საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3115-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.020910
3115-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
420000000.05.001.020910
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე − აეროდრომის/ვერტოდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი არე, სადაც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვის რეჟიმი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“−„დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) აეროდრომის ექსპლუატანტი − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას  და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისთვის;

2)  ვერტოდრომის ექსპლუატანტი − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ვერტოდრომის ექსპლუატაციას  და პასუხისმგებელია ვერტოდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისთვის;

3) ვერტოდრომი – აეროდრომი ან ნაგებობის ზედაპირზე არსებული, დადგენილი ფართობი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის, აგრეთვე საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის, მგზავრის, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:

„პ1) საავიაციო დაბრკოლება – უძრავი ობიექტი ან/და მოძრავი ობიექტი ან მისი ნაწილი, რომელიც განლაგებულია სამუშაო მოედანზე, კვეთს აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირს ან აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირის მიღმა მდებარეობს და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჰაერნაოსნობას;

2) სამუშაო მოედანი − აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის და მოიცავს სამანევრო არესა და ბაქანს (ბაქნებს);“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) საფრენი მოედანი − ხმელეთის ან წყლის ფართობი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მიღებისა და გაშვებისთვის და რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ხელოვნურსაფრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;“.

2. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აეროდრომი, ვერტოდრომი და აეროპორტი“.

3. 37-ე−მე-40 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. აეროდრომების, ვერტოდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირება

1. საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით აეროდრომები და ვერტოდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებად და ვერტოდრომებად.

2. სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებისა და ვერტოდრომების მიმართ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხდება საჰაერო სივრცის კლასიფიცირება და დგინდება შესაბამისი საჰაერო სივრცე და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა.

3. აეროპორტს/ვერტოდრომს საერთაშორისო აეროპორტის/ვერტოდრომის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 38. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა

1. აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისთვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის შემთხვევაში მათი დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 39. აეროდრომისა და ვერტოდრომის სერტიფიცირება

1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას.

2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომი, რომლებიც სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესის შესაბამისად.

მუხლი 40. აეროდრომის, ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა

1. სერტიფიცირებული აეროდრომების, სერტიფიცირებული ვერტოდრომებისა და რეგისტრირებული საფრენი მოედნების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის, სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს სააგენტო.

4. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

4. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე

1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს სააგენტო შესაბამისი სერტიფიცირების პროცესში და ამის თაობაზე აცნობებს სათანადო მუნიციპალიტეტს.

2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში, აგრეთვე სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობის სიმაღლე და სხვა ობიექტის ექსპლუატაციის თავისებურებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით.

4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.  

6. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის, სხვა ობიექტის მშენებლობის, აგრეთვე ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 

5. 42-ე და 43-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. შენობა-ნაგებობის ნიშანდება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში.

3. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის ნიშანდებას და შესაბამისი ნიშნის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს ამ ობიექტის მფლობელი.

4. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აკრძალულია აეროდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას.

5. საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის ნიშანდების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 43. აეროპორტის კავშირი უახლოეს ქალაქსა და სხვა დასახლებასთან

1. აეროპორტს უახლოეს ქალაქსა და სხვა დასახლებასთან სატრანსპორტო მიმოსვლა და საკომუნიკაციო საშუალებები უნდა ჰქონდეს.

2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ აეროპორტთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობას და მასზე შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას.“.

6. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება

საჰაერო ხომალდსა და საავიაციო პერსონალს უფლება აქვთ, შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის (სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.“.

7. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს ან უზრუნველყოფს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და საავიაციო სამუშაოების შესრულებას, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. შესაბამისი სერტიფიკატი ადასტურებს ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.

8. 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აეროდრომით, საფრენი მოედნითა და შესაბამისი მოწყობილობით სარგებლობისა და მათი საექსპლუატაციო მდგომარეობაში შენახვის წესი;“.

მუხლი 2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე აშენებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სათანადოდ ნიშანდებული არ არის, აგრეთვე იმ ასაშენებელ შენობა-ნაგებობაზე, რომლის მშენებლობის ნებართვა ამ კანონის ამოქმედებამდეა გაცემული ან რომლის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. 

მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს დადგენილება „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის,  შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებისა, მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონის 41-ე მუხლის პირველი−მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებისა, პირველი მუხლის მე-5−მე-8 ნაწილებისა და ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონის 41-ე მუხლის პირველი−მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილები, პირველი მუხლის მე-5−მე-8 ნაწილები და ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3115-XIმს-Xმპ