანართში ჩამოთვლილი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების შესწავლის შემდეგ, რომლებიც რეგისტრირებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ეს გეოგრაფიული აღნიშვნები წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ დონეზე.

 

მუხლი 3

ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატება

1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების III და IV დანართებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობაზე წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესწავლა, ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით.

2. მხარე არ არის ვალდებული დაიცვას როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა ის სახელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მცენარის ან ცხოველის ჯიშის სახელთან, რის შედეგადაც, შესაძლოა, მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეექმნას პროდუქტის ნამდვილი წარმოშობის შესახებ.

 

მუხლი 4

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ფარგლები

1. ამ შეთანხმების III და IV დანართებში მოცემული, ასევე, ამ შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამატებული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია შემდეგი შემთხვევებისაგან:

  1. დაცული სახელის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენება კომერციული მიზნით:
  1. ისეთ მსგავს პროდუქტებთან მიმართებაში, რომელიც არ შეესაბამება დაცული სახელის მქონე პროდუქტის მონაცემებს; ან
  2. თუ ამგვარი გამოყენებით ხდება გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობა;
  1. ნებისმიერი არასწორი გამოყენება, იმიტაცია ან მიბაძვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტის ნამდვილი წარმოშობა მითითებულია ან თუ დაცული სახელი ნათარგმნია, წარმოადგენს ტრანსკრიფციას, ტრანსლიტერაციას ან წარმოდგენილია ისეთი გამოთქმების თანხლებით, როგორიცაა „სტილი“, „ტიპი“, „მეთოდი“, „წარმოებული“, „იმიტაცია“, „არომატი“, „მსგავსი“ ან მსგავსი სიტყვები;
  2. ნებისმიერი სხვა ყალბი ან შეცდომაში შემყვანი აღნიშვნა პროდუქტის  წარმომავლობის, წარმოშობის, სახეობის ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ, განთავსებული შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან პროდუქტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში და პროდუქტის მოთავსება ისეთ კონტეინერში, რომელმაც შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შექმნას მისი წარმოშობის შესახებ;
  3. ნებისმიერი სხვა ქმედება, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.

2. თუ გეოგრაფიული აღნიშვნები მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ომონიმებს, დაცვა გავრცელდება თითოეულ აღნიშვნაზე იმ პირობით, თუ იგი გამოიყენებოდა კეთილსინდისიერად, ადგილობრივი და ტრადიციული გამოყენების წესების და აღრევის რისკის გათვალისწინებით. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმების 23-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად დაადგენენ გამოყენების პრაქტიკულ პირობებს, რომელთა თანახმადაც მოხდება ომონიმური გეოგრაფიული აღნიშვნების ერთმანეთისაგან გარჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დაინტერესებული მწარმოებელი ჩაყენებული იქნება თანაბარ პირობებში და მომხმარებელი არ იქნება შეცდომაში შეყვანილი. ომონიმური დასახელება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტი სხვა ტერიტორიიდან არის წარმოშობილი, არ უნდა დარეგისტრირდეს, მაშინაც კი, თუ ეს დასახელება სწორია, რამდენადაც შეეხება პროდუქტის წარმოშობის კონკრეტულ ტერიტორიას, რეგიონს ან ადგილს.

3. თუ მხარე მესამე ქვეყანასთან მოლაპარაკებათა კონტექსტში შესთავაზებს აღნიშნული მესამე ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვას და ეს დასახელება მეორე მხარის გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმურია, ამ უკანასკნელ მხარეს ეცნობება აღნიშნულის შესახებ და მიეცემა თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მანამ, სანამ აღნიშნულ დასახელებაზე გავრცელდება დაცვა.

4. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ ავალდებულებს მხარეს დაიცვას მეორე მხარის ის გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც არ ან აღარ არის დაცული წარმოშობის ქვეყანაში. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ, თუ გეოგრაფიულ აღნიშვნას შეუწყდება დაცვა წარმოშობის ქვეყანაში.

5. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ლახავდეს ნებისმიერი პირის უფლებას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოიყენოს ამ პირის სახელი, ან ბიზნეს-საქმიანობაში ამ პირის წინამორბედის სახელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სახით სახელის გამოყენებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი.   

 

მუხლი 5

გეოგრაფიული აღნიშვნების ტრანსკრიფციის დაცვა

წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც შესრულებულია ქართული ან ლათინური ანბანით, ექვემდებარება დაცვას ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მათ ტრანსკრიფციასთან ერთად. ეს ტრანსკრიფცია შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პროდუქტის ეტიკეტირებისთვის.

 

მუხლი 6

გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების უფლება

1. წინამდებარე შეთანხმებით დაცული სახელის გამოყენება შესაძლებელია  ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც ამუშავებს, ამზადებს ან გასაყიდად სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროდუქტის სპეციფიკაციებს.  

2. მას შემდეგ, რაც გეოგრაფიულ აღნიშვნაზე გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვა, ასეთი დაცული სახელის გამოყენებისათვის საჭირო არ იქნება გამოყენების უფლების მქონე პირთა რეგისტრაცია ან მათ მიერ სხვა გადასახადის გადახდა.

 

მუხლი 7

დაცვის განხორციელება

ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ მე-2-მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ დაცვას შესაბამისი ადმინისტრაციული მოქმედების განხორციელების ან სამართლებრივი პროცედურების გზით შემთხვევის შესაბამისად, მათ შორის საბაჟოს საზღვარზე (ექსპორტი და იმპორტი), რათა თავიდან იქნეს აცილებული და შეჩერებულ იქნეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენება. ისინი ასევე განახორციელებენ ასეთ დაცვას დაინტერესებული მხარის მოთხოვნით.

 

მუხლი 8

ურთიერთობა სასაქონლო ნიშნებთან

1. ხელშემკვრელი მხარეები უარს ეტყვიან რეგისტრაციაზე ან გააუქმებენ საკუთარი გადაწყვეტილების (ex officio) ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად იმ სასაქონლო ნიშანს, რომელიც შეესაბამება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებას, მსგავსი პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან მიმართებაში, იმ პირობით, თუ განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ იქნა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამის ტერიტორიაზე განაცხადის შეტანის შემდეგ.

2. ამ შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი.

3. ამ შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მეორე მხარისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენის თარიღი.

4. ხელშემკვრელ მხარეებს არ ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ამ შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნა, თუ კარგი რეპუტაციის მქონე ან საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით ამგვარმა დაცვამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქტის ნამდვილ წარმომავლობასთან დაკავშირებით.

5. მე-4 პუნქტით დებულებების დაცვით, ხელშემკვრელი მხარეები დაიცავენ გეოგრაფიულ აღნიშვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი. უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი ნიშნავს ისეთ სასაქონლო ნიშანს, რომლის გამოყენებაც შეესაბამება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რომელიმე გარემოებას და რომელზეც ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ იქნა განაცხადი, განხორციელდა რეგისტრაცია ან დამკვიდრებულ იქნა გამოყენების გზით, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა, იმ თარიღამდე, ვიდრე მეორე მხარეს წარედგინა მოთხოვნა გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. ამგვარი სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს და განახლდეს გეოგრაფიული აღნიშვნისათვის დაცვის მინიჭების მიუხედავად იმ პირობით, თუ ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობით არ არსებობს სასაქონლო ნიშნის გაუქმების ან ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მუხლი 9

ზოგადი წესები

1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს მხარეთა მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების დაცვით.

2. ამ შეთანხმების მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებული ნებისმიერი პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი და ბაზარზე გატანა განხორციელდება იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

3. ნებისმიერი საკითხი, რომელიც წარმოიშობა რეგისტრირებული სახელების ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, გადაწყდება ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ.

4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს პროდუქტი.

5. ამ შეთანხმებაში მითითებული პროდუქტის სპეციფიკაცია, მათ შორის, ნებისმიერი ცვლილება პროდუქტის სპეციფიკაციაში დამტკიცებული უნდა იქნეს იმ მხარის სახელმწიფო უწყებების მიერ, რომლის ტერიტორიიდანაცაა წარმოშობილი პროდუქტი.

6. შეთანხმების I-IV დანართები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 10

თანამშრომლობა და გამჭვირვალობა

1. ხელშემკვრელი მხარეები უშუალოდ ან ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მეშვეობით შეინარჩუნებენ კავშირს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, კერძოდ, მხარეს შეუძლია მეორე მხარისაგან მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტის მონაცემებთან და მის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ კონტროლის მიზნებისათვის.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია წინამდებარე მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მეორე მხარის დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული მონაცემები ან მათი აღწერილობა და საკონტაქტო დეტალები, დაკავშირებული კონტროლის დებულებებთან.

 

მუხლი 11

ერთობლივი კომიტეტი

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე მონიტორინგის, გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლები.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც იქნება ერთობლივი კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო პირი.

3. ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის გზით. ის თავად ადგენს პროცედურულ წესებს. ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ალტერნატიულად, საქართველოში და მოლდოვას რესპუბლიკაში, ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ დროს, ადგილას და ფორმით (მათ შორის, ვიდეო კონფერენციის ფორმით), მოთხოვნის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 90 დღისა.

4. ერთობლივი კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების სათანადო ფუნქციონირებას და, შეუძლია, განიხილოს მის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელია:

  1. ამ შეთანხმების III და IV დანართების ცვლილებაზე, გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით;
  2. ინფორმაციის გაცვლა გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით მიღებული კანონებისა და შემუშავებული პოლიტიკის საკითხებზე და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ნებისმიერ სხვა ისეთ საკითხზე, რომელიც საერთო ინტერესების საგანს წარმოადგენს;
  3. გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მათი დაცვის ღონისძიებების განხილვის მიზნით;
  4. ამ შეთანხმების III და IV დანართებში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნების თაობაზე უფლებების აღსრულების შესახებ უახლესი ინფორმაციის მონიტორინგი;
  5. თანამშრომლობა ნებისმიერი იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებმაც შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი საქონლის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით;
  6. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხები. 

 

მუხლი 12

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 13

ცვლილებები და დამატებები

ცვლილებები და დამატებები შეთანხმებაში მიიღება მხარეებს შორის კონსესუსის გზით, რომელიც ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად. შედეგად მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.  

 

მუხლი 14

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

 

მუხლი 15

მოქმედების ვადა

წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი (5) წლით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი (5) წლის პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არ გაგზავნის შესაბამის წერილობით შეტყობინებას დიპლომატიური არხების მეშვეობით ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე თავისი განზრახვის შესახებ. ეს შეტყობინება უნდა გაიგზავნოს, ამ შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე სულ მცირე 6 თვით ადრე.

 

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 1 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.

 

 

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

მოლდოვას რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

 

 

I დანართი

მე-2 მუხლით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და კონტროლის ელემენტები

1. რეესტრი, რომელშიც შეტანილია მხარის ტერიტორიაზე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები;

2. ადმინისტრაციული პროცედურა, რომლითაც მოწმდება გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული საქონლის ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რეგიონიდან ან ადგილიდან წარმოშობა, როცა საქონლის მოცემული ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები არსებითად დაკავშირებულია მის გეოგრაფიულ წარმოშობასთან.

3. წარმოებისათვის დადგენილი კონტროლის ღონისძიებები.

4. კონკრეტულ ტერიტორიაზე დაფუძნებული მწარმოებლის უფლება, რომელიც ექვემდებარება კონტროლის სისტემას, აწარმოოს დაცული დასახელებით ეტიკეტირებული პროდუქტი, იმ პირობით, რომ ის აკმაყოფილებს პროდუქტისათვის დადგენილ პირობებს.

5. გასაჩივრების პროცედურა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გათვალისწინებულ იქნეს დასახელების ადრინდელი გამომყენებლების კანონიერი ინტერესები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს დასახელებები დაცული ინტელექტუალური საკუთრების ფორმით.

6. წესი, რომლის მიხედვითაც დაცული დასახელება არ შეიძლება გახდეს გვარეობითი ცნება.

7. რეგისტრაციასთან დაკავშირებული დებულებები, რომლებიც შეიძლება ითვალისწინებდნენ რეგისტრირებული დასახელების ომონიმური ან ნაწილობრივ ომონიმური დასახელების, პროდუქტის აღსანიშნავად ენაში დამკვიდრებული ზოგადი სიტყვების, მცენარის ან ცხოველის ჯიშის აღმნიშვნელი ტერმინების შემცველი სახელების რეგისტრაციაზე უარის თქმას. ასეთი დებულებები უნდა ითვალისწინებდნენ ყველა დაინტერესებული მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

II დანართი

ე-2 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების პროცედურებში

გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

1. დასახელების (დასახელებების) ჩამონათვალი შესაბამისი ქართული და ლათინური ასოებით შესრულებული ტრანსლიტერაციით.

2. ინფორმაცია პროდუქტის კლასის შესახებ.

3. შეთავაზება ნებისმიერი მესამე სახელმწიფოსთვის ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, რომელსაც გააჩნია კანონიერი ინტერესი და დაფუძნებულია ან აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ხელშემკვრელ მხარეში ან მესამე ქვეყანაში, რათა მათ გაასაჩივრონ ასეთი დაცვა სათანადოდ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენის გზით.

4. განცხადება გასაჩივრების შესახებ უნდა წარედგინოს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ ან მოლდოვას  რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს (AGEPI), ინფორმაციის გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში და არ ექვემდებარება ფორმალური ან სხვა რაიმე გადასახადის გადახდას.

5. განცხადება გასაჩივრების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილ იქნა მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში და თუ განცხადებიდან ჩანს, რომ შემოთავაზებული სახელის დაცვა:

  1. წინააღმდეგობაში მოდის მცენარის, მათ შორის, ვაზის საღვინე ჯიშის, ან ცხოველის ჯიშის სახელთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით;
  2. ომონიმურია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით;
  3. სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაციის, საყოველთაოდ ცნობილობის და ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენების გათვალისწინებით, შესაძლოა გახდეს პროდუქტის წარმომავლობასთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზეზი;
  4. საფრთხეს უქმნის მთლიანად ან ნაწილობრივ იდენტური სახელის ან სასაქონლო ნიშნის არსებობას ან იმ პროდუქციის არსებობას, რომელიც კანონიერად გამოიყენება ბაზარზე არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში ამ ცნობების გამოქვეყნებამდე;
  5. წინააღმდეგობაში მოდის გვარეობითად მიჩნეულ სახელთან.

 

III დანართი

მე-2 მუხლით განსაზღვრული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნები 

საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნები, რომელთა დაცვა განხორციელდება მოლდოვას რესპუბლიკაში

დასახელება

ტრანსკრიფცია/ინგლისური თარმანი

პროდუქტის კატეგორია

აჭარული ჩლეჩილი

Acharuli Chlechili

Adjarian Chlechili

ყველი

ახალქალაქის კარტოფილი

Akhalkalakis Kartopili

Akhalkalaki potato

კარტოფილი

ახაშენი

Akhasheni

ღვინო

ატენი (ატენური)

Ateni (Atenuri)

ღვინო

ბოლნისი

Bolnisi

ნატურალური მინერალური წყალი

ბორჯომი

Borjomi

ნატურალური მინერალური წყალი

ჭაჭა

Chacha

ყურძნის ჭაჭისაგან დამზადებული არაყი

ჩოგი

Chogi

ყველი

ჩურჩხელა

Churchkhela

ყურძნის ან თუთის შესქელებულ ტკბილში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ნუშის გულები, გოგრის გარჩეული თესლი ან მათი ნატეხები და/ან სხვადასხვა ხილის ჩირი

დამბალხაჭო

Dambalkhacho

ყველი

გუდა

Guda

ყველი

გურჯაანი

Gurjaani

ღვინო

იმერული ყველი

Imeruli Kveli

Imeretian cheese

ყველი

კახეთი (კახური)

Kakheti (Kakhuri)

ღვინო

კარდენახი

Kardenakhi

ღვინო

ქართული ყველი

Kartuli Kveli

Georgian cheese

ყველი

ხვანჭკარა

Khvanchkara

ღვინო

ქინძმარაული

Kindzmarauli

ღვინო

კობი

Kobi

ყველი

კოტეხი

Kotekhi

ღვინო

ქუთაისის მწვანილი

Kutaisis Mtsvanili

Kutaisi greens

მწვანილი

ყვარელი

Kvareli

ღვინო

მაჭახელას თაფლი

Machakhelas Tapli

Machakhela honey

თაფლი

მანავი

Manavi

ღვინო

მაწონი

Matsoni

რძემჟავა პროდუქტი

მეგრული სულგუნი

Megruli Sulguni

Megrelian Sulguni cheese

ყველი

მესხური ჩეჩილი

Meskhuri Chechili

Meskhetian Chechili

ყველი

მიტარბი

Mitarbi

ნატურალური მინერალური წყალი

მუკუზანი

Mukuzani

ღვინო

ნაბეღლავი

Nabeghlavi

ნატურალური მინერალური წყალი

ნაფარეული

Napareuli

ღვინო

საირმე

Sairme

ნატურალური მინერალური წყალი

სქური

Skuri

ნატურალური მინერალური წყალი

სულგუნი

Sulguni

ყველი

სვანური სულგუნი

Svanuri Sulguni

Svanetian Sulguni cheese

ყველი

სვირი

Sviri

ღვინო

თელიანი

Teliani

ღვინო

ტენილი

Tenili

ყველი

ტიბაანი

Tibaani

ღვინო

ტყიბულის მთის ჩაი

Tkibulis Mtis Chai

Tkibuli mountain tea

ჩაი

წინანდალი

Tsinandali

ღვინო

თუშური გუდა

Tushuri Guda

Tushetian Guda cheese

ყველი

ტვიში

Tvishi

ღვინო

უწერა

Utsera

ნატურალური მინერალური წყალი

ვაზისუბანი

Vazisubani

ღვინო

ზვარე

Zvare

ნატურალური მინერალური წყალი

 

 

IV დანართი

მე-2 მუხლით განსაზღვრული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნები 

მოლდოვას რესპუბლიკის გეოგრაფიული აღნიშვნები, რომელთა დაცვა განხორციელდება საქართველოში

დასახელება რუმინულ ენაზე

ლათინური ტრანსკრიციაინგლისური თარგმანი

პროდუქტი

Romăneşti

 Romanesti

ღვინო

Ciumai/Чумай

Ciumai

ღვინო

Brînză de Popeasca

 Popeasca cheese

ცხვრის ყველი

Codru

 Codru

ღვინო

Divin

Divin

ღვინისაგან დამზადებული სპირტიანი სასმელი

Valul lui Traian

 Valul lui Traian

ღვინო

Ştefan Vodă

 Stefan Voda

ღვინო

Rachiu de caise de Nimoreni

 Nimoreni Apricot spirit

ხილისაგან დამზადებული სპირტიანი სასმელი

Dulceaţă din petale de trandafir Călăraşi

 Calarasi Rose Petal Jam

ვარდის ფურცლებისაგან დამზადებული ჯემი

Zăbriceni

 Zabriceni

მცენარეები, გამხმარი ხილი და მათი ნარევები ნაყენებისთვის