„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024033
200
29/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
470000000.10.003.024033
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №200

2023 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დადგენილებით დამტკიცებული, მის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, რეგულირების სააგენტოს კონტროლის ან/და რევიზიის აქტ(ებ)ით დაკისრებული საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების გადახდის ადმინისტრირება განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის ასანაზღაურებელი თანხებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-17 მუხლის მე-10 და მე-18 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

შენიშვნა: ეს წესი გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებისათვის ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაშიც, დაკისრებული საჯარიმო სანქციის/ფულადი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

ა) მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონტროლის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო.“;

ბ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო, სამედიცინო დაწესებულების მიმართ რეგულირების სააგენტოს კონტროლის აქტ(ებ)ით დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირებას, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის პირობებით (თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ახორციელებს სააგენტო, თუ ეს დაწესებულება წარმოადგენს მის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამ(ებ)ის მიმწოდებელს.“;

გ) მე-18 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა,  უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო.“;

დ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო, სამედიცინო დაწესებულების მიმართ რეგულირების სააგენტოს რევიზიის აქტ(ებ)ით დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირებას, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის პირობებით (თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ახორციელებს სააგენტო, თუ ეს დაწესებულება წარმოადგენს მის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამ(ებ)ის მიმწოდებელს.“;

ე) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) თუ კონტროლის ან რევიზიის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი შემთხვევის ამსახველი პირველადი სამედიცინო დოკუმენტაცია (ამბულატორიული ან სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი; მშობიარობის ისტორია; ახალშობილის განვითარების ისტორია; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი).“;

ვ) 23-ე მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელოს მის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამ(ებ)ის ფარგლებში ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დაკისრებული საჯარიმო სანქციების/სხვა ფულადი ვალდებულებების განაწილვადება არაუმეტეს 12 თვეზე, ქვემოთ მოყვანილი პირობების სავალდებულო დაცვით:

ვ.ა) განაწილვადებისათვის მიმწოდებელს დამატებით ეკისრება საჯარიმო სანქციის/ფულადი ვალდებულების ჯამური ოდენობის 1%-ის გადახდა, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ვ.ბ) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების გადახდის განაწილვადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სადავოდ არ ხდის საჯარიმო სანქციების დაკისრების საკითხს, წერილობით აღიარებს მას, თანხმობას აცხადებს დაკისრებული თანხის გადახდაზე და სანქციების/ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფას (ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის ჩათვლით, ვალდებულების ჯამური ოდენობის შესაბამისი გარანტია), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს განაწილვადების პერიოდს;

ვ.გ) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების გადახდის განაწილვადების თაობაზე მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება (ვალდებულების შესრულების განაწილვადების შეთანხმება);

ვ.დ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმწოდებლისათვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებს/ფულად ვალდებულებებს შორის უპირატესად გადაიხდება ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა და უკან დასაბრუნებელი თანხების სახით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები;

ზ) მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებას სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში  დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები ან აქვს სხვა სახის ფულადი ვალდებულება, ამ ვალდებულებების ჯამური ოდენობის ფარგლებში არ აუნაზღაუროს  სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომელი პროგრამის ფარგლებშია წარმოშობილი ეს ვალდებულება და რა პერიოდს მოიცავს სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების შესრულება აღიარებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, თუ არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების განაწილვადების მოთხოვნის პირობით;“.

მუხლი 2
სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში საჯარიმო სანქციები და სხვა ფულადი ვალდებულებები დაკისრებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული, პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით, უფლებამოსილია, მოითხოვოს მათი შესრულება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად, რისთვისაც წერილობით უნდა მიმართოს პროგრამის განმახორციელებელს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი