დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 09/08/1972 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1972 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 18 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის მე-81 მუხლი:
„მუხლი 81. მძიმე დანაშაულის ცნება
მძიმე დანაშაულად ითვლება ამ მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი განზრახი ქმედობანი, რომლებიც წარმოადგენენ მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს.
მძიმე დანაშაულს განეკუთვნება: განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული (მუხლები 65-74-ე); ბანდიტიზმი (მუხლი 78-ე); მოქმედება, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781); კონტრაბანდა (მუხლი 79-ე); მასობრივი არეულობა (მუხლი მე-80); მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებათა დაზიანება (მუხლი 87-ე); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება (მუხლი 88-ე); სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა და სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 89-ე); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გატაცება (91-ე, 93-ე და 94-ე მუხლების მესამე ნაწილები, მუხლი 961); გაძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში (92-ე და 151-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები); ყაჩაღობა (მუხლები 96-ე და 152-ე); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება დამამძიმებელ გარემოებებში (მე-100 და 157-ე მუხლების მეორე ნაწილები); განზრახ მკვლელობა (მუხლები 104-ე და 105-ე); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 110-ე); გაუპატიურება (მუხლი 117-ე); სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებებში (165-ე მუხლის მეორე ნაწილი); ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელ გარემოებებში (187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); ქრთამის აღება (მუხლი 189-ე); მექრთამეობაში შუამავლობა ან ქრთამის მიცემა დამამძიმებელ გარემოებებში (1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები); სისხლის სამართლის პასუხისგებაში უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა დამამძიმებელ გარემოებებში (192-ე მუხლის მეორე ნაწილი); წინასწარ შეცნობით უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (193-ე მუხლის მეორე ნაწილი); ჩვენების მიცემის იძულება დამამძიმებელ გარემოებებში (195-ე მუხლის მეორე ნაწილი); მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა (მუხლი 2091); ბოროტი ან განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობა (228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერებათა გატაცება (მუხლი 240-ე); ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადება, შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნით, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება გასაღების მიზნით (მუხლი 2521); ურჩობა დამამძიმებელ გარემოებებში (256 -ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები); უფროსისათვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა (მუხლი 258-ე); უფროსის მიმართ ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 260-ე); დეზერტირობა (მუხლი 265-ე); სამხედრო ქონების განზრახ განადგურება დამამძიმებელ გარემოებებში (269-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები); საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში (275-ე მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტები)“.
2. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. თავისუფლების აღკვეთა.
თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება ვადით არა ნაკლებ სამი თვისა და არა უმეტეს ათი წლისა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, დანაშაულისათვის რომელმაც გამოიწვია განსაკუთრებით მძიმე შედეგი, და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისათვის, იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსით, - არა უმეტეს თხუთმეტი წლისა.
თუ სასჯელი ენიშნება იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავისუფლების აღკვეთის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს.
სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა დაენიშნება საერთო, გაძლიერებული, მკაცრი და განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიებში ან საპყრობილეში, აგრეთვე საერთო და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიებში.
შრომა-გასწორების კოლონიებში სასჯელის მოხდა დაენიშნებათ:
მამაკაცებს
- თუ მათ პირველად ედებათ მსჯავრი არამძიმე დანაშაულისათვის ან პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს სამი წლისა, მძიმე დანაშაულისათვის, - საერთო რეჟიმის კოლონიაში;
- რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით, მძიმე დანაშაულისათვის, - გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში;
- რომლებსაც მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-74-ე) ან თუ წინათ იხდიდნენ სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში;
- რომლებიც ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში -
ქალებს
- თუ ისინი ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად ან მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-74-ე), - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში;
- რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, - საერთო რეჟიმის კოლონიაში.
სასჯელის მოხდა შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში დაენიშნებათ:
მამრობითი სქესის არასრულწლოვანთ, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით, არამძიმე დანაშაულისათვის, ან რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს სამი წლისა, მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე მდედრობითი სქესის არასრულწლოვანთ, - საერთო რეჟიმის კოლონიაში;
მამრობითი სქესის არასრულწლოვანთ, რომლებიც წინათ იხდიდნენ სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, აგრეთვე იმათ, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით, მძიმე დანაშაულისათვის, - გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში.
სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს, რომელიც ცნობილი არ არის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, აგრეთვე საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაუნიშნოს ნებისმიერი სახეობის რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიისა, ხოლო მამრობითი სქესის არასრულწლოვან მსჯავრდებულს - საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობითი კოლონიაში, ნაცვლად გაძლიერებული რეჟიმის კოლონიისა.
თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოთავსებით, სასჯელის მთელი ან ნაწილობრივი ვადით, შეიძლება დაენიშნოთ:
განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებს;
იმ პირთ. რომლებმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინეს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული (მუხლები 65-ე 74-ე);
იმ პირთ, რომლებმაც თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ჩაიდინეს სხვა მძიმე დანაშაული, რისთვისაც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წელზე მეტი ვადით.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული შრომა-გასწორების დაწესებულების სახეობის შეცვლას აწარმოებს სასამართლო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით“.
3. კოდექსიდან ამოღებულ იქნეს მუხლი 251.
4. 34-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქონების კონფისკაცია შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სახელმწიფო და ანგარებით დანაშაულისათვის, იმ შემთხვევებში, რომლებიც მითითებულია კანონით“.
5. ეს ბრძანებულება ძალაში შედის 1972 წლის 1 სექტემბრიდან და მას უკუქცევითი ძალა არა აქვს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1972 წლის 9 აგვისტო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები