ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სულიკო ლიპარტია და გიორგი ბერძენიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სულიკო ლიპარტია და გიორგი ბერძენიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 54292/18
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 09/03/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2023
სარეგისტრაციო კოდი
54292/18
09/03/2023
ვებგვერდი, 18/05/2023
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სულიკო ლიპარტია და გიორგი ბერძენიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საჩივარი №54292/18


სულიკო ლიპარტია და გიორგი ბერძენიშვილი

საქართველოს წინააღმდეგ

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტის 2023 წლის 9 მარტის სხდომამ შემდეგი შემადგენლობით:

          სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
          ლადო ჭანტურია,
          მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (№54292/18) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შეიტანა საქართველოს ორმა მოქალაქემ, ბ-მა სულიკო ლიპარტიამ (შემდგომში „პირველი მომჩივანი“) და ბ-მა გიორგი ბერძენიშვილმა (შემდგომში „მეორე მომჩივანი“), დაბადებულნი 1986 წელს და, შესაბამისად, 1988 წელს, რომლებსაც წარმოადგენდა ბ-ნი თ. ბიჭოშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ეწევა რუსთავში;

გადაწყვეტილება, ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად და გადაწყვეტილება საჩივრის დარჩენილი ნაწილის მიუღებლად გამოცხადებასთან დაკავშირებით;

მხარეთა მოსაზრებები;

თათბირის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

 

საჩივრის საგანი

1. საჩივარი ეხება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს მომჩივნების წინააღმდეგ შეიარაღებული ყაჩაღობის ბრალდებაზე აღძრული სისხლის სამართლის პროცესის სავარაუდო უსამართლობასთან დაკავშირებით, რადგან ვერ დაიკითხა ერთადერთი მოწმე, დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი.

2. 2016 წლის 24 ოქტომბერს მომჩივნები დამნაშავედ ცნეს 2016 წლის 2 თებერვალს, დამამძიმებელ გარემოებებში, ა.კ.-ს მიმართ შეიარაღებული ყაჩაღობის ჩადენაში, რისთვისაც თითოეულს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. მათი დამნაშავედ ცნობა, პირველ რიგში, ეფუძნებოდა დაზარალებულის მიერ წინასასამართლო ეტაპზე მიცემულ ორ ჩვენებას, მათ შორის ერთი გადაღებულია ვიდეოზე (იხ., ქვემოთ, მე- 3 პუნქტი); ასევე მეორე მომჩივნის მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დაზარალებულის საფულეს და გასაშლელი ლითონის ხელკეტს (რომლითაც სავარაუდოდ ემუქრებოდნენ ა.კ.-ს); და პირველი მომჩივნის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნაღდ ფულს, მათ შორის სამ ასლარიან კუპიურას. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო 2016 წლის 2 თებერვალს ჩატარებულ ამოცნობაში მონაწილე პირებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც ა.კ.-მ ამოიცნო მომჩივნები, როგორც სამართალდამრღვევები; ასევე დაეყრდნო სამედიცინო ცნობას, რომელშიც მითითებული იყო, რომ ა.კ.-ს მიყენებული ჰქონდა გარკვეული მსუბუქი დაზიანებები სავარაუდო შეიარაღებული ყაჩაღობის დღეს.

3. მომჩივანს არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ა.კ.-ს წინასასამართლო დაკითხვაში. შემდეგ, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ა.კ. არ დაიკითხა იმ მიზეზით, რომ ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბრალდების მხარის მოთხოვნით, პროცესი სამჯერ გადადო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ა.კ.-ს პროცესზე დასწრება, ბრალდების მხარემ სთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს, მიეღო ა.კ.-ს ორი წინასასამართლო ჩვენება მტკიცებულების სახით და წაეკითხა ისინი და ეჩვენებინა ერთ-ერთი ჩვენების ვიდეოჩანაწერი სასამართლო პროცესზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ შემდეგ კიდევ ორჯერ დაუშვა სასამართლო განხილვის გადადება დაცვის მხარის მოთხოვნით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ა.კ.-ს დაკითხვის ორგანიზება. მან ასევე მისცა მითითება მომჩივნებს, თუ როგორ უნდა დაკავშირებოდნენ საქართველოს საკონსულო სამსახურს უკრაინაში, სადაც ა.კ. იმყოფებოდა მოცემულ დროს და რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე უნდა მოეთხოვათ დახმარება. თუმცა, ა.კ.-ს დისტანციური გამოკითხვის ორგანიზება მაინც ვერ მოხერხდა.

4. მომდევნო სააპელაციო საჩივრებში მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ არ მიეცათ დაზარალებულთან სასამართლოში დაპირისპირების შესაძლებლობა, ამტკიცებდნენ რა, რომ მისი მტკიცებულებები გადამწყვეტი იყო მათი დადანაშაულებისთვის. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა მათი სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილეს იმ მოტივით, რომ დაუსწრებელი მოწმის წინასასამართლო ჩვენების მტკიცებულებად მიღებას, მისი საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, საფუძველი ჰქონდა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში და რომ, მომჩივანთა მოთხოვნა ა.კ.-ს დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულ იქნა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მიერ, მაგრამ დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მისი დასწრება.

5. მომჩივნების დადანაშაულებას დაეთანხმნენ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები 2017 წლის 6 ოქტომბერს და, შესაბამისად, 2018 წლის 8 მაისს.

 

სასამართლოს შეფასება

6. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების საფუძველზე მომჩივნები ჩიოდნენ, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება, რომლის შედეგადაც მოხდა მათი ბრალდება, იყო უსამართლო იმის გამო, რომ გამოყენებული იყო დაუსწრებელი მოწმის ჩვენება, რადგან მისი დაკითხვა ვერ შეძლეს პროცესის დროს.

7. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას დაკითხვის გარეშე მოწმის დამადანაშაულებელი ჩვენების დაშვებას, სასამართლოს მიერ შეჯამებულია საქმეში „Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ([GC], №№26766/05 და 22228/06, §§ 118-47, ECHR 2011) და საქმეში „Schatschaschwili v. Germany ([GC], №9154/10, §§ 100-31, ECHR 2015).

8. რაც შეეხება ა.კ.-ს დაუსწრებლობის გამართლებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს სასამართლო პროცესზე მოწმის დაუსწრებლობის გასამართლებლად (იხ., საქმე „Gabrielyan v. Armenia", № 8088/05 , § 81, 2012 წლის 10 აპრილი; საქმე „Seton v. the United Kingdom", №55287/10, § 61, 2016 წლის 31 მარტი და საქმე „Paić v. Croatia", №47082/12, § 38, 2016 წლის 29 მარტი). პასიურ პოზიციაში მყოფმა ეროვნულმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოში, მისი დაკითხვის მიზნით, ა.კ.-ს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ტვირთი გადაეტანათ დაცვის მხარეზე (იხ., ზემოთ, მე-2 პუნქტი). თუმცა, შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობაა გონივრული ძალისხმევა გამოიყენონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ბრალდების მხარის მოწმეების დასწრება (იხ., საქმე „ Süleyman v. Turkey", №59453/10, § 77, 2020 წლის 17 ნოემბერი და საქმე Al Alo v. Slovakia , №32084/19, §§ 48-54, 2022 წლის 10 თებერვალი; იხ., ასევე, საქმე Paić, ციტირებული ზემოთ, § 38). სასამართლო არ არის დარწმუნებული, იყო თუ არა გამოყენებული „ყველა გონივრული ძალისხმევა“ ა.კ.-ს დასწრების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ არ არსებობდა მისი დაუსწრებლობის საკმარისი საფუძველი.

9. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დაეყრდნენ ეროვნული ორგანოები ა.კ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებას მომჩივნის ბრალდებისას, ა.კ. იყო სავარაუდო დანაშაულის შედეგად ერთადერთი დაზარალებული. სხვა მოწმეების არარსებობის, მაგრამ შესაბამისი ნივთიერი მტკიცებულების არსებობის ფონზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.კ.-ს ჩვენება იყო „გადამწყვეტი“ შეიარაღებულ ყაჩაღობაში მომჩივნების ბრალდებისთვის, ან, სულ მცირე, მისი ჩვენება იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი და რომ ამ ჩვენების დაშვება საკმაოდ შემაფერხებელი იქნებოდა დაცვის მხარისთვის. მოცემულ გარემოებებში, სასამართლო განაგრძობს მის მსჯელობას საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობის შესახებ (იხ., საქმე „ჭაჭაშვილი“ , ციტირებული ზემოთ, § 116).

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარისთვის არ იყო ნებადართული დაესვა კითხვები ა.კ.-თვის, თუნდაც წერილობითი ფორმით, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არის აღნიშნული, რომ ეროვნული სასამართლოები განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგნენ ა.კ.-ს ჩვენებას, ან რომ მათ იცოდნენ, რომ მას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოში მისი არყოფნის გამო ( იხ., საქმე „Süleyman“, ციტირებული ზემოთ, § 89, შემდგომი მითითებებით).

11. ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ეტაპზე გაკეთდა ა.კ.-ს დაკითხვის ვიდეოჩანაწერი, რაც საშუალებას აძლევდა ადგილობრივ სასამართლოებს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს, დაჰკვირვებოდნენ მის ქცევას და შეჰქმნოდათ საკუთარი შთაბეჭდილება მის ნდობასთან დაკავშირებით (იხ., საქმე „ჭაჭაშვილი“, ციტირებული ზემოთ, § 127, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი ვიდეოჩანაწერის მეშვეობით შესაძლებელია უზრუნველყოფილი ყოფილიყო მნიშვნელოვანი დამატებითი პროცედურული გარანტიები). მომჩივნებსა და დაცვის მხარეს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ მოვლენების საკუთარი ვერსია და ეფექტურად შედავებოდნენ ა.კ.-ს ჩვენების სანდოობას. გამოძიების და ფაქტობრივი სასამართლო პროცესის განმავლობაში, მათ წარმოადგენდა მათი არჩეული ორი ადვოკატი; მათ ჰქონდათ შეუფერხებელი და სრული წვდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი ეფექტურად დაუპირისპირდნენ სასამართლოში. ყველაფერ ამას, სასამართლო პროცესზე ისეთი მყარი ნივთიერი მტკიცებულებების არსებობასთან ერთად, როგორიცაა მეორე მომჩივნის მანქანიდან ამოღებული დაზარალებულის საფულე და გასაშლელი ლითონის ხელკეტი და პირველი მომჩივნის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფული (იხ., ზემოთ მე-2 პუნქტი), სასამართლო მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები იმ დამაბრკოლებელი გარემოებების გასანეიტრალებლად, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მომჩივნები ვერ დაუპირისპირდნენ ა.კ.-ს და ვერ დაკითხეს ის პირადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე.

12 . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების შესაბამისად არის აშკარად დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2023 წლის 30 მარტს.

         მარტინა კელერი                                                           სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                                თავმჯდომარე