დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2926-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 270000000.05.001.020874 |
|
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საშუამავლო კომპანია − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან;“; ბ) „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან, და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში;‘‘; გ) „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტები: „ო) საერთაშორისო ხელშეკრულება − „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულება; პ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს. აღნიშნულ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშუამავლო კომპანიაზე მისი სხვა საშუამავლო კომპანიისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემის უფლების გარეშე; ჟ) შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია − ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის (მოთხოვნისა და მიწოდების) გათვალისწინებით: ე1.ა) იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის შეზღუდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას; ე1.ბ) ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის წახალისება, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე ვერ აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;“. 4. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა.ა) „ა.თ“−„ა.ლ“ ქვეპუნქტები: „ა.თ) საშუამავლო კომპანიების საქმიანობის სერტიფიცირება და სერტიფიცირებული საქმიანობის განმახორციელებელი საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ა.ი) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შრომითი იმიგრანტის დასაქმების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანის ვალდებულების შესრულების კონტროლი; ა.კ) საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ა.ლ) შრომითი მიგრაციის ნორმების დაცვის მდგომარეობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“; ა.ბ) „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები: „ბ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემა; ბ.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა;“; ა.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტი: „გ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მიზნების მისაღწევად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილი არიან დაამუშაონ სუბიექტის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ეს მონაცემები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სერტიფიცირება 1. საშუამავლო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით განახორციელოს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და მისი სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. 2. აკრძალულია საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განხორციელება საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე. 3. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმება და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა საშუამავლო კომპანიის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა გამოიწვევს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმებას და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვას.“. 7. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქმიანობის სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში;“. 8. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია; გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში: გ.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს, და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებისას ამ იურიდიული პირისთვის, უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის, მუდმივი დაწესებულებისთვის) ან ინდივიდუალური მეწარმისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს; დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა; ე) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის შრომის ანაზღაურების გაცემის ფორმა და ოდენობა; ვ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში; თ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი დამსაქმებელი თანხმდებიან. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1 შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების რეგულირება 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს. მუხლი 132. შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები 1. შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია; გ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია; დ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ე) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილი (ორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულის სრული სახელწოდებების ჩათვლით, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი იურიდიული პირია); ვ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილის სრული მისამართი; ზ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ადგილობრივი დამსაქმებლის ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი იმიგრანტის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. მუხლი 133. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების დადებისა და ამავე კანონის 134 მუხლით გათვალისწინებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საფუძველზე. მუხლი 134. საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება და შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მისი შრომის გამოყენებისთვის ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამოწმებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ აღნიშნული სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ ინფორმაციის (მონაცემების) სისწორეს (საჭიროების შემთხვევაში (რომელიმე მონაცემის უზუსტობის შემთხვევაში) ადგილობრივ დამსაქმებელს სთხოვს მიწოდებული ინფორმაციის გასწორებას) და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. მუხლი 135. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტა ან მისი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 1. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია შრომით იმიგრანტთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წყვეტს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციას ან აგრძელებს მისი რეგისტრაციის ვადას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათისა. მუხლი 136. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პერიოდში შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და გარანტიები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პერიოდში შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და გარანტიები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და შესაბამისი კანონმდებლობით.“. 10. მე-14−მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევებს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელები ამავე კანონის მე-15−164 მუხლების შესაბამისად. 4. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმა და მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით. მუხლი 15. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე განხორციელება 1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი მეოთხედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. მუხლი 16. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა 1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.“. 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161−164 მუხლები: „მუხლი 161. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა 1. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა 1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა − გამოიწვევს: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით; ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 163. პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის 1. ამ კანონის მე-11 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე საშუამავლო კომპანიისა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე საშუამავლო კომპანიისა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიისა, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიისა, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიისა, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) ნებისმიერი სხვა საშუამავლო კომპანიისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული სათანადო ჯარიმის ორმაგი ოდენობით. მუხლი 164. პასუხისმგებლობა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის 1. ამ კანონის 132 ან 133 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული სათანადო ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“. 12. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 11 პუნქტი: „11. 2023 წლის 1 სექტემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; ა.ბ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“; ბ) 12 პუნქტი: „12. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ.“; გ) მე-4 პუნქტი: „4. ამ კანონის შესაბამისად: ა) ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელსაც ეს ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს აღუსრულებელ ადმინისტრაციულ სახდელზე − ჯარიმაზე; გ) შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს იმ პირზე, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ე) ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვალოს ის პირი, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ვ) შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტებისა და მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტები და მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 17 მაისი 2023 წ. N2926-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები