საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 30/11/1989
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2023
სარეგისტრაციო კოდი
-
30/11/1989
ვებგვერდი, 24/04/2023
საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
ევროპის გაერთიანებების საბჭო

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

 

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით) 

ევროგაერთიანებების საბჭომ,

ითვალისწინებს რა „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას“, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა ევროკომისიის წინადადებას[1], რომელიც წარდგენილ იქნა „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან“ კონსულტაციის შემდეგ,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით[2],

ითვალისწინებს რა „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის“ მოსაზრებას[3],

ვინაიდან დამფუძნებელი ხელშეკრულების 118a-ე მუხლის თანახმად, საბჭომ დირექტივების საშუალებით უნდა დაადგინოს მინიმალური მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად, ასეთ დირექტივებში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება ისე, რომ ამან შეაფერხოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნა და განვითარება;

ვინაიდან ევროკომისიის კომუნიკაცია „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამის შესახებ“[4] ითვალისწინებს დირექტივის მიღებას სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ;

ვინაიდან, საბჭომ თავის 1987 წლის 21 დეკემბრის რეზოლუციაში „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“[5] ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის განზრახვაზე უახლოეს მომავალში საბჭოსთვის წარედგინა სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები;

ვინაიდან იმ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომლებიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უკეთ დაცვას, არსებითი მნიშვნელობა აქვს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან, ეს დირექტივა არის ინდივიდუალური დირექტივა „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის[6] მნიშვნელობით; ვინაიდან, აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება მუშაკთა მიერ სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე, ამ დირექტივის უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების შეუზღუდავად;

ვინაიდან, ეს დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზრის სოციალური განზომილების მიღწევისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯს;

ვინაიდან კოლექტიური დაცვის საშუალებებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან შედარებით; ვინაიდან დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვის საშუალებების არსებობა და უსაფრთხოების ზომების მიღება;

ვინაიდან ამ დირექტივით დადგენილი მოთხოვნები არ უნდა გულისხმობდეს იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეცვლას, რომელთა დიზაინი და წარმოება შესაბამისობაშია ევროგაერთიანების დირექტივებთან სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ;

ვინაიდან უნდა არსებობდეს აღწერილობები, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ზოგადი წესების დადგენისას;

ვინაიდან, გადაწყვეტილების 74/325/EEC[7] თანახმად, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა 1985 წლის „მიერთების აქტით“, ევროკომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან“ ამ სფეროში წინადადებების შემუშავების მიზნით,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

განყოფილება I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც არის მესამე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით, ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ გამოყენებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით.

2. დირექტივის 89/391/EEC დებულებები სრულად ვრცელდება 1-ელ პუნქტში მითითებულ მთლიან სფეროზე, ამავე დირექტივის უფრო შემზღუდავი ან/და სპეციფიკური დებულებების დაურღვევლად.

 

მუხლი 2

განმარტება

1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ნიშნავს ყველა იმ აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილია მუშაკის მიერ სატარებლად ან ჩასაცმელად მისი დაცვის მიზნით ერთი ან მეტი საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა ემუქრებოდეს მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას სამუშაო ადგილზე, და ასევე ნებისმიერ დანამატს ან აქსესუარს, რომელიც განკუთვნილია ამ მიზნის მისაღწევად.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული განმარტება გამორიცხავს:

(a) ჩვეულებრივ სამუშაო ტანსაცმელს და უნიფორმას, რომელიც არ არის სპეციალურად შექმნილი მუშაკის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად;

(b) საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობას;

(c) ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომლებსაც ატარებენ ან იყენებენ სამხედრო, პოლიციისა და სხვა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურები;

(d) საგზაო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს;

(e) სპორტულ აღჭურვილობას;

(f) თავდაცვით ან შემაკავებელ აღჭურვილობას;

(g) რისკებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების გამოსავლენ და მისანიშნებელ პორტატულ მოწყობილობებს.

 

მუხლი 3

ზოგადი წესი

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინ, როდესაც ვერ ხდება რისკების თავიდან აცილება ან საკმარისად შეზღუდვა კოლექტიური დაცვის ტექნიკური საშუალებებით ან სამუშაოს ორგანიზების ღონისძიებებით, მეთოდებით ან პროცედურებით.

 

განყოფილება II

დამსაქმებელთა ვალდებულებები

 

მუხლი 4

ზოგადი დებულებები

1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დიზაინი და წარმოება უნდა შეესაბამებოდეს ევროგაერთიანების შესაბამის სამართლის ნორმებს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით.

ყველა ინდივიდუალური დაცვის საშუალება:

(a) უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ რისკებს ისე, რომ თავად არ ქმნიდეს მომატებულ რისკს;

(b) უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო ადგილზე არსებულ პირობებს;

(c) უნდა ითვალისწინებდეს ერგონომიულ მოთხოვნებს და მუშაკის ჯანმრთელობის მდგომარეობას;

(d) ნებისმიერი საჭირო რეგულირების შემდეგ, სწორად უნდა ერგებოდეს იმ პირს, რომელსაც ის აცვია/რომელიც მას ატარებს.

2. თუ ერთზე მეტი რისკის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ მუშაკმა ერთდროულად ატაროს ერთზე მეტი ინდივიდუალური დაცვის საშუალება, ეს საშუალებები ერთმანეთთან შეთავსებადი უნდა იყოს და უნდა ინარჩუნებდეს ეფექტურობას არსებული რისკის ან რისკების წინააღმდეგ.

3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების პირობები, კერძოდ, მათი ტარების პერიოდი, განისაზღვრება რისკის სერიოზულობის, რისკის მიმართ დაუცველობის სიხშირის, თითოეული მუშაკის სამუშაო სადგურის ტექნიკური მახასიათებლებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ეფექტურობის საფუძველზე.

4. ინდივიდუალური დაცვის საშუალება პრინციპში პერსონალური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

თუ გარემოებები მოითხოვს ერთი და იგივე ინდივიდუალური დაცვის საშუალების გამოყენებას ერთზე მეტი ადამიანის მიერ, მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამით სხვადასხვა მომხმარებელს არ შეექმნას ჯანმრთელობასთან ან ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები.

5. საწარმოში ან დაწესებულებაში უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ.

6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უფასოდ უნდა იქნეს მიწოდებული მუშაკებისთვის დამსაქმებლის მიერ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მათი გამართული ფუნქციონირება და ჰიგიენის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები, საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფის, შეკეთებისა და შეცვლის საშუალებით.

თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად განსაზღვრონ, რომ მუშაკებსაც ეთხოვოთ შეიტანონ წვლილი გარკვეული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენაში იმ შემთხვევებში, როდესაც აღჭურვილობის გამოყენება მხოლოდ სამუშაო ადგილით არ შემოიფარგლება.

7. დამსაქმებელმა პირველ რიგში მუშაკებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლისგანაც მათ იცავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

8. დამსაქმებელმა უნდა ჩაატაროს ტრენინგი და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ჩვენებას.

9. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მითითებული მიზნებისთვის, კონკრეტული და გამონაკლისი გარემოებების გარდა.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოყენებულ უნდა იქნეს ინსტრუქციების შესაბამისად.

ამგვარი ინსტრუქციები გასაგები უნდა იყოს მუშაკებისთვის.

 

მუხლი 5

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეფასება

1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევამდე დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს აკმაყოფილებს თუ არა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელთა გამოყენებასაც ის აპირებს, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.

ასეთი შეფასება მოიცავს შემდეგს:

(a) იმ რისკების ანალიზსა და შეფასებას, რომელთა თავიდან აცილებაც სხვა საშუალებებით შეუძლებელია;

(b) იმ ტექნიკური მახასიათებლების განმარტებას, რომლებიც უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებას იმისთვის, რომ იყოს ეფექტური (a) ქვეპუნქტში მითითებული რისკების წინააღმდეგ, ნებისმიერი იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა თვითონ ამ საშუალებამ წარმოქმნას;

(c) არსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების შედარებას (b) ქვეპუნქტში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეფასება უნდა გადაიხედოს მის რომელიმე ელემენტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში.

 

მუხლი 6 [8]  

გამოყენების წესები

1. მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ზოგადი წესების ან/და ისეთი წესების დადგენა, რომელიც არეგულირებს ისეთ შემთხვევებსა და სიტუაციებს, სადაც დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს მუშაკები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ამგვარი საშუალებების თავისუფალი გადაადგილების შესახებ ევროგაერთიანების კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ამ წესებში განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს ის გარემოებები ან სარისკო სიტუაციები, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება წარმოადგენს აუცილებლობას, კოლექტიური დაცვის საშუალებების პრიორიტეტულობის შეუზღუდავად.

I, II და III დანართები, რომლებიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს, მოიცავს სასარგებლო ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული წესების დასადგენად.

2. წევრი სახელმწიფოების მიერ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესების ადაპტირებისას, მათ უნდა გაითვალისწინონ მნიშვნელოვანი ცვლილებები რისკებთან, კოლექტიური დაცვის საშუალებებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ტექნოლოგიური განვითარებით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციასთან 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ წესებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 7

მუშაკთა ინფორმირება

დირექტივის 89/391/EEC მე-10 მუხლის დაურღვევლად, მუშაკები ან/და მათი წარმომადგენლები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ყველა იმ ზომის შესახებ, რომელიც მიიღება მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მუშაკთა მიერ სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების დროს.

 

მუხლი 8

მუშაკთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა

მუშაკთა ან/და მათ წარმომადგენელთა კონსულტირება და მათი მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივით, მათ შორის მისი დანართებით, გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

განყოფილება III

სხვადასხვა დებულებები

 

მუხლი 9

დანართებში შესწორებების შეტანა

I, II და III დანართებში მკაცრად ტექნიკური ხასიათის შესწორებები, რომლებიც გამომდინარეობს:

– ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით ტექნიკური ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის შესახებ დირექტივების მიღებიდან, ან/და

– ტექნიკური პროგრესიდან და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სფეროში არსებულ საერთაშორისო რეგულაციებსა და ტექნიკურ მახასიათებლებში ან ცოდნაში შესული ცვლილებებიდან,

მიღებულ უნდა იქნეს დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 10

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 1992 წლის 31 დეკემბრამდე. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ ევროკომისიას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ ან რომელიც მათ უკვე მიიღეს წინამდებარე დირექტივით რეგულირებულ სფეროში.

3. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ ევროკომისიას ანგარიში ამ დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს დამსაქმებელთა და მუშაკთა მოსაზრებებს.

ევროკომისიამ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს“ და „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს“.

4. ევროკომისიამ ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და „ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს“ პერიოდულად უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ, 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით.

 

მუხლი 11

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში 1989 წლის 30 ნოემბერს.

 

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ჯ. პ. სოისონი

 

 

დანართი I

რისკების კვლევის ცხრილის ნიმუში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისთვის

 

დანართი II

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არასრული სახელმძღვანელო ჩამონათვალი

თავის დაცვა

– დამცავი ჩაფხუტები მრეწველობაში გამოსაყენებლად (მაგ: მაღაროებში, სამშენებლო ადგილებზე, და სხვა სამრეწველო გამოყენება).

– სკალპის დაცვა (კეპები, ქუდები, თმის ბადეები თვალის დამცავით ან მის გარეშე).

– დამცავი თავსაბური (ქსოვილის, წყალგაუმტარი ქსოვილის და ა.შ. ქუდები, კეპები, წყალგაუმტარი შლაპები და ა.შ.).

სმენის დაცვა

– ყურის დამცავი საცობები და მსგავსი მოწყობილობები.

– სრული აკუსტიკური ჩაფხუტები.

– ხმაურის დამხშობი ყურსაცვამები, რომელთა მორგებაც შესაძლებელია სამრეწველო ჩაფხუტებზე.

– ხმაურის დამხშობი ყურსაცვამები დაბალი სიხშირის ინდუქციური მარყუჟის მიმღებით.

– ყურების დაცვა შიდასაკომუნიკაციო მოწყობილობებით.

თვალებისა და სახის დაცვა

– სათვალე.

– დამცავი სათვალე.

– რენტგენული სხივებისგან დამცავი სათვალე, ლაზერული სხივებისგან დამცავი სათვალე, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და ხილვადი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეები.

– სახის დამცავი ფარი.

– შემდუღებლის დამცავი ნიღაბი და ჩაფხუტი (ხელით დასაკავებელი ნიღაბი, თავზე დასამაგრებელი ნიღაბი ან დამცავ ჩაფხუტზე დასამაგრებელი ნიღაბი).

სასუნთქი სისტემის დაცვა

– მტვრის ფილტრები, აირის ფილტრები და რადიოაქტიური მტვრის ფილტრები.

– საიზოლაციო მოწყობილობები ჰაერის მიწოდებით.

– რესპირატორული მოწყობილობები, მათ შორის მოსახსნელი შემდუღებლის დამცავი ნიღაბი.

– საყვინთავი აღჭურვილობა.

– საყვინთავი კოსტიუმი.

ხელებისა და მკლავების დაცვა

– ხელთათმანები დაცვის უზრუნველსაყოფად:

– მანქანა-დანადგარებისგან (ჩხვლეტა, გაჭრა, ვიბრაცია და ა.შ.),

– ქიმიკატებისგან,

– ელექტრომექანიკოსებისთვის და სიცხისგან დასაცავად.

– ცალთითა ხელთათმანები.

– სათითეები.

– სამკლავურები.

– მაჯის დამცავი მძიმე სამუშაოსთვის.

– უთითო ხელთათმანები.

– დამცავი ხელთათმანები.

ტერფებისა და ფეხების დაცვა

– დაბალი ფეხსაცმელი, კოჭამდე ფეხსაცმელი, მუხლამდე ფეხსაცმელი, დამცავი ფეხსაცმელი.

– ფეხსაცმელი, რომლის ზონრის მოხსნა ან გახსნა სწრაფად შეიძლება.

– ფეხსაცმელი დამატებითი ფეხის თითების დამცავით.

– ფეხსაცმელი და ბოტები ცეცხლგამძლე ძირით.

– ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი, ჩექმა და ბოტები.

– თერმული ფეხსაცმელი, ჩექმა და ბოტები.

– ვიბრაციაგამძლე ფეხსაცმელი, ჩექმა და ბოტები.

– ანტისტატიკური ფეხსაცმელი, ჩექმა და ბოტები.

– საიზოლაციო ფეხსაცმელი, ჩექმა და ბოტები.

– დამცავი ჩექმა ჯაჭვური ხერხის ოპერატორებისთვის.

– ხისძირიანი ფეხსაცმელი.

– სამუხლეები.

– მოსახსნელი წინატერფის დამცავები.

– გამაშები.

– მოსახსნელი ლანჩები (ცეცხლგამძლე, გახვრეტისგან დამცავი ან ოფლის გამძლე).

– მოსახსნელი წვეტები ყინულისთვის, თოვლისთვის ან სრიალა ზედაპირისთვის.

კანის დაცვა

– დამცავი კრემი/მალამო.

ტანისა და მუცლის ღრუს დაცვა

– დამცავი ჟილეტები, ქურთუკები და წინსაფრები, მანქანა-დანადგარებისგან (გახვრეტისგან, გაჭრისგან, გამდნარი ლითონის შხეფებისგან და ა.შ.) დასაცავად.

– დამცავი ჟილეტები, ქურთუკები და წინსაფრები ქიმიკატებისგან დასაცავად.

– თერმული ჟილეტები.

– მაშველი ჟილეტები.

– რენტგენის სხივებისგან დამცავი წინსაფრები.

– უსაფრთხოების სარტყელი.

მთლიანი სხეულის დაცვა

– ჩამოვარდნისგან დამცავი აღჭურვილობა

– ჩამოვარდნისგან დამცავი აღჭურვილობა (სრული აღჭურვილობა ყველა საჭირო აქსესუარით).

– დასამუხრუჭებელი აღჭურვილობა კინეტიკური ენერგიის შთანთქმისთვის (სრული აღჭურვილობა ყველა საჭირო აქსესუარით).

– სხეულის დამჭერი მოწყობილობები (უსაფრთხოების ღვედები)

– დამცავი ტანსაცმელი

– „უსაფრთხოების“ სამუშაო ტანსაცმელი (ორეულები და კომბინეზონები).

– მანქანა-დანადგარებისგან (გახვრეტისგან, გაჭრისგან და ა.შ.) დამცავი ტანსაცმელი.

– ქიმიკატებისგან დამცავი ტანსაცმელი.

– გამდნარი ლითონის შხეფებისგან და ინფრაწითელი გამოსხივებისგან დამცავი ტანსაცმელი.

– ცეცხლგამძლე ტანსაცმელი.

– თერმული ტანსაცმელი.

– რადიოაქტიური დაბინძურებისგან დამცავი ტანსაცმელი.

– მტვერშეუღწევი ტანსაცმელი.

– აირგაუმტარი ტანსაცმელი.

– ფლუორესცენციური მანიშნებელი და უკუამრეკლავი ტანსაცმელი და აქსესუარები (სამკლავურები, ხელთათმანები და ა.შ.).

– დამცავი საფარები.

 

 

დანართი Ш

საქმიანობათა და საქმიანობის სექტორთა არასრული სახელმძღვანელო ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც შესაძლოა საჭირო გახდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება

 

1. თავის (თავის ქალის) დაცვა

დამცავი ჩაფხუტები

– სამშენებლო სამუშაოები, განსაკუთრებით მუშაობა ხარაჩოებზე, ხარაჩოების ქვეშ ან მათ სიახლოვეს, მუშაობა შემაღლებულ სამუშაო ადგილებზე, მათ ქვეშ ან მათ სიახლოვეს, ყალიბების დადგმისა და მოხსნის სამუშაოები, აწყობის და მონტაჟის სამუშაოები, ხარაჩოებზე მუშაობა, და სადემონტაჟო სამუშაოები.

– სამუშაოები ფოლადის ხიდებზე, ფოლადის სამშენებლო კონსტრუქციებზე, ანძებზე, კოშკურებზე, ფოლადის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, ბრძმედის ღუმელებთან, ფოლადსასხმელ აგრეგატებთან და საგლინ დგანებთან, დიდ კონტეინერებზე, დიდ მილსადენებზე, საქვაბეებსა და ელექტროსადგურებზე.

– სამუშაოები მაღაროებში, სანგრებში, შახტებსა და გვირაბებში.

– მიწის სამუშაოები და კლდეზე შესასრულებელი სამუშაოები.

– სამუშაოები მიწისქვეშ, კარიერებზე და ღია საბადოებზე, და ნედლი ქვანახშირის გადაადგილების სამუშაოები.

– ჭანჭიკების სახრახნ იარაღებთან დაკავშირებული სამუშაოები.

– საამფეთქებლო სამუშაოები.

– სამუშაოები ლიფტების, ამწე მოწყობილობების, ამწეების და კონვეიერების სიახლოვეს.

– სამუშაოები ბრძმედის ღუმელებთან, პირდაპირი აღდგენის აგრეგატებთან, ფოლადსასხმელ აგრეგატებთან, საგლინ დგანებთან, ლითონდამუშავებაზე, ჭედვაზე, შტამპში ჭედვაზე და ყალიბში ჩამოსხმაზე.

– სამუშაოები სამრეწველო ღუმელებთან, კონტეინერებთან, მანქანა-დანადგარებთან, სილოსებთან, ბუნკერებთან და მილსადენებთან.

– გემთმშენებლობა.

– სარკინიგზო მანევრირებითი სამუშაოები.

– სამუშაოები სასაკლაოებზე.

2. ფეხის ტერფების დაცვა

უსაფრთხოების ფეხსაცმელი გახვრეტისგან დამცავი ძირებით

– მზიდი კონსტრუქციის, საძირკველის ჩასხმისა და გზის სამუშაოები.

– ხარაჩოზე მუშაობა.

– მზიდი კონსტრუქციის სადემონტაჟო სამუშაოები.

– მუშაობა ბეტონის და საქარხნო წესით დამზადებულ კონსტრუქციებთან, მათ შორის ბეტონის ყალიბის დადგმა და მოხსნა.

– მუშაობა კონტრაქტორების ეზოებსა და საწყობებში.

– სახურავზე წარმოებული სამუშაოები.

უსაფრთხოების ფეხსაცმელი გახვრეტისგან დამცავი ძირების გარეშე

– სამუშაოები ფოლადის ხიდებზე, ფოლადის სამშენებლო კონსტრუქციებზე, ანძებზე, კოშკურებზე, ლიფტებზე, ფოლადის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, ბრძმედის ღუმელებთან, ფოლადსასხმელ აგრეგატებთან და საგლინ დგანებთან, დიდ კონტეინერებზე, დიდ მილსადენებზე, ამწეებზე, საქვაბეებსა და ელექტროსადგურებზე.

– ღუმელის კონსტრუქციის, გათბობის და სავენტილაციო სისტემების მონტაჟისა და ლითონის სამონტაჟო სამუშაოები.

– სარეკონსტრუქციო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოები.

– სამუშაოები ბრძმედის ღუმელებთან, პირდაპირი აღდგენის აგრეგატებთან, ფოლადსასხმელ აგრეგატებთან, საგლინ დგანებთან, ლითონდამუშავებაზე, ჭედვაზე, შტამპში ჭედვაზე, ცხელი დაპრესვისა და გლინვის დანადგარებთან.

– სამუშაოები კარიერებზე და ღია საბადოებზე, და ნედლი ქვანახშირის გადაადგილების სამუშაოები.

– ქვის გადამუშავების სამუშაოები.

– ფურცლოვანი მინისა და მინის ნაკეთობების წარმოებისა და დამუშავების სამუშაოები.

– კერამიკის მრეწველობაში ყალიბებთან მუშაობა.

– კერამიკის მრეწველობაში გამოსაწვავი ღუმელების ამოფენის სამუშაოები.

– ჩამოსხმითი სამუშაოები კერამიკის ნაკეთობებისა და სამშენებლო მასალების მრეწველობაში.

– ტრანსპორტირება და დასაწყობება.

– გაყინული ხორცის ბლოკებთან და დაკონსერვებული სურსათის შეფუთვებთან მუშაობა.

– გემთმშენებლობა.

– სარკინიგზო მანევრირებითი სამუშაოები.

ქუსლიანი ან ერთიანი ძირის მქონე უსაფრთხოების ფეხსაცმელი გახვრეტისგან დამცავი ძირით

– სახურავზე წარმოებული სამუშაოები.

დამცავი ფეხსაცმელი საიზოლაციო ძირით

– ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ მასალებთან/მასალებზე მუშაობა.

ადვილად გასახდელი უსაფრთხოების ფეხსაცმელი

– სამუშაოები სადაც არსებობს ფეხსაცმელში გამდნარი ნივთიერებების შეღწევის რისკი.

3. თვალის ან სახის დაცვა

დამცავი სათვალეები და სახის დამცავი ფარები

– შედუღების, ზედაპირის ხეხვისა და განცალკავების სამუშაოები.

– გმანვა და საჭრეთლით დამუშავება.

– ქვაზე მუშაობა და ქვის გადამუშავება.

– ჭანჭიკების სახრახნ იარაღებთან დაკავშირებული სამუშაოები.

– მცირე ნამსხვრევების მოსაცილებელ დანადგარებთან მუშაობა.

– ჭედვა შტამპში.

– ფრაგმენტების მოცილება და დაშლა.

– აბრაზიული ნივთიერებების შესხურება.

– მჟავებთან და კაუსტიკურ ხსნარებთან, სადეზინფექციო საშუალებებთან და კოროზიის საწმენდ ნივთიერებებთან მუშაობა.

– თხევად სპრეებთან მუშაობა.

– გამდნარ ნივთიერებებთან და მათ სიახლოვეს მუშაობა.

– სხივურ სითბოსთან მუშაობა.

– ლაზერთან მუშაობა.

4. სასუნთქი სისტემის დაცვა

რესპირატორები/სასუნთქი აპარატები

– სამუშაოები კონტეინერებში, შეზღუდულ სივრცეებში და აირზე მომუშავე საწარმოო ღუმელებში, სადაც შეიძლება დაგროვდეს აირი ან იყოს ჟანგბადის უკმარისობა.

– ბრძმედის ღუმელის კერძის სიახლოვეს მუშაობა.

– აირის კონვერტორის და ბრძმედის ღუმელის აირის მილსადენის სიახლოვეს მუშაობა.

– ბრძმედის ღუმელის ონკანების სიახლოვეს მუშაობა, სადაც შესაძლოა დაგროვდეს მძიმე მეტალების გამონაბოლქვი.

– ღუმელებისა და ციცხვების ზედაპირზე მუშაობა, სადაც შესაძლოა დაგროვდეს მტვერი.

– საშხეფარის მეშვეობით შეღებვა ისეთ სივრცეში, სადაც სათანადოდ არ ხდება მტვრისგან გაწმენდა.

– შახტებში, საკანალიზაციო მილებში და საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულ სხვა მიწისქვეშა სივრცეებში მუშაობა.

– სამაცივრე დანადგარებთან მუშაობა, სადაც არსებობს მაცივარაგენტის აორთქლების საფრთხე.

5. სმენის დაცვა

ყურების დამცავი საშუალებები

– ლითონის ჭედვითი სამუშაოები.

– სამუშაოები პნევმატური ბურღებით.

– აეროპორტებში სახმელეთო პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოები.

– ხიმინჯების ჩასობის სამუშაოები.

– სამუშაოები ხეზე და ქსოვილზე.

6. სხეულის, მკლავებისა და ხელების დაცვა

დამცავი ტანსაცმელი

– მჟავებთან და კაუსტიკურ ხსნარებთან, სადეზინფექციო საშუალებებთან და კოროზიის საწმენდ ნივთიერებებთან მუშაობა.

– სამუშაოები ცხელ მასალებთან ან მათ სიახლოვეს, ასევე ისეთ ადგილებში სადაც იგრძნობა სიცხის ზემოქმედება.

– სამუშაოები ფურცლოვანი მინის პროდუქტებთან.

– საფანტჭავლური დამუშავების სამუშაოები.

– მაცივარ-საყინულეებში წარმოებული სამუშაოები.

ცეცხლგამძლე დამცავი ტანსაცმელი

– შედუღებითი სამუშაოების წარმოება შეზღუდულ სივრცეებში.

გახვრეტისგან დამცავი წინსაფრები

– ნიველირებისა და ჭრის სამუშაოები.

– ხელის დანებთან მუშაობა, რომელიც გულისხმობს დანის მოძრაობას მუშაკის სხეულის მიმართულებით.

ტყავის წინსაფრები

– შედუღება.

– ჭედვა.

– ჩამოსხმა.

წინამხრის დაცვა

– ნიველირებისა და ჭრის სამუშაოები.

ხელთათმანები

– შედუღება.

– ბასრპირიან საგნებთან მუშაობა, გარდა იმ დანადგარებისა სადაც არსებობს ხელთათმანის ჩაყოლების საფრთხე.

– მჟავებთან და კაუსტიკურ ხსნარებთან დაუცველი მუშაობა.

ლითონის ბადისებრი ხელთათმანები

– ნიველირებისა და ჭრის სამუშაოები.

– ხელის დანის გამოყენებით რეგულარული ჭრის სამუშაოები წარმოებაში და ცხოველების დაკვლისას.

– საჭრელ მანქანა-დანადგარებზე დანების გამოცვლა.

7. ამინდმედეგი ტანსაცმელი

– სამუშაოები ღია ცის ქვეშ წვიმასა და ცივ ამინდში.

8. ამრეკლავი ტანსაცმელი

– სამუშაოები, რომელთა შესრულების დროსაც მუშაკები მკაფიოდ უნდა ჩანდნენ.

9. უსაფრთხოების ღვედები

– სამუშაოები ხარაჩოებზე.

– საქარხნო წესით დამზადებული ნაწილების აწყობა.

– სამუშაოები ანძებზე.

10. უსაფრთხოების თოკები

– მაღალი ამწის კაბინებში მუშაობა.

– სამუშაოები საწყობის ასაწყობი და დამშლელი მოწყობილობების მაღალ კაბინებში.

– სამუშაოები საბურღი კოშკურების მაღალ მონაკვეთებზე.

– სამუშაოები შახტებსა და საკანალიზაციო მილებში.

11. კანის დაცვა

– დანაფარის მასალების გადამუშავება.

– სათრიმლავი სამუშაოები.

 



[1] ოფიციალური ჟურნალი C 161, 20.06.1988, გვ. 1, ოფიციალური ჟურნალი C 115, 08.05.1989, გვ. 27 და ოფიციალური ჟურნალი C 287, 15.11.1989, გვ. 11.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 12, 16.01.1989, გვ. 92 და ოფიციალური ჟურნალი C 256, 09.10.1989, გვ. 61.

[3] ოფიციალური ჟურნალი C 318, 12.12.1988, გვ. 30.

[4] ოფიციალური ჟურნალი C 28, 03.02.1988, გვ. 3.

[5] ოფიციალური ჟურნალი C 28, 03.02.1988, გვ. 1.

[6] ოფიციალური ჟურნალი L 183, 29.06.1989, გვ. 1.

[7] ოფიციალური ჟურნალი L 185, 09.07.1974, გვ. 15.

[8] იხ. ევროკომისიის კომუნიკაცია (ოფიციალური ჟურნალი C 328, 30.12.1989, გვ. 3).