დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის დაწესების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016689 |
|
დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის დაწესების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-16 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებს დაუწესდეს დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა (MREL), რაც წარმოადგენს პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც მიიღება დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების შეფარდებით საზედამხედველო კაპიტალსა და მთლიან ვალდებულებებთან. მთლიან ვალდებულებებში არ გაითვალისწინება ის ვალდებულებები, რომელიც ჩართულია საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში. დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის ( MREL) გაანგარიშებისას სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები ხელმძღვანელობენ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით. 2. დაშვებული ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის“ მე-4 მუხლის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) განაკვეთი განისაზღვროს ქვემოთ მოცემული ოდენობით და ვადების შესაბამისად: ა) 2024 წლის 1 იანვრიდან 10%-ის ოდენობით; ბ) 2025 წლის 31 დეკემბრიდან 15%-ის ოდენობით; გ) 2027 წლის 31 დეკემბრიდან 20%-ის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
1. სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა (MREL), ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და მიიღონ ყველა ზომა მათი შესრულების უზრუნველსაყოფად; ბ) ყოველთვიურად, ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით, წარადგინონ გაანგარიშება დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) დაკმაყოფილების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგების ფორმას და დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) გაანგარიშების მეთოდოლოგიას საქართველოს ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. |
| მუხლი 4 |
1. ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებს ინდივიდუალურად განუსაზღვროს მოთხოვნის შესრულების გეგმა; ბ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). 2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის ( MREL) გაანგარიშების მეთოდოლოგიის მიხედვით სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის MREL მინიმალური მოთხოვნის მაჩვენებელი ნაკლებია ამ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით განსაზღვრულ მოთხოვნაზე, მაშინ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკს დარღვევად არ ჩაეთვლება აღნიშნული მოთხოვნის მაჩვენებლის შეუსრულებლობა. ამ შემთხვევაში, სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ პუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის მიხედვით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნა , მაგრამ არანაკლებ 10%-ისა.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები