დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024030 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/04/2021, 300160070.10.003.022703) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. სსიპ − შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.“; ბ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის“: ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების მიწოდება, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტში გამოყენების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი ფრაზა: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ ამ პუნქტით გათვალისწინებული ლაქ-საღებავი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის ან/და განთავსებული სარეალიზაციოდ.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ლაქ-საღებავის ეტიკეტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დატანილი უნდა იყოს ფრაზა: „პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm-ს (0.009%)“. აღნიშნული ფრაზა დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე (იმპორტირებული ლაქ-საღებავების შემთხვევაში, იმპორტის შემდეგ, ლაქ-საღებავის მომხარებლისთვის ხელმისაწვდომობამდე).“; გ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მწარმოებელი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.“; დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმპორტიორი ვალდებულია ლაქ-საღებავის იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე, ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები