დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023998 |
|
ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი). |
| მუხლი 2 |
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მიზნებისთვის აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) სტანდარტებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014/35/EU დირექტივის − „ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე წევრი სახელმწიფოების სამართლის ჰარმონიზების შესახებ“ − მიზნებისთვის. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). |
| მუხლი 4 |
1. სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. |
| მუხლი 6 |
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ელექტრომოწყობილობების შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები. |
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ იმ ელექტრომოწყობილობებზე, რომელთა მიწოდებაც ხდება 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, ასევე 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებულ იმ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და უცხო ქვეყნის ეროვნული ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება და რომელსაც ეს ორგანიზაცია ან ინსტიტუტი სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს და აღნიშნული შესყიდვის ობიექტი გამიზნულია სახელმწიფო უწყებ(ებ)ისთვის გადასაცემად ან აღნიშნული შესყიდვები ხორციელდება სახელმწიფო უწყებ(ებ)ის მიერ. აღნიშნული უნდა დადასტურდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის/სახელმწიფო უწყების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრომოწყობილობები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხარებლისთვის ან/და განთავსებული სარეალიზაციოდ.
|
| მუხლი 8 |
2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 9 ივლისის №166 – №1-1/317 ერთობლივ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. |
| მუხლი 9 |
1. დადგენილება, გარდა პირველი − მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი − მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. დადგენილების მე-6 მუხლი ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
|
ტექნიკური რეგლამენტი − ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ
|
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „ტექნიკური რეგლამენტის − ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია, უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობის მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც ემსახურება ადამიანისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვას. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ელექტრომოწყობილობებზე (პროდუქტი), რომლებიც დაპროექტებულია 50-დან 1000 ვოლტამდე ცვლადი დენისა და 75-დან 1500 ვოლტამდე მუდმივი დენის ფარგლებში გამოსაყენებლად, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში ჩამოთვლილი მოწყობილობებისა და შემთხვევებისა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მწარმოებელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, აპროექტებინებს ან აწარმოებინებს ელექტრომოწყობილობას და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას; ბ) ავტორიზებული წარმომადგენელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მინიჭებული აქვს წერილობითი უფლებამოსილება, მწარმოებლის ნაცვლად განახორციელოს განსაზღვრული ფუნქციები; გ) იმპორტიორი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წარმოებულ ელექტრომოწყობილობას; დ) დისტრიბუტორი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობას; ე) ეკონომიკური ოპერატორები − მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი; ვ) ტექნიკური სპეციფიკაცია − დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრომოწყობილობა; ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრომოწყობილობის ნებისმიერი სახის მიწოდება დისტრიბუციის, გამოყენების ან მოხმარების მიზნით კომერციული საქმიანობის ფარგლებში, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ; თ) ბაზარზე განთავსება − საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის პირველად უზრუნველყოფა. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ამ ტექნიკურ რეგლამენტზე ასევე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ტერმინების განმარტებები. მუხლი 3. ბაზარზე განთავსება და უსაფრთხოების მოთხოვნები ბაზარზე ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი ელექტრომოწყობილობა, რომელიც წარმოებულია უსაფრთხოების სფეროში მოქმედი, საუკეთესო ინჟინრული პრაქტიკის შესაბამისად და დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს, სათანადო მონტაჟისა და გამოყენება-შენახვის პირობებში საფრთხეს არ უქმნის ადამიანისა და შინაური ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან საკუთრებას. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დეტალური მოთხოვნები მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში. მუხლი 4. ელექტროობის მიწოდება ელექტრომოწყობილობასთან მიმართებით, ელექტროენერგიის მიმწოდებელმა ორგანოებმა არ უნდა დააწესონ, ქსელში ჩართვისთვის ან ელექტრომოწყობილობის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის, იმაზე მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და პირველი დანართით. მუხლი 5. მწარმოებლის ვალდებულებები 1. ბაზარზე განთავსებისას მწარმოებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ელექტრომოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლისა და I დანართით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. 2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ან განახორციელებინოს ამავე დანართით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შეფასების პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ ელექტრომოწყობილობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია და დაიტანოს ამავე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 3. მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობის მის მიერ ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ამავე ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია. 4. სერიული წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია დანერგოს სათანადო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული ელექტრომოწყობილობის შესაბამისობას ამ ტექნიკურ რეგლამენტთან. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს იმ სტანდარტებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა მიმართებითაც არის დეკლარირებული პროდუქტის შესაბამისობა. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ადამიანისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვის მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობის ნიმუშების ტესტირება და შესაბამისი გამოკვლევა. მწარმოებელი ასევე ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, აწარმოოს შეუსაბამო ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებული საჩივრებისა და გამოთხოვის შემთხვევების რეესტრი და დისტრიბუტორებს შეატყობინოს შესაბამისი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში. 5. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ ბაზარზე განთავსებულ ელექტრომოწყობილობაზე შესაბამისი ტიპის ან/და სერიის ნომრის ან/და პარტიის ნომრის ან/და იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციის დატანა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობის ფიზიკური ან/და თვისობრივი მახასიათებლების გამო აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ელექტრომოწყობილობის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. 6. მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისი საკონტაქტო საფოსტო მისამართი, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 7. მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობას თან დაურთოს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე. აღნიშნული უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ისევე, როგორც ყველა სახის ნიშანდება, უნდა იყოს მკაფიო, გარჩევადი და ადვილად გასაგები. 8. მწარმოებელი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად და, შესაბამის შემთხვევებში, გამოითხოვოს ან/და ამოიღოს ბაზრიდან იგი. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი დეტალები, მათ შორის, ინფორმაცია შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ. 9. მწარმოებელი ვალდებულია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე, ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების აღმოფხვრისათვის. მუხლი 6. ავტორიზებული წარმომადგენლების ვალდებულებები 1. მწარმოებელი უფლებამოსილია, წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, აირჩიოს ავტორიზებული წარმომადგენელი და გადასცეს შესაბამისი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულებისა. 2. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია, განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ფუნქციები. მინდობილობა ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს უფლებას, განახორციელოს მინიმუმ შემდეგი ფუნქციები: ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია და III დანართში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია ელექტრომოწყობილობის მის მიერ ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში; ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად; გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს კომპეტენტურ ორგანოსთან მისი უფლებამოსილებების ფარგლებში გატარებულ ნებისმიერ ზომასთან დაკავშირებით. მუხლი 7. იმპორტიორის ვალდებულებები 1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი ელექტრომოწყობილობა. 2. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია სათანადო შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იგი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა შეადგინა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, ელექტრომოწყობილობაზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია, მას თან ერთვის ყველა სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია და რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს ელექტრომოწყობილობა ბაზარზე, სანამ არ მოხდება მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ მოთხოვნებთან. როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. 3. იმპორტიორი ვალდებულია ელექტრომოწყობილობაზე იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს ელექტრომოწყობილობის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. 4. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ელექტრომოწყობილობას იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, თან ახლდეს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე. 5. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში ელექტრომოწყობილობა ინარჩუნებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 6. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია მომხმარებლისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვის მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმება და შესაბამისი გამოკვლევა. აუცილებლობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია შეინახოს საჩივრების, მათ შორის, შეუსაბამო და ბაზრიდან გამოთხოვილი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს. 7. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიება პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად და შესაბამის შემთხვევებში გამოითხოვოს ან ამოიღოს იგი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, იმპორტიორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. 8. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად, მის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის. 9. იმპორტიორი ვალდებულია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა იმპორტიორის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების აღმოსაფხვრელად. მუხლი 8. დისტრიბუტორის ვალდებულებები 1. დისტრიბუტორი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. 2. დისტრიბუტორი ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია და რომ მას თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე, ხოლო უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია − ქართულ ენაზე. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ვალდებულია, არ გახადოს ელექტრომოწყობილობა ხელმისაწვდომი ბაზარზე მანამ, სანამ არ მოხდება მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ მოთხოვნებთან. როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოთ მწარმოებელს, იმპორტიორსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. 3. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ელექტრომოწყობილობის ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები საფრთხეს არ უქმნიდეს პროდუქტის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან. 4. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე, არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიება პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად და, სათანადო შემთხვევებში, გამოითხოვოს ან ამოიღოს იგი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობების შესახებ და ყველა განხორციელებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ. 5. დისტრიბუტორი ვალდებულია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა იმ პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების აღმოსაფხვრელად, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე. მუხლი 9. მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის იმპორტიორი ან დისტრიბუტორი მიჩნეული უნდა იქნეს მწარმოებლად და მასზე უნდა გავრცელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მწარმოებლის ვალდებულებები, იმ შემთხვევაში, როდესაც ის ელექტრომოწყობილობას ბაზარზე ათავსებს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან ახდენს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობის იმგვარ გადაკეთებას, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. მუხლი 10. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო ელექტრომოწყობილობის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია: ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას ელექტრომოწყობილობა; ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა ელექტრომოწყობილობა. 2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან თვითონ მიაწოდა სხვა პირს ელექტრომოწყობილობა. მუხლი 11. შესაბამისობის პრეზუმფცია ელექტრომოწყობილობა, რომელიც შესაბამისობაშია ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, მიიჩნევა, რომ შეესაბამება ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლსა და I დანართში მითითებულ უსაფრთხოების მიზნებს, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით. მუხლი 12. შესაბამისობის დეკლარაცია 1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნა. 2. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში მოცემული სტრუქტურის შესაბამისად, უნდა შეიცავდეს ამავე ტექნიკური რეგლამენტის III დანართით განსაზღვრულ „A“ მოდულით გათვალისწინებულ ელემენტებს და უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობაზე ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სავალდებულოა შესაბამისობის დეკლარაციის შედგენა, შედგენილი უნდა იქნეს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს ზემოხსენებული ტექნიკური რეგლამენტების შესახებ ინფორმაცია, მათი რეკვიზიტების თანხლებით. 4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას ელექტრომოწყობილობის შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მუხლი 13. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები 1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამავე ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს ადამიანის ან შინაური ცხოველის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების ან საკუთრების მიმართ, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორები, აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა ყველა შესაბამისი ელექტრომოწყობილობის მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე. მუხლი 14. დოკუმენტური შეუსაბამობა 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ შეუსაბამობას, იგი უფლებამოსილია, მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მისი გამოსწორება: ა) შესაბამისობის დეკლარაცია არ არის შედგენილი; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ არის შედგენილი; გ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობს ან არ არის სრულყოფილი; დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, მცდარია ან არასრულია; ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული რაიმე სახის ადმინისტრაციული მოთხოვა არ არის დაკმაყოფილებული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია, განახორცილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. დანართი I დადგენილი ვოლტაჟის ლიმიტებში გამოსაყენებლად დაპროექტებული ელექტრომოწყობილობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტები მუხლი 1. ძირითადი მოთხოვნები 1. ელექტრომოწყობილობაზე, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი − მის თანმხლებ დოკუმენტაციაში, მითითებული უნდა იყოს ელექტრომოწყობილობის ძირითადი მახასიათებლები, რომელთა ცოდნა და აღქმა უზრუნველყოფს პროდუქტის დანიშნულებისამებრ და უსაფრთხო გამოყენებას იმ მოწყობილობებში, რომელთათვისაც ის დამზადდა. 2. ელექტრომოწყობილობა და მისი შემადგენელი კომპონენტები დამზადებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი უსაფრთხო აწყობა და ერთმანეთთან მორგება (დაკავშირება). 3. ელექტრომოწყობილობა იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და სათანადო შენახვის პირობებში უზრუნველყოფდეს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული საფრთხეებისგან დაცვას. მუხლი 2. ელექტრომოწყობილობიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვა ამ დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური ხასიათის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) ადამიანებისა და შინაური ცხოველების სათანადო დაცვას ფიზიკური ან სხვაგვარი ზიანისგან, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შედეგად; ბ) საფრთხის შემცველი ტემპერატურის, ელექტრული წრედის ან რადიაციის წარმოქმნის არიდებას; გ) ადამიანების, შინაური ცხოველებისა და საკუთრების სათანადო დაცვას ელექტრომოწყობილობის მიერ გამოწვეული არაელექტრული საფრთხეებისგან, რომლებიც გამოვლენილია სფეროში არსებული გამოცდილების შედეგად; დ) პროგნოზირებადი პირობებისთვის სათანადო იზოლაციას. მუხლი 3. გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან წარმოშობილი საფრთხეებისგან დაცვა ამ დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური ხასიათის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ელექტრომოწყობილობა: ა) შეესაბამება გამოყენების მოსალოდნელ მექანიკურ მოთხოვნებს იმგვარად, რომ საფრთხეს არ უქმნის ადამიანებს, შინაურ ცხოველებსა და საკუთრებას; ბ) მოსალოდნელ გარემო პირობებში არის მედეგი არამექანიკური ზემოქმედების მიმართ იმგვარად, რომ საფრთხეს არ უქმნის ადამიანებს, შინაურ ცხოველებსა და საკუთრებას; გ) საფრთხეს არ უქმნის ადამიანებს, შინაურ ცხოველებსა და საკუთრებას მოსალოდნელი ზედატვირთვის პირობებში. დანართი II მოწყობილობები და პროცესები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებლად განკუთვნილ ელექტრომოწყობილობებზე; ბ) რადიოლოგიისა და სამედიცინო დანიშნულებით გამოსაყენებლად განკუთვნილ ელექტრომოწყობილობებზე; გ) სამგზავრო და სატვირთო ლიფტების ელექტრონაწილებზე; დ) ელექტროობის გამზომ ხელსაწყოებზე; ე) საყოფაცხოვრებო გამოყენების ელექტროჩანგლებსა (შესაერთებელი) და როზეტებზე; ვ) ელექტროღობის მაკონტროლებლებზე; ზ) რადიო-ელექტრულ ხელშეშლაზე; თ) გემებში, საჰაერო ხომალდებსა და რკინიგზაში გამოსაყენებლად განკუთვნილ სპეციალიზებულ ელექტრომოწყობილობებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს, რომელთა წევრიც საქართველოა; ი) კვლევით და განვითარების ობიექტებში პროფესიონალებისთვის მხოლოდ აღნიშნული მიზნით გამოსაყენებლად ინდივიდუალურად შექმნილ საკვლევ ხელსაწყოებზე. 2. ამ დანართით განსაზღვრულ მოწყობილობებსა და პროცესებზე შესაძლოა ვრცელდებოდეს სხვა ტექნიკური რეგლამენტების/რეგლამენტების მოქმედება. დანართი III მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი მუხლი 1. შიდა საწარმოო კონტროლი შიდა საწარმო კონტროლი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებში მისთვის განსაზღვრულ ვალდებულებებს და საკუთარი სრული პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ ელექტრომოწყობილობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 2. ტექნიკური დოკუმენტაცია მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იძლეოდეს ელექტრომოწყობილობის მისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის სათანადო ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ელექტრომოწყობილობის შესაბამის მოთხოვნებს და რამდენადაც ეს შეფასებისთვის არის აუცილებელი, ელექტრომოწყობილობის პროექტირების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამის შემთხვევებში, უნდა შეიცავდეს, სულ ცოტა, შემდეგ ელემენტებს: ა) ელექტრომოწყობილობის ზოგად აღწერილობას; ბ) პროექტირების კონცეპტუალურ ნაწილს, წარმოების ტექნოლოგიურ ნახაზებს, კომპონენტების, ქვესისტემების, წრედების სქემებსა და სხვა; გ) აღნიშნული ნახაზებისა და სქემების ანალიზისთვის აუცილებელ განმარტებებსა და ელექტრული აღჭურვილობის მოქმედების აღწერილობას; დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებული სტანდარტების ჩამონათვალს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიღებული გადაწყვეტილებების აღწერილობას, მათ შორის, შესაბამისი, გამოყენებული ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მოცემული სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული სტანდარტის ის ნაწილები, რომლებიც იქნა გამოყენებული; ე) საპროექტო გაანგარიშებების, ჩატარებული შემოწმებებისა და სხვა შედეგებს; ვ) გამოცდების ანგარიშებს. მუხლი 3. წარმოება მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული ელექტრომოწყობილობის შესაბამისობა ამ მოდულის მე-2 მუხლში მითითებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან. მუხლი 4. შესაბამისობის დეკლარაცია 1. მწარმოებელი ვალდებულია თითოეული ელექტრომოწყობილობის მოდელისათვის წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად იქონიოს იგი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის ხელმისაწვდომად მის მიერ ელექტრომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია შეიქმნა. 2. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. მუხლი 5. ავტორიზებული წარმომადგენელი ამ დანართის მე-4 მუხლში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის ნაცვლად და მისივე პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს უფლებამოსილების მინდობილობა. დანართი IV შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა „შესაბამისობის დეკლარაცია (№)* 1. პროდუქტის მოდელი/პროდუქტი (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი): 2. მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი: 3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობით: 4. დეკლარაციის ობიექტი (ელექტრომოწყობილობის მიკვლევადობისთვის საჭირო ინფორმაცია. აღნიშნული შესაძლოა, საჭიროებისამებრ, ასევე მოიცავდეს ელექტრომოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი გარჩევადობის მქონე ფერად სურათს): 5. აღწერილი დეკლარაციის ობიექტი შეესაბამება (ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) რეკვიზიტები, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქტი): 6. შესაბამისი გამოყენებული სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მითითებები, რომელთა მიმართაც იქნა დეკლარირებული ელექტრომოწყობილობის შესაბამისობა: 7. დამატებითი ინფორმაცია: ხელმოწერილია ----- მიერ და ------ სახელით: (შედგენის ადგილი და თარიღი): (სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა): *შენიშვნა: მწარმოებელი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა შესაბამისობის დეკლარაციას ნომერი.“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები