ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/5/1654
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 11/05/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016817
2/5/1654
11/05/2023
ვებგვერდი, 31/05/2023
000000000.00.000.016817
ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 

მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/5/1654

2023 წლის 11 მაისი

ქ. ბათუმი 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი;

თეიმურაზ ტუღუში წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;  გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის  31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

                                                                             

1.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1654) მომართეს ალექსანდრე კობაიძემ და მირანდა შალამბერიძემ. №1654 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 21 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს.

2.  №1654 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები.

3.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით განისაზღვრება ბრალდებულის უფლება, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება, ხოლო 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს საპროცესო მოქმედებას, ბრალდებულს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით კი დადგენილია ადვოკატის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი ერთ-ერთი გარემოება - თუ იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს.

4.      საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს დაცვის უფლებას, ასევე ადვოკატის უფლებების განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.

5.  №1654 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან ადვოკატები. მათი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში, ალექსანდრე კობაიძემ, დაცვის ორდერის საფუძველზე, გამოკითხვის მიზნით, მოინახულა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი იმავე საქმეზე დაზარალებული და, მოგვიანებით, გამოკითხვის ოქმი წარადგინა სასამართლოში, სადაც პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადვოკატის აცილების შესახებ. საერთო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ადვოკატი, დაცვის ორდერის საფუძველზე, იურიდიულ კონსულტაციას უწევდა საქმეზე დაზარალებულს და, ამდენად, ინტერესთა კონფლიქტის გამო აღარ უნდა შესძლებოდა ბრალდებულის დაცვა.

6.  კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ მოგვიანებით, მირანდა შალამბერიძემ იმავე საქმის ფარგლებში, შუამდგომლობით მოითხოვა საქმეზე დაზარალებულის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ხელახლა დაკითხვა ან ალტერნატივის სახით, განჩინების საფუძველზე, დაზარალებული პირის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, გამოკითხვა. თუმცა, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებზე მითითებით. ამ მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო განხილვის მიზნებისთვის, დაზარალებულის  გამოკითხვის ოქმი არ იყო ახალი მტკიცებულება და, ამავდროულად, მისი გამოკვლევის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა. ხოლო პირველ ინსტანციაში საქმის მიმდინარეობის დროს დაცვის მხარეს განსახილველი მტკიცებულება მიჩნეული ჰქონდა უდავოდ. რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას, დაზარალებულის გამოსაკითხად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განჩინების საფუძველზე, შესვლის შესახებ, სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარ პროცედურას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობდა.  

7.  მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ პროკურორსა და გამომძიებელს აქვთ უფლება, იმ შემთხვევაში, თუ მოწმე პენიტენციურ დაწესებულებაშია, ვიზიტი განახორციელონ მასთან და გამოჰკითხონ იგი. ადვოკატს კი ამგვარი შესაძლებლობა არ აქვს. ამდენად, მხარე მიიჩნევს, რომ მოწმემდე მისაღწევად, ადვოკატისთვის ერთადერთ საშუალებად დაცვის ორდერის გამოყენება რჩება. სარჩელში აღნიშნულია, რომ, განსახილველი საქმის ფარგლებში, დაცვის ორდერში მითითებული პირის ინტერესების განხორციელების ნაცვლად, ადვოკატის რეალური მიზანი იყო დაზარალებულის გამოკითხვა, რაც მისი აცილების საფუძველი გახდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგებით დაირღვა, ერთი მხრივ, ბრალდებულის დაცვის უფლება, მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება და, მეორე მხრივ, ადვოკატის თანასწორობა ბრალდების მხარესთან. ამდენად, მოსარჩელე მხარის აზრით, არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ადვოკატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმესთან ვიზიტის განხორციელებას, მისი გამოკითხვის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

8.  მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება, მოწმის გამოკითხვის მიზნით, ბრალდებულის ან ადვოკატის პენიტენციურ დაწესებულებაში ესვლის საჭიროება შეიქმნას. თუმცა მხარის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ბრალდებული ვერ ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტს მოწმის გამოკითხვის მიზნით, ხოლო ადვოკატს მხოლოდ დაცვის ორდერის საფუძველზე შეუძლია პირის მონახულება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოწმის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვის შესაძლებლობა სასამართლოს რელევანტური პრაქტიკით  დაცვის მხარეს არ აქვს, რის გამოც არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება ბრალდების მხარესთან შედარებით. ამდენად, მოსარჩელე მხარის აზრით, არაკონსტიტუციურად   უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39- მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს მიერ ისეთ საგამოძიებო საკითხზე განჩინების მიღებას, რომელიც განსაზღვრავს, ადვოკატის ან ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმის გამოკითხვის მიზნით, ვიზიტის განხორციელებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31- მუხლის პირველ, მე-3, მე-4 პუნქტებთან და 34- მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

9.  კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე მითითებულია, რომ ადვოკატს მტკიცებულებების მოსაპოვებლად შესაძლოა დასჭირდეს ვიზიტის განხორციელება, მათ შორის, ისეთ დაწესებულებაში, რომელში შესასვლელადაც სპეციალური ნებართვაა საჭირო. მხარე კი მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობით, ადვოკატს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისთვის, დაცვის ორდერის გარდა, სხვა შესაძლებლობა არ გააჩნია. მოსარჩელე მხარე აგრეთვე აპელირებს, რომ დაცვის ორდერი თავისთავად არ ნიშნავს იურიდიული დახმარების გაწევას. ადვოკატი იურიდიულად დაეხმარა თუ არა პირს, უნდა შეფასდეს, მათ შორის, ინდივიდუალური შემთხვევების გამოკვლევით. კერძოდ, იმის მიხედვით, შედგა თუ არა კომუნიკაცია და რა შინაარსის საუბარი განხორციელდა მხარეებს შორის. ამდენად, მოსარჩელე მხარის აზრით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც ადვოკატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში, პირის გამოკითხვის მიზნით, დაცვის ორდერის საფუძველზე განხორციელებული ვიზიტი შეფასებულია როგორც მოწმისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. 

 

II
სამოტივაციო ნაწილი

 

1.  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.

2.  კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ, მათ შორის, ხდის: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და ამავე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.

3.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რათა „მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

4.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

5.  №1654 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან ადვოკატები, რომელთა აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე, ირღვევა როგორც მათი პირადი, ისე მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულების უფლებები.  მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ცალკეულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მათი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ პირს დამოუკიდებლად და მათ, როგორც ბრალდებულის ადვოკატებს, არ მიეცათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი მოწმის გამოკითხვის მიზნით, რითაც დაირღვა, ერთი მხრივ, ბრალდებულის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ადვოკატის თანასწორობა ბრალდების მხარესთან მიმართებით.

6.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ნორმატიული მოწესრიგება მიმართულია უშუალოდ იმ პირის მიმართ, რომლის წინააღმდეგ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, იგი სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი ბრალდებულის ცალკეული უფლებებით, რათა ეფექტურად დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, გასაჩივრებული ნორმის სამართლებრივი სუბიექტი არის ბრალდებული, რომელსაც შეუძლია, პირადად ან/და ადვოკატის დახმარებით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. ადვოკატი ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ავტონომიურ სამართლებრივ სუბიექტად, რადგან განსახილველი ნორმის მიზნებისთვის, საადვოკატო მომსახურება უშუალოდ დაკავშირებულია ბრალდებულის უფლებრივ სტატუსთან და არ არსებობს მისგან დამოუკიდებლად. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ნორმები მის, როგორც ბრალდებულის სტატუსის მქონე პირის მიმართ უკვე იყო ან მაღალი ალბათობით, მომავალში შეიძლება იყოს გამოყენებული. მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული არგუმენტაციიდან იმთავითვე ირკვევა, რომ მოსარჩელის მიზანი არის არა საკუთარი ძირითადი უფლებების შესაძლო დარღვევაზე დავა, არამედ სხვისი, ბრალდებულის უფლებების დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად კი, იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად.

7.  რაც შეეხება მოსარჩელე მხარის კიდევ ერთ მოთხოვნას, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და ამავე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით გარანტირებული „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი „იცავს ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. იმისათვის, რომ ბრალდებულს შეეძლოს საკუთარი პოზიციის ეფექტურად დაცვა, მოწინააღმდეგე მხარისათვის კონკურენციის გაწევა და პროცესის შედეგზე გავლენის მოხდენა, აუცილებელია, იგი უზრუნველყოფილი იყოს მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის ადეკვატური პროცესუალური შესაძლებლობებით და დაცული იყოს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე შუბლაძე პარლამენტის წინააღმდეგ“, II-72).

8.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით და იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული უფლებები არის იმ პირის უფლებები, რომლის მიმართ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, რათა ბრალდებულმა მოახდინოს შედეგებზე ეფექტური ზეგავლენა და საკუთარი ინტერესების დაცვა. ამ პროცესში ადვოკატების როლი ბრალდებულის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა შეიძლება იყოს. მითითებული კონსტიტუციური დებულებები არ მოიცავს ადვოკატის ავტონომიურ კონსტიტუციურ უფლებას, ეფექტიანად განახორციელოს მისი მარწმუნებლის დაცვა და მოითხოვოს მოწმეების ისეთივე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.

9.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტური კანონმდებლობა აღჭურავს უფლებამოსილებით, წარმოებაში მიიღოს კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. ამგვარი ზოგადი წესი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის, ვრცელდება მაშინ, როდესაც მოსარჩელე დავობს იმ პირთა უფლებების დარღვევაზე, რომელთა უფლებების დაცვა მისი პროფესიული საქმიანობის ნაწილია. კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად  ვერ განიხილავს ინდივიდუალურ კონსტიტუციურ სარჩელს, თუ მოსარჩელე ვერ უთითებს, რომ სავადო ნორმას კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით აქვს უფლების შეზღუდვის უშუალო და ინდივიდუალური ეფექტი.

10.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და ამავე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, არის actio popularis და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

11.  კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

12.  №1654 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ ასევე არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმებით განისაზღვრება ბრალდებულის უფლება, მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება საკუთარი ხარჯით, პირადად ან/და ადვოკატის დახმარებით. თავის მხრივ, როდესაც მტკიცებულების მოპოვებისთვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, დაცვის მხარეს კანონი აძლევს შესაძლებლობას, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შესაბამისად, მათ შორის, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, შეჯიბრებითობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პროცესი დაცვის მხარეს აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად აწარმოოს პარალელური გამოძიება, მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები.

13.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება „არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.

14.  მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირება ხორციელდება დაცვის მხარესა და ბრალდების მხარეს შორის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება ბრალდების მხარესთან შედარებით, კერძოდ, მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულებს არ ეძლევათ პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც დამოუკიდებლად, ისე სასამართლოს დახმარებით ვიზიტის შესაძლებლობა მოწმის გამოკითხვის მიზნით, მაშინ, როდესაც პროკურორსა და გამომძიებელს, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ სახელმწიფოს სახელით, აქვთ კანონმდებლობით ამგვარი შესაძლებლობა მინიჭებული.

15.  საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არის სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველმყოფი ფუნდამენტური ნორმა, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლის წინაშე თანასწორობა პირებს შორის, ხოლო სახელმწიფოსა და ადამიანის შესადარებელ ჯგუფად განხილვა, განსახილველი დებულების ფარგლებში, გამორიცხულია. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „მიზანმიმართულება არ არის ადამიანებისა და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/2/822 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

16.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების დისკრიმინაციულად მიჩნევას დაცვისა და ბრალდების მხარეების შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას და დაუსაბუთებელია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მითითებულ ნაწილში არსებობს №1654 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

17.  მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით. მათი განმარტებით, სადავო რეგულირებით, შეიზღუდა ადვოკატების თვითორგანიზებისა და მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებები.

18.  საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება, ერთი მხრივ, იცავს ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, რაც გულისხმობს ადვოკატის უფლებას, გაწევრიანდეს მისთვის სასურველ ასოციაციაში და, მეორე მხრივ, ადვოკატთა უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას, რაც მოიაზრებს ადვოკატის საქმიანობისთვის არასათანადო ბარიერების დაწესების აკრძალვას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/10/1490 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

19.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მიუთითა, რომ ნორმის სამართლებრივი სუბიექტი არის ბრალდებული, ხოლო მოსარჩელეები, რომლებიც ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას, უნდა ჩაითვალონ არასათანადო სუბიექტებად საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1-10 პუნქტები). რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, მოსარჩელე მხარე მითითებული ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას აღნიშნავს, რომ მათ, ერთ-ერთი საქმის ფარგლებში, მტკიცებულებების მოსაპოვებლად დასჭირდათ ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში, რისთვისაც სხვა შესაძლებლობა, დაცვის ორდერის გარდა, არსებული კანონმდებლობით არ გააჩნდათ. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბრალდების მხარემ, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, მოითხოვა მათი აცილება, სასამართლომ კი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კონსტიტუციურ სარჩელში დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, მოსარჩელეებს, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს, სადავო ნორმის საფუძველზე, არ ეძლევათ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, პირის გამოკითხვის მიზნით, შესვლის იმგვარი შესაძლებლობა, რაც აქვს ბრალდების მხარეს.

20.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს ბრალდებულის უფლება, თავი დაიცვას მის მიერ არჩეული ადვოკატის დახმარებით. სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის ერთ-ერთი გამომრიცხავი გარემოება არის, თუ იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი არ არეგულირებს დაცვის მხარის, უშუალოდ ბრალდებულის ან/და მისი ადვოკატის სპეციალურ დაწესებულებაში, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესვლის საკითხებს და, ამ მხრივ, არ აწესებს რაიმე ტიპის შეზღუდვას. მოსარჩელე მხარესაც არ წარმოუდგენია სადავო ნორმასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების განმარტება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრაქტიკაში სწორედ აღნიშნული ნორმა უზღუდავს ადვოკატს, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობას და, შესაბამისად, აყენებს ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.

21.  იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას, პირის გამოკითხვის მიზნით, უნდა ჰქონდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, დაცვის ორდერის გამოწერის გარდა, სხვა სპეციალური კატეგორიის შესვლის უფლება, მან უნდა მოითხოვოს კანონმდებლობის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს მსგავს შესაძლებლობას, ხოლო მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განსახილველი სადავო ნორმებიდან არ მომდინარეობს.

22.  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1654 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

23.  №1654 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტს. დასახელებული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.

24.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ დასახელებული კონსტიტუციური ნორმა არ არის ძირითადი უფლების დამდგენი, არამედ წარმოადგენს ზოგადი კონსტიტუციური პრინციპის განმსაზღვრელ დებულებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას. მითითებული კონსტიტუციური დებულებისგან დამოუკიდებლად, აღნიშნული პრინციპით დაცული გარანტია, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული კონსტიტუციური დებულება არის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ისეთი ნორმა, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არა ძირითად უფლებას, სადავო ნორმების   კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვერ განხორციელდება განცალკევებულად.

25.  ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1.  არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1654 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.      განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში