დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2817-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400020000.05.001.020857 |
|
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 400020000.05.001.019727) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომ − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს, აგრეთვე პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გაუცემელ მიწაზე. ამ კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე, აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აგრეთვე წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ვ) სხვა წყალმომხმარებლის მიერ წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.“. 3. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სხვა წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს პირველადი წყალმოსარგებლისგან საირიგაციო სისტემის მეშვეობით იღებს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი არ არის;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) პროფილური წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს საირიგაციო მიზნით მოიხმარს;“; გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საირიგაციო სისტემა − საირიგაციო ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებული ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის კვების წყაროდან აღებას (წყალაღებას), ტრანსპორტირებასა და საირიგაციო ან/და სხვა მიზნით მიწოდებას;“; დ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მომსახურების ხელშეკრულება − წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა/სხვა წყალმომხმარებელსა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; თ) მიწოდების წერტილი – მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილი (ადგილები), სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებას განახორციელებს;“; ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) წყლის მიწოდება − წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიწოდება.“. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პირველადი წყალმოსარგებლე 1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას. 2. პირველადი წყალმოსარგებლე ვალდებულია: ა) მომსახურება გასწიოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ბ) შეასრულოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ხარისხის წყალი, უზრუნველყოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვა და განახორციელოს ღონისძიებები სარწყავი წყლის დაბინძურების აღსაკვეთად; დ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წყლის მიწოდების რეჟიმი და უზრუნველყოს მისი შესრულება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ე) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად; ვ) უზრუნველყოს მის მიერ გაწეული მომსახურების პირობებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; ზ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა; თ) ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად პერიოდულად წარუდგინოს მას სათანადო ანგარიში; ი) დროულად გადაიხადოს ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.“. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფებს ადგენს ეროვნული კომისია.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენისას ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე განსხვავებული პროპორციით, პროფილური წყალმომხმარებლის სასარგებლოდ გაანაწილოს.“. 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდების, აგრეთვე საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის მიზნით.“. 7. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიწოდების წერტილში მიღებული წყლის რაციონალურად განაწილება;“. 8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლის ვადით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. 2. მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება ყოველწლიურად დაზუსტდეს.“. 9. 26-ე მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება; ი) საირიგაციო სისტემის მართვის მონიტორინგი.“. 10. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. ეროვნული კომისიის კომპეტენცია მომსახურების სფეროში 1. ეროვნული კომისია საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ კანონით. 2. პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობას არეგულირებს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად; ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა; დ) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება, რომლებიც არეგულირებს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; ე) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება; ვ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ ამ კანონის ან ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრება; ზ) პირველადი წყალმოსარგებლის რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა; თ) პირველადი წყალმოსარგებლისთვის, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტის დამტკიცება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სათანადოდ შესრულებისთვის; ი) პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) პირველადი წყალმოსარგებლის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე. 4. ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევის შემთხვევაში წერილობით გააფრთხილოს იგი ან დააკისროს მას 5 000 ლარიდან 75 000 ლარამდე ჯარიმა. ამ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველად წყალმოსარგებლეს გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს.“. 11. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ეროვნული კომისია არ განიხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას. ეს დავა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.“. 12. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაამტკიცოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია; ბ) დაადგინოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები;“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეროვნული კომისია მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის შემდეგ. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენამდე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები: „6. ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოს: ა) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება; ბ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება. 7. სამინისტრომ 2023 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოს წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება. 8. 2027 წლამდე ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სადრენაჟო მომსახურების ტარიფის დადგენა, ხოლო სამინისტრომ ამ ტარიფის დასადგენად ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოს შესაბამისი კანონის პროექტის მომზადება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 3 მაისი 2023 წ. N2817-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები