„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 11-48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 14/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016727
11-48
18/10/2022
ვებგვერდი, 26/04/2023
480610000.03.030.016727
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ადასტურებენ რა საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო ურთიერთობას, დამყარებულს წარმატებულ გრძელვადიან თანამშრომლობასა და მეგობრობაზე,

აღიარებენ და იზიარებენ რა საერთო ხედვას, ორივე ქვეყანაში განავითარონ ძლიერი თავდაცვის, სამხედრო და სტრატეგიული შესაძლებლობები,

მხედველობაში იღებენ რა „ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ (NATO PfP SOFA), ბრიუსელში ხელმოწერილი 1995 წლის 19 ივნისის შეთანხმების პირობებს,

ითვალისწინებენ რა „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2014 წლის 14 მარტს თბილისში ხელმოწერილ შეთანხმებას,

სურთ რა, გააძლიერონ და გააფართოონ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში,

აღიარებენ, რომ ორივე მხარისთვის თავდაცვის ინდუსტრიისა და სამხედრო შესაძლებლობების განვითარება შესაძლოა გაძლიერდეს მხარეებს შორის ურთიერთგაგებით, ინფორმაციის გაცვლითა და მზარდი თანამშრომლობით, მათ შორის, სტრატეგიული დიალოგით თავდაცვის საკითხების შესახებ,

ადასტურებენ რა ერთგულებას, გაუმკლავდნენ სტრატეგიული უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს და ხელი შეუწყონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ვალდებულებების ფარგლებში,

აცხადებენ რა თავიანთ განზრახვას წინამდებარე შეთანხმების მეშვეობით მხარეებს შორის განისაზღვროს საფუძვლები, სტრუქტურა და ორგანიზაციები თავდაცვის, სამხედრო, სტრატეგიულ და ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.                      

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
 

1. „მასპინძელი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც იღებს მეორე მხარის პერსონალს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით.

2.„გამგზავნი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც აგზავნის პერსონალს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით.

მუხლი 3

თანამშრომლობის სფეროები

მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის, უკვე მიღწეული შედეგების და დამყარებული ურთიერთნდობისა და მეგობრობის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, შექმნან საფუძვლები და სტრუქტურა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მათი შესაძლებობების გაძლიერების მიზნით შემდეგ სფეროებში:

  1. თავდაცვის პოლიტიკა;
  2. სტრატეგიული კოორდინაცია და თანამშრომლობა;
  3. სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ტრენინგი;
  4. თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა;
  5. თავსებადობისა და შესაძლებლობების განვითარება;
  6. საჰაერო ფრენების კონტროლი;
  7. საავიაციო სფეროში გამოცდილების გაცვლა;
  8. კიბერ-თავდაცვა სამხედრო სფეროში;
  9. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (CBRN) საფრთხეების შემცირების სფეროში თანამშრომლობა;
  10. თავდაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი საკითხები;
  11. სხვადასხვა სამხედრო მომსახურების ორგანიზება და მობილიზება;
  12. შეიარაღების კონტროლი და განიარაღება;
  13. სამხედრო-ფინანსური საკითხები;
  14. სამხედრო ეკონომიკური და ტექნიკური-სამეცნიერო აქტივობები;
  15. გეოგრაფია, ჰიდროგეოგრაფია და ტოპოგეოდეზია;
  16. დაბინძურების კონტროლი და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები;
  17. სამხედრო მედიცინა;
  18. კულტურა, სპორტი, რეკრეაცია;
  19. თანამშრომლობის სხვა სფეროები, რომლებიც შეიძლება შემდგომში შეთანხმდეს მხარეებს შორის.

მუხლი 4

თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ღონისძიებები

  1. მხარეები თანხმდებიან სტრატეგიული დიალოგის სამუშაო ჯგუფის (SDWG) შექმნაზე, რათა მესამე მუხლით გათვალისწინებული საერთო ინტერესის სფეროთა საკითხებზე დისკუსიების მეშვეობით წარმართონ ორმხრივი თანამშრომლობა. თითოეული მხარე სტრატეგიული დიალოგის სამუშაო ჯგუფში (SDWG) მონაწილეობის მისაღებად დანიშნავს უფროს წარმომადგენელს. სტრატეგიული დიალოგის სამუშაო ჯგუფი (SDWG) გამართავს შეხვედრას შესაბამისი მონაცვლეობით საქართველოსა და რუმინეთში. მხარე, რომელიც მასპინძლობს სტრატეგიული დიალოგის სამუშაო ჯგუფს (SDWG), უხელმძღვანელებს შესაბამის შეხვედრას.
  2. მხარეები გამართავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს, შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და ჩაერთვებიან, მათ შორის, შემდეგ საქმიანობებში:
  1. ორივე მხარის მაღალი დონის თანამდებობის პირების შეხვედრები;
  2. ორმხრივი ვიზიტები და გაცვლითი პროფესიული პროგრამები;
  3. სამხედრო და ტექნოლოგიური „ნოუ-ჰაუს“ და ინფორმაციის გაცვლა;
  4. სემინარებზე, დისკუსიებსა და სიმპოზიუმებზე დასწრება;
  5. მხარეთა სახელმწიფოების სამართლებრივი ბაზის ფარგლებში სამხედრო გემებისა და სამხედრო საჰაერო ხომალდების ვიზიტები;
  6. ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა;
  7. ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა.
  1. მხარეებმა შეიძლება შეასრულონ ნებისმიერი სხვა ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის.
  2. მხარეები თანხმდებიან, რომ განსაკუთრებული მიზნებისათვის შეიძლება, დამატებით გამართონ შეხვედრები და ღონისძიებები, ასევე შექმნან სამუშაო ჯგუფები, რაც მხარეებს შორის ცალკე შეთანხმდება.

მუხლი 5

განხორციელება და საკონტაქტო პირი

  1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას მხარეები აკისრებენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს.
  2. მხარეებმა წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების მიზნით შეიძლება, დადონ ურთიერთგაგების მემორანდუმები და ტექნიკური შეთანხმებები.
  3. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის საკონტაქტო პირებს წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატი. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კორესპონდენცია გაეგზავნება საკონტაქტო პირებს სამხედრო და/ან დიპლომატიური არხების მეშვეობით. მხარეები დიპლომატიური არხებით, წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.
  4. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და კოორდინირებისთვის შეიქმნება ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტი (MJC).
  5. ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) თანათავმჯდომარეები დაინიშნებიან მხარეების თავდაცვის მინისტრების მიერ და ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტი (MJC) შედგება თავდაცვის ატაშეებისგან, ასევე მხარეთა მიერ დანიშნული ექსპერტებისგან მოცემული ინტერესის სფეროების შესაბამისად. 
  6. ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) სხდომები გაიმართება  მონაცვლეობით  საქართველოსა და რუმინეთში.
  7. ნებისმიერი საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობას, თანათავმჯდომარეების წინასწარი დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა, შეტანილ იქნეს ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) სხდომის დღის წესრიგში.
  8. ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტი (MJC) განიხილავს გასული წლის თანამშრომლობის საქმიანობებს და ადგენს მომავალი წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.
  9. ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა მოიცავს  შეთანხმებულ საქმიანობებს, მათ სახელწოდებებს, განხორციელების გზებსა და თარიღებს, ადგილმდებარეობას,  შესრულებისთვის  პასუხისმგებელ მხარეთა დანაყოფებს, ასევე ფინანსურ შეთანხმებებს. ქართულ-რუმინული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) სათანადოდ უფლებამოსილი თანათავმჯდომარეები ხელს აწერენ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

მუხლი 6

უსაფრთხოების პირობები

წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით გაცვლილი ან წარმოშობილი ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია გამოყენებული, გადაცემული, შენახული, დამუშავებული და/ან დაცული იქნება „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2014 წლის 14 მარტს თბილისში ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად.

მუხლი 7

ფინანსური საკითხები

  1. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, თითოეული მხარე გაიღებს საკუთარ ხარჯებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.
  2. მასპინძელი მხარე უზრუნველყოფს გამგზავნი მხარის წარმომადგენლების შიდა ტრანსპორტირებას მასპინძელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი შესვლისთანავე.
  3. მასპინძელი მხარე უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო და სტომატოლოგიურ დახმარებას იმავე ხარისხით, როგორითაც უზრუნველყოფს მასპინძელი მხარის პერსონალს.
  4. მონაწილეთა დიდი რაოდენობის და/ან ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის საქმიანობის შემთხვევაში, როგორიცაა სწავლებისა და ტრენინგების აქტივობის ხარჯები, დაიფარება მხარეებს შორის შემდგომში დადებული ტექნიკური შეთანხმებების შესაბამისად.

მუხლი 8

სამართლებრივი საკითხები

მასპინძელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას გამგზავნი მხარის პერსონალის სტატუსი განისაზღვრება 1995 წლის 19 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილი „ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ (NATO PfP SOFA) შეთანხმების დებულებებით.

მუხლი 9

დავების მოგვარება

წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების და/ან კონსულტაციების გზით და მოსაგვარებლად არ გადაეცემა ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს ან მესამე მხარეს.

მუხლი 10

დასკვნითი დებულებები

  1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს, რომლითაც მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
  2. წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები, ნებისმიერ დროს, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
    ცვლილებები ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად.
  3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია წერილობით შეატყობინოს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. წინამდებარე შეთანხმება შეწყდება შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.
  4. თუ წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის დროს დარჩება გადაუჭრელი ფინანსური საკითხები ან პრეტენზიები, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებები დარჩება ძალაში მათ საბოლოო გადაწყვეტამდე. თითოეული მხარის მოვალეობები და ვალდებულებები უსაფრთხოების ღონისძიებებთან და საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად, აგრძელებს მოქმედებას.     
  5. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ბუქარესტში 1998 წლის 7 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2022 წლის 18 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული  ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელით

ხელმოწერილია

________________________

ხელმოწერილია

________________________

ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრი

ვასილე დინკუ

ეროვნული თავდაცვის მინისტრი