„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 21/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016112
006
21/04/2023
ვებგვერდი, 24/04/2023
110060000.70.082.016112
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №006

2023 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 21 აგვისტოს №036 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016049) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რანგირების მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესით განსაზღვრულ რანგირებას ექვემდებარება პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი (შემდგომში  გამომძიებელი).“.

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„6. პროკურორსა და  გამომძიებელს ამ წესით განსაზღვრულ რანგს პირველადად ანიჭებს, რანგში აწინაურებს, რანგში აქვეითებს ან რანგში უცვლელად ტოვებს  საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) შესაბამისი ბრძანებით.“.

2. მე-3 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რანგში დაწინაურება წარმოებს თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე.

3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის  სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით, პროკურორი/გამომძიებელი დააწინაუროს რანგში ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დაცვის გარეშე, შესაბამისი საფეხურის გამოტოვებით.“.

3. მე-4-მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. რანგის  განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები

1. რანგის პირველადი მინიჭება ხდება პროკურორის/გამომძიებლის დანიშვნისთანავე, გენერალური პროკურორის ბრძანებით.

2. რანგში დაწინაურების საკითხს განიხილავს და გენერალურ პროკურორს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საბჭო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას საბჭო მხედველობაში იღებს პროკურორის/გამომძიებლის:

ა)   საქმიანობის შეფასების შედეგებს;

ბ) შრომით სტაჟს, რომელიც, მეორე რანგის მისანიჭებლად არ უნდა იყოს  პროკურორად/გამომძიებლად მუშაობის 2 წლის სტაჟზე ნაკლები, ხოლო პირველი რანგის მისანიჭებლად – პროკურორად/გამომძიებლად მუშაობის 3 წლის სტაჟზე ნაკლები;

გ) ინფორმაციას წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ;

დ) ინფორმაციას განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ;

ე) ინფორმაციას საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის, მენტორობის, ტრენერობის შესახებ;

ვ) ხელმძღვანელის წარდგინებას (დახასიათებას), რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის საქმიანობის შესახებ (დანართი №1);

ზ) გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  წარდგინებას;

თ) გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ან მოადგილეების წარდგინებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების შემდგომ, საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) იღებს გადაწყვეტილებას რანგში დაწინაურებასთან დაკავშირებული მასალების საბჭოსთვის წარდგენის შესახებ.

5. პროკურორის/გამომძიებლის შეფასების შედეგებსა და მასალებს სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.

6. ინფორმაციას შრომითი სტაჟის, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის, ასევე მენტორობის შესახებ, სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

7. ინფორმაციას  დისციპლინური წარმოების შესახებ სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.

8. ინფორმაციას საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის შესახებ სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია.

9. ინფორმაციას  ტრენერობის შესახებ სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო).

10. ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის საქმიანობის შედეგების შესახებ, მათ შორის ინფორმაციას განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ, სამდივნოს წარუდგენს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.

11. პირველი ან მეორე რანგის მქონე პროკურორი/გამომძიებელი კომპეტენციის განმსაზღვრელი ყოველი მომდევნო საბოლოო ქულის შესაბამისად უცვლელად ინარჩუნებს რანგს ან ექვემდებარება რანგში დაქვეითებას.

12. ამ მუხლის მე-11  პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში საკითხს საბჭო არ იხილავს და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შეფასების შედეგების საფუძველზე, გენერალური პროკურორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

13. პროკურორს/გამომძიებელს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე მორიგი რანგი არ მიენიჭება.

14. პროკურორის/გამომძიებლის მიმართ დისციპლინური წარმოება მხედველობაში მიიღება რანგში დაწინაურების ან დაქვეითების საკითხის განიხილვისას.

15. გადაწყვეტილება რანგში დაწინაურების, რანგის უცვლელად დატოვების ან რანგში დაქვეითების თაობაზე ეცნობება პროკურორს/გამომძიებელს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 5. რანგში დაწინაურების, დაქვეითების ვადები

1. პროკურორი/გამომძიებელი რანგში შესაძლოა დაწინაურდეს/დაქვეითდეს, როგორც წესი,  წინა რანგის მიღებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

2. თუ სტანდარტული წესით განხორციელებული 2 წლის მუშაობის შეფასების შედეგად  მიღებული კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა პროკურორმა/გამომძიებელმა გააუმჯობესა მომდევნო 1 წლის საქმიანობის შედეგად, რანგირების მიზნებისთვის კომპეტენციის განმსაზღვრელი ქულა გამოიანგარიშება რანგის ცვლილებამდე ბოლო 2 წლის მუშაობის შედეგით.

3. რანგში დაწინაურების  საკითხის განხილვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვის გარეშე შესაძლებელია პროკურორის/გამომძიებლის ხელმძღვანელის ან/და გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, ხოლო რანგში დაქვეითება  – დისციპლინურ სახდელად გამოყენებისას.

მუხლი 6. მესამე რანგი

1. მესამე რანგი ენიჭება (რანგის პირველადი მინიჭება):

ა) სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულ პროკურორს/გამომძიებელს;

ბ) საკადრო რეზერვიდან პროკურორის/გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულ ყოფილ სტაჟიორს;

გ) პროკურორის/გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით დანიშნულ პირს;

დ) პროკურორის/გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშნულ პირს.

2. რანგის პირველადი მინიჭება ხდება დანიშვნისთანავე, საბჭოს მიერ საკითხის განხილვის გარეშე.

3. პროკურორს/გამომძიებელს მესამე რანგი ენიჭება (რანგში დაქვეითება):

ა)  საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, პირველი ან მეორე რანგის მესამე რანგით შეცვლის შემთხვევაში;

ბ) დისციპლინური სახდელის სახედ, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანისას.

მუხლი 7. მეორე რანგი

1. პროკურორს/გამომძიებელს მეორე რანგი ენიჭება:

ა) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, საბჭოს რეკომენდაციით, მესამე რანგის მეორე რანგით შეცვლის შემთხვევაში (რანგში დაწინაურება);

ბ) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, პირველი რანგის მეორე რანგით შეცვლის შემთხვევაში (რანგში დაქვეითება);

გ) დისციპლინური სახდელის სახედ, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანისას.

2. პროკურორს/ გამომძიებელს მეორე რანგი უცვლელად რჩება, თუ კომპეტენციის განმსაზღვრელი ყოველი მომდევნო საბოლოო ქულა შეესაბამება მეორე რანგის მისანიჭებლად განსაზღვრულ შესაბამის ქულას.

მუხლი 8. პირველი რანგი

1. პროკურორს/გამომძიებელს, საბჭოს რეკომენდაციით, პირველი რანგი ენიჭება საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, მეორე რანგის პირველი რანგით შეცვლის შემთხვევაში (რანგში დაწინაურება).

2. პროკურორს/გამომძიებელს პირველი რანგი უცვლელად რჩება, თუ კომპეტენციის განმსაზღვრელი ყოველი მომდევნო საბოლოო ქულა შეესაბამება პირველი რანგის მისანიჭებლად განსაზღვრულ შესაბამის ქულას.

მუხლი 9. რანგის განსაზღვრის  ცალკეული შემთხვევები

1. პროკურორს/გამომძიებელს სხვა პოზიციაზე გადაყვანისას, შიდა კონკურსისა და თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესით სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას, უნარჩუნდება არსებული რანგი.

2. პროკურორს/გამომძიებლს ხელმძღვანელი თანამდებობიდან სხვა, არახელმძღვანელ თანამდებობაზე გადაყვანისას, რანგის არარსებობის შემთხვევაში, ენიჭება მესამე რანგი.

3. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებულ პროკურორს/გამომძიებელს, არახელმძღვანელ თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში უნარჩუნდება დაწინაურებამდე არსებული რანგი კომპეტენციის განმსაზღვრელი მომდევნო საბოლოო ქულის განსაზღვრამდე.

4. პროკურორის/გამომძიებლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დაქვეითების გამოყენებისას, მის რანგს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

5. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო, პროკურორს/გამომძიებელს, პროკურატურის სისტემაში სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას, უნარჩუნდება არსებული რანგი.

6. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო პროკურატურის სისტემის საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირს, შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას, უნარჩუნდება რეორგანიზაციამდე/შტატების შემცირებამდე არსებული  რანგი.

7. პროკურორს/გამომძიებელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება არსებული რანგი.

8. პროკურორის/გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დანიშვნისას, მას უნარჩუნდება დათხოვნის მომენტისათვის არსებული რანგი, თუ იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში დათხოვნილი იყო  ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

გ) სხვა სამსახურში გადასვლის გამო.

მუხლი 10. რანგირების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

რანგირების შესახებ გადაწყვეტილება, დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში, საერთო წესით, გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეორე ან პირველი რანგის მინიჭებისას, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველია ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად:

ა) მეორე რანგის მისანიჭებლად – პროკურორის/გამომძიებლის მიერ მაღალი ან უმაღლესი შეფასების მიღება, თუ მას აქვს პროკურორად/გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის  სტაჟი;

ბ) პირველი რანგის მისანიჭებლად – პროკურორის/გამომძიებლის მიერ უმაღლესი შეფასების შემთხვევაში, თუ მას აქვს პროკურორად/გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი“.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

ადგენს პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი თანამშრომლის რანგში დაწინაურების  დროს.

უნდა მიეთითოს:

თანამშრომლის სახელი, გვარი:

დაკავებული თანამდებობა:

როდიდან მუშაობს მოცემულ თანამდებობაზე:

ინფორმაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში თანამშრომლის საქმიანობის შესახებ: საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სპეციალიზაცია, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, ინფორმაცია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ და ა.შ.

თანამშრომლის პიროვნული და საქმიანი თვისებები: (გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტული ქულა)

0-დან 65-ქულამდე – დაბალი შეფასება;

65-დან 75-ქულამდე – საშუალოზე დაბალი შეფასება;

75-დან  85-ქულამდე – საშუალო შეფასება;

85-დან  90-ქულამდე – მაღალი შეფასება;

90-დან 100-ქულამდე – უმაღლესი შეფასება.

 

საერთო დახასიათება: დადებითი ან უარყოფითი.

 

ხელმძღვანელის რეკომენდაცია თანამშრომლის სამომავლო საქმიანობის შესახებ.

 

ხელმძღვანელის რეკომენდაცია რანგში დაწინაურების შესახებ.

 

ხელმოწერა

 

თარიღი

 

შენიშვნა: თუ წინა რანგის მინიჭების შემდეგ (ბოლო 2 წლის განმავლობაში) თანამშრომელმა ერთხელ ან რამდენჯერმე შეიცვალა თანამადებობა, წარდგინებას აკეთებს ბოლო ხელმძღვანელი და ითვალისწინებს წინა თანამდებობაზე არსებულ მონაცემებს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე